"დამირეკა, ფეხი უნდა გაჩუქოთო..." - ლევან შენგელიას გულახდილი ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"დამირეკა, ფეხი უნდა გაჩუქოთო..." - ლევან შენგელიას გულახდილი ინტერვიუ

მუსიკოსი ლევან შენგელია საკმაოდ გულახდილი და საინტერესო რესპონდენტია. იუმორით აღსავსე ხელოვანი გამუდმებით კურიოზულ სიტუაციებში ეხვევა. ბოლო დროს, კონცერტების პარალელურად, სალონური საღამოების გამართვასაც ახერხებს, სადაც ქართველი ემიგრანტები მყუდრო გარემოში, სასიამოვნო მუსიკის მოსმენის ფონზე ემოციებს ვერ იკავებენ...

ჩემი ბავშვობა...

- ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. დავიბადე სამტრედიაში, მერვე კლასამდე დაბა კულაშის მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ თბილისიდან კომისია ჩამოვიდა ნიჭიერი ბავშვების შესარჩევად. მომისმინეს, ჩემი შესაძლებლობები შეაფასეს და თბილისში წამომიყვანეს, რათა კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა ათწლედში მესწავლა... ყოფილმა სასწავლო ნაწილმა, შურა თოდუამ, რომელიც მერე ჩემი დედობილი გახდა, ჩემს აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა... ათწლედის დამთავრების შემდეგ სწავლა სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტზე გავაგრძელე და ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე კარგი პერიოდი იყო. კორიფეებთან მომიხდა შეხვედრა: ოთარ თაქთაქიშვილთან, ბიძინა კვერნაძესთან და კიდევ არაერთ საოცარ პედაგოგთან. იქ სწავლის ძალიან მაღალი დონე იყო.

მშობლები

- ოჯახი არამუსიკალური მყავს. ჩემი პატარა ძმა კი მღერის, მაგრამ ღვინოს რომ დალევს, მხოლოდ მაშინ... (იცინის). დაახლოებით 5 წლის ვიყავი, რაღაც სკამი ვნახე და მასზე ხელებს ვაკაკუნებდი, ჩემებურად ვუკრავდი. ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, მგონი, ეს ბავშვი ცოტა ვერ არისო და ექიმთან წამიყვანეს: გასინჯეთ, ფსიქოლოგიური პრობლემები ხომ არ აქვსო? ვერ გაიგეს, რას ვაკეთებდი. დედა განათლებული ქალი კი იყო, მაგრამ წარმოიდგინეთ, როცა ეკითხებოდნენ, სმენა აქვსო? პასუხობდა: კი, კაცო, როგორ არა, რომ ვეძახი, მაშინვე მორბისო (იცინის), მუსიკასთან შეხებაც არ ჰქონდა...

მამა მთელი ცხოვრება ავტობუსის მძღოლი იყო, მუშაობდა სამტრედია-გაუწყინარის რეისზე და სწორედ მან გაიცნო ქალბატონი შურა თოდუა, რომელსაც სთხოვა, - იქნებ ჩემი შვილის მუსიკალური ნიჭი შეამოწმოთო. მამა ახლა 89 წლის გახდა. უბედნიერესი კაცი ვარ, რადგან მხნედ მეგულება. ჩემი ძმაც ამერიკაში ცხოვრობს და გვინდა, ისე ვაცხოვროთ, რომ ბევრი შრომა არ დასჭირდეს, მაგრამ გვეუბნება: რომ გავჩერდე, მოვკვდებიო, სულ შრომაშია, შეშასაც ჩეხავს... ახლაც, დაბადების დღეზე "დაყარა" მთელი სამტრედია, ყველა დაათრო (იცინის).

