ვის აშინებს და ახარებს ტრამპის "აჩრდილი"?! - როგორ "აირევა" მსოფლიო, თუ დიდი დონალდი კვლავ ამერიკის პრეზიდენტი გახდა
ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) დაბეჭდილია სტატია სათაურით - „უკრაინა და მისი მოკავშირეები დონალდ ტრამპის დაბრუნებისათვის უნდა მოემზადნონ“ (ავტორი - ჯოშ როგინი), რომელშიც გადმოცემულია უკრაინის პერსპექტივა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდება და, როგორც იგი აცხადებს, მართლაც შეეცდება უკრაინისადმი სამხედრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტას ან მის მკვეთრად შემცირებას, უკრაინა არ იქნება ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თეთრი სახლის გადაწყვეტილებით დაზარალდება. ვაშინგტონის ამგვარი მოქმედებით რუსეთი, ბუნებრივია, უპირატესობას მიიღებს და კრემლი სულ უფრო მეტ ზეწოლას განახორციელებს ევროპაზე, მისი დესტაბილიზების მიზნით. შესაბამისად, დაირღვევა ამერიკისადმი ნდობა მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გარკვეული მუშაობის ჩატარება აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რათა უკრაინა უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს და გაუმკლავდეს იმ ნეგატიურ მომენტებს, რაც მოჰყვება ახლადარჩეული დონალდ ტრამპის სავარაუდო გადაწყვეტილებას.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკვე აფრთხილებს კონგრესს, რომ თუ ამერიკელი კანონმდებლები არ მიიღებენ გადაწყვეტილებას უკრაინის დასახმარებლად განკუთვნილი ახალ პაკეტის მიღებაზე, მიმდინარე წლის ბოლოს „ფულის ონკანი დაშრება“. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონგრესი დღეს ფულს გამოჰყოფს (ბოლო ინფორმაციით, კანონპროექტი ჩავარდა - ავტ.), მომავალი წლის ბოლომდე ფინანსები გამოილევა 2024 წლის დასასრულს ანუ იმ დროს, როცა, სავარაუდოდ, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობისთვის მოემზადება.
დონალდ ტრამპმა, რომელიც ამჟამად რესპუბლიკური პარტიის წამყვან კანდიდატს წარმოადგენს, უარი თქვა, ვალდებულება აეღო უკრაინის დასახმარებლად და განაცხადა, რომ „კონფლიქტს უბრალოდ და იოლად მოაგვარებს, სულ რაღაც 24 საათში“. ამგვარი პოზიციის რეკლამირებით ტრამპის მხარდამჭერი რესპუბლიკელები, ნებით თუ უნებლიედ, მაგრამ - თანმიმდევრულად აგრძელებენ რუსულ პროპაგანდას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ. ნიშანდობლივია, რომ დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა კიევში ჩასვლაზე, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით.
პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს დონალდ ტრამპს შეუძლია, ამერიკა ნატოდანაც გაიყვანოს ან, უკიდურეს შემთხვევაში, უარი განაცხადოს უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის წევრობაზე (ცნობისათვის: საკონტაქტო ჯგუფი ერთგვარ პროუკრაინულ კოალიციას წარმოადგენს, რომლის შემადგელობაში 50-ზე მეტი ქვეყანა შედის და მის მუშაობას ვაშინგტონი ხელმძღვანელობს). როგორც კოალიციის ზოგიერთი წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა ჩემთან პირად საუბრებში აღნიშნა, ისინი სერიოზულად არიან შეშფოთებულები დონალდ ტრამპის სავარაუდო უარით უკრაინის დახმარებაზე.
„მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი, რა თქმა უნდა, კიევისათვის ფრიად საზარალო იქნება, მოსკოვისათვის კი - ფრიად სასიამოვნო“, - მითხრა ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა, როცა მას ვესაუბრებოდი, უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე ყოფნისას, ჰალიფაქსში (კანადა), გასულ თვეში, - "ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, რუსეთის მხარეს დავიკავებთ“.
მაგრამ დრო ჯერ კიდევ არის დარჩენილი - არჩევნებამდე ანუ მომავალი წლის ნოემბრამდე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, ევროკავშირის ქვეყნებს და უკრაინის მთავრობას შეუძლიათ, ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომ კიევის პოზიციები განმტკიცდეს და უკრაინელები დონალდ ტრამპის სავარაუდო კაპრიზებისაგან დაცულნი იყვნენ. ამგვარი სამომავლო ნაბიჯების წყნარი განხილვა რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქში უკვე მიმდინარეობს.
