"წამალდამოკიდებულება ერის გენეტიკურ ფონდს გვინადგურებს. პროცენტულად მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ, რუსეთისა და სეიშელის კუნძულების შემდეგ..." - კვირის პალიტრა

"წამალდამოკიდებულება ერის გენეტიკურ ფონდს გვინადგურებს. პროცენტულად მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ, რუსეთისა და სეიშელის კუნძულების შემდეგ..."

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ექიმი-ნარკოლოგების შეფასებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სიღარიბის დაძლევის პრობლემების შემდეგ, ნარკოტიკების მოხმარება ჩვენი ქვეყნისთვის ურთულესი გამოწვევაა. ბნელი 90-იანებიდან მოყოლებული, ამას მთელი თაობები შეეწირა და ტრაგიკული პროცესი დღემდე გრძელდება.

დავით ვადაჭკორია, ექიმი-ნარკოლოგი, ნარკოლოგიური კლინიკა "ნეოგენის" დირექტორი:

- ჩვენი მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 50 ათასი მძიმე ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებელი, პრობლემური წამალდამოკიდებული პირი გვყავს. ასევე, ჯამში 180 ათასი კანაბინოიდების, მარიხუანის მომხმარებელია.

- პატარა ქვეყნისთვის ეს როგორი მაჩვენებელია?

- პროცენტულად მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ, რუსეთისა და სეიშელის კუნძულების შემდეგ. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების მოწოდებაც მაღალი გვაქვს და მოთხოვნაც. ორივე შემადგენელი სინერგიულად მოქმედებს და რაოდენობის ზრდას იწვევს.

- რამდენად შემცირდა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია?

- მნიშვნელოვანი შემცირების დადებითი ფაქტორი უნდა გამოვყოთ. რაღაც დოზით არსებობს, მაგრამ რაც 10-12 წლის წინ იყო, ის მასშტაბები აღარაა. საქართველოში უზარმაზარი მოცულობის სააფთიაქო ნარკომანია გვქონდა და საუბედუროდ, ამაზე რეაგირება არ ხდებოდა. თუ გახსოვთ ე.წ. ნიანგი, კოაქსილი, კუსტარული სტიმულატორები, ჯეფი, ვინტი და ა.შ. არც მინდა ჩამოვთვალო ბევრი სხვა პრეპარატი, რომელთა მავნე გამოყენებაც ხდებოდა. მისასალმებელია, რომ მათი მასშტაბები შევამცირეთ.

- კონკრეტულად მარიხუანის მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორია?

- ამ სფეროში ლიბერალიზაციის პროცესი 5-6 წლის წინ დაიწყო და ამან მოხმარების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია როგორც მოზარდებში, თქვენ წარმოიდგინეთ, ასაკოვან ხალხშიც. აღსანიშნავია, რომ ტენდენცია მიდის სტაბილიზაციისკენ, რადგან ბევრი ხვდება დამანგრეველ შედეგებს, რასაც მარიხუანის მოხმარება იწვევს. ჩვენთან მოდის ბევრი სტუდენტი, სკოლის მოსწავლე და აფიქსირებენ, რომ სწავლა გაუჭირდათ, მეხსიერება დაუქვეითდათ, ემოციურები, დეპრესიულები გახდნენ... მოდიან მომხმარებლები, რომლებიც ათვითცნობიერებენ იმ ვნებას, რაც მათ მარიხუანის მოხმარებამ მიაყენა. წარსულს ბარდება ის მიდგომა, თითქოს კანაფის გამოყენება საზიანო და საშიში არ არის.

- ლიბერალიზაციის გათვალისწინებით, თუნდაც მარიხუანის მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით გამოსავალს რაში ხედავთ?

- ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის სწორი, მტკიცებულებაზე დაფუძნებული სამუშაო-პრევენციული ღონისძიებების დანერგვა და გატარება. ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე ახსნა, თუ რა შედეგებს იწვევს მოხმარება.