გზა ამერიკისკენ

- მესამე კურსზე სწავლის დროს, 1991 წელს თბილისში ჩამოვიდნენ ამერიკელი კომპოზიტორები, მათ შორის იყო ჯულიან ლენონი (ჯონ ლენონის შვილი). ენა არ ვიცოდი, მაგრამ მუსიკამ "თავისი ქნა" და მე იქვე, თარჯიმნის საშუალებით მთხოვეს, ჩემი აუდიოჩანაწერები ამერიკაში გამეგზავნა. სულ მალე, ზუსტად 14 მოწვევა მივიღე. ავირჩიე ჩემთვის სასურველი უნივერსიტეტი Uნივერსიტყ ოფ Hარტფორდ და ამერიკაში გავემგზავრე.

სასწავლებლის დასრულების შემდეგ მაიამიში გადავედი, სადაც გენიალურ კუბელ მუსიკოსებთან მოვხვდი. სრული სიგიჟე იყო, მათ გვერდით მუშაობა მსიამოვნებდა. ლათინური მუსიკა კარგად შევისწავლე, მერე დავიწყე მოგზაურობა და ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანა შემოვიარე.

სამშობლოში დაბრუნება...

- 2002 წელს მაშინდელმა იმერეთის გუბერნატორმა თეიმურაზ შაშიაშვილმა მთხოვა, საქართველოში დავბრუნებულიყავი, ასეც მოვიქეცი. აქ სერიოზული მუსიკალური ბენდი მყავდა და საკონცერტო ტურნეები დავიწყეთ. მერე მთავრობა შეიცვალა, მაგრამ მაინც გავაგრძელე საკონცერტო მოგზაურობა ქალაქებში და დაახლოებით 4-5-ჯერ ოპერის თეატრშიც გავმართე საღამო. ასევე, ვმუშაობდი ბიგბენდთან ერთად.

როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, მივხვდი, იქ ვეღარაფერს გავაკეთებდი და უკან, ამერიკაში უნდა დავბრუნებულიყავი. 2009 წლის ბოლოს წამოვედი და მას მერე აქ ვარ. თუმცა, თითქმის ყოველ წელს ჩავდივარ საქართველოში. სამწუხაროდ, წელს ეს ვერ მოვახერხე...

შეხვედრა მუხრან მაჭავარიანთან...

- მეუბნებიან, რომ სულ ავად ვიყავი, ხშირად ვცივდებოდი და მეზობელ ქალბატონს, რომელმაც ბევრჯერ მიხსნა ამ ავადობისგან, ხშირად მივყავდი სოფელ არგვეთაში (იქიდან იყო სამტრედიაში გამოთხოვილი)... ერთხელ სახლიდან გამოვედი და სოლიდურმა, მაგრამ საშინაო ტანისამოსში გამოწყობილმა კაცმა "დათუნია" კანფეტი მომცა და მკითხა, - ვისი შვილი ხარო? მამაჩემი რომ ვუხსენე, ცხადია, ეუცნაურა. მერე მივახვედრე, ვისთანაც ვიყავი სტუმრად ჩასული. შემიყვანა თავის სახლში. მახსოვს, ეზოში ჭას აკეთებდნენ და ხელი მომაკიდებინა, - მოუსვი ხელი, იცოდე, ამ ჭას საოცარი წყალი ექნება და მოდი, ეს წინასწარ იგრძენიო. მე კიდევ ერთი "დათუნია" კანფეტი, რომელიც მომცა, ისე მიხაროდა, რომ ჭაზე სულ არ ვფიქრობდი... მერე მახსოვს, როცა არგვეთაში ჩავიდოდი, მასთან მივდიოდი ხოლმე. ის ძალიან დინჯად გამესაუბრებოდა. მის ეზოში არ წყდებოდა მეზობლების მიმოსვლა: ხან სად ეპატიჟებოდნენ, ხან სად. ნამდვილად იქაური იყო, ყველას უყვარდა. მაშინ ვერც ვაცნობიერებდი, ასეთ ბუმბერაზ ადამიანს თუ ვსტუმრობდი...

