ომი, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი - ზელენსკის კლიჩკოც "აუხტა": მორიგი პოლიტიკური სკანდალი უკრაინაში - კვირის პალიტრა

ომი, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი - ზელენსკის კლიჩკოც "აუხტა": მორიგი პოლიტიკური სკანდალი უკრაინაში

ამერიკული ჟურნალი „ნიუსვიქი“ (Newsweek) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინტერვიუს შესახებ, რომლის დროსაც მან პრეზიდენტი გააკრიტიკა. პუბლიკაციის სათაური ასეთია: „უკრაინელმა ჩინოვნიკმა ვოლოდიმირ ზელენსკი ომის შესახებ სიცრუის გავრცელებაში დაანაშაულა“ (ავტორი - აილა სლისკო).

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის აშკარა ნიშნებია, რომლებიც სახელისუფლო სტრუქტურებში არსებულ განხეთქილებას ადასტურებენ.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ვოლოდიმირ ზელენსკი დანაშაულის ჩადენაში ამხილა: მისი თქმით, პრეზიდენტი მოსახლეობას ატყუებს, როცა რუსეთთან ომში უკრაინის არმიის წარმატებებზე ლაპარაკობს.

შვეიცარიული პოპულარული გამოცემის 20 Minuten-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტ ანა გიუნტერთან საუბრის დროს, კიევის მერმა განაცხადა, რომ იგი ეთანხმება გენერალ ვალერი ზალუჟნის შეფასებას, რომელიც არმიის სარდალმა ბრიტანულ „ეკონომისტში“ გააჟღერა - „ომი ჩიხში შევიდა“.

(მკითხველებს შევახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის შემდეგ გენერალ ვალერი ზალუჟნის ნათქვამი უარყო და აღნიშნა, რომ სიტუაცია ისეთი არ არის, როგორსაც ზალუჟნი ამბობს და რომ მდგომარეობა ჩიხში არ შესულა).

ყოფილმა მსოფლიო მძიმე წონის ჩემპიონმა კრივში, დღეს კი პოლიტიკოსმა ვიტალი კლიჩკომ თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „ეიფორიის მდგომარეობაში იმყოფებოდა“ და სიცრუეს ავრცელებდა უკრაინის თითქოსდა წარმატებულ მდგომარეობაზე. კიევის მერმა შეაქო გენერალი ვალერი ზალუჟნი, „რომელმაც გაბედულად თქვა სიმართლე და პრეზიდენტის რისხვას არ შეუშინდა.

„ვალერი ზალუჟნიმ სრული სიმართლე თქვა“, - ამბობს ვიტალი კლიჩკო, - რას ვიზამთ... ზოგჯერ ადამიანებს სიმართლის პირში თქმა არ სიამოვნებთ. რასაკვირველია, ზოგჯერ ეიფორიაში მყოფ პრეზიდენტს [და ჩვენც] საკუთარი ხალხისა და დასავლელი პარტნიორების მოტყუება შეგვიძლია, მაგრამ მუდმივად ამის გაკეთება არ შეიძლება. ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი ვალერი ზალუჟნის აკრიტიკებს ზუსტი და მკაფიოდ ნათქვამის გამო. მე ასეთ კრიტიკას არასწორად ვთვლი. მე ამ შემთხვევაში ზალუჟნის მხარეს ვარ“.

კიევის მერის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარობა ბოლო დროს მკვეთრად იკლებს. ვიტალი კლიჩკომ ამ ფაქტს „სამაგიეროს მიზღვა“ უწოდა „იმ შეცდომებისათვის, რომელიც პრეზიდენტმა ომის მიმდინარეობის დროს ჩაიდინა“ და განაცხადა, რომ „ხალხი კარგად ხედავს, თუ რომელი ლიდერია ეფექტური და რომელი არა“.

ჟურნალისტის კითხვაზე - „კონკრეტულად მაინც რით გამოიხატება პრეზიდენტის შეცდომები“, ვიტალი კლიჩკო პასუხობს: „ხალხს ბევრ კითხვა უჩნდება. რატომ არ მოვემზადეთ უკეთესად შეიარაღებული წინააღმდეგობის გასაწევად? რატომ უარყოფდა ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო დღემდე, რომ ომი არ დაიწყებაო? და რატომ მოვიდა რუსეთის არმია ასე სწრაფად კიევამდე? უკრაინის მასმედიით ხელისუფლებისაგან ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა, რეალური სიტუაცია კი სხვა იყო“.

Newsweek-ის რედაქციამ ორი დღის წინ უკრაინის პრეზიდენტის ოფისს კომენტარისთვის ელფოსტით მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.

ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ მას საპრეზიდენტო ამბიციები არ აქვს.

„დღეს ასეთი ფიქრები სისულელეა. დღეს საუბარია იმაზე, გადარჩება თუ არა საერთოდ უკრაინა. ვლადიმერ პუტინი უკრაინას სუვერენულ სახელმწიფოს არ თვლის და აცხადებს, უკრაინა რუსეთის იმპერიის ნაწილიაო. ამ დროს კი ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთს ებრძვიან ძალაუფლების მოპოვების მიზნით“.

ვიტალი კლიჩკო მთლიანობაში ჯერ-ჯერობით მაინც მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის და მთელი ომის განმავლობაში მის გვერდით დგას: „პრეზიდენტს დღეს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს და ჩვენ მას კონფლიქტის დასასრულამდე მხარი უნდა დავუჭიროთ, - ამბობს კიევის ხელმძღვანელი, - „მაგრამ როგორც კი ომი დასრულდება, ყველა და მათ შორის პრეზიდენტიც თავისი წარმატებისა და თუ შეცდომის ფასს აუცილებლად გადაიხდის“.

მაგრამ რაც შეეხება პრეზიდენტსა და არმიის სარდალს შორის გაჩენილ უთანხმოებას, ის კიდევ უფრო ძლიერდება. „უკრაინსკაია პრავდის“ ცნობით, კიევში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის ვიზიტის დროს (გასული თვის ბოლოს), გავრცელდა ხმები, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის პოსტიდან გათავისუფლება და მისი ჩანაცვლება ჩაიფიქრა. გამოცემამ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ბოლო დროს გაურბის იმ „ცუდ“ სამხედრო პირებთან კონტაქტებს, რომლებიც ვალერი ზალუჟნის გვერდით დგანან.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო