გამოცხადებული შურისძიების ქრონიკა - როგორ ნადირობენ უკრაინული სპეცსამსახურები პროპაგანდისტებზე და მოღალატეებზე
რუსეთს, უკრაინაში ომის დასაწყისშივე, სამხედრო, ადამიანური და ფინანსური რესურესებით უზრუნველყოფის მხრივ დიდი უპირატესობა ჰქონდა და აქვს. ეს ყველამ ვიცით და ამიტომაც გვაქვს გაჭიანურებული ომის შიში. საგარეო პოლიტიკაში რუსეთი ყოველთვის “სტაიერია”, ვიდრე “სპრინტერი”. ეს იმპერია ყოველთვის ხანგრძლივ ისტორიულ პერიოდებზე გათვლილ პოლიტიკას აწარმოებს, რაც არა მარტო მისი უზარმაზარი და უკიდეგანო ტერიტორიით, ულევი რესურსებით, არამედ ასევე მოსახლეობისა და ხელისუფლების იმპერიული მენტალიტეტით იყო და არის განპირობებული. საუკუნეების მანძილზე განვითარდა და ჩამოყალიბდა საკმაოდ საინტერესო ფენომენი: რუსეთის, ერთი შეხედვით მოუხეშავი და “ბუნჩულა დათვის”, ვერაგობა და ეშმაკობა – როცა შეიძლება დაიხიო უკან, დამარცხდე და დათმო ცალკეული ბრძოლები, მაგრამ მოიგო ომი.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „კრემლს“ ჰქონდა (და სამწუხაროდ კვლავ აქვს) კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც სააშკაროზე არ ჩანს, თუმცა განვითარებული მოვლენების ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ: რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ წვდომა უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელისუფლების საიდუმლო გეგმებზე, მათ შორის: კონტრშეტევის მიმართულებებზე, შეიარაღების რაოდენობასა და ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე, უკრაინის ხელისუფლებაში არსებულ (და მოსალოდნელ) დაპირისპირებაზე და ა.შ. ეს ყველაფერი რუსეთის დაზვერვის მუშაობის შედეგია.
რას უპირისპირებს უკრაინა რუსეთის ამ უპირატესობას? დასავლეთი რა თქმა უნდა, უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების მხრივაც ეხმარება, თუმცა ეს ძირითად კოსმოსური დაზვერვის მონაცემების გადაცემით შემოიფარგლება. თუმცა რად გინდა ეს ინფორმაცია, თუ რუსეთის სპეცსამსახურებმა უკრაინის ხელისუფლება „შიგნიდან დაშალეს“ ან სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირველი პირების ლიკვიდაცია მოახდინეს?
სამწუხაროდ კიევს არ აქვს წვდომა „კრემლის“ კაბინეტებში მიღებულ საიდუმლო გადაწყვეტილებებზე და ამ ჩამორჩენის კომპენსირებას დივერსიებითა და „ინდივიდუალური ტერორის“ გზით ცდილობს: უკრაინის სპეცსამსახურები ფიზიკურად ანადგურებენ, როგორც რუს პროპაგანდისტებს, ასევე უკრაინელ კოლაბორაციონისტებს. ამიტომ, ამ ეტაპზე, უკრაინის სპეცსამსახურების სადაზვერვო ოპერაციები ოკუპირებული ტერიტორიებსა და რუსეთის რეგიონებში სადაზვერვო–დივერსიული ჯგუფების შეგზავნით შემოიფარგლება.
სპეცსამსახურების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგიერთ „ლიკვიდაციურ ოპერაციაზე“ ისინი პასუხისმგებლობას თავიდანვე იღებენ, ხოლო ზოგიერთს – „სიკვდილის კარამდე“ უარობენ. მაგალითად უკრაინის სპეცსამსახურები დღემდე არ ადასტურებენ რუსეთის იმპერიის პროპაგანდისტების დარია დუგინასა და ვლადლენ ტატარსკის აფეთქებებსა და მკვლელობებში მონაწილეობას.
2022 წლის 20 აგვისტოს დაახლოებით საღამოს ათის ნახევარზე მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელთან, მოჟაისკოეს გზატკეცილზე მოძრავი ავტომობილი Toyota Land Cruiser Prado, რომელშიც ცნობილი რუსი "დერჟავნიკის" ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი, 29 წლის დარია დუგინა იმყოფებოდა, აფეთქდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის მხარეს, ავტომობილის ქვეშ იყო მიმაგრებული. დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა. სავარაუდოდ თავდასხმის სამიზნე თავად ალექსანდრე დუგინი იყო.
