აშშ-ის პოლიტიკური პარალიჩი და ჭურვების "დიეტა" უკრაინისთვის - 2024 წელი კიევისთვის ძალზე მძიმე იქნება?! - კვირის პალიტრა

აშშ-ის პოლიტიკური პარალიჩი და ჭურვების "დიეტა" უკრაინისთვის - 2024 წელი კიევისთვის ძალზე მძიმე იქნება?!

ბრიტანული კოველკვირეული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აშშ-ის პოლიტიკური პარალიზი უკრაინისადმი დახმარების შესაძლებლობას ართულებს“, რომელშიც, დღეს შექმნილი ვითარების ანალიზის საფუძველზე, გაკეთებულია დასკვნა: 2024 წელი კიევისათვის ძალზე მკაცრი იქნება.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით.

ამერიკა ამაყობს იმით, რომ მსოფლიო დემოკრატიის არსენალს ფლობს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეისათვის აშშ-ში დემოკრატიის არსენალი თავის როლს და მნიშვნელობას კარგავს: დემოკრატია „ნეგატიურ“ როლს ასრულებს უკრაინისათვის დახმარების გაწევაში. აშშ-ის პოლიტიკური სისტემა პარალიზებული და ვერ აცნობიერებს, რომელს მისცეს უპირატესობა - უკრაინას, ისრაელს თუ ტაივანს.

ამერიკის კონგრესის ზედა პალატა - სენატი უახლოეს ხანში შეეცდება ქვედა პალატის - წარმომადგენლების პალატის მიერ დაშვებული შეცდომა გამოასწოროს, როცა რესპუბლიკურმა უმრავლესობამ უკრაინისადმი დახმარება დაბლოკეს. მაგრამ თუნდაც სენატმა, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ, უკრაინის მხარდამჭერი კანონი მიიღოს, არავინ იცის, განხორციელდება თუ არა დოკუმენტის პირობები და რას მოიმოქმედებს საპასუხოდ წარმომადგენელთა პალატა.

პოლიტიკურ პრობლემებს უკვე მოაქვთ თავიანთი ნეგატიური შედეგები. მიმდინარე წელს საკმაოდ შემცირდა აშშ-ის პრეზიდენტის პაკეტების მოცულობა, რომელიც პენტაგონს შესაძლებლობას აძლევს მოკავშირეებს იარაღის რეზერვებიდან დაეხმაროს. მართალია, რეზერვების შევსება რეგულარულად ხდება, მაგრამ მიმდინარე წელს კონგრესში ახალი დაფინანსებებისაგან თავს იკავებენ. პენტაგონის განცხადებით, გახარჯულია ხუთი მილიარდის იარაღი, შევსებისათვის მხოლოდ ერთი მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.

სწორედ პრეზიდენტის პაკეტებით გაეწია უკრაინას ომის დაწყების დღიდან ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება - 25 მილიარდი დოლარი საერთო 44 მილიარდიდან. პაკეტმა შემცირება იანვრიდან დაიწყო, როცა კონტრშეტევის მომზადების დროს კიევს 5 მილიარდი დოლარის შეიარაღება და საბრძოლო მასალები გადაეცა. ბოლო პაკეტების მოცულობა - ოქტომბერში - 350 მილიონი და ნოემბერში - 225 მილიონი - ყველაზე დაბალ მაჩვენებლებს წარმოადგენს 2022 წლის თებერვლიდან.

„პაკეტების შემცირებით გამოწვეული „დარტყმის“ შედეგები უკვე იგრძნობა - თუ უკრაინის არმია ზაფხულის განმავლობაში მოწინააღმდეგისაკენ თვეში 220 ათასზე მეტ 155-მილიმეტრიან ჭურვს უშვებდა, ახლა მხოლოდ 90 ათასამდე უშვებს“, - ამბობს მაიკლ კოფმანი, აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის „კარნეგის ფონდის“ თანამშრომელი.

ჭურვების წარმოებაში რუსეთი დასავლეთს აშკარად უსწრებს. გარდა ამისა, მოსკოვმა რამდენიმე მილიონი საარტილერიო ჭურვი ფხენიანისაგანაც მიიღო - ჩრდილოეთ კორეისგან. უკრაინის არმია წინ ვეღარ მიდის, იძულებული სანგრებში ჩაჯდეს და პოზიციური ბრძოლა აწარმოოს. საკითხი ასე დგას: დღეს არათუ ახალ კონტრშეტევაზეა ლაპარაკი, არამედ იმაზე, შეძლებს თუ არა კიევი ამჟამინდელი ფრონტის ხაზი შეინარჩუნოს და უკან არ დაიხიოს.

ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება აშშ-ის კონგრესში უახლოეს კვირეებში, აგრეთვე იმაზეც, შეძლებენ თუ არა უკრაინის ევროპელი მოკავშირეები აშშ-ის დანაკლისის შევსებას. მართალია, დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მომავალი წლის ახალ საბიუჯეტო მოთხოვნაში უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარი გაითვალისწინა, მაგრამ რესპუბლიკური პარტია, რომლის ლოზუნგია „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, სკეპტიკურად უყურებენ უკრაინის ომის დაფინანსების საკითხს და უფრო მეტ ყურადღებას შიდა პრობლემების მოგვარებას უთმობენ, მაგალითად, მიგრაციის სფეროში. ამრიგად, ის, რაც წესით და რიგით ორპარტიული კანონპროექტი უნდა ყოფილიყო, პარტიებს შორის დაპირისპირების მიზეზი და სიტუაციის მძევალი გახდა. კონგრესში უკრაინის მეგობრები თვლიან, რომ თუ კიევისათვის დახმარების გაწევის პრობლემა მიმდინარე წლის დეკემბერში ვერ მოგვარდება, 2024 წლის იანვრიდან მისი მიღება შეუძლებელი გახდება - საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელების გამო.

ევროპელებმა დაგვიანებით გააფართოვეს დახმარება და ერთობლიობაში აშშ-საც კი გადაასწრეს, მაგრამ ისინი ვერ ასრულებენ თავიანთ მთავარ დაპირებას - მიაწოდონ უკრაინას ერთი მილიონი ჭურვი 2024 წლის მარტის თვემდე. ვაშინგტონის წილი, სხვებთან შედარებით, მაინც ყველაზე მეტია. ეჭვის მომგვრელია ისიც, რომ ევროკავშირში დიდი ყოყმანია უკრაინის სოციალური სფეროსათვის ფინანსური დახმარების გაგრძელებაზე.

დასკვნა: უკრაინას წინ ისედაც მძიმე 2024 წელი ელოდება, მაგრამ აშშ-ის პოლიტიკური დამბლის (პარალიჩის) გამო კიევის პერსპექტივა სულ უფრო პირქუში ხდება.

წყარო