"შოთა შორიდან მიყურებდა და დიდხანს მაკვირდებოდა. მათი გუნდის ექიმი ჩემი მეგობარია და ეუბნებოდა, სალისთან შანსიც არ გაქვს, არც სცადოო" - მორაგბე გოგონას პირადი და სპორტული ცხოვრება - კვირის პალიტრა

"შოთა შორიდან მიყურებდა და დიდხანს მაკვირდებოდა. მათი გუნდის ექიმი ჩემი მეგობარია და ეუბნებოდა, სალისთან შანსიც არ გაქვს, არც სცადოო" - მორაგბე გოგონას პირადი და სპორტული ცხოვრება

ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ რაგბი ჩვენი სპორტია, ნამდვილად, ქართველებს რაგბის თამაში კარგად გამოგვდის. იმაზეც ვთანხმდებით, რომ რაგბი ყველას სპორტია და ქალებიც და მამაკაცებიც ერთნაირად ასახელებენ საქართველოს. "კვირის პალიტრის" რესპონდენტი კი 27 წლის სალი მაკასარაშვილია, შვიდქალა ეროვნული ნაკრების წევრი, მორაგბე გოგო, ძლიერი, განსხვავებული და მებრძოლი.

სალის სოციალურ ქსელში გადავაწყდი და ბევრი არც მიფიქრია, მისი ისტორიის მოსასმენად დავუკავშირდი:

- ჩემს თავზე ლაპარაკი, ბევრის მსგავსად, არც მე მიყვარს. ვთამაშობ შვიდქალა ეროვნულ ნაკრებში, პირველი ნომერი ვარ. პირველი, ორი და სამი ნომრები შერკინებაში ვდგავართ. მორაგბეობის პარალელურად, ბავშვების მწვრთნელი ვარ და, ასევე, რაგბის თამაშების ორგანიზატორი, ამ პოზიციას რაგბიში კომისარს ეძახიან.

- სალი, როდის გაჩნდა რაგბი შენს ცხოვრებაში?

- ჩემი ისტორია სასაცილო და საინტერესოა, ყველგან ვყვები ხოლმე. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ რაგბის თამაშის სურვილი გამიჩნდა, ისიც იმიტომ, რომ ჩემი ძმა და დეიდაშვილი მორაგბეები არიან. ჩემი დეიდაშვილი მაშინ ნაკრების წევრი იყო, თამაშებზე რომ დავდიოდი, მომწონდა და ჩემი ინტერესიც, ალბათ, აქედან წამოვიდა. მორაგბეობამდე მძლეოსანი ვიყავი, სპორტი ბავშვობიდან ჩემი გატაცება იყო. მძლეოსნობამდე ხელბურთზეც დავდიოდი. ასე, ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ რაგბიც უნდა მეცადა. სიარული რომ დავიწყე, არ ვიცოდი, ოჯახში რა რეაქცია ექნებოდათ, ამიტომ, დავმალე და 3 თვეს ვარჯიშებზე ჩუმად სიარული ვამჯობინე. 3 თვის შემდეგ დედაჩემმა ტყუილში გამომიჭირა, ტანსაცმელზე ბალახები და ტალახი რომ მქონდა, მიხვდა და მეც სიმართლე ვთქვი.

moragbe-1701764291.jpg

- რატომ შეარჩიე რაგბი, რამ მოგხიბლა?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ალბათ, ჩემი ძმის და დეიდაშვილის გავლენამ მიბიძგა, რაგბი მეთამაშა, ან შეიძლება სპორტის ფარულმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა. მომწონდა თამაშის ყურება, მეგობრებში ნაკრების გოგონებიც დავიმატე, შემომთავაზეს, მოდი, ნახეო, მეც მეტი არაფერი მინდოდა, მივედი და დავრჩი კიდეც.

- საქართველოში სხვა გუნდები თუ გვყავს ქალთა რაგბიში?

- შვიდქალა ნაკრები ეროვნულია, 7-7 გოგო ვთამაშობთ ერთმანეთის წინააღმდეგ, არსებობს დიდი რაგბი - თხუთმეტ-თხუთმეტი ადამიანის მონაწილეობით. ჩვენ დიდი ნაკრები არ გვყავს, თუმცა სამომავლოდ აუცილებლად გვეყოლება. საქართველოში სხვა ქალთა გუნდებიც არსებობენ, მაგალითად, ქუთაისის "აია", "ვეფხვების" ქალთა გუნდი და სხვა.