პროექტი "მიძღვნა გენიოსებს"

- სულ მქონდა სურვილი, ჩემი ბავშვობის საყვარელ ადგილას, მუხრან მაჭავარიანის ეზოში კონცერტი ჩამეტარებინა იმ ძველი ურთიერთობის პატივსაცემად. ერთხელაც მოვახერხე ეს სრულიად ჩემი ფინანსებით, მაგრამ იმ დღეს ისეთი რაღაც მოხდა, რასაც არ ველოდი - იმდენად საოცარი კონცერტი გამოვიდა, მე თვითონ ჩავვარდი შოკში და მას მერე გადავწყვიტე, ასეთი ღონისძიება ყოველ წელს მომეწყო. მეორე წელს კონცერტზე 3 ათას კაცზე მეტი შეიკრიბა. ამ დღეს კურიოზის გარეშე არ ჩაუვლია: წინა დღეებში ჟურნალისტები მირეკავდნენ, კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე მოვალთ და ინტერვიუ ჩავწეროთო. - კი ბატონო-მეთქი, მაგრამ იქ არავინ მოსულა... მერე ატყდა რეკვა: სად ხართ? ხომ დაგვპირდით, რომ ცოტა ადრე მოხვიდოდით და გელოდებითო. რატომღაც, ყველა თბილისში, იმ სახლთან მივიდა, სადაც მუხრან მაჭავარიანი ცხოვრობდა, არავინ იცოდა, რა აკავშირებდა მას არგვეთასთან... სწორედ ამან გადამაწყვეტინა, გამეკეთებინა პროექტი "მიძღვნა გენიოსებს" და ყველა იმ ადამიანის სახელზე მომეწყო ღონისძიება, ვისაც ბევრი ლამაზი საქმე აქვს გაკეთებული საქართველოში... აქამდე დაახლოებით 7-8 ადგილას მოვასწარი კონცერტის გამართვა ამ პროექტის ფარგლებში და საღამოები ნიკო ნიკოლაძეს, ოტია იოსელიანს, რევაზ ლაღიძეს, პაოლო იაშვილს მივუძღვენი... პროექტზე ფანტასტიკური შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობს. სამომავლოდ კიდევ ბევრი საღამოა დაგეგმილი. მყავს საოცარი მუსიკოსები შემოკრებილი, რომლებსაც მართლაც სანთლით ვეძებდი, კარდაკარ დავდიოდი და ვიპოვე იმ დროისთვის ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, მაგრამ არაჩვეულებრივი მუსიკოსები. წელს ვერ ჩამოვედი, მაგრამ მომავალი წლისთვის ვემზადებით, თუ მანამდე ვინმე კიდევ დარჩება საქართველოში - მგონი, ყველა მუსიკოსი აქ ჩამოვიდა ან წამოსვლას აპირებს...

სხვათა შორის, ამ კონცერტების გამო რამდენიმემ მისაყვედურა: რა არის, სულ პროვინციებში რომ დადიხარო?! კაცო, ვამზადებ პროექტს "მიძღვნა გენიოსებს" და თბილისში დაბადებული გენიოსი მაჩვენეთ, ჩამოვალ და მის სახლთანაც მოვაწყობ კონცერტს. ნიკოლაძე სამტრედიელი იყო, ნატო ვაჩნაძე კახეთში დაიბადა და აბა, სად წავიდე-მეთქი (იცინის)?..

თაყვანისმცემლები და...

ავადმყოფობის შემდეგ უფრო ნათლად დანახული რეალობა

- არ მიყვარს ხალხმრავლობა, ზედმეტი ყურადღება. ვითრგუნები, როცა ზედმეტად მაქებენ. ცხადია, ეს სასიამოვნოც არის, მაგრამ მერიდება. ვინმე რომ მეტყვის, მაგარი მუსიკოსი ხარო, ავიწურები ხოლმე. არასდროს ვარ ჩემი თავით კმაყოფილი და არასდროს ვუსმენ საკუთარ მუსიკას. როცა უნდა გადავამოწმო რაღაც, იმ თვალსაზრისით თუ მოვუსმენ და მერე - შანსი არ არის.

