"მტკივა, მეშინია, დავიღალე" - სულ ცოტა დაგვრჩა სრულად გამოჯანმრთელებამდე" - პატარა სანდროს საზოგადოების დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

"მტკივა, მეშინია, დავიღალე" - სულ ცოტა დაგვრჩა სრულად გამოჯანმრთელებამდე" - პატარა სანდროს საზოგადოების დახმარება სჭირდება

"კიდევ ერთი ღამე ტკივილებში გავათენეთ. "მტკივა, მეშინია, დავიღალე, რა ვქნა?" - ამ ბოლო დროს, ისე ხშირად მესმის ეს სიტყვები სანდროსგან, გული მიქვავდება. ესეც რეაბილიტაციის კიდევ ერთი რთული ეტაპია, სანდრო სვამს სპეციალურ წამლებს იმისთვის, რომ მისმა ნაწლავმა "ისწავლოს" პერისტალტიკა და დაიწყოს ნორმალური ფუნქციონირება, რაც იწვევს სპაზმებს, ტკივილს... გთხოვთ, ნუ დაგვტოვებთ ამ რთულ ეტაპზეც, სულ ცოტა დაგვრჩა სრულად გამოჯანმრთელებამდე. თქვენი იმედი გვაქვს...

სანდროს გვერდს რომ ვქმნიდი სოციალურ ქსელში, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მქონდა იმედი, რომ დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ, თურმე, ვცდებოდი. სწორედ ამ გვერდის საშუალებით, უამრავმა ადამიანმა მიიტანა გულთან ჩვენი პრობლემა, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. თქვენი ყოველი გაზიარება, თითოეული თეთრის ჩარიცხვა და კომენტარებში გამოხატული თანაგრძნობა, ძალიან გვეხმარება ამ სირთულეების გადალახვაში... ახლა გავდივართ ძალიან რთულ სარეაბილიტაციო პერიოდს, ტკივილებით და ბევრი ნერვიულობით სავსეს. კლინიკაში ჩატარებული ყოველთვიური პროცედურები შედარებით უმსუბუქებს ტკივილებს ჩემს პატარას და ამარტივებს რეაბილიტაციას, მაგრამ ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ამიტომ თქვენი დახმარება ძალიან გვჭირდება, რომ დროულად შევძლოთ სანდროს კლინიკაში კიდევ ერთხელ გადაყვანა...

არ ვიცი, რამხელა იმედი ხართ ჩვენთვის, კეთილო ადამიანებო!", - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში 3 წლის სანდრო ღლონტის დედამ - მარიამ ციცხვაიამ დადო, რომელიც თითქმის სამი წელია, კლინიკიდან კლინიკაში დადის ხელში ატატებული პატარათი და ექიმების დახმარებას ითხოვს. პატარა ბიჭმა ურთულესი დღეები გამოიარა. 2 წელზე მეტი დასჭირდა ოჯახს, რომ გაეგო, რა დაავადება სჭირს უსაყვარლეს სანდროს, ბავშვს, რომელსაც, თურმე, ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და არასწორად მკურნალობდნენ. ახლაც სანდრო გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის. მხოლოდ ამ ზაფხულს გაირკვა, რომ ბავშვს იშვიათი დაავადება - ჰირშპრუნგი ჰქონდა. ეს დაავადება აზიანებს მსხვილ ნაწლავს და იწვევს მონელების პრობლემებს, რაც გამოწვეულია ბავშვის მსხვილი ნაწლავის კუნთებში ნერვული უჯრედების არარსებობით.

ამ დიაგნოზის შემდეგ ოჯახმა შეძლო, ხალხის დახმარებით ბავშვი თურქეთში წაეყვანა და სანდროს იქ ჩაუტარდა ოპერაცია ივლისში, მაგრამ ახლა რეაბილიტაციის ურთულეს პერიოდს გადის და ოჯახს საზოგადოების დახმარება კვლავ სჭირდება. დედა ყოველდღე უყურებს შვილის ტკივილიან და ცრემლიან თვალებს, მაგრამ ამ ფოტოებს სოციალურ ქსელში შეგნებულად არ აზიარებს. ამბობს, ახლობლები მეუბნებიან, რომ დავდო ეს ტკივილიანი ფოტოები, მეტი ადამიანი მიიტანს გულთან თქვენს გასაჭირსო, მაგრამ ყველას ასე ვპასუხობ, არ მინდა სანდროს ცრემლიანი თვალები და ნატანჯი სახე ადამიანებს მეხსიერებაში ჩაგრჩეთ. ძალიან რთული გასაძლებია ამის ყურება... ამ ტკივილების იქით, სანდრო ძალიან კეთილი, მხიარული და ღონიერი ბიჭია და როცა არ სტკივა და იღიმის, ფოტოებსაც მაშინ ვუღებო.

