სად ხარობს არყის ულამაზესი კორომები საქართველოში - კვირის პალიტრა

სად ხარობს არყის ულამაზესი კორომები საქართველოში

არყი ძალიან ლამაზი, ეფექტური მცენარეა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული. საოცარი სანახავია არყის ტყეები გაზაფხულზე, როცა მცენარეები მწვანედ იმოსება, და შემოდგომაზე, როცა არყის ხეებს ხასხასა, ოქროსფერი ფოთლები ამშვენებს... ამ მშვენიერ მცენარეზე გვესაუბრება სოფლის მეურნეობის დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა გოგინაშვილი.

ნანა გოგინაშვილი:

- არყის ხსენებისას ყველას თვალწინ წარმოგვიდგება თეთრტანიანი ულამაზესი მცენარე, რომელიც ზოგჯერ 20 მეტრის სიმაღლისაც იზრდება. არყი მნიშვნელოვანი მცენარეული კულტურაა როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც. სილამაზის გამო არყის ხეს დეკორატიული დანიშნულებაც აქვს. ის ბაღებისა და პარკების მშვენებაა, აშენებენ ყველგან, სადაც ამ მცენარისთვის შესაფერისი კლიმატი და ბუნებრივი პირობებია. მართალია, ბევრგან არის გავრცელებული, მაგრამ არყის ხეების სრულყოფილი ზრდა-განვითარებისთვის ყველაზე კარგი არეალი სუბალპური ზონაა. ის გვხვდება ჩრდილოეთის ზომიერ და ცივ სარტყელში, აგრეთვე სუბტროპიკულ მთებში.

- რა არის აუცილებელი, რომ არყის ხე სრულყოფილად გაიზარდოს და განვითარდეს?

- მთავარი პირობა ის არის, რომ არყი სინათლის მოყვარული მცენარეა, თანაც ტანმაღალი ხეა და არ იზრდება სხვა სახეობების ქვეშ. ამასთან, ტენის მოყვარულიცაა და მეტისმეტად მშრალ ადგილებში ვერ ხარობს. ჩვენთან, საქართველოში, ის საკმაოდ მაღლა, ზღვის დონიდან 1900-2000 მეტრის სიმაღლეზე ხარობს. არყის ხეს უყვარს ტენიანი ხევები, ჩრდილოეთის ფერდობები და გაშლილი სივრცე, სადაც დომინანტი მცენარე იქნება. მსოფლიოში გავრცელებულია არყის მრავალი სახეობა, მათგან საქართველოში მხოლოდ ხუთი სახეობის იზრდება. ამ ხუთიდან სამი ძალიან ფრაგმენტულად, მცირე რაოდენობით გვხვდება, რის გამოც საქართველოს "წითელ ნუსხაშია" შეტანილი და მინიჭებული აქვს სტატუსი "მოწყვლადი".

- რომელ მხარეში ხარობს ეს სახეობები?

- აჭარასა და გურიაში, მთების ზედა სარტყელში, იზრდება მედვედევის არყი, ხოლო კოლხეთში, კერძოდ, სამეგრელოსა და სვანეთის მთებში - მეგრული არყი. ორივე სახეობა ენდემურია და ორივეზე ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს, რადგან კარგად არც ერთი არ არის შესწავლილი. თუმცა დაზუსტებით შეიძლება ვთქვათ, რომ ორივე სახეობა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ენდემია. მესამე სახეობა, რადეს არყი, კავკასიონის მთებში ყველგან შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ ისიც ფრაგმენტულად... როგორც ვთქვით, სამივე სახეობა საქართველოს "წითელ ნუსხაშია" შესული. დანარჩენი ორი - თეთრი ანუ ლიტვინოვის არყი და მეჭეჭიანი ანუ მტირალა არყი - ჩვენს რეგიონსა და საქართველოში საკმაო რაოდენობით გვხვდება.

- აშკარაა, რომ არყის ხე ცივ ადგილებს ეტანება.

- დიახ, არყი ყინვის ამტანი მცენარეა და დაბალ ტემპერატურაზე თავს შესანიშნავად გრძნობს. ტენიც ძალიან უყვარს და სადაც დაბალი ტენიანობაა, იქ ვერ გაიზრდება, ამიტომ, უფრო ჩრდილოეთის კალთებზე ხარობს და არაჩვეულებრივ ტყეებსაც ქმნის. არყის ტყე ძალიან ლამაზი სანახავია, განსაკუთრებით აჭარის ზედა ზონაში, რომელიც არყნარით მთავრდება, და მის ნახვას არაფერი სჯობს! სხვათა შორის, არყი ყოველთვის მაღალი არ იზრდება, თუმცა მთის კალთებზე შეფენილი მისი ტყეები ყოველთვის შთამბეჭდავი სანახავია. - საქართველოში სად გინახავთ არყნარი?

