სამოთხისდარი ბაღი შუაგულ ქიზიყში
ცნობილ მომღერალ ფრიდონ კიკილაშვილს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, საკუთარ სახლში, არც მეტი არც ნაკლები, სამოთხის ბაღი აქვს გაშენებული. ხელოვნურ ტბასთან წყალმცენარეები ხარობს, მის გარშემო კი ულამაზესი და უამრავი ჯიშის ყვავილებისგან ცოცხალი ბუკეტები აქვს შექმნილი. ბატონმა ფრიდონმა ჯერ ბაღი დაგვათვალიერებინა, შემდეგ ჩვენს კითხვებზე გვიპასუხა, მოგვიანებით კი იქვე მოწყობილ ღია ფარდულში შეგვიყვანა, ბუხარში მწვადები ააშიშხინა და საკუთარი ხელით მომზადებული კერძებით გაგვიმასპინძლდა. ყვავილების სურნელში შეზავებული კახური მწვადი, ალაზნის ველზე მოწეული ყურძნისგან დაყენებული ღვინო, შოთის პური და ყველი და ქიზიყური ფოლკლორი მადლიანად ერწყმოდა ერთმანეთს და გულს ესალბუნებოდა.
ფრიდონ კიკილაშვილი:
- სამშობიაროში არ დავბადებულვარ, ამ სახლის მეორე სართულზე დავიბადე და ბუნებრივია, ძალიან მიყვარს. სკოლა ჯუგაანში დავამთავრე. შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირველი კურსიდანვე გავხდი დიდი კაპელას წევრი. აქედან დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა. მერე სხვადასხვა ანსამბლში ვმღეროდი, თუმცა სოფელში ჩამოსასვლელად მაინც ვნახულობდი დროს. ხალხური სიმღერის შემდეგ, ესტრადაზეც ვცადე ბედი და იქაც წარმატებას მივაღწიე. ჰამლეტ გონაშვილი უმცროს მეგობრად მთვლიდა, ბევრჯერ გვიმღერია ერთად. გასტროლებით შემოვლილი მაქვს უამრავი ქვეყანა და მოწესრიგებული ეზოები და ბაღები ყველგან მხიბლავდა. თუმცა მცენარეები უფრო ადრიდან შევიყვარე. დედას რევმატიზმი ჰქონდა და გურჯაანის ბალნეოლოგიურ კლინიკაში - ახტალაზე მკურნალობდა. ამ კლინიკის ეზოში ულამაზეს ბაღDში პალმებმა გამაოცა. მას შემდეგ ოცნებად მექცა თავად გამეშენებინა ზღაპრული ეზო და როგორც ხედავთ, გვიან, მაგრამ სურვილი მაინც ავისრულე.
- ამ ბაღის ავტორი მხოლოდ თქვენ ხართ?
- ამ ბაღის ავტორად მაინც დედას მივიჩნევ, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. დედა დილით, 5 საათზე იწყებდა ყვავილების მოვლას. ქიზიყში მუდმივად იყო წყლის პრობლემა. დედას სოფლის წყაროდან ვედროებით, ბალონებით მოჰქონდა წყალი და ყვავილებს იმით რწყავდა. მერე სოფელში ჭაბურღილები გააკეთეს და ცოტა გამოსწორდა მდგომარეობა. ჩემს ბაღში ამჟამად უამრავი ყვავილი ხარობს, თუმცა აქამდე რომ მომეყვანა, წლები დამჭირდა.
ულამაზესი ბამბუკის ხეები ძალიან უხდება ბაღს. არადა, ერთი პატარა ბამბუკის ნერგი წლების წინ დავრგე. მერე ისე გამრავლდა, მეზობლის ბაღშიც გადავიდა. ბამბუკის ფესვი მიწაში იტოტება და შორს გადის, სადაც არ ელოდები, შეიძლება მოულოდნელად ამოყოს თავი. სტუდენტობის დროს ჩამოვიტანე და დავრგე პალმა, რომლის სიმაღლეც უკვე 10 მეტრამდეა.