3-4 თვის წინ უცნაურად ვიგრძენი თავი და ექიმთან მივედი. მანამდე დიეტაზე ვიყავი, თან რაღაც სამაჯური მომცეს, - წონის კლებაში დაგეხმარებაო... მოკლედ, ექიმებმა ონკოლოგიური დაავადება აღმომიჩინეს. საბედნიეროდ, პირველი სტადია იყო. აი, ამის შემდეგ ნამდვილად მივხვდი, ხალხს თურმე როგორ ვყვარებივარ. მანამდეც არ მაკლდა სითბო და ყურადღება, მაგრამ როცა ჩემი ავადმყოფობის ამბავი გამჟღავნდა, ნამდვილი შემოტევა მაშინ დაიწყო, თან ისეთი, რომ დილიდან საღამომდე მეტირება ხოლმე. საოცრებებს სჩადიან ჩემი ქართველები და ალბათ, ეს ავადმყოფობა უნდა გადამეტანა, მათი ასეთი სიყვარული რომ მეგრძნო... იმ პერიოდში, როცა მკურნალობის კურსს გავდიოდი, ვერიდებოდი გარეთ გასვლას, რომ რაიმე ვირუსი არ ამკიდებოდა. ჰოდა, არა მარტო ახლობლები თუ ნაცნობები, უცნობებიც მირეკავდნენ. ფინანსებზე საუბარი არ მაქვს, აქ სასწაულები მოხდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ქართველებმა ერთმანეთის მხარში დგომა ვიცით, მაგრამ... არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ ის სიგიჟე, რაც აქ ხდებოდა. აი, მაგალითად, ალასკადან ლიმონს მიგზავნიდნენ, ფლორიდიდან - თაფლს და პუერტო-რიკოდან - გარგარს, ყველაფერი ნატურალური უნდა მიიღოო. აი, ეს არის სიყვარული.

- მკურნალობის ეტაპი დასრულდა და ახლა ყველაფერი კარგად არის?

- მკურნალობის კურსი დამრჩა გასავლელი, მაგრამ ფაქტობრივად, პრობლემა დაძლეულია... ისე, მოდი, ამ მოკითხვების მეორე მხარეზეც ვიტყვი: უცნაური ადამიანებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც რომ დაინახეს, გავხდი, მოწერა დაიწყეს: მასწავლე შენი დიეტაო. კიდევ, მირეკავდა, მაგალითად, ადამიანი და მეცნობოდა, როგორც ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ან დოქტორი და ა.შ. მირჩევდნენ, - აი, ამის ფოთოლი დაღეჭეთ, კურკუმა ჭამეთ, ყვავს შეხედეთო. მოკლედ, "ნატვრის ხის" პერსონაჟი მეგონა თავი და ლამის გადავირიე, - ხალხო, თავი დამანებეთ-მეთქი (იცინის).

უარესიც დამემართა. ხომ გაგიგონიათ, რომ ამბობენ, გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწევაო?! ჰოდა, სასწაული შემემთხვა. მოკლედ, როცა ონკოლოგიური პრობლემა დამიდგინეს, კლინიკიდან გამოსული მეგობრის ელექტრომანქანასთან ჩავიცუცქე. პატრონმა არ იცოდა, იქ რომ ვიყავი, დაძრა ავტომობილი და ფეხზე გადამიარა. იმის მერე დამიბუჟდა ფეხი. ცხადია, ისევ ექიმთან დამჭირდა მისვლა, რომელმაც დამამშვიდა: ნუ გეშინია, არაფერი გჭირს, დაბუჟება დროთა განმავლობაში თავისით გაივლისო. მაგრამ 3 თვე ასე ფეხებდაბუჟებული დავდიოდი...

