"მანქანის გაჩერების გამო, დედის გინება, ცემა-ტყეპა მიდის" - პრობლემა, რომელიც მეზობლებს ერთმანეთთან აპირისპირებს - სადაა გამოსავალი? - კვირის პალიტრა

"მანქანის გაჩერების გამო, დედის გინება, ცემა-ტყეპა მიდის" - პრობლემა, რომელიც მეზობლებს ერთმანეთთან აპირისპირებს - სადაა გამოსავალი?

ალბათ, ბევრი თქვენგანი შესწრებია მეზობლებს შორის დავას, მანქანის გაჩერების გამო. კონფლიქტის დროს ხშირად ისმის - ეს ადგილი ჩემია, შენ როგორ გაბედე აქ მანქანის დაყენება, შენ ვინ დაგიკანონა ეს ადგილი, აქ ვცხოვრობ და სადაც მინდა, იქ დავაყენებ მანქანას და ა.შ. ცხადია, ავტომობილების სიმრავლის გამო, შინ დაბრუნებულებს უჭირთ კორპუსთან ადგილების პოვნა და ამ გაწევ-გამოწევას სერიოზული კონფლიქტები მოსდევს, შეხლა-შემოხლაც კი.

ჩემი რესპონდენტი ახალგაზრდა გოგონაა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მეზობელმა სცემა. 40 წლის ქალმა, თავის კორპუსთან მანქანის გაჩერების გამო, გოგონას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გოგონა ამბობს, რომ მას მანქანაც დაუზიანეს და წიხლებიც ურტყეს. ახლა ამ საქმეს საბურთალოს პოლიცია იძიებს და იმედი აქვს, რომ ქალი საკადრისად დაისჯება, ასეთი დანაშაულის ჩადენის სურვილი მომავალში რომ არ ჰქონდეს. გოგონამ ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა გვიამბო მომხდარი ამბავი:

- სამი დღის წინ მანქანა ეზოში დავაყენე. ზოგადად, კორპუსში ყოველთვის სრული განუკითხაობაა, არავის აღელვებს მეორე ადამიანისთვის გზის ჩაკეტვა. იმ დღეს ჩემი ავტომობილი კედელთან ახლოს ეყენა და ბინიდან რომ ჩამოვედი, ვნახე, სამივე მხრიდან მანქანებს ვყავდი ჩაკეტილი. ჯერ ყველა მათგანი დავათვალიერე, იქნებ რომელიმე მძღოლმა ტელეფონის ნომერი დატოვა და დავუკავშირდები-მეთქი, მაგრამ არავის ჰქონდა ნომერი დატოვებული და რამდენჯერმე დავასიგნალე, რომ რომელიმე მათგანს გაეგო.

ამ დროს ერთი მამაკაცი გამოვიდა სადარბაზოდან და მითხრა, რომ გავწიო იქ გაეტევიო? მითანხმებდა, გასვლას შევძლებდი თუ არა იმ ადგილას, ამ დროს, პირველი სართულიდან გადმოდგა მეზობელი ქალი, ლანძღვა- გინებით. ამდენს რომ ასიგნალებ, თავი სოფელში ხომ არ გგონიაო და გადავიდა შეურაცხყოფაზე. - ეს რა ლაპარაკია, სოფელი რა შუაში-მეთქი, - შევეპასუხე და გავაგრძელე მანქანის გამოყვანა, თან ის მამაკაცი მატარებდა. ამ დროს, უცებ, მანქანის კარი გამიღო ამ ქალმა და დამემუქრა, ჩემს ადგილას ამიერიდან გაბედავ და დააყენებ და ნახავ, რა მოუვა შენს მანქანასო.

მკაფიო მუქარის ტექსტებს ამბობდა, ილანძღებოდა.