დარია დუგინა
2023 წლის 2 აპრილს საღამოს, სანქტ-პეტერბურგად აღზევებულ რუსეთის "არაფორმალურ დედაქალაქში", აფეთქების ხმა გაისმა. შედეგად დაიღუპა პუტინის ერთ-ერთ "სამხედრო პროპაგანდისტი" ვლადლენ ტატარსკი (ნამდვილი გვარი მაქსიმ ფომინი). "ვლადლენს", სანამ ის კაფეში შეკრებილებს სიტყვით მიმართავდა, მომხიბლავი ახალგაზარდა გოგონა მიუახლოვდა და მცირე ზომის ქანდაკება - ბიუსტი გადასცა. ეს იყო . . . . . თავად "ვლადლენის" ქანდაკება! აბა ამაზე უარს ვინ იტყოდა: პატივმოყვარებამ სძლია სიფრთხილეს და მადლიერმა "ბოევიკ-ბლოგერმაც" საჩუქარი მაგიდაზე წინ დაიდო. სწორედ ამან იმსხვერპლა კიდეც: რამდენიმე წუთის შემდეგ „ბიუსტი“ აფეთქდა და "ვლადლენი" ადგილზე გარდაიცვალა.
„ვლადლენ ტატარსკი“ ( მაქსიმ ფომინი).
ამ ორი შემთხვევებისგან განსხვავებით, უკრაინის ხელისუფლებასა და სპეცსამსახურებს არ დაუმალავთ, რომ სწორედ მათი ორგანიზებული იყო თავდასხმები უკრაინელ კოლაბორაციონისტებსა და რუს „პროპაგანდისტებზე“: ზახარ პრილეპინზე, ოლეგ ცარევზე და ალექსანდრე სლისარენკოზე. 2023 წლის 6 მაისს რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის ერთ–ერთ სოფელში ააფეთქეს მანქანა, რომელშიც რუსი პროპაგანდისტი და „ავტომატიანი მწერალი“ ზახარ პრილეპინი იმყოფებოდა. ადგილზე დაიღუპა მისი მცველი, რომელიც ავტომობილს მართავდა. თავად „როსგვარდიის“ მოქმედმა ოფიცერმა პრილეპინმა მძიმე ტრამვები მიიღო, თუმცა ცოცხალი გადარჩა.
ზახარ პრილეპინის „აუდი“
2023 წლის 27 ოქტომბერს საღამოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ იალტის ერთ–ერთ სანატორიუმში სროლის ხმები გაისმა, მალევე გაირკვა, რომ თავდასხმა განხორციელდა უკრაინის რადას (პარლამენტის) ყოფილ დეპუტატ ოლეგ ცარევზე, რომელიც რუსეთის აგრესიის პირველივე დღეებიდან ოკუპანტის მხარეს გადავიდა. ამიტომაც, ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში კიევის რაიონულმა სასამართლომ ცარევს, სამშობლოს ღალატის ბრალდებით, დაუსწრებლად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა მოღალატეს სასჯელის აღსრულებამდე უკრაინის სპეცსამსახურების სპეცრაზმელის ტყვიამ უწია. კიევში არ მალავენ, რომ ცარიოვი დიდი ხანია იმ მოღალატეთა სიაში იყო, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ თავიანთ დანაშაულებზე და ამიტომაც ის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენდა. ოლეგ ცარევი მძიმედ დაიჭრა, თუმცა ცოცხალი გადარჩა.
ოლეგ ცარევი
2023 წლის 16 ნოემბერს რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ააფეთქეს ავტომობილი, რომელშიც ხარკოვის ოლქის საოკუპაციო „ადმინისტრაციის“ უფროსის მოადგილე ალექსანდრე სლისარენკო იმყოფებოდა. 2014 წლამდე ის უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებში მსახურობდა, შემდეგ კი ოკუპანტის მხარეს გადავიდა. ამიტომაც, როგორც მოღალატე უკრაინის სპეცსამსახურების „შავ სიაში“ მოხვდა და შურისძიებამაც არ დაახანა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მოღალატე ლიკვიდირებულია, ხოლო რუსეთის მასმედიის ინფორმაციით მათი ჩინოვნიკი მძემედაა დაჭრილი, თუმცა ცოცხალია.
ალექსანდრე სლისარენკო
კარგად ვიცით, რომ დაუნდობელი შურისძიების ოპერაციების „დიდოსტატები“ ისრაელის სპეცსამსახურები არიან, თუმცა ამ გზით ტერორიზმის შემთხვევები ამ ქვეყანაში არ შემცირებულა. პირიქით. ამიტომ, ერთი მხრივ რთული საპროგნოზო არაა, თუ რა შედეგს მოიტანს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული „ლიკვიდაციის ოპერაციები“ – რუსეთის სპეცსამსახურებიც უფრო მეტ უკრაინელს ააფეთქებენ. მეორე მხრივ ბევრს მიაჩნია, რომ უკრაინის ხელისუფლებას სრული უფლება აქვს (ზოგი თვლის, რომ ვალდებულიც არის!) გაანადგუროს მოღალატეები და პუტინის „პროპაგანდისტები“. თქვენ რას ფიქრობთ?