- თუ გახსოვს შენი პირველი ემოციები, განცდები და ფიქრები რაგბიზე მისვლისას?

- პირველი დასამახსოვრებელი ემოციები ტურნირიდან წამოვიდა. გუნდში მისვლიდან 3 თვეში ნაკრებში ამიყვანეს, დუბაიში მივდიოდით ტურნირზე. სექტემბრიდან დეკემბრამდე ვვარჯიშობდი, მითხრეს, რომ ნაკრებში ხარ აყვანილი, მოდიხარ ტურნირზე, უნდა გამოგცადოთო. ვფიქრობდი, მამაჩემს როგორ ვუთხრა, მორაგბე ვარ და ნაკრებში ამიყვანეს მეთქი, თუმცა სხვა გზა რომ არ დამრჩა, მივედი და ყველაფერი მოვუყევი. ძალიან გაუხარდა, არ ველოდი, რომ ასეთი ემოციებით შეხვდებოდა ჩემს მორაგბეობას. ტურნირზე მთელი განცდებით და ცრემლებით გამაცილა. დღემდე ჩემი დიდი გულშემატკივარია. ახლა ვერ ვხვდები, მაშინ რატომ არ ვთქვი, რატომ დავმალე ეს ამბავი.

moragbe-7-1701764954.jpg

ნაკრებში მოხვედრის დღიდან ძალიან შევიყვარე რაგბი, იმაზე ფიქრიც არ მინდა, რომ მოვა დრო და თავის დანებება მომიწევს, უკვე გული მწყდება, წინასწარ. რაგბის ასაკი არ აქვს, სადამდეც შეძლებ, უფლება გაქვს, ითამაშო. ჩვენი ერთი გუნდელი დაოჯახდა, ორსულადაა და ახლაც მოდის ხოლმე ვარჯიშებზე, დილით 8 საათზე დგება და ორსულის ვარჯიშებს ჩვენთან ერთად ასრულებს. ხუმრობს ხოლმე, გავაჩენ თუ არა, დავბრუნდებიო, ეგრე იცის საქმის სიყვარულმა.

- შენთვის რა გამოარჩევს რაგბის სპორტის სხვა სახეობებისგან?

- რაგბი გუნდური სპორტია, ინდივიდუალურ სპორტშიც ვყოფილვარ, მძლეოსნობაში მხოლოდ შენს თავზე ხარ ორიენტირებული და კონცენტრირებული, გინდა, შენ გამოიჩინო თავი. გუნდურ სპორტში ასე არ ხდება, აქ ყველა ერთმანეთს ვამხნევებთ, ერთმანეთით ვაღწევთ შედეგს, გუნდელებს ვერ დაივიწყებ, ერთგულად, ერთობით უნდა ითამაშო. ჩემთვის რაგბი ერთი დიდი ოჯახია, ის ერთიანი ოჯახი, რომელიც ყველა სიტუაციაში, თამაშში და თამაშს გარეთ, ამ ერთიანობას ინარჩუნებს.

- მაინც გკითხავ - რაგბი ჩემთვის არის…

- პირველ რიგში, პროფესია, ჩემი ცხოვრების ნაწილია. უნივერსიტეტი მედიცინის და რეაბილიტაციის მიმართულებით დავამთავრე, თუმცა ყველაფერი გვერდით გადავდე და ხელი ამ საქმეს მოვკიდე.

moragbe-5-1701765415.jpg

- რომ არა რაგბი, სპორტის რომელ სახეობაში იქნებოდი?

- ის ვიცი, რომ სპორტსმენი აუცილებლად ვიქნებოდი, ალბათ, მძლეოსნობას გავყვებოდი, მაგრამ რაგბიმ ყველაფერი გადაწონა.