ბაღის გასაშენებლად დიდი ტერიტორია არ მქონდა, ამიტომ მცენარეებს ერთმანეთთან ახლოს ვრგავდი. თუ დააკვირდებით ბაღს, არცერთი კუთხე ერთმანეთს არ ჰგავს. ბაღის სახელობითი კუთხეებიც მაქვს. სახლის ფანჯრის მიმდებარე ნაწილს "კორონა" ჰქვია. დედა რომ გარდაიცვალა, კორონავირუსი მძვინვარებდა. დედის არყოფნით გამოწვეული სტრესი და ვირუსის გამო კარჩაკეტილობა მიწასთან ურთიერთობამ ადვილად გადამატანინა. ამიტომ, ბაღის ამ ნაწილს ვირუსის სახელი "კორონა კუთხე" დავარქვი. საკუთარი ხელით ამოვაშენე პემზის ქვით, მიწა ჩავყარე და მცენარეები ჩავრგე. ბაღში მცენარეების გამოცვლა ხშირად რომ არ დამჭირდეს, ვცდილობ, ისეთი მცენარეები გავახარო, რომლებიც ქიზიყის კლიმატს ეგუებიან, ცხელ ჰავას ადვილად იტანს, ზამთარს ღია გრუნტში კარგად უძლებს. ერთწლიან ყვავილებს კი მათ შორის ვრგავ და ბაღის სიცოცხლეს, სიხასხასესა და სიმშვენიერეს ასე ვინარჩუნებ. ია ფარულავასთან ვმეგობრობ. კიბის ქვეშ, მისი პატივისცემის მიზნით ასო "ი" "დავხატე" და ლამაზი ყვავილები დავრგე. როცა ყველა მცენარე აყვავდა, ია მესტუმრა და "თავისი კუთხით" ძალიან მოიხიბლა. ჩემს ბაღში, საქართველოსთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა ენდემური მცენარე ხარობს, ფინიკის პალმის გარდა. ისე მომეძალა ფლორის სიყვარული, ლანდშაფტის დიზაინის შესწავლაც კი დავიწყე.
უცხოეთში ყოფნისას, მუდამ ვაკვირდებოდი ბუნებას, ყვავილებს და ძალიან მომწონდა ევროპელების განსაკუთრებული დამოკიდებულება ფლორის მიმართ. ახლახან გერმანიაში მეგობართან ვიყავი. ადგილობრივებს ეზოები და ბაღები უკვე ზამთრისთვის აქვთ მომზადებული - გასხლული, მოფოცხილ-მისუფთავებული და ქუჩებშიც უკვე რგავენ ზამთრის ყვავილებს. მეც სწორედ ასე ვიქცევი - დაწყებული მაქვს საშემოდგომო სამუშაოები და ზამთრის მცენარეების დარგვაც რახანია დავიწყე. ამგვარად, ჩემი ბაღი სულ ცოცხალი, მწვანე და ლამაზია.
შემოდგომა საუკეთესო პერიოდია, რადგან ბევრი მცენარე აქამდე ყვავილობს და შემოდგომით მათ ემატება ქრიზანთემებიც. ჩემს ბაღში ტიტების ყვავილობაც შთამბეჭდავია, რადგან ბევრი ტიტა ერთად ყვავის. ზოგი მათგანის ბოლქვი უცხოეთიდან ჩამოვიტანე. ამსტერდამში ყოფნისას ისეთი შავი ფერის ტიტა აღმოვაჩინე, გავოცდი, მაგრამ შეძენა ვერ შევძელი, არადა, ერთი სული მაქვს, ასეთ ფერს როდის დავრგავ. 10-15 ჯიშის უნიკალური სახეობის ტიტა მაქვს. შემოდგომით ბოლქვები ქოთნებიანად საფარში შემაქვს, რომ არ გაიყინოს და გაზაფხულამდე ვაზამთრებ. უცხოეთიდან ძირითადად ჯუჯა ვარდები ჩამომაქვს, რადგან ლამაზებიც არის, უხვადმოყვავილეებიც. ძველი, კლასიკური ჯიშები ერთი-ორჯერ იყვავილებენ და ჩერდებიან. ჯუჯა ვარდები კი ყველა სეზონზე ყვავილობს. ძალიან მომწონს ბალზამინები, რომლებიც ყველა სეზონზე ყვავდება. მუქი წითელი ფერის ოლეანდრა და მელნისფერი კლიმატისიც უცხოეთიდან ჩამოვიტანე.
ზოგიერთი ქვეყანა მცენარის სხვა ქვეყანაში გადატანას კრძალავს, მაგრამ ზოგჯერ ისეთი დიდი სურვილი მიჩნდება, იქ ნანახი სილამაზე ჩემს ბაღშიც გავახარო, რომ კანონს ვარღვევ, ვფუთავ და საბარგულში შესანახ ჩემოდანში ვმალავ.
არსებობს მოსაზრება, რომ მცენარეების სხვადასხვა ჯიშები ერთმანეთს ვერ იტანენ, ამიტომ ახლო-ახლოს მათი დარგვა არ შეიძლებაო. ამ აზრს ვერ დავეთანხმები, თქვენც ხედავთ, რომ ჩემს ბაღში სხვადასხვა ჯიშის ყვავილების "ბუკეტებია" შექმნილი და ყველა საუკეთესოდ ბიბინებს. ხშირად ფერებით ვახამებ და ვაწყვილებ ყვავილებს - არეული ფერები ძალიან მიმზიდველია. ყვითელს ჩემს ფერად არ ვთვლი, მაგრამ შემოდგომა მზისფერის გარეშე წარმოუდგენელია და ყვითელყვავილა მცენარეებიც უხვად მაქვს. მინდა, ჩემი ბაღი უფრო დიდ სივრცეზე გავშალო, ამიტომ ვეძებ ადგილს და ვფიქრობ ახალ დეკორაციებზე.
ჩემს ძმას დიდი წვლილი შეაქვს ამ ბაღის მოვლა-პატრონობაში და ის უვლის ჩემი არყოფნის დროს მცენარეებს - წყალს უსხამს, ანოყიერებს. აქ უამრავ ძველ და დრომოჭმულ ნივთს ნახავთ, რომლებიც ქოთნებად ან დეკორაციისთვის მაქვს გამოყენებული. სადღაც ვიპოვე კარაქის სადღვებელა და მისგან ულამაზესი ქოთანი შევქმენი. ვარცლისგან, რომელშიც პურის ცომს ზელდნენ, ორიგინალური ჭაღი დავამზადე. ახლა ფარდულში, ბუხართან მიკიდია. დეკორაციებს ზემოდან, ფერადი ნათურებით ვანათებ, ყვავილნარშიც მაქვს ჩამონტაჟებული განათებები და ღამით ჩემი ბაღი მშვენიერი სანახავია. მოკლედ, ზღაპრული ბაღი მაქვს შუაგულ ქიზიყში.
მაგნოლიის ხე რომ ჩამოვიტანე, ყველა მეუბნებოდა, რომ მშრალი კლიმატის გამო ვერ გაიხარებდა. ახლა კი ისე ლამაზად ყვავის, გაოცებული ვრჩები.
- ბატონო ფრიდონ, სიმღერას და ბაღს როგორ უთავსებთ ერთმანეთს - მუშაობის დროსაც მღერით, ასე რომ ბიბინებს თქვენს ბაღში ყველა ყვავილი?