მარიამ ციცხვაია, სანდრო ღლონტის დედა:

მმკურნალობდნენ - ძალიან რთული ორსულობა მქონდა და 32 კვირაზე მოუწიათ საკეისრო კვეთით ბავშვის ამოყვანა. ღუდუშაურის კლინიკაში თვე-ნახევარი ინკუბატორში იყო ჩემი პატარა... როგორც თურქი ექიმისგან შევიტყვე და შემდეგ ინტერნეტშიც მოვიძიე ინფორმაციები, ამ დიაგნოზის დადგენა, რაც სანდროს აქვს, პირველ 48 საათში ხდება. ბავშვს იშვიათი დაავადება - ჰირშპრუნგი აღმოაჩნდა. ეს დაავადება აზიანებს მსხვილ ნაწლავს და იწვევს მონელების პრობლემებს. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა. 2 წელი სულ სხვა რამეს მკურნალობდნენ ბავშვს. სხვადასხვა დიაგნოზი გვითხრეს და მერე გაირკვა, რომ ბავშვს არასათანადო მედიკამენტებს აძლევდნენ. არადა, ექვს სხვადასხვა კლინიკაში მივიყვანე, ირკვევა, რომ ეს მკურნალობა არანაირ კავშირში არ იყო მის დაავადებასთან.

- ბავშვს პრობლემები როდის დაეწყო?

- პირველად კლინიკაში რომ აღმოვჩნდით, სანდრო 8 თვის იყო. საერთოდ ვერ გამყავდა კუჭში, 4 დღე ისე იყო, რომ ვერ გავიდა, შევშინდი და საავადმყოფოში გადავიყვანე. მანამდეც გვქონდა ეს პრობლემები, მაგრამ ექიმების დანიშნულებით, მუდმივად გამათხელებლებით ვიყავით ან ოყნას ვუკეთებდი, ხან ანტიბიოტიკებს გვინიშნავდნენ. გვეუბნებოდნენ, ბავშვს აქვს გრძელი ნაწლავი და 3 წლამდე ფორმაში ჩადგებაო, მაგრამ გამოვიდა, რომ სწორი დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ამასობაში, ამ ვითომ მკურნალობით ძალიან გავაფუჭეთ მდგომარეობა, რადგან ნაწლავმა ფორმა დაკარგა და ახლა, ოპერაციის მერე, ძალიან გვიჭირს რეაბილიტაცია. არადა ეს ოპერაცია თავის დროზე რომ გაკეთებულიყო - თურმე, 4 თვიდან კეთდება და ძალიან მარტივად შეიძლებოდა პრობლემის მოგვარება - ამდენ ტანჯვა-წამებას არ გაივლიდა ჩემი პატარა. ის ადგილები იკვეთება, სადაც ნერვული დაბოლოება არ აქვს. ნაწლავის რაღაც მონაკვეთებში ნერვული დაბოლოებები არ არის და არ ხდება პერისტალტიკა, მასების გადატანა, ამიტომ გროვდებოდა ნაწლავში, იბერებოდა და ფორმა დაკარგა, ნაწლავის კედელიც დათხელდა. ადამიანის ნაწლავი მიხვეულ-მოხვეულია, ჩვენს შემთხვევაში ეს ნაწლავი გაშლილი იყო მთელ მუცელში და ვერავინ მიხვდა, რა სჭირდა ბავშვს. რა მდგომარეობაშიც ახლა ისაა, ეს არის მცდარი დიაგნოზის და მცდარი მკურნალობის შედეგი. არადა სულ დამყავდა ექიმებთან, ზედმიწევნით ვასრულებდი მათ დანიშნულებას. გამოვიდა, რომ ამ პერიოდში ხელს ვუწყობდი მდგომარეობის გამძაფრებას.