ერთ დღესაც გავედი ქუჩაში ასე კოჭლობით და ეტყობა, ვიღაცებმა დამინახეს. ერთ საღამოს სიეტლიდან მირეკავს ქალი, არ მინდა ვუპასუხო, მაგრამ ისეთი მესიჯი მომწერა, მომერიდა და, - გისმენთ-მეთქი. - გამარჯობა, ბატონო ლევან. მე ესა და ეს ვარო, - გამეცნო და მაჩვენებს, რომ ძალიან კარგად ცხოვრობს. აი, საქართველოში ხომ ყველა ტირის, რამე არ მომთხოვონო, და აქ პირიქითაა, ყველა ცდილობს დაგანახვოს, რომ კარგადაა. ჰოდა, მეუბნება: ჩვენმა საწარმომ გადაწყვიტა, ფეხი გაჩუქოთ. ისეთი პროთეზია, რომ ნამდვილს ჰგავს და ვერავინ მიხვდება, თუ ხელოვნურიაო. გადავირიე, - რად მინდა, ქალბატონო, თქვენი ფეხი-მეთქი? - თქვენ ხომ ამპუტაცია გაიკეთეთო. - გათიშეთ, ქალბატონო, ტელეფონი, თორემ ბილეთს ავიღებ და მოვრბივარ მანდ. რა ფეხი, რის პროთეზი, უფლება არ მაქვს ვიკოჭლო, მაინცდამაინც მოჭრილი უნდა მქონდეს-მეთქი (იცინის)? შოკი მივიღე. ამპუტაცია და უბედურება მინდოდა კიდევ?.. მოკლედ, ზოგჯერ ზედმეტი ყურადღება აი, ასეთ რაღაცებში გადასდის ხალხს. თავი ასე იმართლა: რა ვიცი, ამბობდნენ, ლევანს რაღაც პრობლემა აქვს და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ დაგეხმარებოდითო...

ორი სამშობლო... და არჩევანი

- უკვე დიდი ხანია, ორმაგი მოქალაქეობა მაქვს - საქართველოსი და ამერიკის. ხანდახან მეკითხებიან, ამერიკაზე რას ფიქრობთო? - რა უნდა ვიფიქრო? ამ ქვეყანაზე ისევე მეფიქრება, როგორც საქართველოზე, რადგან ლამის მთელი ცხოვრება აქ გავატარე. ქართველი რომ ვარ, ეს კოდი ცხადია, ვერავინ "ამომიგდო", სულ სამშობლოსკენ მიმიწევს გული, მაგრამ როცა იქ ვარ, აქაურობაც მენატრება.

ორი აზრი არ არსებობს, მიუხედავად ყველაფრისა, საბოლოოდ სამშობლოში დავბრუნდები და დავიწყე კიდეც უკვე ამაზე ზრუნვა, პატარა ქოხის აშენება მინდა. აქ ხალხი პენსიაში რომ გადის, ეს იმას ნიშნავს, რომ მერე სამშობლოში დაბრუნდება და მეც ეს მაქვს გეგმაში. მანდ რომ ჩამოვდივარ, მხოლოდ "ერთ გზას" ვყიდულობ, რადგან თუ წინასწარ ვიცი, როდის უნდა წამოვიდე ამერიკაში, ამ დღის მოახლოება მანერვიულებს...

ვდარდობ ჩემს ხალხზე. რაც თავი მახსოვს, საქართველოში ადამიანთა უმეტესობას უჭირს თავის გატანა და ეს რაიონებში უფრო თვალსაჩინოა. ჩემს ბავშვობაში სამტრედიაში ხშირად ვხვდებოდი მშიერ ადამიანებს და ვისაც მაშინ არ ჰქონდა, დღესაც არაფერი აბადია. არ არის კარგი სიტუაცია. ყველაზე მეტად ის მიმძიმს და იმის მეშინია, საქართველო ქართველის გარეშე არ დარჩეს...

გვერდზე რომ გაიხედავ და მეზობელს ვერ იპოვი, უეჭველი ამერიკაში იქნება წამოსული ან სადმე სხვაგან. ჰოდა, ვინ რჩება საქართველოში?.. ცუდია, რომ ხალხს არა აქვს საკუთარ ქვეყანაში დარჩენის სურვილი და ეს რატომაც ხდება, ყველამ ვიცით...

