კოპიტნარიდან კუნძულ ზმეინამდე - ოდესის დაბომბვისთვის ამერიკულმა „პეტრიოტმა“რუსულ „მოფარიკავეზე“ შური იძია
ისტორიაში არაფერი იკარგება, ასე ხდება ომებშიც - ის საბრძოლო ტექნიკა, რომლებიც ჯერ კიდევ პირველი „ცივი ომის“ დროს ერთმანეთის გასანადგურებლად შეიქმნა, მაგრამ არ შებრძოლებიან, ათწლეულების შემდეგ მაინც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს უკვე უკრაინის ომში...
ერთ-ერთი ასეთი სამკვდრო-სასიცოცხლო დუელი გუშინ, 5 დეკემბერს გაიმართა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში, მრავალტანჯულ კუნძულ ზმეინის სიახლოვეს, სადაც ერთმანეთს პირველი „ცივი ომის“ სიმბოლოები-საბჭოთა დროინდელი საფრონტო ბომბდამშენი Су-24М და ამერიკული საზენიტო-სარაკეტო „პეტრიოტი“ დაუპირისპირდნენ...
საფრონტო ბომბდამშენი Су-24-ის პირველი მოდიფიკაცია საბჭოთა სამხედრო ავიაციამ შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1975 წელს მიიღო და ნატოს დაზვერვამ ის მაშინვე Fencer-ად ანუ „მოფარიკავედ“ მონათლა.
საბჭოთა „მოფარიკავის“, განსაკუთრებით კი მისი მოდერნიზებული ვარიანტის Су-24М-ის 1983 წელს შეიარაღებაში მიღება, ნატოს წევრი ევროპული ქვეყნებისთვის დიდ საფრთხედ გადაიქცა, რადგან მას ტაქტიკური ბირთვული საავიაციო ბომბების გადატანა შეეძლო 560 კმ-ის რადიუსში და თანაც ზებგერითი სიჩქარით და რელიეფის მიყოლებით დაბალ სიმაღლეზე ფრენისას, როდესაც მისი ადრეული აღმოჩენა ნატოს საჰაერო თავდაცვის რადიოლოკატორებს ძალიან გაუჭირდებოდათ.

არანაკლებ საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მაშინდელი ნატოს წევრი თურქეთიც, რადგან მას ბირთვულბომბებიანი საბჭოთა „მოფარიკავეები“...საბჭოთა საქართველოს ქუთაისის კოპიტნარის სამხედრო აეროდრომიდან ემუქრებოდნენ, სადაც დისლოცირებული იყო 143-ე ბომბდამშენების საავიაციო პოლკი 26 ერთეული Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენის შემადგენლობით. (ინფორმაციისთვის-კახეთში, დედოფლისწყაროს დიდი შირაქის სამხედრო აეროდრომზე ბაზირებდა 168-ე ბომბდამშენების საავიაციო პოლკი, რომლის შეიარაღებაში 1988-1991 წლებში Су-24 ტიპის პირველი მოდიფიკაციის საფრონტო ბომბდამშენი იყო, რომლებსაც არ ჰქონდათ რელიფის მიყოლებით დაბალ სიმაღლეზე ფრენის აპარატურა, მაგრამ კახეთიდან ირანში ტაქტიკური თერმობირთვული საავიაციო ბომბების მიტანა არ გაუჭირდებოდათ...).
სწორედ კოპიტნარის აეროდრომიდან აფრენებისა და ქართულ ცაში სისტემატური ფრენების დროს დახვეწეს Су-24М-ის მთებში დაბალ სიმაღლეებზე რელიეფის მიყოლებით ფრენის ტაქტიკა საბჭოთა სამხედრო პილოტებმა, რაც რამდენიმე ავარიად და კატასტროფად დაუჯდათ.
ასევე ქუთაისის კოპიტნარის პოლკის მფრინავებმა 1984 წლის აპრილში ავღანეთის ცაში Су-24М-ების საბრძოლო ნათლობა განახორციელეს, რისთვისაც ამ „ქართული“ პოლკის(როგორც მას ავღანეთში ეძახდნენ) ბომბდამშენების ნაწილი კოპიტნარიდან უზბეკეთის ჰანაბადის სამხედრო აეროდრომზე „მივლინებით“ გადაიყვანეს და იქიდან ბომბავდნენ ავღანეთის ტერიტორიას.
1992 წელს ეს პოლკი ქუთაისის კოპიტნარის აეროდრომიდან რუსეთის როსტოვის ოლქის მოროზოვსკის საჰაერო ბაზაში გადაფრინდა და მას შემდეგ ამ ბომბდამშენების ნაწილი გამოიყენებოდა ჯერ 2008 წელს საქართველოს დასაბომბად(სწორედ რუსული Су-24М-ებიდან გამოშვებული „ჰაერი-რადიოლოკატორის“ კლასის რაკეტებით აგვიფეთქეს სამკოორდინატიანი მძლავრი რადიოლოკატორი თბილისი-გორის გზაზე, შავშვებთან, შემდეგ კი თბილისის ზღვის თავზე, „საქაერონავიგაციის“ სამოქალაქო დანიშნულების რადიოლოკატორიორი,ს ამაგიეროდ ამ ტიპის ორი საფრონტო ბომბდამშენი აგვისტოს ომის დროს მაინც ჩამოვუგდეთ),ხოლო ეხლა კი უკრაინის ქალაქებზე საჰაერო თავდასხმების მისატანად...
რუსი აგრესორების გამუდმებული საჰაერო თავდასხმებიდან ერთ-ერთი, ვინც ყველაზე მეტად იჩაგრება, ოდესაა. შეიძლება იმიტომაც, რომ პუტინმა ვერ აისრულა თავისის საწადელი და უკრაინაზე თავდასხმის პირველსავე დღეებში ვერ შესძლო საზღვაო დესანტის გადასხმა ოდესის დასაპყრობად, რომელსაც ის ომის დასაწყისში რუსულ ქალაქადაც კი მოიხსენიებდა...
ოდესის სისტემატური დაბომბვების ფონზე, ოდესელებს გაუჩნდათ სამართლიანი პროტესტი - დასავლეთის მიერ უკრაინის არმიისთვის გადმოცემული ყველაზე თანამედროვე და ძლიერი საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემები კიევის გარშემო განათავსეს დედაქალაქის დასაცავად, მაგრამ ოდესელებმა რა დავაშავეთო?

ამ და სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე 2023 წლის 5 დეკემბერს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩასაფრება მოუწყო რუსულ Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენს (რომელსაც მრავალფუნქციური Су-30СМ-იც აცილებდა), როდესაც ის კუნძულ ზმეინის მხრიდან ოდესის მიმართულებით საჰაერო დარტყმის განხორციელებას აპირებდა „ჰაერი-ხმელეთი“ კლასის მართვადი რაკეტებისა ან პლანირებადი საავიაციო ბომბების გამოყენებით-ბომბდამშენი ჰაერშივე იქნა განადგურებული და მისი ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ კუნძულ ზმეინიდან ოდესამდე პირდაპირი ხაზით 140 კმ-მდეა და რუსი მფრინავები ნამდვილად არ მოელოდნენ, რომ უკრაინელი მეზენიტეების გაშვებული რაკეტა მათ ამ სიშორემდეც მისწვდებოდა...
დიდი ალბათობით, უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული მხარის მიერ გადაცემული „პეტრიოტის“ ტიპის ერთი საზენიტო-სარაკეტო დანადგარი ოთხი რაკეტით, ფარულად გადაიტანეს კიევიდან ოდესის სიახლოვეს და სწორედ მისი საშუალებით ჩამოაგდეს ეს რუსული საფრონტო ბომბდამშენი.
ამასთან, უკრაინელმა მეზენიტეებმა გამოიყენეს სამხედრო ეშმაკობაც - მათ რუსული საბრძოლო თვითმფრინავების აღმოსაჩენად არ გამოყენეს „პეტრიოტის“ სისტემის საშტატო რადიოლოკაციური სადგური, რადგან ამ რადიოლოკატორის აქტიურ რეჟიმში ამუშავებისთანავე რუსული თვითმფრინავების კაბინებში მაშინვე განგაშის სიგნალი ამოქმედდებოდა იმის მაჩვენებლად, რომ „პეტრიოტის“ რადილოკატორმა ისინი დააფიქსირა, შესაბამისად რუსი პილოტები ანტისაზენიტო მანევრებს განახორციელებდნენ..
სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ადრეული აღმოაჩინა და უკრაინელ მეზენიტეებს ინფორმაცია მიაწოდა ნატოს კუთვნილმა „ავაქსმა“, რომელიც რუმინეთისა ან ბულგარეთის საჰაერო სივრცეში ბარაჟირებდა...

კიდევ ერთი რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება შეიძლება ნაკლებად ღირდა ყურადღების გასამახვილებლად(ისე, ომის დაწყებიდან რუსეთმა არანაკლებ 13 ერთეული Су-24М და მისი სადაზვერვო მოდიფიკაცია Су-24МР დაკარგა), რომ არა ამ ფაქტის ტაქტიკური დონის მნიშვნელობა -ამიერიდან რუსი პილოტები ძალზე ფრთხილები იქნებიან სამხრეთიდან უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე საჰაერო შეტევების განხორციელებისას, რადგან უკრაინელ მეზენიტეებს ამ მიმართულებაზეც გამოუჩნდათ შორი მოქმედების საზენიტო რაკეტები...
P.S. Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენებს კიდევ უფრო დიდი საბრძოლო ეფექტიანობით იყენებს თავად უკრაინის მხარე, რომელმაც რამდენიმე ასეთ, საბჭოთა დროიდან შემორჩენილ ბომბდამშენს მცირე მოდიფიცირება ჩაუტარა ნატოს სტანდარტის საავიაციო შეიარაღების საბრძოლო გამოსაყენებლად - მას შემდეგ უკრაინული Су-24М-ებიდან გაშვებული ბრიტანული Storm Shadow -სა და ფრანგული SCALP-EG -ს ტიპის ფრთოსანი რაკეტები რუსი ოკუპანტებისთვის უდიდეს თავისტკივილად იქცნენ, თუმცა უკრაინელებმაც არანაკლებ 18 ერთეული Су-24М დაკარგეს, ძირითად რუსი ოკუპანტების პოზიციების უმართავი საავიაციო ბომბებით დაბომბვისას, როდესაც უწევდათ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მოქმედების ზონაში შესვლა...

P.S. აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინელი მეზენიტეების მიერ მოწყობილი პირველი ჩასაფრება არ არის - 2023 წლის 13 მაისს, მათ ასევე მალულად გადაიყვანეს „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო გამშვები დანადგარი უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში და მოსაზღვრე რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე რუსეთის სამხედრო ავიაციას „შავი დღე“ გაუთენეს - 4 წუთში ჩამოუგეს Ми-8МТПР-1 ტიპის ორი შვეულმფრენი, ერთი საფრონტო ბომბდამშენი Су-34 და ერთიც Су-35 ტიპის გამანადგურებელი.