ტრაგიკული გადაწყვეტილება, რომელსაც შესაძლოა, უკრაინა შეეწიროს - ამერიკელების საახალწლო საჩუქარი პუტინისთვის?! - კვირის პალიტრა

ტრაგიკული გადაწყვეტილება, რომელსაც შესაძლოა, უკრაინა შეეწიროს - ამერიკელების საახალწლო საჩუქარი პუტინისთვის?!

6 დეკემბრის საღამოს ათობით მილიონი ადამიანი გულისფანცქალით ელოდა, რადგან ვაშინგტონში, შესაძლოა, წყდებოდა მსოფლიოს უახლოესი მომავლის ბედი...

მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა.

კანონპროექტმა სენატში გამართული პროცედურული კენჭისყრის დროს წინსვლისთვის საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან 61 მილიარდი უკრაინის დასახმარებლად იყო განკუთვნილი.

კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო იყო 100 სენატორიდან 60 სენატორის ხმა, თუმცა კანონპროექტს მხარი მხოლოდ 51-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 49 წავიდა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა ყველა რესპუბლიკელმა სენატორმა და - დამოუკიდებელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა.

არადა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა, როგორც დემოკრატებიდან, ისე - რესპუბლიკელებიდან, მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას, ისევე, როგორც ისრაელისა და ტაივანისთვის გვერდში დგომას - მაშინ რატომ დაიბლოკა ეს 106 მლრდ-დოლარიანი კანონპროექტი, რომლის ჩავარდნამაც ამ სამეულიდან ყველაზე კატასტროფულ მდგომარეობაში შეიძლება სწორედ უკრაინა აღმოაჩინოს?

1-gobe-1701930620.png
აშშ-მექსიკის სასაზღვრო ღობის გავლების გაგრძელება მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად გადაიქცა უკრაინისთვის, 61 მლრდ დოლარის ამერიკული სამხედრო დახმარების გამოსაყოფად, რაც უკრაინის არმიას ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენებს ფრონტის ხაზზე...

ეს არის აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში მრავალწლიანი შიდაპარტიული ბრძოლის შედეგი - ამერიკელ რესპუბლიკელ და დემოკრატ სენატორებს შორის იმ დონის პოლიტიკური დაპირისპირებაა, რომ თვით ყველაფრის მნახველ საქართველოს პარლამენტშიც კი „შეშურდებოდათ“...

ამერიკული პოლიტიკის ამ ორ ძირითად პარტიას შორის შეჯიბრი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად ისტორიულად მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო წლებში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფაქტორმა ის უკიდურესად გაამძაფრა, მით უმეტეს - 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინაპერიოდში...

მაინც რა არის ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორების მთავარი არგუმენტი, რის გამოც ისინი უკვე მეორედ აგდებენ ამ 106 მლრდ-დოლარიანი სამხედრო დახმარების შესახებ კანონის მიღებას?

ღობე! ჩვეულებრივი ღობე, ოღონდ აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე ბოლომდე გასავლელი რკინის ღობე, რათა არალეგალურ მიგრანტებს გაუჭირდეთ მექსიკიდან აშშ-ის ტერიტორიაზე უკანონოდ გადასვლა...

- როდესაც ათასობით კმ-ით დაშორებული უკრაინის უსაფრთხოებაზე ზრუნავთ, რატომ არ გინდათ, გაამკაცროთ მიგრანტებისთვის თავად აშშ-ში შემოღწევის წესებიო? - ამ არც თუ უსაფუძვლო კითხვას უსვამენ რესპუბლიკელები პრეზიდენტ ბაიდენის თანამოაზრე დემოკრატებს. - ამ კანონპროექტზე, რომელიც სამი სხვა ქვეყნისთვის 106 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებდა, რომ მიგემატებინათ მექსიკასთან სასაზღვრო ღობის გავლებაც, ჩვენ ამ კანონპროექტს არ ჩავაგდებდითო, - ამატებენ ისინი.

2-gobe-1701930786.jpg
რკინის ღობის აგების პროცესი აშშ-მექსიკის საზღვარზე...