- საბოლოოდ, ვინ დაგისვათ ეს დიაგნოზი?

- ამ გაზაფხულს ისევ მოვხვდით კლინიკაში, ყაბზობა ჰქონდა, სიცხეები, გულისრევები, გული მისდიოდა და ვასულიერებდით. ასეთი ბავშვი მეკავა ხელში და ექიმები რაღაც მიზეზს მაინც პოულობდნენ, ხან ამბობდნენ ყელი აქვს წითელი და ვირუსის სიცხეაო, ხან რაღაც სხვა მიზეზს პოულობდნენ, არადა უკვე ვხედავდი, დღითი დღე რა ცუდად იყო ბავშვი. ბოლოს, ზაფხულში, კლინიკაში რომ მოვხვდით, იქ ერთ-ერთმა ექიმმა გასინჯა და მან გვითხრა, ეს შეიძლება იყოს ჰირშპრუნგი და ამაზე გამოიკვლიეთო. გავუკეთეთ ირიგოსკოპია, ბიოფსიაც, მერე გვითხრეს, თურმე, ბიოფსია საჭირო არ იყო და ირიგოსკოპია საკმარისი იყო დიაგნოზის დასადგენად. ტყუილად აწვალეს ბავშვი და, საბოლოოდ, ეს დიაგნოზი დაგვისვეს. ამის შემდეგ ოპერაციაზე დავიწყეთ ფიქრი.

ის, რომ შენი შვილის გამოჯანმრთელება და კარგად ყოფნა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ამის საშუალება არ გაქვს, ეს მშობლებისთვის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ხალხის დახმარებით ეს შევძელით. საოპერაციოდ წავედით თურქეთში, ვინც დაგვეხმარა, იმ ადამიანების მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება. სახელმწიფომ 20 000 ლარით დაგვაფინანსა, გვითხრეს, საქართველოშიც ხდება ამ ოპერაციის გაკეთებაო, მაგრამ ისეთი დღეები გამოვიარეთ მანამდე, ვერ გავრისკე აქ ჩატარება, თან, როგორც გავიგე, მხოლოდ სულ სამი ოპერაცია აქვს იმ ექიმს აქ ჩატარებული.

ჩავიყვანეთ თურქეთში და ოპერაცია 27 000 დოლარი დაგვიჯდა. ამის შემდეგ, კიდევ ორჯერ ვიყავით კონტროლზე და ყოველი ჩასვლა 20-22 000 გვიჯდება. თვეში ერთხელ აუცილებელი პროცედურები უტარდება იქ. ახლა, ბოლოს რომ ვიყავით, მინიოპერაცია გავუკეთეთ. უკანა ტანიდან იდგმება რაღაც აპარატურა, რომ დაავადებული ნაწლავის შევიწროება არ მოხდეს. ჯერ ისევ ოყნებით, გამტარებით გვიწევს ბავშვის კუჭში გაყვანა და მისთვის ყოველი დღე ძალიან მტკივნეულია.

8 დეკემბერს ჩემი შვილი სამი წლის გახდება და სულ ექიმებთან ვართ. ძალიან მტკივა გული, რომ დიდ შეცდომაში შეგვიყვანეს ექიმებმა და ვერ დაუსვეს სწორი დიაგნოზი. დროულად რომ დაედგინათ, ამდენ ტკივილს არ გადაიტანდა. არც ის ვიცი, ვის უნდა მოვთხოვო ამაზე პასუხი? ექიმებთან დავით ვერაფერს მიაღწევ, არადა ბავშვს საშინელი ტკივილები აქვს, იმიტომ, რომ სანდროს ნაწლავი ახლა იწყებს მუშაობას. დეტალების აღწერაც კი მძიმეა ჩემთვის. წარმოიდგინეთ, ოპერაციის შემდეგ ყოველდღე უკეთებდნენ მასაჟებს რკინის მაშებით, ეს არის საშინელი პროცედურა. ბავშვი ისეთ ისტერიკაში იყო და ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ ვუყურებდი შემეშინდა, ჭკუიდან არ შეიშალოს-მეთქი, იმდენად რთული პროცედურაა და დიდი შედეგიც არ მოგვცა. როცა შენს შვილს ასეთ დღეში უყურებ, ეს გაუსაძლისია დედისთვის, მით უფრო, როცა იცი, თავის დროზე რომ გაკეთებულიყო ოპერაცია, ბავშვს ამის გამოვლა არ მოუწევდა.