მეორე საკითხია, როგორ ვმართავთ უკვე დამოკიდებულ პირებს, რამდენად სწორად ვთავაზობთ სერვისებს და მკურნალობას; რამდენად სწორადაა ორგანიზებული იგივე სარეაბილიტაციო მკურნალობა ქვეყანაში, რაც პრობლემატურია. დიდი ინვესტიციები სჭირდება ამ საქმეს. არადა, უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში ერთ-ერთი უპირველესი გამოწვევაა. ერთია ეკონომიკური პრობლემები - სიღარიბე და სიდუხჭირე, მეორე ტერიტორიული მთლიანობა და მესამე წამალდამოკიდებულება, რომელიც ფაქტობრივად ერის გენეტიკურ ფონდს გვინადგურებს. პირველი ორი რად გვინდა, თუ ეს მესამე საკითხი არ მოგვარდა? და რომელი უფრო მწვავეა დღეს ქვეყანაში, რთული სათქმელია. სამწუხაროდ, მდგომარეობის დამძიმების ტენდენცია ისევ შეინიშნება. მთელ მსოფლიოში ასეა, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ერისთვის ათმაგად უფრო მძიმეა ეს რეალობა.

- რა მდგომარეობა გვაქვს ნარკოდანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებით?

- ქვეყანაში პრევენციის მწყობრი სისტემა არ არსებობს. პრევენციას აზრი აქვს, როცა ამას ადრეულ ასაკში იწყებ - ვატარებთ ღონისძიებებს სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში საკმარისად? სამწუხაროდ, არა. გამოყოფილი გვაქვს სკოლაში მოწყვლადი ჯგუფები, სადაც რისკი მაღალია. ვმუშაობთ ამ ჯგუფებზე? სამწუხაროდ, ვერა. პრობლემამ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც ფართოდ შეაღწია. ქმედითი საპრევენციო ღონისძიებების ორგანიზების გარეშე რთულია სასურველი შედეგები მივიღოთ.

- რა უშლის ხელს ამის ორგანიზებას?

- ამ პრიორიტეტის კარგად გათვითცნობიერება. კი, ყველა ხელისუფლებას და მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ ამ პრობლემის მიმართ შეურიგებელია, მაგრამ სისტემის დამუშავება ვერაფრით მოხერხდა იმ დონეზე, რომ სიტუაციის შემდგომი დამძიმებისგან დაგვაზღვიოს. პრევენცია ერთი მომენტია, რომელმაც უნდა მოგვცეს შედეგი, რომ ქვეყანაში ნარკოტიკზე მოთხოვნა შემცირდეს. მეორე პრობლემაა, რომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდის. სატრანზიტო ქვეყანა ვართ და ესეც გასათვალისწინებელია. სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთ რეგიონში მთელი ანკლავები გვაქვს, სადაც ამ ნარკოტიკების გასაღება ხდება. იჭერენ ათეულობით გამსაღებელს, მაგრამ მის ადგილზე ოცეული ჩნდება. ამ პრობლემას ვერაფრით მოვერიეთ.

ამიტომ დროა საქართველოში უკვე პრემიერის პატრონაჟით შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო შსს-ს, ჯანდაცვის მინისტრის, სპეციალისტების შემადგენლობით, რომელიც მწყობრად დადებს პროგრამას, თუ როგორ შევამსუბუქოთ, ვმართოთ ქვეყანაში ეს ურთულესი პრობლემა. დღესვე რადიკალური ზომები თუ არ გავატარეთ, ქვეყანაში წამალდამოკიდებულების გაახალგაზრდავება მიმდინარეობს. შემთხვევები დაფიქსირებულია 15-16-17 წლის მოზარდებში. გვხვდებიან გოგონებიც, რაც ადრე არ შეინიშნებოდა. გვყავს პაციენტები, რომლებმაც 50-60 წლის ასაკში დაიწყეს ნარკოტიკების მოხმარება.

- ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის (დახმარების) სერვისებში რა მდგომარეობა გვაქვს?

- სამწუხაროდ, აქ დაფინანსება თითქმის არ გვაქვს. უმნიშვნელოვანესი რეაბილიტაციის პროცესი მაინც კერძო ინიციატივის დონეზე რჩება, რაც ძვირად ღირებულია. ამ კუთხითაც უნდა დაიწყოს მუშაობა. თუ მომხმარებელს შესაბამისი სერვისი არ მივაწოდეთ, შედეგს ვერ მივიღებთ. მე არ ვლაპარაკობ დეტოქსიკაციაზე, ხაზს ვუსვამ სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, ხოლო მკურნალობის წარმატება პირდაპირპროპორციულია მის ხანგრძლივობასთან. ეს გარკვეულ ეტაპებს გულისხმობს. სარეაბილიტაციო კომპონენტი - პიროვნების საზოგადოებაში ინტეგრაცია, სოციალური, ფიზიკურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია თუ არ მოხდა, ამ ადამიანებს ბოლომდე დავკარგავთ, ხოლო ინტეგრაცია რეაბილიტაციის გარეშე შეუძლებელია. პაციენტი საზოგადოებაში რომ დაბრუნდეს, გარკვეული ფილტრი უნდა გაიაროს.

ბევრგან რეაბილიტაციის კომპონენტს სახელმწიფოს გარდა, ძირითადად საქველმოქმედო ფონდები აფინანსებენ, რადგან ეს სფერო ნებისმიერი ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად უნდა დაიწყოს, რათა ამ ხალხს ხაზი არ გადავუსვათ.

- დაბოლოს, დღევანდელი ჩვენი ნარკოპოლიტიკა მაინც მომხმარებლის დასჯაზეა ორიენტირებული თუ ზიანის შემცირებაზე?

- გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზები გვაქვს, მაგრამ რომ ვთქვათ, სახელმწიფო მომხმარებელს ებრძვის და მძიმე რეპრესიებში ამყოფებსო, ასეც არ არის. ამ კუთხით ქვეყანაში გარკვეული ლიბერალიზაცია მოხდა, მაგრამ საკანონმდებლო დონე ჯერ კიდევ დასახვეწია. შედარება არაა ძველ პერიოდთან, როცა ათასობით ნარკომომხმარებელი ციხეში იჯდა. ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გარკვეული ელემენტები სახეზეა, რასაც საკანონმდებლო განმტკიცება სჭირდება. წამალდამოკიდებულება გარკვეული დაავადებაა და არ შეიძლება ამის გამო ციხეში ჩასვა. მაგრამ ქვეყანა, რასაკვირველია, შეურიგებელი უნდა იყოს გამსაღებლის მიმართ.

ნონა ხიდეშელი, მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ფსიქოლოგი:

- როგორ მიდის ადამიანი ნარკოტიკამდე და შემდგომში დამოკიდებული როგორ ხდება? შეიძლება კლუბში მიხვიდე, შემთხვევით გასინჯო (მაგალითად, მეგობარს ჰქონდეს) ისე, რომ მანამდე არც კი გქონდეს ამაზე ნაფიქრი. რეალურად, ეს არის სიამოვნებაზე დამოკიდებულება. ადამიანში ვნების სპეციფიკურ განცდას, შეგრძნებას იწვევს, ენდორფინებს მაშინვე ენაცვლება. შესაბამისად, ადამიანი აღნიშნულ სიამოვნებაზე დამოკიდებული ხდება. მერე ეს საშუალება მუდმივად ერთი და იმავე სიამოვნებას ვერ გვაძლევს, რის გამოც დოზების მატება მიმდინარეობს და შემდეგ უკვე სრულიად საპირისპირო შედეგს ვიღებთ. ხელოვნურად ამდენი ენდორფინის გამოყოფა მერე დიდ სიცარიელეს იწვევს. ნარკოტიკის მოქმედებიდან გამოსულ ადამიანს ე.წ. ლომკა ეწყება. როგორი ფსიქოსომატური გამოხატულება აქვს ამ ყველაფერს: სხეულში ტეხა, ნერვული აღგზნებადობა... ეს ყველაფერი ტვინში ბიოქიმიურ მოვლენებს ცვლის.

ერთი ნევროლოგი მიყვებოდა ამ პროცესის მონიტორულ დაკვირვებაზე - ტვინში ისეთივე აფეთქებები მიმდინარეობს, როგორიც მაგალითად, ინსულტის დროსაა. რასაკვირველია, ეს დამოკიდებულება უკვე ცალსახად ფსიქოლოგიურია. სიამოვნება, რომელსაც ეჯაჭვები და შენთვის სამყაროს ცენტრი ხდება, ყველაფერზე აღმატებულია, დანარჩენი კი აზრს კარგავს. ნარკოტიკის გარეშე ვეღარ ერთობი, მეგობრებთან ვეღარ საუბრობ და ა.შ. მის გარეშე სრულიად ცარიელი ხარ, იფიტები. ამას პიროვნების სრულ მოშლამდე და ჩამოხლეჩამდე მივყავართ. ხშირად ეს ვლინდება როგორც დეპრესია და ფსიქოზი - ზოგჯერ ადამიანი არაადეკვატური ხდება, გარემოს მოწყვეტილია. შესაბამისად, შეიძლება ჰალუცინაციებიც დაეწყოს. ხშირად ადამიანი გაუგებრად ლაპარაკობს, წონასწორობის შენარჩუნება უჭირს და ფსიქოსომატური პროცესების მოშლამდე არის მისული...

