სამხრეთ ამერიკაში ომი იწყება?! - ვენესუელა მეზობელი ქვეყნის ანექსიას ცდილობს, ბრაზილია ვენესუელასთან ჯარებს თავს უყრის - კვირის პალიტრა

სამხრეთ ამერიკაში ომი იწყება?! - ვენესუელა მეზობელი ქვეყნის ანექსიას ცდილობს, ბრაზილია ვენესუელასთან ჯარებს თავს უყრის

ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეზობელი გაიანას ესეკიბოს პროვინციის ანექსიის გეგმის განხორციელებას იწყებს. ეს რეგიონი ნავთობითაა მდიდარი.

3 დეკემბერს ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მონაწილეთა 95%-მა მხარი დაუჭირა ესეკიბოს რეგიონის ვენესუელას შემადგენლობაში შესვლას. რეფერენდუმის შემდეგ მადურომ სახელმწიფო ნავთობკომპანიებს ესეკიბოს რეგიონში ნავთობმოპოვებაზე ლიცენზიების გაცემა დაავალა. ასევე, მადურომ მიმართა ვენესუელის ნაციონალურ ასამბლეას, რომ დაამტკიცოს კანონპროექტი ესეკიბოს რეგიონის ვენესუელას შემადგენლობაში ოფიციალურად შესვლის შესახებ.

საპასუხოდ, გაიანამ შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. ქვეყნის პრეზიდენტმა ირფაან ალიმ კი განაცხადა, რომ უკვე გამართა მოლაპარაკებები გაეროს გენმდივანთან და გაეროს უშიშროების საბჭოს კონფლიქტში ჩარევა სთხოვა.

„ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის გაიანას ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. გაიანა გააძლიერებს პრევენციულ ზომებს საკუთარი ტერიტორიების დაცვის მიზნით“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

ასევე, მან საერთაშორისო ინვესტორებს მიმართა და განუცხადა, რომ მათ დაბანდებებს არაფერი ემუქრება.

თავის მხრივ, ბრაზილიამ ჯარები გადაისროლა ვენესუელას საზღვრებთან. დიდი ალბათობით, თუ მადურო გაიანაში შეიჭრა, ბრაზილია განზე არ დარჩება.

385522092-664376669204629-2791946208824048478-n-1701936190.png
წითლად მონიშნულია სადავო ტერიტორია ვენესუელასა და გაიანას შორის

რას ვერ იყოფენ ვენესუელა და გაიანა ?!

ესეკიბოს რეგიონი უკვე ორ საუკუნეზე მეტია ორ ქვეყანას შორის დავის საგანია. კარაკასი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ვენესუელამ 1800-იანი წლების დასაწყისში ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, რეგიონი ამ ქვეყანას ერგო. თავის მხრივ, გაიანას ხელისუფლება აცხადებს, რომ გაიანა-ესეკიბო ბრიტანული გვიანას ნაწილი იყო, რომელიც შემდეგში დამოუკიდებელი გაიანა გახდა.

კონფლიქტი ახალი ძალით გაჩაღდა 2015 წელს, როდესაც ესეკიბოს რეგიონში მსხვილი ნავთობსაბადოები აღმოაჩინეს და საერთაშორისო კომპანიებმა მუშაობა დაიწყეს. გაიანა, ძირითადად, ნავთობის ექსპორტით ცხოვრობს, ისე როგორც, ვენესუელა, თუმცა საერთაშორისო სანქციების გამო, ამ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია.

გაიანა-ესეკიბოს ისტორია

გაიანა-ესეკიბოს რეგიონის ფართობი 159,5 კვადრატული კილომეტრია და მთელი ქვეყნის 2/3-ს შეადგენს.

1899 წელს პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ ეს ტერიტორია ბრიტანეთს გადასცა, რომელმაც იქ თავისი კოლონია დაარსა - ბრიტანული გვიანა.

1966 წელს ბრიტანეთმა ხელისუფლება ადგილობრივებს გადასცა და ჩამოყალიბდა ახალი სახელმწიფო გაიანა, რომ ყოფილი კოლონიის მთელ ტერიტორიას მოიცავდა. ასევე, ბრიტანეთმა ვენესუელასთან გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვით, საკამათო ტერიტორიების კონტროლისთვის სპეციალური კომისია უნდა შექმნილიყო. თუმცა ამ დრომდე კომისია არ შექმნილა.

2018 წელს გაიანამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცდეს - ესეკიბოს რეგიონი ქვეყნის კანონიერი ნაწილია. თუმცა ვერდიქტი სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია.