"არ მაქვს უფლება, რომ 54 წლის ასაკში კარგად გამოვიყურებოდე? თან ძალიან კარგი გენეტიკა მაქვს. არასოდეს მშურს და ბოღმა არ ჩამიდია გულში" - კვირის პალიტრა

"არ მაქვს უფლება, რომ 54 წლის ასაკში კარგად გამოვიყურებოდე? თან ძალიან კარგი გენეტიკა მაქვს. არასოდეს მშურს და ბოღმა არ ჩამიდია გულში"

სულ უსმენენ, სულ აინტერესებთ, სულ ჭორაობენ – ის ლელაა, ეს მისი ცხოვრების შლეიფია. ზოგს მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ ყველას აინტერესებს. ამას მიეჩვია და დიდი ხანია, აღარ აწუხებს. მისი გლამურული სასცენო ცხოვრების მიღმა ნამდვილი ცხოვრებაა სირთულეებით და წარმატებით გაჯერებული. ის ქართულ შოუბიზნესში ყველაზე საინტერესო, ყველაზე პროდუქტიული და მოთხოვნადი ქალია. უსმენს ყველა თაობა და მღერის ყველასთვის.

შემოქმედებითი გზა

ძალიან პატარაობიდან ვმღერი. როცა დედამ ეს ნიჭი ჩემში აღმოაჩინა, არავის გაჰკვირვებია, რადგან ოჯახში ყველა მუსიკალურია. 5 წლის ასაკში მაშინდელ პიონერთა სასახლეში დედამ შურა ჯანელიძესთან ვოკალზე მიმიყვანა. თან პარალელურად ვმღეროდი გოგონათა კაპელაში, რომელსაც ცარო გოძიაშვილი ხელმძღვანელობდა. ასევე ვიყავი კობა კალანდაძის ინსტრუმენტალურ ბენდში. საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი. თუკი რამე მნიშვნელოვანი ხდებოდა, ყველაფერში ჩართული გახლდით. თუმცა არ ვიყავი თამამი და ეს დღემდე გამომყვა – საკუთარ თავს არავის ვახვევ.

ბავშვობიდან კარგად ვხატავ, ესეც გენეტიკურია და მამას უნდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა. შემთხვევით რომ არაფერი ხდება – მე და დედაჩემს შეგვხვდა შურა ჯანელიძე, რომელმაც მითხრა, რა გინდა სამხატვრო აკადემიაში, აგერ საესტრადო სასწავლებელშია მიღება და შემოიტანე საბუთებიო. მაინც მძლია სიმღერამ და მამის ჩუმად შევიტანეთ საბუთები საესტრადო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დავასრულე. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და თეატრალურში მუსიკისა და დრამის ფაკულტეტზე ჩავაბარე. თემო აბაშიძე იყო კათედრის გამგე. ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების ისტორიაში წარმოუდგენელ ხალხთან მქონდა საქმე. მერე ასპირანტურაც დავამთავრე ციცინო ციცქიშვილთან. ამ დროს უკვე დანგრეულია ქვეყანა – შუქი არაა, გაზი არაა. თეატრი კი არა, ხალხს საჭმლის ფული არ ჰქონდა. ახალი გახსნილი იყო რესტორანი „ევროპა“ – ახალი სიტყვა იყო სარესტორნო ბიზნესში, ცოცხალი ბენდი უკრავდა. 1996 წელს კონცერტი ჩატარდა ამ რესტორანში, სადაც მეც ვმღეროდი. ამ კონცერტის მერე მოვიდა ჩემთან უჩა კორძაია და მითხრა, რომ ჩვენს დირექტორს, ზურიკო ბასილაშვილს ძალიან მოეწონე და იქნებ დაიწყო მუშაობა რესტორანშიო. მაშინ რესტორანში სიმღერა, ფაქტობრივად, თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. მივედი ციცინო ციცქიშვილთან და ვკითხე, რა პასუხი გავცე ამ შეთავაზებაზე-მეთქი. შენ ისე გიყვარს ეს პროფესია, რომ დაგჭირდება თანხები სიმღერის ჩასაწერად. თუ რაღაც პირობებზე დაგთანხმდებიან, უარი არ თქვაო. მაშინ რესტორნებში შეკვეთებზე მღეროდნენ. დავთანხმდი რესტორანში სიმღერას, ოღონდ ჩემი პირობით – ვიმღერებდი ჩემს რეპერტუარს და არა შეკვეთით. ვმღეროდი კვირაში 3 დღეს. აქ გავიცანი მამულიჩა, რომელიც დირექტორის მოადგილე იყო. რამდენიმე თვეში მოვიდა ჩემთან მამულიჩა და მითხრა: რესტორნის ყველა სტუმარი კითხულობს, დღეს ლელა თუ მღერის და თუ შეგიძლია ყოველდღე იმღეროო. დავთანხმდი და ამის მერე ორ წელიწად-ნახევარი ყოველდღე ვმღეროდი.