U.S.-Mexico Border Wall ანუ აშშ-მექსიკის სასაზღვრო კედლის მშენებლობა ჯერ კიდევ 1993 წლის 19 სექტემბერს დაიწყო, თუმცა 30 წლის განმავლობაში აგებულია მხოლოდ 1 078 კმ სიგრძის ღობე, მაშინ, როდესაც აშშ-მექსიკის საზღვრის საერთო სიგრძე 3 145 კმ-ს შეადგენს და ყოველდღიურად ათასობით მიგრანტი (მათ შორის - ჩვენი საქართველოდანაც, რომლებმაც თავის თავზე გადაიტანეს მექსიკა-აშშ-ის საზღვრის უკანონოდ გადალახვის მთელი სირთულე და საფრთხე) უბრალოდ გვერდს უვლის ამ ღობეს და სხვა ადგილებში ცდილობს საზღვრის გადაკვეთას.

მექსიკასთან სასაზღვრო ღობის გაგრძელება დონალდ ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება გახლდათ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა გაპრეზიდენტების შემდეგ დიდად ვეღარ წაუმატა ამ სასაზღვრო ღობეს - მისი ბრძანებით, უბრალოდ, ღობის ნაწილები საზღვრის ერთი მონაკვეთიდან მოხსნეს და სხვა ადგილას დაამონტაჟეს.

ტრამპის მხარდამჭერმა რესპუბლიკელებმა 2018 წელს მოახერხეს კონგრესის ქვედა პალატაში გაეტანათ დოკუმენტი 5,7 მლრდ დოლარის გამოყოფის თაობაზე, რაც 346 კმ დამატებითი სასაზღვრო ღობის ასაგებად იყო საკმარისი, მაგრამ 2019 წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარედ არჩეულმა ნენსი პელოსმა კატეგორიულად განაცხადა, - „ტრამპის კედელი“ დაფინანსებას არავითარ შემთხვევაში არ მიიღებსო!

გაცოფებულმა პრეზიდენტმა ტრამპმა კი საპასუხოდ მექსიკის საზღვართან განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა და, კანონის თანახმად, კონგრესისგან გვერდის ავლით, პენტაგონს 8 მლრდ დოლარი „ჩამოაჭრა“, სასაზღვრო ღობის აგების გასაგრძელებლად.

3-gobe-1701930722.jpg
3-4,5 მ-იანი რკინის ღობე აგებულია აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოსა და მექსიკის ქვედა კალიფორნიის შტატის ქალაქ ტიჰუანას საზღვარზე, სადაც მანამდე ყველაზე ინტენსიურად ხდებოდა საზღვრის დარღვევა...

2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, უკვე ჯო ბაიდენმა დაიქადნა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ამ სასაზღვრო ღობის ერთი ფუტიც კი არ აშენდებოდა...და ასრულებს თავის პირობას...

მოკლედ, აშშ-მექსიკის სასაზღვრო ღობესთან დაკავშირებით მრავალწლიანი პრინციპული დავა არსებობს ამერიკელ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის და გასაგებია, თუ რატომ იბლოკება სამხედრო დახმარების გამოყოფა სხვა ქვეყნებისთვის - რესპუბლიკელები ამით სამაგიეროს უხდიან დემოკრატებს, მაგრამ ამას შეიძლება უკრაინა შეეწიროს და ამ ომში აგრესორი რუსეთის გამარჯვებამ მთელი მსოფლიოს უახლოესი მომავალი უარესობისკენ შეცვალოს, რაშიც უდიდესი ბრალი ამერიკელ პოლიტიკოსებსაც დაედებათ...

აშშ უკრაინისთვის 175 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

4-gobe-1701930671.jpg
აშშ-მექსიკის საზღვარზე წითლად მონიშნულია ის მონაკვეთები, სადაც უკვე აგებულია სასაზღვრო ღობე...

“თუ კონგრესი ეროვნული უსაფრთხოებისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ პრეზიდენტის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ეს უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი ბოლო პაკეტი იქნება, რომლის მიწოდებასაც შევძლებთ უკრაინისთვის”

ასეთი საგანგაშო განცხადების შემდეგ ძალზე სათუო ხდება სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, მით უმეტეს - წარუმატებლად დამთავრებული უკრაინული კონტრშეტევების ფონზე და იმის მოლოდინში, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ზამთრის პერიოდში ახალ შეტევებზე გადასვლას გეგმავენ.

წინასაშობაო არდადეგებზე, ამერიკელი სენატორების გასვლამდე, თუ ვერ გადაწყდა ამ კანონპროექტის ბედი, მაშინ გამოდის, რომ უკრაინისთვის 2024 წელს 61 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების გაცემა ჩავარდება, რითაც აგრესორი რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საუკეთესო საახალწლო საჩუქარს მიიღებს თვით აშშ-იდან...