დღეს მოხმარება ყველაზე აქტიურად მაინც კლუბებში ხდება.

ვმუშაობ ყოფილ მომხმარებლებთან. კერძოდ, „ენეი საქართველოს“ ბენეფიციარებთან მქონდა ხშირი შეხვედრა. მოყოლისას ამბობენ, რომ მათთვის სამყაროში უკვე აღარაფერი არსებობდა ნარკოტიკების გარდა; იშლება ყველანაირი ემოციური კავშირი ადამიანებთან. ხარ აღგზნებული, გაღიზიანებული და სულ ერთია, რა ხდება ირგვლივ; ამ დროს ნარკოტიკი უნდა გქონდეს, როგორც ლამის ერთადერთი მაცოცხლებელი რამ. შესაბამისად, ადამიანი ხდება გულგრილი საკუთარი საქმის, სპორტის, მეგობრების, სიყვარულის, ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ. მოკლედ, საგანგაშო მდგომარეობაა.

ადამიანები თუ პრობლემას აღიარებენ, შესაძლებელია განკურნების გზებზეც ვისაუბროთ, მაგრამ ისეთებიც არიან, რომლებიც თვლიან, რომ პირიქით, გარკვეული ტიპის ნარკოტიკი ეხმარებათ, რომ მოტივაციას ჰქონდეთ. აქ ჩარევა, დახმარება ცოტა რთულდება.

მოკლედ, ადამიანი სრულიად არაპროდუქტიული ხდება, რაც ავადობის გამწვავების მაჩვენებელია.

- როგორ უნდა შევამციროთ ქვეყანაში ნარკოტიკებზე ასეთი დამოკიდებულება?

- სამწუხარო ფაქტია, მაგრამ დღეს საქართველოში ე.წ. ბარიგობა მოდურად არის მიჩნეული. ნარკოტიკის გამყიდველები, ხშირად თითქოს ავტორიტეტები არიან. თუნდაც იდეოლოგიურად, ეს მოდურობა გაუმართლებელი და დამღუპველია.

ასევე მოდური, კლუბური ნარკოტიკების მიღებისას არავინ ფიქრობს, რომ რეალურად, ესეც დამოკიდებულებას იწვევს. ფიქრობენ, რომ მხოლოდ გართობაა ელექტრონულ მუსიკასთან ერთად, სადაც შენ თავისუფლებაში ცურავ და თითქოს განსხვავებულ ჰორიზონტზე გადის შენი ცნობიერება. უპირველესად, ადამიანებს უნდა გავაგებინოთ, რომ ასე არ არის; ეს მხოლოდ მათი წარმოსახვის ნაყოფია, რომელსაც შემდგომში მძიმე შედეგები მოაქვს.

კიდევ ერთს ვიტყვი - ადამიანების უმეტესობა დაუსაქმებელია, მოტივაცია არ გააჩნიათ. ქვეყანაში სხვადასხვა დარგი უნდა ვითარდებოდეს, რომ ხალხს ასპარეზი მიეცეს. ხშირ შემთხვევაში მოხმარებას იწვევს უსაქმურობა, ელემენტარული მოტივაციის უქონლობა... ადამიანებს ამდენი თავისუფალი დრო არ უნდა ჰქონდეთ. პირიქით, მოტივირებული უნდა იყვნენ, რომ ახალი ისწავლონ, გააკეთონ, რაღაცით დაკავდნენ, რასაც მათივე მომავლისთვის მნიშვნელოვანი შედეგი ექნება.

ამ პროცესში ფსიქოთერაპიაც თავის სიტყვას ამბობს. არის დაწესებულებები, სადაც შესაძლებელია ადამიანები დახმარებისთვის მივიდნენ. ანონიმური ყოფილი ნარკომანების ჯგუფში ყველა ერთმანეთს ეხმარება, საკუთარ ამბებს უზიარებს... ამ ადამიანებთან შეხებისას ხვდები, რომ უმეტესობა ყოფიერების სიცარიელეს ვერაფრით ავსებს. თითქოს რაღაცას აკეთებს, მოტივაციით შრომას იწყებს, რაც არ უფასდება. ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში რეაბილიტაციის საშუალება უნდა მიეცეთ.

გიორგი მეფარიძე

ჟურნალი "გზა"