მერე იყო ისრაელი. ძალიან რთული პერიოდი იყო, ძნელია ასე წახვიდე უცხო ქვეყანაში და იმღერო. დიდი რისკი იყო, მაგრამ იქ დამხვდა სოსო მიხელაშვილი, რომელმაც შვილივით მიპატრონა. ნელ-ნელა მოვიკიდე ფეხი ისრაელშიც. მერე, როცა უკვე პოპულარული გავხდი ამ ქვეყანაში, გაჩნდა მოთხოვნილება, რომ ჩამეტარებინა სოლო კონცერტი, რომელსაც ჰქონდა შოუს ელემენტები, დათო დოიაშვილმა დადგა, „ვერნისაჟი“ ცეკვავდა – ძალიან შთამბეჭდავი იყო. წელი არ გავა, რომ ერთხელ მაინც არ ჩავიდე ისრაელში. ყველა ქვეყანაში, სადაც ქართველი ებრაელები ცხოვრობენ, მათ პირად დღესასწაულებზე ნამყოფი ვარ. უკვე 2000 წელს გავმართე სოლო კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში – ეს იყო საიმიჯო კონცერტი. ვიმღერე 16 სიმღერა, 5 კოსტიუმი გამოვიცვალე. დღემდე საუბრობენ ამ კონცერტზე.

რთული პერიოდი

პატარა ქვეყანაში ძალიან რთულია პოპულარობის შენარჩუნება. არავის არ უნდა ჰგავდე, ბევრი უნდა იშრომო, გქონდეს გემოვნება. ნიჭი შრომის გარეშე არაფერია. ჩემი საქმე ჩემთვის ყველაფერია – ჩემი ცხოვრებაა, ჩემი შემოსავალია. საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე ძალიან ძნელია მაყურებლის შენარჩუნება. 20 წლის ადამიანს ძალით ვერ მოიყვან კონცერტზე. მე მიყვარს ხალხში ყოფნა, მე იმ ენერგიას სულ ვაბრუნებ, რასაც მაყურებლისგან ვიღებ. დამოკიდებულება მაყურებელთან – კოსტიუმი, ვარცხნილობა, ქცევა, მეტყველება, სცენის მიღმა როგორ იქცევი მათთან – ეს ყველაფერი მერე გროვდება და აისახება კონცერტზე. სულ დანის პირზე დავდივარ. ამ პატარა ქვეყანაში დიდი დოზით შემოდის ყველას ცხოვრებაში პოლიტიკა, აქაც სუბორდინაციაა დასაცავი.

რამდენიმე წლის წინ ხმა დავკარგე – ამაზე რთული რა უნდა იყოს მომღერლისთვის. ერთი პროცენტითაც არ დამიშვია, რომ ხმა არ დამიბრუნდებოდა. არ უნდა მოიზიდო ის, რისიც გეშინია. საოცრად ოპტიმისტი ვარ. სიზმარში სულ ვმღეროდი, ვიღვიძებდი და ხმა არ მომყვებოდა. 29 ივნისს გავიკეთე ოპერაცია და 1 ოქტომბერს ჩავწერე სიმღერა. სექტემბერში დოდო დიასამიძესთან დავიწყე მეცადინეობა. საოცარი რამე გამიკეთა დოდომ, მაქსიმალურად ამოქაჩა ხმა. რა თქმა უნდა, ეს ის ხმა არ იყო. პირველი წამოვიდა მაღალი ბგერები, რომელიც, ფაქტობრივად, დაკარგული მქონდა, რადგან იოგებზე კისტა აღმომაჩნდა. ექიმმა მითხრა, თქვენი პროფესიონალიზმი, თორემ ამ ხმით სიმღერა კი არა, ვერც უნდა ლაპარაკობდეთო. ეს გამოიწვია სტრესმა და იმ სირთულეებმა, რაც გამოვიარე. ჩვენ სხვანაირად გამობრძმედილი თაობა ვართ და სხვანაირად ვუყურებთ ყველაფერს. თუ ფეხს არ აუწყობ ცხოვრებას და არ ადაპტირდები, იქნები გუშინდელი დღე. თუ გინდა იყო საინტერესო, თუ გინდა იყო აქტუალური, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ იყო მოთხოვნადი. როცა გაქვს საჯარო პროფესია და სულ ჩანხარ, მუდამ ფორმაში უნდა იყო. ვიღაცისთვის ხარ სტიმული, ვიღაცისთვის – მაგალითი, ვიღაცას გულს უხეთქავ შენი კარგად ყოფნით.

მამულიჩა

ერთადერთი ადგილი, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ და ვდუნდები, არის სახლი. ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა. მამულიჩა ჩემთვის ყველაფერია. ჩვენ უპირველესად მეგობრები ვართ. მე კი არ მიყვარს დათმობა, მაგრამ ცხოვრება ისეთია, ხანდახან საჭიროა კომპრომისზე წასვლა. ხშირად ვკამათობთ, ოღონდ მხოლოდ საქმეზე და, ძირითადად, ჩემს საკონცერტო კოსტიუმებზე. სულ რომ არ ვიყო არტისტი, ქალისთვის კაბა, ჩანთა და ფეხსაცმელი ზედმეტი არასოდეს არაა. მე ჩემი მაყურებელი მივაჩვიე, რომ ყველა კონცერტზე ახალი ტანსაცმელი მაცვია. იხილეთ ინტერვიუ სრულად - #OK! 54 წლის ასაკშიც შესაძლებელია ძალიან კარგად გამოიყურებოდე