რას ჰყვებიან ანასტასიას, ნიკოლოზისა და ოთოს მშობლები შვილებზე - კვირის პალიტრა

რას ჰყვებიან ანასტასიას, ნიკოლოზისა და ოთოს მშობლები შვილებზე

"საქართველოს გაუმარჯოს! მიყვარხარ, საქართველო!" - ამ შეძახილით დაასრულა სიმღერა ნიკოლოზ ხარატმა ევროვიზიის დიდ სცენაზე, სადაც შესანიშნავი სამეული - ანასტასია და "რანინა", ანუ ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი მსოფლიო აუდიტორიის წინაშე წარდგნენ.

მოგეხსენებათ, 21-ე საბავშვო "ევროვიზია" საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა და 16 კონკურსანტს შორის, საქართველომ მე-14 ადგილი დაიკავა. ჩვენმა წარმომადგენლებმა შეასრულეს სიმღერას Over The Sky, რომლის ავტორები არიან მებო ნუცუბიძე (მუსიკისა და ტექსტის) და ბეთხო - ირაკლი მანჩხაშვილი, კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, რომელმაც ასევე იმუშავა სასცენო დადგმაზე, ქორეოგრაფ გიორგი ტორიაშვილთან ერთად. ანასტასიასთან, ნიკოლოზსა და ოთოსთან ერთად "ევროვიზიის" სცენაზე ორი მოცეკვავე გამოვიდა, მხატვრული ტანმოვარჯიშეები ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია.

კონცერტის შემდეგ, ბავშვებმა სპეციალურად გულშემატკივრებისთვის ვიდეო ჩაწერეს და ყველას მადლობა გადაუხადეს. მათი მშობლები კი შვილების შესახებ გვესაუბრებიან და იმ პერიოდს იხსენებენ, როცა ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან, სიმღერის ნიჭი და მიდრეკილება აღმოაჩნდათ...

ნინო გირგვლიანი, ანასტასიას დედა:

- ანასტასია ოთხი წლის იყო, როცა "ბასტი-ბუბუში" შევიყვანეთ. ჯერ ბაღში, მასწავლებელმა აღმოაჩინა, რომ სმენა ჰქონდა და მერე, შემოქმედებით ჯგუფში გადავიყვანეთ. ამ საკითხს ჩავუღრმავდით და "ბზიკების" სტუდიაში გადავიყვანეთ, სადაც მან ფეხი აიდგა. "რანინაში" მოხვედრა თავად ისურვა, ეს მისი მესამე მცდელობა იყო და ვამაყობ, რომ ასეთი უდრეკი და მშრომელია, დაბრკოლებას არ შეუშინდა და სასურველ შედეგს მიაღწია.

"რანინამ" ანასტასიას ცხოვრება 180 გრადუსით შეცვალა. თამაში, გართობა, მეგობრებთან ერთად ყოფნა უნდა, მაგრამ იცოდა, რომ დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა და საქმეს სერიოზულად მოეკიდა. მისი გამარჯვება ჩვენთვის მოულოდნელი იყო, სცენაზე იდგა, "რანინას" ლოგო ეჭირა და გამომხედა, - "მოვიგე, დედა?" - მე მეკითხებოდა. კი, ანასტასია, მოიგე-მეთქი. მას შემდეგ, "რანინას" დიდი ოჯახის წევრი გახდა და ბედნიერია, რაც მეც ძალიან მიხარია.

რაც შეეხება საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარდგენას, რა თქმა უნდა, უდიდესი სიხარული იყო ჩვენთვის, მოულოდნელობაც. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილის შრომა არ დაიკარგა. ვუსურვებ არ მოდუნდეს, არ დაკმაყოფილდეს თავისი შედეგებით და ისევ ისეთი შემართებით გააგრძელოს, როგორც აქამდე მოვიდა. სულ ვეუბნები, ღმერთმა ეს ნიჭი მოგცა-მეთქი.