მინდა ჩემი ხალხი კარგად იყოს. გული დარდით მევსება, როცა ვუყურებ დაბეჩავებულ ადამიანებს და ალბათ ამიტომაც, აქედან 4 ჩემოდანი ტანისამოსი და ფეხსაცმელი თუ მიმაქვს, იქიდან ცალ-ცალი კალოშით ჩამოვდივარ, ყველაფერს მანდ ვტოვებ. თუმცა, ეს პრობლემას რას უშველის და რა სალაპარაკოა...

ყველაზე ცუდი, რაც ვიგრძენი საქართველოში ყოფნისას, ეს აგრესიაა. აი, მაგალითად, მეჩქარებოდა და ლამის გავრბოდი. ამ დროს ვიღაცას ქუჩაში მხარი ოდნავ გავკარი და... მეგონა, ბომბს მესროდა, ისეთ დღეში ჩავარდა. აქ ყველა გიღიმის, ვინმეს დახმარებას თუ სთხოვ, თან გადაგყვება. მიფიქრია, რა იწვევს აგრესიას? ამას იწვევს ტრაგედიები, ავადმყოფობა, ფინანსური პრობლემები. ყველაზე მეტად იცით, რა მეტკინა? აქ რომ ვმკურნალობდი, ექიმს ვუთხარი, შემიძლია ქვეყნის გარეთ წასვლა-მეთქი? - კი, სადაც გინდა წადი, მაგრამ მაინც, საით გაგიწევიაო? - საქართველოში-მეთქი. - ერთი წუთითო, კომპიუტერი გახსნა, რაღაცები დაათვალიერა და, - ბოდიში, არა, ჯობია, დაასრულო მკურნალობა და მერე წახვიდე საქართველოშიო. გამიკვირდა, - რატომ-მეთქი? - საქართველოს სისტემა, ამ სიტუაციაში, სამწუხაროდ, ჩვენს სტანდარტებზე არ არის და რამე რომ მოხდეს, ვერაფერს გავაკეთებთ თქვენს დასახმარებლადო. ის კი არ მეწყინა, რომ ვერ წამოვიდოდი, მომკლა იმან, რომ მითხრა, მანდ არ არის სათანადო დონეო. აქ თითოეული გადასხმის დროს წონის, ზომის, სისხლის მიხედვით შენ თვალწინ ამზადებენ ყველაფერს, რომ გიმკურნალონ. საავადმყოფოს ფოიეში დგას როიალი და როცა გადასხმაზე მივდივარ, პროცედურამდე ვჯდები ამ როიალთან, ლამის ერთსაათიან კონცერტს, პატარა დღესასწაულს ვაწყობ, ექიმები და პაციენტები კი გარს მეხვევიან.

- მკურნალობის დროს განწყობაც ბევრს ნიშნავსო, ამბობენ...

- კი, ასეა. ისეთი ხალხიც მირეკავს, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს და საუბარი სურთ. ცხადია, ვესაუბრები და ჩემი დადებითი განწყობა, პოზიტივი მათზეც გადადის. ვფიქრობ, ახლა მე მარტო ჩემს თავს კი არა, სხვებსაც იმედს ვუნერგავ და თუ თავად შემომეპარება დეპრესია, ეგრევე დაკვრას ვიწყებ.

სალონური საღამოები

- დავიწყე ახალი პროგრამა - სალონური საღამოები. დიდხანს ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ რთული იყო დაწყება, რადგან სხვა სივრცეა, უშუალო კონტაქტი გაქვს მსმენელთან. ჯერჯერობით მხოლოდ ორი შეხვედრა ჩავატარეთ და საბედნიეროდ, ძალიან კარგი გამოვიდა, იუმორით გაჯერებული. ხალხმა სიმღერა დაიწყო, ემოციები მოაწვათ, ატირდნენ. მათი ცქერისას მეც ავტირდი... საქართველოშიც მინდა ანალოგიური პროექტი განვახორციელო და იმედია გამომივა.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი "გზა"