დასავლური სტრატეგიის კრახი?! - გახდა თუ არა პუტინი უფრო ძლიერი და რატომ არ "ჩამოიშალა" რუსეთი
„პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში შეჭრის შემდეგ „უფრო ძლიერი გახდა“. სამწუხაროდ, იგი მართალია: მისი ნახევრად ტოტალიტარული მმართველი რეჟიმი და ეკონომიკა სტაბილურია. ამიტომაც პრეზიდენტი პოსტიდან წასვლას არ აპირებს - ფორმალურ არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება და ქვეყნის მეთაურად კიდევ დიდხანს დარჩება“, - ასე იწყება გერმანული ჟურნალის - „დერ შპიგელის“ (Der Spiegel) ვებგვერდზე გამოქვეყებული სტატია სათაურით - „რატომ აქვს ვლადიმერ პუტინს ყველა საფუძველი იმისა, რომ კმაყოფილი იყოს“ (ავტორი - ან-დორით ბოი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთის პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში გაბატონებული იყო რწმენა, რომ კრემლის მეთაურის, ვლადიმერ პუტინის გეგმა უკრაინის მიმართ ჩაშლისათვის არის განწირული და რომ იგი, ადრე თუ გვიან, საომარი მოქმედებების დაწყების გამო, მაღალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს გადაიხდის. მაგრამ უკვე 21 თვე გავიდა ომის დაწყებიდან, „სამაგიეროს მიზღვის“ დღე კი არ დგება. პირიქით, რუსეთის პრეზიდენტის გათვლები ასრულდა - შესაბამისად, მას ყველა საფუძველი აქვს იმისა, რომ კმაყოფილი იყოს.
21-თვიანი ომის შედეგად რუსეთის ეკონომიკა გაიზარდა და ეს დაკავშირებულია სამხედრო სფეროში წარმოების გაფართოებით, რასაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ნავთობზე ფასების მატებამ. უმუშევრობა უდაბლეს დონეზეა, პრაქტიკულად, არ არის. სამშენებლო დარგი არნახულ მაჩვენებლებს აღწევს. რუსეთის ეკონომიკური კრახი, რომელსაც დასავლეთში მოუთმენლად ელოდნენ, არ მოხდა. კრემლმა მოახერხა სანქციების გვერდის ავლა, ჩინეთისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარებით. პარალელურად, რუსეთის ხელისუფლება სარგებლობს ემბარგოს რეჟიმში არსებული სხვადასხვა „ხვრელით“, რომელთა დაგმანვას დასავლელი ლიდერები არ ჩქარობენ.
დასავლელ ლიდერებს იმედი ჰქონდათ, რომ ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო არენაზე გარიყული აღმოჩნდებოდა, მაგრამ ისინი გაწბილდნენ. ამას წინათ იგი „დიდი ოცეულის“ (G7) სამიტზე, მართალია ვირტუალურად, მაგრამ მაინც სრულიად ნორმალურად ესაუბრებოდა დასავლელ ლიდერებს.
კრემლის მეთაურს რაიმე სერიოზული შიდაპოლიტიკური პრობლემა არ აქვს. დასავლელი სოციოლოგების აზრით, რუსეთის მოსახლეობაში ომით გამოწვეული დაღლილობა არ შეიმჩნევა. და თუ ის „დაღლილობა“, ვთქვათ და, მაინც არსებობს, მას ისეთი გავლენა მაინც არ აქვს, რომ მოსახლეობას ანტისამთავრობო გამოსვლებისაკენ უბიძგოს.
შეიძლება ასეთი მოკლე დასკვნა გაკეთდეს: ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება დიდი ხანია, ასეთი სტაბილური და ხელშეუხებელი არ ყოფილა.
ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციაც კრემლის მეთაურის სასარგებლოდ მეტყველებს. ვლადიმერ პუტინი ამჟამად გამარჯვებულად გამოიყურება. კიევში კი, პირიქით, შიშობენ, რომ რუსეთის არმია შეიძლება ახალ შეტევაზე გადავიდეს და ხელში მეტი ტერიტორიები ჩაიგდოს. რუსეთის მოქმედებებისათვის ხელის შეშლა მხოლოდ ნავთობზე და გაზზე ფასების ვარდნას შეუძლია, სანქციების გამკაცრების ჩათვლით, მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს ვლადიმერ პუტინისთვის „სამაგიეროს გადახდის“ დრო და დაისაჯოს.
მოამზადა სიმონ კილაძემ