სკოლის ადმინისტრაცია ძალიან გვიწყობს ხელს. ანასტასია წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლაში სწავლობს და სულ მიკავშირდებიან, რით დავეხმაროთო. მთელი ზაფხული მეცადინეობდა. პროგრამას წინსწრებით, ონლაინ სწავლობდა, რაც ძალიან დაეხმარა. ვიცოდით, რომ სექტემბრიდან დატვირთული რეჟიმი ექნებოდა და ამდენი რეპეტიციის ფონზე, სკოლისთვის, გაკვეთილებისთვის სათანადო დროს ვეღარ გამონახავდა, ამიტომ საქმე წინ წაიგდო, ბევრი იშრომა.

- თუ არის ვინმე თქვენს ოჯახში მომღერალი?

- ასე გამოკვეთილად არავინ, თუმცა ბებია-ბაბუა სამოყვარულო დონეზე მღეროდნენ - გუნდში, სოხუმში.

- ანასტასიას დედმამიშვილები თუ ჰყავს?

- კი, ანასტასია პირველი შვილია. ჰყავს უმცროსი და და ძმა.

- ევროვიზიის შედეგებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

- მთავარია, ბავშვები ღირსეულად გავიდნენ ჩვენი დროშის ქვეშ. როცა ანასტასიამ "რანინაში" გაიმარჯვა, იმ დღიდან ვეუბნებოდი, - შენ სცენაზე ანასტასია ვასაძე კი არ ხარ, შენ გაგაქვს საქართველოს დროშა და შენს ქვეყანას წარმოადგენ, ამიტომ ღირსეული და უდრეკი უნდა იყო, ამ დიდ სცენაზე მოხვედრაც გამარჯვებაა-მეთქი. ბავშვებს იმაზე მეტს ვერ მოვთხოვთ, რაც გააკეთეს.

მადლობა საქართველოს გვერდში დგომისთვის; მადლობა ქართველ ემიგრანტებს, რომლებმაც სიყვარულითა და სითბოთი დაგვამახსოვრეს თავი; მადლობა პირველ არხს, "რანინას" მთელ შემოქმედებით ჯგუფს, არ დავიღლები მადლობის თქმით.

ანასტასია, ოთო და ნიკოლოზი ნამდვილად ღირსეულად წარდგნენ ევროპის წინაშე. ისინი ღირსეული ქვეყნის ღირსეული შვილები არიან.

ელისო არაბიძე, ნიკოლოზ ხარატის დედა:

- ნიკოლოზს პატარაობიდანვე საოცარი რიტმის შეგრძნება ჰქონდა და ნელ-ნელა, როცა წამოიზარდა, სიმღერებზე აყოლა ზუსტად იმ ტონალობაში დაიწყო, რაც ძალიან გვიკვირდა. მივხვდით, მუსიკალური ბავშვი იყო. როგორც კი მუსიკის ხმას გაიგონებდა, მღეროდა, ცეკვავდა. პატარაობიდანვე "ტაშ-ფანდურა" იყო (იღიმის).

3 წლის გახლდათ, დათო არჩვაძესთან რომ მივიყვანეთ. თავიდან გვითხრა, ძალიან პატარაა და ვერ მივიღებ, მაგრამ რადგან მოხვედით, მოვუსმენო და ნიკოლოზმა "ღმერთი არის სიყვარული" ისე უმღერა, რომ დათო გაგიჟდა. მერე, ასეთი პატარა, 7-8 წლის ბავშვებთან ერთად იდგა და მღეროდა.

- ფორტეპიანოზეც უკრავს, ხომ?

- კი, თვითონ აწყობდა ხოლმე. ძალიან უყვარს, ხმაურიანად უკრავს, მასშტაბურად უყვარს გაშლა... ასეთი ბავშვია, სადაც უნდა მოხვდეს, ყურადღების ცენტრში უყვარს ყოფნა. დღე არ გავა, რომ არ იმღეროს.

იყიდა ყულაბა, ერთი წელი აგროვებდა ფულს და რომ გატეხა, 3 000 ლარამდე ჰქონდა შეგროვებული. წავედით მაღაზიაში და განა რამე სათამაშო იყიდა - ელექტროკლავიში. მიქელაძის სკოლაში უფასო განყოფილებაში მოხვდა, მესამე კლასი დახურა, მაგრამ ახლა დროებით შევჩერდით. მერე აღვადგენთ, იქ დოდო დიასამიძეა ნიკოლოზის ვოკალის პედაგოგი, "რანინაში" და ვოკალის აკადემიაში კი - ქეთი ჯავახიშვილი და მანანა მორჩილაძე ასწავლიან. რა თქმა უნდა, ჩვენს საყვარელ დათო მასწავლებელსაც ვეხმიანებით.

