"ქირურგი შოკისგან გარდაიცვალა, როდესაც ნანგრევებში ბავშვები ნახა" - სპიტაკი: ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა სსრკ-ში
1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთში, სპიტაკში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა 25 ათასი ადამიანი, 150 ათასი კი დაშავდა. რუსულ მედიასთან საუბარში აწ დაშლილი საბჭოთა კავშირის სამოქალაქო თავდაცვის გენერალი ნიკოლაი ტარაკანოვი იმ დღეებს იხსენებს. გთავაზობთ ინტერვიუს რამდენიმე ეპიზოდს.
„პირველები სპიტაკში თბილისისა და ერევნის პოლკები ჩავიდნენ. შემდეგ დონეცკის, ვოლგოგრადის და სხვა ქალაქის პოლკები. ბატალიონი გამოფრინდა ბაქოდანაც(მაშინ მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე სერიოზული კონფლიქტი იყო), თუმცა ილ-76 მთას შეეჯახა და 250 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა...
ასზე მეტი სახელმწიფო გვეხმარებოდა. უცხოელი მაშველები ხუთი თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ. სკოლის ნანგრევებს ფრანგები წმენდნენ. როცა ფილა ასწიეს, დაინახეს, რომ ბავშვები თვალგახელილები იწვნენ. ფრანგ ქირურგს გული გაუსკდა და ადგილზე გარდაიცვალა...
ქირურგები მთელი საბჭოთა კავშირიდან იყვნენ. მახსოვს ორი აზერბაიჯანელი ექიმი, რომლებიც დასახიჩრებულ სომხებს მკურნალობდნენ. არადა, ერთ-ერთის ძმა სომხებმა ლენინაკანში კინაღამ მოკლეს. მახსოვს ქირურგი საბიბოვი, რომელიც გადაბმულად აკეთებდა ოპერაციებს. ჩუსტებში იდგა უკვე საოპერაციოში. მისმა ქალიშვილმაც ტრავმა მიიღო. როცა უთხრეს, რომ მისაღებში მისი შვილი იყო, მან რიგში ჩააყენა. სანამ გოგონა ოპერაციას ელოდებოდა, გარდაიცვალა...
მოროდიორებიც იყვნენ. ზოგჯერ ამოჰყავდათ ადამიანი ნანგრევებიდან და მას ხელი ჰქონდა მოკვეთილი - ასე იპარავდნენ სამკაულებს. ერთ-ერთ გოგონას ბეჭდებიანი ხელი მოაჭრეს. მე ვუბრძანე, რომ მთელი ქალაქი გადაეკეტათ - მოროდიორები დაიჭირეს. ჯარისკაცებმა ისინი კინაღამ ცემით მოკლეს...
სასწაულებიც ხდებოდა. ერთ-ერთი გოგონას ნანგრევებში მიწისძვრიდან სამი კვირის შემდეგ მიაგნეს და ის ცოცხალი იყო“.