- ჩვენმა ჯგუფმა მედვედევის არყის ულამაზესი კორომი ნახა აჭარაში, სადაც სპეციალური ექსპედიცია ჩავატარეთ. ამ კვლევაში ჩვენი აჭარელი კოლეგები, ზურაბ მანველიძე და ნინო მემიაძე მონაწილეობდნენ, რომლებმაც ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს. 2015-2017 წლებში რამდენიმე ლოკაცია აღვწერეთ, სადაც ეს მცენარე ხარობს. ეს კორომები მანამდე აღწერილი არ ყოფილა.

- უფრო კონკრეტულად, სად მდებარეობს ეს არყნარი?

- შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბეთის მიმდებარედ, სადაც თურქეთის საზღვარი გადის. ულამაზესი არყნარია, დაახლოებით 15 ჰექტარზე. ასეთივე კორომი აღვწერეთ გურიაში, მდინარე ჟუჟის ხეობის სათავეებთან. რაკი ეს მცენარე ფრაგმენტულად, ძალიან პატარა ჯგუფებადაა გავრცელებული, შეიძლება 5-10 არყის ხე იდგეს ერთად, ამიტომ ეს ორი კორომი აჭარისა და გურიის ტერიტორიაზე ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. დასანანია, რომ საერთაშორისო წითელ ნუსხაში მედვედევის არყზე ინფორმაცია პრაქტიკულად არ არის.

betula-megrelica-1701778270.jpg

- რამდენ ხანს ცოცხლობს მედვედევის არყი?

- საშუალოდ 150 წელზე მეტხანს. გარდა დეკორატიული მნიშვნელობისა, არყის ხეს კიდევ ერთი ღირსება გამოარჩევს: XXI საუკუნეში, როცა ტყეები ყველგან იჩეხება, ის მიუწვდომელ მაღალ ადგილებში ძალიან ლამაზ ბუნებრივ ტყეებს ქმნის. მეტად იშვიათი მოვლენაა, რომ მცენარემ 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე ბუნებრივი ტყე შექმნას.

- ცნობილია, რომ არყის ხეს სამეურნეო მნიშვნელობაც აქვს და სხვადასხვა დარგში გამოიყენება.

- ამ მცენარეს ძალიან ხარისხიანი მერქანი აქვს, ამიტომ მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ავეჯის წარმოებაში. არყი გამოირჩევა სამკურნალო თვისებებითაც: მისი წვენი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და მისგან სასიამოვნო არომატულ სასმელებსაც ამზადებენ. საბჭოთა პერიოდში რუსეთიდან ჩვენთან სამლიტრიანი ქილებით შემოდიოდა არყის წვენი. მაშინ ქიმიური წვენები ჯერ კიდევ არ არსებობდა და ნატურალური წვენები იყიდებოდა. როგორ ამზადებენ არყის წვენს? - მოგეხსენებათ, რუსეთში არყის ხეები დიდი რაოდენობითაა. ხეს ნაჭდევს უკეთებენ, ჭურჭელს შეუდგამენ და ის თანდათან ივსება. არყის ხის წვენი ძალიან სასარგებლოა, რადგან ვიტამინებსა და ეთერზეთებს შეიცავს, მათ შორის, ჩ ვიტამინს. მისი კვირტები და ფოთლებიც ფართოდ გამოიყენება მედიცინაში.

betula-raddeana-1701778270.jpg

- რა თვისებები განაპირობებს მედიცინაში არყის გამოყენებას?

- არყის ხის ნედლეულს ძლიერი ანტისეპტიკური თვისებები აქვს, ხოლო ფოთლების ნახარშს გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ. არყის მერქნისგან მაღალხარისხიან აქტივირებულ ნახშირს ამზადებენ. ის ბევრად ეფექტიანია, ვიდრე სხვა რომელიმე სახეობის მცენარის ნახშირი. ვინც ხშირად სვამს არყის წვენს, მარილების დაგროვებასა და ქოლესტერინს აღარ უჩივის. მოკლედ, ამ მცენარის ღირსებების ჩამოთვლა და მასზე ამომწურავი საუბარი ერთ ინტერვიუში შეუძლებელია.

- დასასრულ, როგორ შეიძლება გავახაროთ არყის ხე ოჯახურ პირობებში?

- არყი არა მარტო მაღალ მთებში, ქვედა ზონებშიც მშვენივრად ხარობს. ჩვენ საგურამოში გვაქვს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზა, სადაც მცენარეთა მრავალფეროვანი კოლექციაა და მასში არყის ხეებიც შედის. მისი ნერგების მოძიება არ არის რთული, არყის ნერგებს თბილისში, დიღმისკენ მიმავალ გზაზეც ყიდიან. ფერმერები მის სხვადასხვა სახეობას რგავენ და ამრავლებენ. ასე რომ, არყის ხეების დარგვა და გახარება ეზოში თუ საოჯახო მეურნეობაში ყველას შეუძლია.

ხათუნა ჩიგოგიძე