- რამდენად რთული იყო ასეთი ცელქი ბავშვის აღზრდა?

- ნიკოლოზს ტყუპი და ჰყავს და ისინი ძალიან მშვიდები და წყნარები იყვნენ, ეს კი... რომ მგონია, უნდა დაჭკვიანდეს, არა! ცელქი და ცოცხალი, ინტერესიანი ბავშვია. მოსწონს თევზაობა, საჭის მართვა შეუძლია, ველოსიპედით სეირნობა უყვარს. ხატავს, ხეზე მუშაობა მოსწონს და მაგიდები აქვს გაკეთებული. ჩვენც გვაკვირვებს, ისეთი ტიპია. აბა, ვინმეს დახმარება ხომ არ სჭირდება უბანში? - ყველაფერში ჩართულია. ვის უჭირს, ვის ულხინს, ყველაფერს აკონტროლებს. ლიფტში რომ ვინმე გაიჭედება, ზემოთ არბის, ამხნევებს, შეუძახებს: აბა, ნუ გეშინია, ჩვენ აქ ვართო (იცინის)!..

ანა დათულიშვილი, ოთოს დედა:

- ოთო 4 წლის იყო, "იუთუბის" დახმარებით ლექსები რომ ისწავლა. პატრიოტულ ლექსებს ამბობდა ჯარისკაცის ფორმით, რასაც მილიონობით ნახვა აქვს. თავიდან ამით გამოირჩეოდა და ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ სიმღერაც ძალიან უყვარდა. ჩვენ კახეთში ვცხოვრობთ და იქ შევიყვანე სტუდიაში "მზიური", ვერიკო სახიაშვილთან. მერე, პირველ-მეორე კლასში იყო, სახლში მივედი და მესმის, თავისით უსწავლია ჰამლეტ გონაშვილის "დაიგვიანე", "ურმულო". ძალიან გამიხარდა სიმღერისადმი მისი ასეთი ინტერესი.

ჩემი მეგობრები, კახეთში უძლიერესი მომღერლები - ქალბატონი ლეილა ალიგაშვილი და დავით გაგანაშვილი როცა გვსტუმრობდნენ, პატარა ოთო მიუჯდებოდა მათ და რაღაცებს ეკითხებოდა. მაგალითად, ქალბატონო ლეილა, ამ ჩახვევას ვერ ვაკეთებ და დამეხმარეო. ისიც ასწავლიდა. ასევე, დათოც. ისიც კი გამიკვირდა, "იუთუბში" როგორ აღმოაჩინა მაგალითად ჰამლეტ გონაშვილი, როცა მისი ასაკის ბავშვები მულტფილმებს უყურებენ ან რამეს თამაშობენ. ეს ყველაფერი ძალიან მიხაროდა, რადგან ბავშვობიდან მელომანი ვარ, ვგიჟდები ქალაქურ და ხალხურ სიმღერებზე.

რაც შეეხება ოთოს "რანინაში" მოხვედრას, ჩემი ნათლულია ალექსანდრე მრელაშვილი - "მხოლოდ ქართულის" ფინალისტი, ჩვენთან იყო სტუმრად, ამ დროს გადიოდა პროექტის რეკლამა და ოთოს უთხრა, ძალიან მინდა შენც მიიღო მონაწილეობაო. გიორგი როსტიაშვილის კახური სიმღერა მოისმინა და ისე დაინტერესდა, იმ წამიდან მოსვენება დაკარგა, კიდევ უფრო ბევრი სიმღერა ისწავლა და როცა გამომიცხადა, უკვე მზად ვარ, "რანინაში" უნდა წავიდეო, წამოვიყვანე.

აი, ნიკოლოზს მსახიობური ნიჭიც აქვს, ხალისიანია, სიმღერის, ხმის ტემბრიც სულ სხვანაირი აქვს, ოთო კი უფრო სერიოზული, დინჯი, კახელი ტიპია. სხვადასხვანაირები რომ არიან, ერთმანეთს ავსებენ და ამიტომაცაა ასეთი კარგი ტანდემი.