ამ დროს ავიღე ტელეფონი და ვუთხარი, ჩართული მაქვს ახლა ტელეფონი და შენს მუქარას ვიწერ-მეთქი. მაინც აგრძელებდა, ეს ჩანაწერიც ხელთ მაქვს და კარგად ჩანს, მერე უცებ როგორ შეეცადა ტელეფონის წართმევას. მალევე ჩავკეტე მანქანის კარები, ის კი მანქანის დაზიანებაზე გადავიდა, მინებზე ხელებს მირტყამდა, ფეხებს არტყამდა და იმუქრებოდა, რომ თუ მეორედ გავბედავდი იქ გაჩერებას, მანქანას დამიზიანებდა. სანომრე ნიშნები ჩაღუნა...

- მამაკაცი, რომელიც იქ იდგა, არ გამოგესარჩლათ?

- არა, ის იდგა და უყურებდა ამ ყველაფერს, არანაირი რეაქცია არ ჰქონია მაშინაც კი, როცა ფანჯრიდან ყვიროდა და წიოდა, არც მაშინ, როცა ჩემს მანქანას წიხლებს ურტყამდა. მას ხმა არ ამოუღია, აიგნორებდა და მე მეუბნებოდა, აქ გამოეტევა შენი მანქანაო. მოკლედ, რეაქცია საერთოდ ნული იყო.

მანქანა ცოტა მოშორებით გავიყვანე, სადაც არ ჩაკეტავდნენ, ისეთ ადგილას დავაყენე, რამდენიმე საბუთი ავიღე და ისევ მამაჩემთან, სახლში შევბრუნდი. ლიფტით უნდა ავსულიყავი სახლში, ამ დროს, მოულოდნელად ისევ მომვარდა ეს ქალი, დამიწყო ჭიდაობა და ტელეფონის წართმევა. მართლა არ ვიცი, რა ძალა მომეცა, ტელეფონი არ მივეცი, მოვიგერიე, მაგრამ ხელები დალურჯებული და გაკაწრული მაქვს მისი ფრჩხილებით. ამ ჭიდაობის დროს მისი ქმარი გამოვიდა ბინიდან და იკითხა, აქ რა ხდებაო? ხედავდა, როგორ მართმევდა ტელეფონს და მეჭიდავებოდა მისი ცოლი. ვეუბნებოდი, მომაშორე ეს ქალი-მეთქი, მაგრამ არანაირი რეაქცია არ ჰქონია. გვიყურა 2-3 წუთი და შებრუნდა ისევ სახლში.

როგორც იქნა, მოვიგერიე, შემოვტრიალდი და ლიფტში შესვლას ვაპირებდი, ამ დროს ზურგში ისე ძლიერად ჩამარტყა წიხლი, რომ ახლაც მტკივა. შევასწარი ლიფტში და განერვიულებული ავედი სახლში. ისე ცუდად ვიყავი, არაფრის თავი არ მქონდა. ამ დროს დედაჩემმა დამირეკა, წელის ძლიერი ტკივილი მქონდა და შემეშინდა, რამე ცუდი დაზიანება არ მქონდეს-მეთქი. დედას მოვუყევი, რაც მოხდა, მან სასწრაფოდ დარეკა 112-ში, საპატრულო გამოიძახა, თვითონაც მალევე გაჩნდა კორპუსთან და მეც დამკითხა პოლიციამ.

- როგორ ფიქრობ, ასე რამ გადარია ეს ქალი?

- ამ ქალთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, არასდროს. ის გაბრაზდა იმის გამო, რომ მისი აზრით, მის ადგილას დავაყენე მანქანა. სპეციალურად ჩამკეტა, რომ მანქანა არ გამეყვანა. მერე, როგორ გავბედე სიგნალის მიცემა და გასვლა როგორ მოვითხოვე... არადა, ვიფიქრე, იქნებ არ იცის, ვინ ვარ-მეთქი და რომ მლანძღავდა და უშვერი სიტყვებით მაგინებდა, მე ვუხსნიდი, ხომ იცი, ვისი შვილი ვარ, მეექვსე სართულზე ვცხოვრობთ-მეთქი.

