"მე ძალიან მიკვარს საკარტველო, ის ჩემი მეორე სამშობლოა" - რას ჰყვება ფლორენციელი "ქართველი" ჩვენს ქვეყანაზე - კვირის პალიტრა

"მე ძალიან მიკვარს საკარტველო, ის ჩემი მეორე სამშობლოა" - რას ჰყვება ფლორენციელი "ქართველი" ჩვენს ქვეყანაზე

ამბავი ფლორენციელი "ქართველისა"

ფრანჩესკო ტრეჩი: "ჩემი მთავარი მიზანია, იტალიელებს ის საქართველო გავაცნო, რომელსაც არ იცნობენ - საქართველო, რომელიც ასე მშვენიერი და განსაკუთრებულია"

"მე ძალიან მიკვარს საკარტველო, ის ჩემი მეორე სამშობლოა" - იტალიური აქცენტით, მაგრამ ლამაზი ქართულით ამბობს ფლორენციელი მწერალი ფრანჩესკო ტრეჩი, რომელიც ჩვენი ქვეყნით 2003 წლიდან დაინტერესდა. როგორ აღმოაჩინა ეს მშვენიერი ქვეყანა და რატომ წერს მხოლოდ საქართველოზე? - ამის შესახებ ფრანჩესკო დიდი გატაცებით ჰყვება:

- ფლორენციაში დავიბადე და გავიზარდე, ახლაც ამ უძველეს ქალაქში ვცხოვრობ, მაგრამ საქართველოს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. პირველად თბილისში 20 წლის წინ ჩამოვედი, შევარდნაძის დროს და სულ ვამბობ, რომ 2003 წლის ზაფხული ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული იყო. საქართველოთი იმ დროიდან მოვიხიბლე.

453-1701805324.jpg

- პირველად როგორ შეიტყვეთ ჩვენს სამშობლოზე?

- ფლორენციაში წავიკითხე იტალიელი ჟურნალისტის სტატია, სადაც ეწერა, რომ ქართველებს უძველესი ენა და ანბანი აქვთ. ეს ამბავი გულში ჩამივარდა და გადავწყვიტე თქვენი ქვეყანა უფრო ახლოს გამეცნო. ბედნიერი ვარ, რომ ეს ნატვრა ამისრულდა!

- ქართული ენა ასე კარგად როგორ ისწავლეთ?

- პროფესიით ისტორიკოსი ვარ, ფლორენციის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, სადაც საქართველოს ისტორიას ძალიან კარგად დავეუფლე. ჩემი პირველი წიგნიც საქართველოს მივუძღვენი. ამ წიგნში, იტალიურ ენაზეა მოთხრობილი საქართველოს ისტორია ფარნავაზის დროიდან დღემდე. ასე ვცდილობდი გამეცნო იტალიელებისთვის სრულიად უცხო ქვეყანა –საქართველო. ადრე, იტალიელებს, საქართველოზე მწირი ინფორმაცია ჰქონდათ, მიხარია, რომ ეს სიტუაცია დღეს შეცვლილია. რაც შეეხება ქართულ ენას, ის ქართველი პროფესორის გაგა შურღაიას დახმარებით შევისწავლე. მისგან ბევრი რამ გავიგე საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ. მერე მომინდა, რომ უფრო მეტი მცოდნოდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საქართველოში ჩამოსვლა. პროფესორი გაგა შურღაია ძალიან დამეხმარა, ის იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩემი მასწავლებელი.

ertretr-1701804870.jpg

- თქვენი პირველი წიგნი იტალიაში როდის დაიბეჭდა?

- როგორც გითხარით, მას "საქართველოს ისტორია" დავარქვი და ამ წიგნმა დიდი სიხარული მომიტანა: ფლორენციაში გამართულ პრეზენტაციას უამრავი ხალხი დაესწრო და ჩემი ნაშრომით არა მარტო ქართველები, იტალიელებიც დაინტერესდნენ, მაშინ მივხვდი, რომ ეს თემა მხოლოდ ჩემთვის არ ყოფილა ძვირფასი და საინტერესო. მერე ჩემი წიგნების პრეზენტაცია სხვა ქალაქებშიც გაიმართა: მილანში, ბარიში, პრატოში, რეჯო კალაბრიაში, ნეაპოლში და ა.შ...

- ბატონო ფრანჩესკო, ნეაპოლში ყოფნისას, ხვიჩა კვარაცხელია არ გაიცანით?

- როგორ, არა - ხვიჩა წელს, აგვისტოში გავიცანი. კვარაცხელია ნეაპოლში ძალიან უყვართ. ის არა მხოლოდ ნეაპოლში, არამედ მთელ იტალიაშია ცნობილი. ყველა იტალიელმა იცის, რომ კვარაცხელია ძალიან ნიჭიერი, ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ხვიჩა საოცრად უშუალო და კარგი პიროვნებაა. ის საქართველოს პოპულარობისთვის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. ამჟამად იტალიაში ბევრი ქართველი ცხოვრობს, მაგრამ ცუდია, რომ ჩემს ქვეყანაში საქართველოს ჯერ კიდევ არ იცნობენ ისე, როგორც საჭიროა. ჩემი მიზანია საქართველო უფრო პოპულარული გახდეს და ჩემი ნაშრომებიც ამ მიზანს ემსახურება. სხვათა შორის, ამ საქმეში ძალიან მეხმარება ქართული ეკლესია, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის დიდი იმედია. იტალიის ქალაქებში შექმნილია ქართული სამრევლოები. რომლებიც ემიგრანტებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც ვიცი, იტალიაში ახლა ექვსი ქართველი მოძღვარი მოღვაწეობს: ფლორენციაში, რომში, ბარიში, მილანში, ნეაპოლსა და პიზაში.

untitled-1701804969.jpg

- საქართველოში ყველაზე მეტად რომელი ქალაქი ყოფნა მოგწონთ?

- ლამის, მთელი საქართველო შემოვიარე: ნამყოფი ვარ თბილისში, ქუთაისში, თელავში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში... თითოეულ ამ ქალაქს თავისი, განუმეორებელი შარმი აქვს. ისტორიულ ადგილებს შორის, ყველაზე მეტად მომხიბლა ვარძიამ და ბაგრატის ტაძარმა. ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ, მოკლედ გეტყვით: მე მთელი საქართველო მიყვარს და მომწონს. ქართული ანბანი და საქართველოს ისტორია ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი და ახლობელია. აქვე უნდა დავამატო, რომ ქართული სამზარეულო ნამდვილი საოცრებაა!

- რომელი კერძი გირჩევნიათ - ხაჭაპური თუ ხინკალი?

- ჯერ ხინკალი და მერე - ხაჭაპური, ოღონდ, აჭარული ხაჭაპური! მწვადიც უგემრიელესია, მაგრამ ქართული სუფრა ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. მე სულ ვამბობ, რომ კახური ღვინო უპირველესია. ის იტალიაშიც ბევრს მოსწონს, რადგან არაჩვეულებრივი გემო და არომატი აქვს.

334-1701805272.jpg

- როგორ ფიქრობთ, თქვენს შვილებს ქართულ ენას შეასწავლით?

- ორი შვილი მყავს: 8 წლის ქლოე და 5 წლის ჯორჯა, რომელსაც ეს სახელი საქართველოს სიყვარულით დავარქვი. ისინი ჯერ მხოლოდ იტალიურად ლაპარაკობენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საქართველოთი დაინტერესდებიან და ქართულ ენასაც კარგად ისწავლიან.

- როგორც ვიცი, ქართველი ემიგრანტები განსაკუთრებით გაფასებენ... რას გვეტყოდით მათ შესახებ?

- ემიგრაცია ძალიან დიდი პრობლემაა. მათი ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ არის. ქართულ ემიგრაციას მე ხშირად ვხვდები, ვცდილობ, მათ გვერდით ვიყო და საქმით თუ არა, სიტყვით მაინ გავამხნევო, მხარში დავუდგე. როდესაც იტალიის სხვადასხვა ქალაქში ჩემი წიგნი - "საქართველოს ისტორია" წარვადგინე, ამ ამბავმა ყველაზე მეტად ქართველი ემიგრანტები გაახარა. ამან სტიმული მომცა, რომ კიდევ ერთი წიგნი დამეწერა, რომელსაც "საქართველო" დავარქვი. ისიც იტალიურ ენაზეა და მკითხველს საქართველოს ისტორიაზე, ქართველ მწერლებსა და პოეტებზე უამბობს. იმედი მაქვს რომ მომავალში ყველა იტალიელი გაიცნობს საქართველოს - ამ ლამაზ, უძველეს ქვეყანას, რომელსაც საუკუნოვანი კულტურა და ისტორია აქვს.

34534-1701804914.jpg

- და ბოლოს, როდის აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას?

- საბედნიეროდ, ხშირად ჩამოვდივარ. ახლა, დეკემბერშიც ვაპირებ ჩამოსვლას, რადგან ილიას უნივერსიტეტში ჩემი ახალი წიგნის - "საქართველოს" პრეზენტაცია უნდა გაიმართოს. მერე ბაკურიანს უნდა ვესტუმრო - ასეთი გეგმები მაქვს და იმედია, შევასრულებ. დასასრულს, გეტყვით, რომ ჩემი მთავარი მიზანია, იტალიელებს ის საქართველო გავაცნო, რომელსაც ისინი არ იცნობენ - საქართველო, რომელიც ასე მშვენიერი და განსაკუთრებულია.

ხათუნა ჩიგოგიძე