- რაგბი ტრავმული სპორტია, ალბათ, შენც გექნება რაიმე მსგავსი ტრავმა მიღებული…

- სტერეოტიპია, რაგბი კალათბურთზე და ფეხბურთზე ნაკლებად ტრავმულია. მე ჯვარედინი იოგები და მენისკები გავიწყვიტე ვარჯიშის დროს. ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებოდით, ფეხი ცუდად ჩამიტრიალდა და სერიოზული ტრავმა მივიღე. ერთი წელი რეაბილიტაციას გავდიოდი. ამ ტკივილს ვერც აღვწერ, იმდენად მწარე იყო. ჩემპიონატამდე ერთი კვირა მქონდა დარჩენილი, ფეხი რომ გადამიბრუნდა, ტრავმას ყურადღება არ მივაქციე, ვარჯიში გავაგრძელე, შეხვეული ფეხით ვვარჯიშობდი, ფეხს ტკაცუნი გაუდიოდა და ამ ვარჯიშით უფრო დავიმძიმე, ტკივილი რომ გაუსაძლისი გახდა, ვთქვი, რომ ცუდად ვიყავი და ევროპას გამოვეთიშე. ერთი წელი, მთელი სეზონი ჩამივარდა. მაშინ ფსიქოლოგიურად, მორალურად რთული წელი მქონდა, ჩემი მწვრთნელი სულ მელაპარაკებოდა და მამხნევებდა, რომ არ დავნებებულიყავი.

moragbe-6-1701765515.jpg

- სტერეოტიპულ გარემოში ვცხოვრობთ, შენ ქალი ხარ და თან მორაგბე, გაუჟღერებიათ შენთან, რომ რაგბი არ არის ქალის სპორტი?

- კი, ხუმრობით უთქვამთ, კაი, რა, ქალი და რაგბი, რაგბი კაცების სპორტიაო. ტანებით ეჯახებიან და ძლიერი უნდა იყოო. ადრეც ამბობდნენ და დღემდეც ასეა. ზოგს კიდევ ჰგონია, რომ ჩვენ, ქალები, ბიჭებს ვეთამაშებით რაგბის. რთულად იღებენ იმ მოცემულობას, რომ ქალები რაგბის ვთამაშობთ და თან საკმაოდ კარგად. წელს ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი ავიღეთ. ბიჭი მორაგბეებიც კი ლამის ვერ იჯერებდნენ, რომ ასეთი შედეგი დავდეთ.

- შენთვის თუ არის რაგბი ქალების სპორტი?

- კი, კი და კიდევ კი, ჩემი ყველა გუნდელი ადასტურებს, რომ რაგბი ყველას სპორტია. გამორჩეულად მონდომებული გოგონები მოდიან, ვარჯიშობენ, იზრდებიან, ვითარდებიან და არ უშინდებიან იმას, რომ გოგონები არიან.

moragbe-1-1701760373.jpg

- პატარა სალის დღევანდელი სალი რომ დაენახა, რას გეტყოდა?

- მეტყოდა, ყოჩაღ, სალომე, შენი ოცნება აისრულეო. ბავშვობაში ტრანსპორტით რომ ჩავუვლიდი სპორტის სასახლეს ან სპორტსმენების გუნდს დავინახავდი, სულ ვოცნებობდი, ერთ დღეს სპორტული ჩანთით, სპეციალური ტანსაცმლით თამაშზე მივსულიყავი და ეს ყოფილიყო ჩემი ცხოვრება. რამდენიმე დღის წინ ტრანსპორტით სპორტის სასახლეს ჩავუარე, სპორტსმენები მიდიოდნენ და გამახსენდა, რომ ზუსტად ამას ვოცნებობდი და ავისრულე, სპორტსმენი ვარ, ნაკრების წევრი და ისე ვცხოვრობ, როგორც პატარაობაში წარმომედგინა.

- შენ რას ეტყოდი პატარა სალის, ამ გადმოსახედიდან?

- ყოჩაღ, რომ არ დანებდა, ბევრი რამ სცადა და მაინც იპოვა ის, რაც უნდოდა, აისრულა და სპორტსმენი გახდა.

- დაგრჩა რაიმე ისეთი ოცნება პატარაობიდან, რაც ჯერ ვერ აისრულე?

- სიმართლე რომ ვთქვა, არა, მაგარი მანქანა და სისულელე ოცნებები მქონდა, თუმცა, ძირითადად, სერიოზული ოცნებები რეალობად ვაქციე.

moragbe-9-1701765993.jpg

- რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს სახელით ბრძოლა მოედანზე?

- ეროვნული ნაკრების წევრობა უკვე დიდი პასუხისმგებლობაა. ნებისმიერი წაგება და მოგება გტკივა და გიხარია. ყოფილა ისეთი პერიოდი, რომ ტურნირზე გავსულვართ და 7 თამაშიდან მარტო ერთი მოგვიგია. გვწყინს, ფსიქოლოგიურად ვინგრევით. მაგ დროს ფიქრობ, მართლები ხომ არ იყვნენ ისინი, იქნებ არ გამოგვდის თამაში. თუმცა ეგ წამიერი ფიქრებია, ერთმანეთის გამხნევებით ვძლიერდებით და ამ ცუდსაც ჩვენს სასიკეთოდ ვიყენებთ. წინა წელს მეოთხე ადგილზე გავედით, წელს გავაუმჯობესეთ და უკვე მესამე ადგილი დავიკავეთ. მომავალ წელს მიზანი გვაქვს, პირველი ადგილით დავბრუნდეთ.

- როდის ხვდება ადამიანი, რომ სპორტსმენობა სურს და ცხოვრების ამ გზას ირჩევს?

- ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაფერი სკოლის ასაკში დაიწყო და ამაში დიდი როლი სპორტის მასწავლებელმა შეასრულა. არ გვყოფდა გოგონებს და ბიჭებს, ყველა თამაშში, ვარჯიშში, შეჯიბრში მთელი კლასი ვმონაწილეობდით. მხიარული სტარტები რომ იყო, ყველა გავყავდით. ის მიდგომა არ ჰქონდა, რომ გოგონებო, რაც გინდათ, ის აკეთეთ, პირიქით, გოგონებიც ისევე თანაბრად ვიტვირთებოდით, როგორც ბიჭები და მაშინ თავისით გამიჩნდა სპორტსმენობის სურვილი, ვიცოდი, რომ ზუსტად ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრება.

- რას ნიშნავს იყო სპორტსმენი?

- არ არის მარტივი, ცხოვრების წესია, მეტად პასუხისმგებლიანი ხარ. ყველამ იცის, რომ სპორტსმენი ხარ და ოდნავ ფეხი რომ გადაგიბრუნდეს, მოგაძახებენ, შენ რანაირი სპორტსმენი ხარო. სპორტი ჯანმრთელობააო, მაგრამ სერიოზული სპორტი დიდი ტრავმაც არის. ეს ყველაფერი სტაბილურობაა, გამძლეობაა და უნდა შეგეძლოს, არ დაგეზაროს და არ დანებდე.

moragbe-3-1701766399.jpg

- როგორია მორაგბე გოგონების ცხოვრება და ყოველდღიურობა?

- ყველას ჩვენი საინტერესო და განსხვავებული ცხოვრება გვაქვს. ზოგი სპორტის მასწავლებელია, ზოგი პარალელურად, მსაჯია. გვყავს სტუდენტებიც. დილით 8 საათზე იწყება ჩვენი დღე, ვარჯიშზე ვფხიზლდებით და ეს ემოცია მთელი დღე მოგვყვება. დილით შეიძლება ვარჯიში მქონდეს, მერე წავიდე და თამაში მომიწიოს და საღამოს ბავშვები ვავარჯიშო. მთელი დღე რაგბიში ვარ.

- ვიცი, რომ შეყვარებულიც მორაგბეა, მოგვიყვები მასზე?

- შოთა თამაშზე გავიცანი. პატარძეულის "ვეფხვებში" თამაშობს, მაგ თამაშზე ჩასვლა მომიწია, კომისარი ვიყავი. შორიდან მიყურებდა, დიდი ხანი მაკვირდებოდა. მათი გუნდის ექიმი ჩემი მეგობარია და ეუბნებოდა, სალისთან შანსიც არ გაქვს, არც სცადოო. ერთი წელი მცდელობებში გაატარა და ამასობაში მეც შემიყვარდა, უკვე მესამე წელია, ერთად ვართ, ორივე მივყვებით რაგბის და ერთმანეთის დიდი გულშემატკივრები ვართ. ამბობს ხოლმე, ჩემი მოტივაცია ხარო, თუმცა ისიც არანაკლებ დიდი მოტივატორია ჩემი.

moragbe-2-1701766288.jpg

- სპორტსმენებს ყველაზე ხშირად აქვთ დანებების სურვილი, ამ სურვილს მარცხი იწვევს ხოლმე, განგიცდია შენც?

- ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალიან ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, ჩემს თავს სულ ვამხნევებდი, არ ვაძლევდი იმის საშუალებას, რომ დანებებაზე მეფიქრა. იმდენად მიყვარდა და მიყვარს ეს საქმე, რომ დანებებას არ განვიხილავ. ვარჯიშებზე ხუმრობით ვამბობთ ხოლმე, მორჩა, ბოლო წელია, მორჩა, აღარ მოვალთ-მეთქი, მაგრამ ყველამ იცის, რომ არავინ ვართ წამსვლელი. მე და შოთას გვისაუბრია, დაოჯახების შემდეგ რას ვიზამთ და ორივემ ვიცით, რომ პროფესია უცვლელი დარჩება, ვიქნებით ერთად და ისევ რაგბის ვითამაშებთ.

ტრავმა რომ მივიღე, მეც ვფიქრობდი რომ ყველაფერი მორჩა-მეთქი, თუმცა ეს ფიქრები წამიერი იყო, ვცდილობდი, სიძლიერე არ დამეკარგა. ეს ყველაფერი ჩვენი მწვრთნელის დამსახურებაა, ტრავმა რომ მივიღე მოვიდა და მითხრა ყოველთვის უნდა ეცადო პრობლემის მოგვარებას, არასდროს იფიქრო ამ პრობლემაზეო. არ არსებობს პრობლემა, რომელიც არ მოგვარდება, ამ ფიქრებს ხშირად ვიმეორებ, რომ არასდროს დამავიწყდეს.

- როგორ წარმოგიდგენია მომავალში შენი თავი?

- აუცილებლად რაგბიში ვიქნები და თუ ვერ ვითამაშებ, ბავშვებს მაინც ვასწავლი რაგბის. მასწავლებელი რომ ხარ და შენს ცოდნას სხვას უზიარებ, დიდი პატივია. მიზანი მაქვს, გოგონები ისეთ მორაგბეებად აღვზარდო, რომ მსოფლიო იცნობდეს.

moragbe-4-1701766218.jpg

- როგორი იყო 2023 წელი შენთვის?

- ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე კარგი წელი იყო, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეული ნამდვილად გამოვიდა. გოგონებმა კარგი შედეგი დავდეთ, მესამე ადგილი დავიკავეთ, ორი თანაგუნდელიც დავაქორწინეთ, არ იყო ცუდი წელი.

- რა ემოციაა მოგება?

- არ ვიცი, რას შევადარო - ყველა ძარღვი გიფეთქავს, გულისცემას მთელ სხეულში გრძნობ.

- შენს თავთან მარტო რომ რჩები, რას ფიქრობ ხოლმე?

- მომავალზე, ჩემს გეგმებზე.

moragbe-8-1701766105.jpg

- გაქვს რაიმე რიტუალი, ტრადიცია მატჩის წინ?

- ვცდილობ, რომ საბრძოლო განწყობა შევიქმნა, მუსიკას ვუსმენ ხოლმე და სხვებსაც ვასმენინებ, რომ ერთ ტალღაზე გავიდეთ მოედანზე. მატჩის დაწყებამდე მთელი გუნდი ვლოცულობთ, პირჯვარს ვიწერთ და მერე ერთმანეთს ვეხუტებით, ეს უცვლელი ტრადიციაა.

- პასის მიცემა გირჩევნია თუ თავად წახვალ ლელოზე?

- მოდი, ამ ეტაპზე, თავად წავალ ლელოზე.

- ბოლოს გკითხავ, რაიმე ისტორია გაქვს, სულ რომ გახსნებს თავს?

- ბევრს ვერაფერს მოვყვები, მაგრამ წინა წელს ევროპის ჩემპიონატზე ლელოზე მივრბოდი, ბოლო წუთები იყო დარჩენილი და გადამწყვეტი ლელო მიმქონდა. ჩემმა თანაგუნდელმა პასი მომცა და მეც მთელი ძალით გავიქეცი, ბოლო შანსი იყო და ვერ გავუშვებდი ხელიდან. მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშე დაჭერის მიზნით ფორმაზე ჩამომეკიდა, შორტზე მომკიდა ხელი და მთელი მოედანი ჩახდილმა ვირბინე, მართალია, შორტის შიგნით ელასტიკი მეცვა, მაგრამ ვიდეოში ჩანდა, როგორ მივრბოდი ელასტიკის ამარა, ჩამოკიდებული მოთამაშით. რაც მთავარია, ლელო დავდეთ და მოვიგეთ, ელასტიკით სირბილს ვინ ჩიოდა?! ასეთი სახალისო ბევრი ამბავი გვაქვს, სპორტია და ყველაფერი ხდება ხოლმე.

(სპეციალურად საიტისთვის)