კიდევ კარგი, მამაჩემმა არ გაიგო ეს ამბავი, თორემ ხომ გამოსტყუებდა ხელს და აქეთ დაგვადანაშაულებდნენ. ზოგადად, ამ კორპუსში სულ არის მანქანის დაყენების პრობლემა, მაგრამ ასეთი ინციდენტი არასოდეს ყოფილა. ის უნდა დაისაჯოს, რომ სხვასთან არ გაბედოს ასე მოქცევა. მე უკვე ჩავიტარე ექსპერტიზა, მანქანასაც ჩაუტარდება ექსპერტიზა და იმედი მაქვს, მოუწევს, პასუხი აგოს ჩადენილის გამო.

ვერ წარმოიდგენთ, 23 წლის გოგოს 40 წლის ქალი რა სიტყვებით მესაუბრებოდა.

ალბათ, ჰგონია არ მოჰყვება რეაგირება, სულ ამბობდა, ფეხები არ მომჭამოო და ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რასაც ამბობდა... აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამას რეაგირება, კანონის ფარგლებში.

პრობლემა რომ მწვავეა, ეს კარგად იცის ადვოკატმა სოსო გორგაძემ, რომელიც არა ერთხელ შესწრებია ასეთ კონფლიქტებს. თვლის, რომ გამოსავალი კორპუსებთან არსებული ავტოფარეხების აღებაა. ალბათ, საზოგადოებას ახსოვს, ჯერ კიდევ 2018 წელს მოუწოდა თბილისის მერმა მოსახლეობას, თუ მათი სურვილი იქნებოდა და მოხდებოდა ამ ავტოფარეხების დემონტაჟი, მაშინ იმ ადგილას გააშენებდნენ სკვერებს, ბაღებს, სპორტულ მოედნებს და მერია ყველა ხარჯს თავის თავზე იღებდა. მაშინ ბევრმა აიტაცა ეს იდეა, რამდენიმე ათეულ ადგილას აიღეს კიდეც ავტოფარეხები და მართლა მშვენიერი გარემო მოეწყო, მაგრამ ბევრი ამას არ თანხმდება და დღემდეა ავტოფარეხებით გადაჭედილი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიები. არადა, ძალიან ხშირად ამ ავტოფარეხებში არც კი აყენებენ მანქანებს.

ადვოკატი სოსო გორგაძე:

- ეს პრობლემა, მგონი, კორპუსების უდიდეს ნაწილშია. ჩვენთანაც სულ არის ჩხუბი მანქანის დაყენების გამო, საპატრულოს გამოძახება და ა.შ. ერთადერთი, რაც ამ პრობლემას მოაგვარებს, არის კორპუსებთან არსებული ამ უაზრო ავტოფარეხების დემონტაჟი. ეს რომ მოხდება, ამის მერე გაჩნდება დიდი სივრცე და ყველა თავის სახლთან მანქანას გააჩერებს უპრობლემოდ.

- ეს მოწოდება ხომ იყო მერიისგან, მაგრამ ბევრი ამას არ დათანხმდა.

- დიახ, მაგალითად, ჩვენი კორპუსის მაცხოვრებლები ამას არ დათანხმდნენ და ამიტომაც არის სულ ჩხუბი. არავის თანხმობა არ უნდა ამ საკითხის გადაწყვეტას, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონპროექტი და პრობლემა ძალიან ადვილად მოგვარდება. როცა კანონი არის, აღსრულებაც მოხდება. ეს ავტოფარეხები ქმნის უდიდეს პრობლემას როგორც ბავშვებისთვის, მოსახლეობისთვის, ასევე, სატრანსპორტო საშუალებებისთვის. არა ერთი კონფლიქტის მომსწრე ვარ, პირადად. დედის გინება მიდის, უშუალოდაც ჩავრეულვარ ამ კონფლიქტების მოგვარებაში. ჩემს ეზოში ისეთი უბედურება ხდება, ეს არ იქნებოდა, ირგვლივ არსებულ 30 ავტოფარეხს თუ აიღებენ. წარმოიდგინეთ, რა სივრცე გაჩნდება ამის შემდეგ და რამდენი მანქანის დასაყენებელი ადგილი იქნება.