„შეერთებული შტატები ჩვენი უახლოესი მოკავშირე და ახლო მეგობარია. ჩვენ ყოველთვის იმედი გვქონდა და გვაქვს, რომ ამერიკა უკრაინას არ მიატოვებს“, - მითხრა კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა, - "მაგრამ ჩვენ, რასაკვირველია, მოუთმენლად ველოდებით ნებისმიერ მოულოდნელ გარემოებას, რათა თვითონაც დავრწმუნდეთ ჩვენივე მზადყოფნაში“.
უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ერთ-ერთი სავარაუდო საკვანძო შესაძლებლობა იქნება ნატოს სამიტი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის ივლისში ვაშინგტონში ჩაატარებს. ალიანსის შარშანდელ სამიტზე, ვილნიუსში, ჯო ბაიდენმა, შეიძლება ითქვას, „ცივი წყალი გადაასხა“ უკრაინის სურვილს, ნატოში გაწევრებაზე და განაცხადა, რომ კიევი ამისათვის „ჯერ მზად არ არის“, მაგრამ 2024 წელს ამერიკას და ევროპას უკრაინის სასარგებლოდ მეტი პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ.
როგორც ბილ ბლერმა თქვა, საჭიროა მეტი რესურსების გამოყოფა უკრაინის დასახმარებლად - მისი ინსტიტუტების რეფორმირებისა და კორუფციის ალაგმვის მიზნით. არვიდას ანასაუსკასის აზრით კი, უკრაინას მკაფიო სიგნალი უნდა გაეგზავნოს, რომ ნატო, მასთან მეტი ინტეგრაციის მიზნით, კიევში თავის ოფისს გახსნის. საერთოდ კი, თუ დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაბრუნდება, უკრაინის განაცხადისათვის რაიმე კონსენსუსის იმედი ნაკლებად მოსალოდნელია.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინისათვის [შორი მოქმედების] შეიარაღების მიწოდება უნდა დააჩქაროს და წინასწარ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მეტი იარაღი და საბრძოლო მასალები უნდა შეიტანოს, მათი დაგროვების მიზნით. დონალდ ტრამპს თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან მეორე დღესვე შეუძლია უკრაინას იარაღის მიწოდება შეუწყვიტოს, მაგრამ თუ აღმოსავლეთ ევროპის ნატოელ ქვეყნებში უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი წინასწარ იქნება შეზიდული, დონალდ ტრამპს მისი უკან წაღება გაურთულდება. იარაღის რეზერვის შექმნა თვით აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეებისთვისაც საიმედო და სასარგებლო იქნება.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ და უკრაინის მხარდამჭერებმა ორივე პარტიიდან ისეთი გრძელვადიანი გეგმა უნდა შეიმუშაონ კიევის დასახმარებლად [მისი უსაფრთხოების განმტკიცებისათვის], როგორიც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს მომზადდა ისრაელის მხარდასაჭერად (ათწლიანი პროექტის სახით). ამის გაკეთება განსაკუთრებით აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს აჯობებს და პრეზიდენტად დარჩება. უნდა იქნეს გათვალისწინებული ისიც, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესში შეეცდებიან, კვლავ შეინარჩუნონ ისეთი პოზიცია, რომელიც უკრაინისთვის დახმარების შემცირებას ითვალისწინებს.
და ბოლოს, ორივე პარტიის - დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერებმა აუცილებლად უნდა განახორციელონ აქტიური ძალისხმევა თავიანთი ამომრჩევლების დასარწმუნებლად იმაში, რომ უკრაინისადმი დახმარება მართლაც ღირს. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვამაც უნდა გააფართოვოს ყოფნა და მუშაობა ამერიკელ ამომრჩევლებში - მხოლოდ ვაშინგტონში და კოლუმბიის ოლქში კი არა, არამედ - მათ ფარგლებს გარეთაც. ბოლოსდაბოლოს არავითარი პროუკრაინული გრძელვადიანი ძალისხმევა შედეგს არ მოიტანს, თუ მას ამერიკელები მხარს არ დაუჭერენ.
„ეს ამერიკელი ხალხის არჩევანი იქნება“, - მითხრა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა, - „მაგრამ ეს ასევე იქნება ორივე მხარის - ვაშინგტონისა და კიევის ამოცანა, რომ ამერიკის მოქალაქეებს განუმარტონ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი“.
მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ თუ დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში დაბრუნდება და უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს, ამით ომი არ დამთავრდება. რუსეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, შეტევას გააგრძელებს. აქედან გამომდინარე, შეერთებული შტატები შეიძლება მასშტაბურ ომში აღმოჩნდეს ჩათრეული. ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს კი შექმნილი სიტუაცია, დიდი ალბათობით, ტაივანზე შეტევისაკენ უბიძგებს. უკრაინის მომხრეებმა ახლავე უნდა იმოქმედონ, რომ ეს რისკები შეამცირონ.
მოამზადა სიმონ კილაძემ