- ჩვენი წინაპრები ყოველი საქმის დროს საგალობლებს ასრულებდნენ - ქალები ცომს რომ ზელდნენ, თან გალობდნენ და საუკეთესო, გემრიელი პური გამოსდიოდათ. თითქმის ყველა საგალობელი ვიცი და ცხადია, მუშაობის დროსაც ვღიღინებ, მაგრამ ასეთი უხვადმოყვავილე ბაღი უფრო სწორად მოვლის შედეგი მგონია. მცენარის სწორად დარგვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი ხელით არასდროს არაფერი დამირგავს, ორი ხელით, დიდი ფერებითა და მოწიწებით ვიცი ყველა მცენარის დარგვა. ზოგი დარგავს, მერე მიასხამს წყალს და ჰგონია, გაიხარებს. მცენარეს იმდენი წყალი უნდა დაასხა, რომ ქვემოდან გაუვიდეს და ფესვიც გაჯერდეს წყლით. ხშირად დაწვიმებითაც ვრწყავ, ფოთლები რომ გაერეცხოს, მტვერი მოსცილდეს და ფოტოსინთეზის პროცესიც სწრაფად წარიმართოს. სასუქად ორგანულ, ცხოველის ნაკელს ვიყენებ. საუკეთესოა ტყის, ნეშომპალით გამდიდრებული ნიადაგი. ქიზიყის ტყეებში ასეთი მიწის მეტი რა არის, ამიტომ ჩემს მცენარეებს ტყის მიწას არ ვაკლებ. ჩვეულებრივ მიწაში ვურევ და ისე ვრგავ მცენარეს, რადგან მხოლოდ შავ მიწაში ჩარგვა არ არის კარგი - ნიადაგი მალე შრება. უცხოეთში საკვების ნარჩენებს, რომლებსაც ჩვენ ურნებში ვყრით, ქილებში ათავსებენ, ალპობენ და გამოჰყავთ კომპოსტი, რომელიც მეტად სასარგებლოა ყველა მცენარისთვის. მხოლოდ კომპოსტში ჩარგული და გახარებული მცენარეებიც მინახავს. შეიძლება წყალი დაასხათ საკვების ნარჩენებს და ამ წყლით მორწყოთ ყვავილნარი - ესეც ძალიან მარგებელია. კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ, არასდროს გადააგდოთ ბანანის ქერქი, რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს ფოსფორს, კალიუმს და მისგან მომზადებული კოქტეილით მორწყვის მერე, ყვავილები ლაღდებიან. დაჭერით ბანანის ქერქი, დაასხით წყალი და მესამე დღეს ეს წყალი დაუსხით მცენარეების, თავად დაინახავთ, რა სასწაულს მოახდენს. კარგი შედეგი აქვს ყავის ნალექით, ჩაის ფერით მცენარეების განოყიერებას. ქიმიურ საშუალებებს - აზოტის, ფოსფორისა და კალიუმიან სასუქებს იშვიათად, მაგრამ მაინც ვიყენებ. აზოტი ხელს უწყობს მცენარის ზრდას, ფოსფორი ეხმარება მცენარის დაკოკრებასა და დაყვავილებას. წილობრივად ყველა ერთად, კარგი საკვებია. ერთ ვედრო წყალში ერთ მუჭას ვხსნი და ვრწყავ.
- ზამთარს როგორ უმკლავდებიან თქვენი მცენარეები?
- ყინვაგამძლე მცენარეებს გარეთ ვტოვებ, დანარჩენები კი სახლში შემაქვს. ზოგი გამათბობლის ახლოს დგამს მცენარეს. ცხა-დია, ასეთ სითბოს ყვავილები ზამთარშიც ვერ იტანენ, ფოთლებს დაბლა ხრიან და სიხალისეს კარგავენ. გრუნტის ყვავილებს ზამთარში არასდროს ვფუთავ. ბანანის ხეები რომ არ გაიყინოს, გვიან შემოდგომობით ვჭრი, გაზაფხულზე კი ახლიდან ამოაქვს ყლორტი. გიორგელებს თივას ვაყრი და ასე ვიცავ სიცივისგან. 5-6 ჯიშის კალა ყვავის ჩემს ბაღში და მასაც ფოთლებითა და თივით ვიცავ ზამთრის სუსხისგან.
მეგობრები ხშირად მსტუმრობენ, რაც ძალიან მახარებს. ჩემი მეგობარი თამარ მაყაშვილიც ხშირად მსტუმრობს.
თქვენ წარმოიდგინეთ, კერძების მომზადებაც მეხერხება - კახურ ზეთს მოვასხამ კიტრისა და პომიდვრის სალათას, აქაურ ყველს დავჭრი, კახეთში, წალამზე ხომ საუკეთესო მწვადი იწვება, ღვინო ჩემი მაქვს, ჩემი ძმა უვლის ვენახს კეთილი გულით, სამოთხისდარ ბაღში ვიღებ სტუმრებს, მათი მადლობა კი გულს მითბობს და კარგ ხასიათზეც ვდგები.
ნელი ვარდიაშვილი