1990-იან წლებში იყო მანქანების ქურდობები გახშირებული, ქუჩაში ვერ დააყენებდი მანქანას, გაქურდული გხვდებოდა და ამიტომ მაშინ თვითნებურად შემოიღობა ხალხმა ადგილები, გააშენა ავტოფარეხები და იქ ეყენათ მანქანები. მოდით ახლა ვიდეოკამერით, თუნდაც ჩემს კორპუსთან, გავხსნათ თითოეული ეს ავტოფარეხი და თქვენ თავადაც დარწმუნდებით, რომ არც ერთი თავის ფუნქციას არ ასრულებს. ყველა მაინც სხვაგან აყენებს მანქანას, არც ერთი ავტოფარეხის კარი არ იღება მანქანის ჩასაყენებლად, იმასაც აწერენ, ავტოფარეხის წინ მანქანა არ გააჩეროთო და იმის წინაც კი თავიანთთვის აქვთ მონიშნული ის დარჩენილი ადგილები. ავტოფარეხები კი არის საწყობებად გადაქცეული. იქ აქვთ შეყრილი ძველი ავეჯი, უსარგებლო ნივთები, გამოცვლილი უნიტაზები და ა.შ.

თუ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს.

მიიღონ კანონი და მისცენ დრო, თუ მფლობელი მაინც არ აიღებს ავტოფარეხს გარკვეულ პერიოდში, დააჯარიმონ. მახსოვს მერიის განცხადებაც, ყველაფრის ფასს ჩვენ გადავიხდით, მოვაწყობთ იქაურობას, ოღონდ თანხმობა იყოს, რომ ავიღოთო, მაგრამ ამას არ თანხმდებიან, როცა არ თანხმდებიან ნებაყოფლობით, უნდა მიიღონ კანონი და ამ გზით მოგვარდება ეს საკითხი. სანამ ტრაგედიები დატრიალდება, ეს უნდა მოგვარდეს. ეს უკანონობა უნდა დასრულდეს, რატომ უნდა შეეწირონ ახალგაზრდები ამას? არა ერთი კონფლიქტის მომსწრე ვარ.

ჩემს შვილსაც შეემთხვა კონფლიქტი, მეზობელი იმის გამო აუშარდა, რომ მანქანა დააყენა კორპუსის წინ და მან ჩემს შვილს სცემა. თურმე, მისი ადგილია. ვინ შემოუხაზა მას ეს ადგილი? ან რატომ არის მისი და არ არის ჩემი? როცა მეც ამ კორპუსში ვცხოვრობ და ჩემი ფანჯრებიც გადმოდის იმ მხარეს, სადაც ჩემს შვილს ეყენა მანქანა? ფიზიკურად შეეხო, აგინა. ეს საქმე ახლა არის პოლიციაში. 126-ე მუხლი სახეზეა და ორივე მხარე დაიკითხა. დარწმუნებული ვარ, პოლიცია ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს და ალბათ, სასამართლო მას პირობით მსჯავრს, 2 წელს მიუსჯის, მაგრამ ეს ხომ არ არის გამოსავალი?

ასეთი თავზეხელაღებულები ბევრ კორპუსში ცხოვრობენ და რატომ უნდა გეშინოდეს სახლთან მანქანის გაჩერების?

კი, ბატონო, დღეს ჩემი შვილი გადარჩა, მაგრამ რა იქნება ხვალ? ხვალ შეიძლება სხვის შვილს ისე დაარტყას ვიღაცამ, რომ სერიოზული დაზიანება მიაყენოს. მაშინ დამნაშავის ციხეში ჩასმაც ხომ არ არის გამოსავალი დაზარალებულისთვის. იმიტომ დაგიბლოკე მანქანა, რომ ეს ჩემი ადგილია და მანქანით არ უშვებდა. თავში აქვს ავარდნილი. ეგონა, არ დაისჯებოდა და ასე თუ დაისჯება რამდენიმე ადამიანი, მერე მსგავსი ფაქტები არ მოხდება.

ვფიქრობ, გამოსავალი არის კანონი და კანონის დაცვა მოუწევს შემდეგ ყველას.

(სპეციალურად საიტისთვის)