"დემეტრე ჩემი ერთადერთი თვალის ჩინია... თუ გროშებად დაიწყებენ მისი სიცოცხლის შეფასებას, სარჩელი გასცდება საქართველოს" - 20 ივნისის აქციაზე დაშავებული მსახიობი სახელმწიფოს უჩივის
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის 20 ივნისის აქციაზე დაშავებული მაკო გომური საქართველოს პარლამენტს და შს მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
საკონსტიტუციო სარჩელით, 2020 წლის 20-21 ივნისის აქციაზე დაშავებული მაკო გომური "პოლიციის შესახებ" კანონში, ასევე სხვა სამართლებრივი აქტებში კონკრეტული ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც საპროტესტო აქციებზე პოლიციელების მხრიდან რეზინის ტყვიების გამოყენების წესებს ადგენს.
იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო მაკო გომურის სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს "პოლიციის შესახებ“ კანონის შეცვლა მოუწევს. მაკო გომურის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე იცავს.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 20 ივნისის კიდევ ერთმა დაზარალებულმა დემეტრე ნაყოფიამ. ზუგდიდის თეატრის მსახიობი ერთ-ერთი იყო, რომელიც იმ ღამეს მძიმედ დაშავდა. ფოტომ, რომელზეც ასახულია, თუ როგორ სდის ახალგაზრდა კაცს თვალიდან სისხლი, სხვა ფოტოებთან ერთად, უცხოური გამოცემები მოიარა.
დემეტრე ნაყოფიას დედა, მედეა ფიფია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ოჯახი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ქალბატონი მედეა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შვილის სოლიდარობის ნიშნად თავადაც სათავლეს ატარებს.
- დემეტრეს აქამდე პირველადი დახმარებები ჩაუტარეს იარაელში. ბოლოს 2021 წლის ოქტომბერში შუბლზე პლასტიკური ოპერაცია გაუკეთდა, დროებითი ლინზა დაუმზადეს დაზიანებული თვალისთვის, რომელიც ვერ მოირგო და არ იყენებს.
ერთ წელიწადში ანუ 2022 წლის შემოდგომაზე ისევ უნდა წასულიყო კონტროლზე, მაგრამ როგორც ყოველთვის შეუძლებელია ჯანდაცვის სამინისტროსთან კავშირი. არასდროს მოუკითხავთ თავადაც. ჯერაც ვერაფერს ხედავს და და ვიზუალიც დამახინჯებული აქვს.
მისი ფსიქიკური და სულიერი მდგომარეობა გაცილებით უარეს დღეშია ვიდრე ფიზიკური. ვერ ხედავს წინ ვერაფერს, მომავალს ვგულისხმობ. არც არავინ “იმჩნევს” საქართველოში მის ნიჭს, რომ გააგრძელოს მსახიობობა. თეტრში მის ადგილს ამ მდგომარეობაში საერთოდ ვერ ხედავს.
დემეტრე ტრაგედიამდე ზუგდიდის თეატრის მსახიობი იყო. რაც შეეხება სარჩელს, გადაწყვიტა სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება სრულად მოსთხოვოს “ევროპაში ინტეგრირებად ქვეყანას” ევროპული კრიტერიუმებით. დემეტრეს სრულადაც რომ აღუდგეს ფიზიკურად ყველაფერი, დროს, სულიერ ტკივილს და ტანჯვას რაც გამოიარა, ვერანაირი ციფრი ვერ აღადგენს. (გააგრძელეთ კითხვა)