წყალი, როგორც ომის იარაღი! - "ღაზის მეტროში" "ცახალი" ხმელთაშუა ზღვის "შეშვებას" აპირებს? - კვირის პალიტრა

წყალი, როგორც ომის იარაღი! - "ღაზის მეტროში" "ცახალი" ხმელთაშუა ზღვის "შეშვებას" აპირებს?

"ისრაელის არმია აპირებს ხმელთაშუა ზღვიდან წყალი ღაზის სექტორში „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბებში შეუშვას და ისინი დატბოროს" - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი დღეს ავრცელებს...

ამერიკული გაზეთის მტკიცებით, ისრაელის სამხედროებმა უკვე დაამონტაჟეს ხუთი მძლავრი წყლის სატუმბი ღაზის სექტორის ქალაქ ალ-შატის სიახლოვეს, რომლებსაც საათში რამდენიმე ათასი კუბური მეტრი წყლის გადაქაჩვა შეუძლიათ ხმელთაშუა ზღვიდან „ღაზის მეტროში“-როგორც ეძახიან „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების ქსელს, რომელთა საერთო სიგრძე 500 კმ-ს აღწევს...

1-gvir-1701770113.png
"ჰამასის“ „ღაზას მეტროს“ გვირაბები მხოლოდ ერთი მეტრის სიგანისა და ორი მეტრის სიმაღლისაა, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ იქიდან მოულოდნელად ამომძვრალმა „ჰამასელმა“ ისრაელის „მერკავას“ უკნიდან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ზუსტად მოარტყას და შემდეგ ისევ გვირაბში გაუჩინარდეს...

წყლის, როგორც ომის იარაღის გამოყენების მრავალი მაგალითი არსებობს უხსოვარი დროიდან, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული მასშტაბის გახლდათ, მეორე მსოფლიო ომის დროს კრემლის ბრძანებით უკრაინის დნეპრზე გრანდიოზული „დნეპროჰესის“ კაშხალის სპეციალურად აფეთქება, რათა გერმანიის არმიის წინსვლა აღმოსავლეთისკენ შეეფერხებინათ, ხოლო უკვე წელს, 6 ივნისს, იმავე კრემლიდან წამოსული ბრძანებით, იმავე უკრაინის დნეპრზე უკვე კახოვკის კაშხალი ააფეთქეს რუსმა ოკუპანტებმა, რათა ჩაეშალათ უკრაინის არმიის კონტრშეტევა ამ მდინარის მარცხენა სანაპიროზე...

მაგრამ ერთია კაშხლის აფეთქება და სულ სხვა, როდესაც წყლის დიდი მასების სპეციალურად მიმართვა ხდება შეზღუდულ სივრცეში - გვირაბებში, რაც იქ მყოფებს გადარჩენის შანსს თითქმის არ უტოვებს...

ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფაქტს წარმოადგენს ბერლინის მეტროს გვირაბების დატბორვა ჰიტლერის ბრძანებით, როდესაც 1945 წლის აპრილის ბოლოს, საბჭოთა არმია დაცემის პირას მდგარი მესამე რეიხის დედაქალაქს მიადგა - გერმანელებს არ სურდათ, რომ ბერლინის ცენტრამდე საბჭოთა მებრძოლებს მეტროს გვირაბების გამოყენებით შეეღწიათ...

2-gvira-1701770113.png
„ცახალის“ ოფიცერი აღმოჩენილ „ჰამასის“ გვირაბს ფრთხილად ათვალიერებს...

რაც შეეხება „ღაზის მეტროს“, მასში, რა თქმა უნდა, მატარებლები არ დადიან, მაგრამ „ჰამასის“ მებრძოლები ერთი მეტრის სიგანისა და ორ მეტრამდე სიმაღლის ამ დაქსაქსულ გვირაბებს მეტ-ნაკლები ეფექტიანობით იყენებენ უკვე ღაზის ქალაქებში შესული „ცახალის“ ჯავშანჯგუფების ზურგში თავის „ამოსაყოფად“, ისრაელის „მერკავებისკენ“ ახლო მანძილიდან ყუმბარსატყორცნებიდან კუმულაციურქობინიანი რაკეტების გასაშვებად (ზოგი „ჰამასელი“ ისე რისკავს, რომ „მერკავასთან“ მიირბენს და მის ჯავშანზე მაგნიტურ ნაღმსაც კი ამაგრებს...) და შემდეგ ისევ გვირაბში სწრაფად ჩასაძრომად...

ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის განხორციელებისას „ცახალი“ იყენებს სპეციალურ დანაყოფებს „ჰამასის“ ამ საიდუმლო გვირაბებიდან ამოსასვლელების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად.

3-gvirabi-1701770112.png
„ჰამასის“ გვირაბის ჭერი და გვერდები ბეტონირებულია, მაგრამ ძირი მიწისა აქვს - ამ გვირაბებში შეშვებული ზღვის წყლის დიდი მოცულობა შეიძლება ქვიშიანმა ნიადაგმა „გაიწოვოს“...

გვირაბების აღმოსაჩენად გამოიყენება სპეციალური მაღალმგრძნობიარე ტექნიკა (მიწაში ცარიელი სივრცეების დასაფიქსირებლად), ასევე, გაწვრთნილი ძაღლებიც.

„ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბში მორიგი ჩასასვლელის აღმოჩენის შემდეგ, ხდება მისი დანაღმვა და აფეთქება, თუმცა როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ გახლავთ, რადგან გრძელდება მიწისქვეშიდან მოულოდნელად გამოჩენილი „ჰამასელების“ მხრიდან ისრაელის ჯავშანტექნიკაზე და ცოცხალ ძალაზე თავდასხმები.

ამის გამო, ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უკვე გაამზადა ტექნიკური საშუალებები „ჰამასის“ „ღაზას მეტროს“ დატბორვის დასაწყებად, რის შესახებაც წინასწარ აცნობა ამერიკელ პარტნიორებს.

არ არის გამორიცხული, მსოფლიო საზოგადოებამ და საერთაშორისო ინსტიტუტებმა ისრაელის მიერ ღაზაში მიწისქვეშა გვირაბების დატბორვა, ომის წარმოების არაჰუმანურ მეთოდადაც შეაფასონ, მით უმეტეს, თუკი ამას გვირაბებში დღემდე გადამალული ის მძევლებიც შეეწირებიან, რომლებიც „ჰამასმა“ ორი თვის წინ, 7 ოქტომბერს ისრაელის კიბუცებზე დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ღაზის სექტორში გაიტაცა.

ტექნიკური თვალსაზრისითაც, იმ ქვიშიანი ნიადაგის გათვალისწინებით, რომელშიც გაყვანილია „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბები, ხმელთაშუა ზღვიდან გადაქაჩული წყლის დიდი მოცულობა ამ ქვიშიანმა ნიადაგმა შეიძლება უბრალოდ „შეისრუტოს“ და ნაკლებადეფექტიანი გახადოს ისრაელის გენერალიტეტის ჩანაფიქრი - ზღვის წყლის „შეტევით“ გამოდევნოს „ჰამასელები“ „ღაზას მეტროდან“...