ახლა შუა გზაში ვართ, როგორც აღვნიშნე, თითო ჩასვლაზე 20-22 000 ლარი მჭირდება. სულ 4 თვის განმავლობაში კვლევებიანად 100 000 ლარი მჭირდება. ძალიან მერიდება, მაგრამ ისევ ხალხის დახმარების იმედად ვარ დარჩენილი.

მინდა, კიდევ ერთხელ, ჩემს გულიან ქართველებს მივმართო დახმარებისთვის.

ძალიან გთხოვთ ყველას, გულთან მიიტანეთ ჩემი შვილის მდგომარეობა და დაგვეხმარეთ, სულ ცოტა დაგვრჩა ამ უმძიმესი დღეების დასრულებამდე და ჩემი შვილის სრულად გამოჯანმრთელებამდე. კეთილო ადამიანებო, ნუ დამტოვებთ ამ ბრძოლაში მარტო, ისევ თქვენი დახმარების იმედი მაქვს. ისევ თქვენი მხარში დგომით ჩემი 3 წლის ბიჭი გამოჯანმრთელდება და დადგება ის ბედნიერი დღეები, როცა ის აღარ იტყვის - დედა მტკივა, ძალიან მტკივაო. ამაზე დიდი ტკივილი არაფერია, როცა ამ სიტყვებს შენი შვილი გეუბნება, უყურებ მას სევდიან თვალებში და არ შეგიძლია, ეს ტკივილი შეუმსუბუქო.

ამ დრომდე ხალხის გვერდში დგომით მოვედით და მჯერა, ამ ბრძოლას ბოლომდე მიმაყვანინებთ. ახლა გამგეობაშიც გვაქვს შეტანილი განცხადება, მითხრეს, იქნებ ერთჯერადად გარკვეული თანხა გამოგიყონ სარეზერვო ფონდიდანო და იმედი მაქვს, იქაც გულთან მიიტანენ ჩვენს გასაჭირს.

არც ერთ დედას არ მოესმინოს შვილისგან დედა მტკივა, დავიღალე, მეშინიაო...

ძალიან რთული საყურებელია, მართლა დაიღალა და რეალურად, თავის გრძნობას გამოხატავს ჩემი პატარა, მე ვდგავარ და ღმერთს შევთხოვ, რომ მალე დასრულდეს ეს ტკივილი და ჩემი შვილი საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს. იმდენი ვალი მაქვს აღებული, რომ ანგარიშის ნომერსაც ვერ ვუთითებ. ამიტომ, ჩემი დის ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა.

ჩვენთვის თითოეული ლარი მნიშვნელოვანია.

სანდროს გვერდი რომ გავაკეთე "ფეისბუქზე", უკვე მეექვსე მშობელი შემეხმიანა, მათ ბავშვებსაც ანალოგიური ჩივილები აქვთ, რაც სანდრომ აქამდე გამოიარა და, სამწუხაროდ, ირკვევა, რომ მათაც არასწორ დიაგნოზებს უსვამენ, არასწორად მკურნალობენ საქართველოში...

რატომ უნდა ხდებოდეს ასე?!

ამ ბავშვების მშობლებსაც მინდა მივმართო, მშობლებო, ნუ შეგეშინდებათ... ხომ ხედავთ, კეთილი ადამიანების დახმარებით, ყველაფერი შესაძლებელია. მე არ ვიცი, ოდესმე როგორ შევძლებ ამ მადლიერების გამოხატვას თქვენ მიმართ, ადამიანებო. სანდროს სრულად გამოჯანმრთელება თქვენს ხელშია... მჯერა, რომ თქვენი დახმარებით ყველაფერს შევძლებთ.

ყველა ბავშვს ვუსურვებ ჯანმრთელობას!

თიბისი ბანკი / TBC Bank :

#GE82TB7222745064300039

საქართველოს ბანკი / Bank of Georgia :

#GE45BG0000000499299255

მიმღები: ნატო ციცხვაია

(სპეციალურად საიტისთვის)