- ოთოს როგორი ხასიათი აქვს?

- ძალიან კაცურია. 2 თვის ფეხმძიმე ვიყავი, ჯარში რომ შევედი და შეიძლება ითქვას, მუცლიდანვე ჯარში იზრდება. ჩემი მაზლიც ჯარშია, რძალიც. მოკლედ, სამხედრო ოჯახში იზრდება. ვფიქრობ, ამანაც განაპირობა მისი ასეთი ხასიათი. ზრდილობიანი, უპრობლემო ბავშვია. გოგონაც ასეთია და ამათ გამო ერთი ღამის გათენებაც არ დამჭირვებია. საღამოობით რომ დავსხდებით, განვიხილავთ, რა მოხდა, რა გავაკეთეთ, სად შეგვეშალა, რა უკეთესი იქნებოდა და ა.შ. ერთმანეთის ნაბიჯებზე დავდივართ.

- რჩევებს ან შენიშვნებს თუ აძლევთ?

- დედამ ერთი რამ მასწავლა, არასდროს ვაკეთებინებ ჩემს შვილებს იმას, რაც არ უნდათ. ვეკითხები და რაშიც თვითონ იღებენ სიამოვნებას, იმას აკეთებენ. ოთო მეუბნება ხოლმე, ჩემი პირველი მრჩეველი შენ ხარო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შვილებისგანაც ბევრ რჩევას თავადაც ვიღებ.

- რა უყვარს ოთოს ყველაზე მეტად?

- სიმღერა და თევზაობა, ესაა მისი ძირითადი ჰობი. განტვირთვისთვის ძიუდოზეც დადის... ჩვენი ოჯახი ღვინოს აწარმოებს და ეს საქმე ოთოსაც აინტერესებს. რთვლის დროს ჩვენთან დიდი ჟრიამულია, მეგობრები იკრიბებიან და ოთო ამ ყველაფერში ჩართულია. ტრადიციულად, გვაქვს ხოლმე "ზაოდობა", არყის გამოხდა, ეზოში მწვადები იწვება და ა.შ.

იყალთოდან ვართ, თბილისში სახლი არ გვაქვს, "რანინაში" მონაწილეობის პერიოდში ყოველდღე კახეთიდან გვიწევდა სიარული. მერე ჩვენი მეგობრები, ვინც თბილისში გვყავს, გაერთიანდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, ჩვენთვის სახლის კარი რომ გაეღოთ, რისთვისაც მადლიერი ვარ. მინდა თქვენი ჟურნალის მეშვეობით უღრმესი მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელიც შემთხვევით გავიცანით და ოთოს ძალიან დიდი გულშემატკივარი ყოფილა - თენგიზ ბაზერაშვილი, ის ჩვენი ნათესავიც აღმოჩნდა. ქირა რომ არ გადაგვეხადა, მან აქ თავისი სახლი დაგვითმო.

- ევროვიზიასა და ბავშვების გამოსვლაზე რას გვეტყვით?

- როცა ევროვიზიაზე გასასვლელად ანასტასიასთან ერთად, ოთო და ნიკოლოზი შეარჩიეს, არ ველოდი. იქ წასვლა ხომ ყველა ბავშვის ოცნებაა და ანასტასიას გვერდში რომ ჩემი შვილი იდგა, რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვარ. თავიდან, ცოტა შევცბუნდი, რადგან საქართველოს სახელით გასვლა დიდი პასუხისმგებლობაა 12 წლის მოზარდისთვის. უფროსებს გათავისებული გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ხმის მიცემაზეა დამოკიდებული; იმხელა სახელმწიფოები არიან იქ, ჩვენ კი სულ რამდენიმე მილიონი ვართ და რამდენს უნდა მოეცა ხმა? მთავარია მონაწილეობა და ის, რომ ბავშვებმა ღირსეულად გაიტანეს საქართველოს სახელი ევროვიზიის დიდ სცენაზე.

თამთა დადეშელი

ჟურნალი "გზა"