"არმაგედონის სცენარი": რა მოხდება, თუ პუტინმა გაიმარჯვა - "ევროპა, უბრალოდ, აღიგვება პირისაგან მიწისა" - კვირის პალიტრა

"არმაგედონის სცენარი": რა მოხდება, თუ პუტინმა გაიმარჯვა - "ევროპა, უბრალოდ, აღიგვება პირისაგან მიწისა"

ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 8 დეკემბრის ნომერში რუბრიკით - „კომენტარი“ გამოქვეყნებულია მასალა სათაურით - „პუტინი გამარჯვებასთან ახლოა, ევროპას უკვე უნდა ეშინოდეს“ (ავტორი - კონ კაფლინი), რომელშიც ევროპის სამომავლო მდგომარეობის სცენარია გადმოცემული, უკრაინასთან ომში კრემლის სავარაუდო წარმატების შემთხვევაში: „ევროპას რომის წმინდა იმპერიის ბედი ელოდება“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იმ რეალობის გათვალისწინებით, როცა უკრაინაში საომარი მოქმედებები ჩიხში შევიდა, უკვე აღარ შეიძლება იმ ვარაუდის უარყოფა, რომ შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ ომში გაიმარჯვოს, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით, ევროპის უსაფრთხოებისათვის.

კიევის უუნარობამ, რომ გადამწყვეტი გარღვევა მოეხდინა საზაფხულო კონტრშეტევის დროს, პრაქტიკულად, თითქმის მთლიანად გაანულა ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მხედართუფროსების ოპტიმისტური პროგნოზები, რომ “უკრაინა დღეს თუ ხვალ აუცილებლად გაიმარჯვებს”. ამგვარი თავდაჯერებულობის შემდეგ დღეს მათი ნარატივი უკვე გადადის დასავლეთის მიმართ გამოხატულ ბრალდებებში - „აბა რა უნდა გვექნა, როცა დასავლეთმა აუცილებელი იარაღი არ მოგვაწოდა“. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკული „ესოშეითედ პრესისადმი“ ამასწინანდელ ინტერვიუში სწორედ ასე განაცხადა: „ჩვენ ვერ მივიღეთ ყველა ის იარაღი, რომლის მიღება გვსურდა. ამიტომ კმაყოფილი არ ვარ“.

უკრაინის არმიის მოქმედებაში პროგრესის არარსებობისა და ახლო აღმოსავლეთში ისრაელ -„ჰამასის“ ომის დაწყების გამო, დასავლეთის რიგ ლიდერებში სკეფსისი გაძლიერდა: მათ ეჭვი შეეპარათ უკრაინის უნარზე - მტრის წინააღმდეგ წარმატებულად იბრძოლოს და გაიმარჯვოს. მაგალითად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მატულობს რწმენა იმისა, რომ რადგან კიევს ომში გამარჯვებისთვის შანსები ნაკლები რჩება, მის ინტერესებშია ვლადიმერ პუტინთან ზავის დადება და არა (მარცხისთვის განწირული) - ბრძოლების გაგრძელება.

ამასობაში რუსეთის ლიდერი თავის ძალისხმევას ააქტიურებს, რომ უკრაინაზე კიდევ უფრო მეტი სამხედრო უპირატესობა მოიპოვოს. ამ მიზნით იგი ნავთობ-გაზის გაყიდვისაგან მიღებულ თანხებს ქვეყნის სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე ხარჯავს ანუ ხატოვნად რომ ვთქვათ, „რუსეთის ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაჰყავს“. ასევე, ვლადიმერ პუტინმა სპეციალური ბრძანებულებით დაადგინა, რომ უკრაინასთან ომში მოქმედი არმიის პირადი შემადგენლობა 170 ათასამდე უნდა გაიზარდოს. მას იმედი აქვს, რომ არმიის რაოდენობის გაზრდა ხელს შეუწყობს სტრატეგიული ობიექტების დაკავებას, მათ შორის - დონბასში მდებარე ქალაქ ავდეევკის გაკონტროლებას, რომლის დაუფლების მიზნით გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს.

ის ფაქტი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, ორი წლის განმავლობაში, რუს გენერლებს ჯერ კიდევ შეუძლიათ სრულმასშტაბიანი შეტევის მომზადება და მისი განხორციელება, რამდენიმე თვის წინ დაუჯერებელი ჩანდა. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად მოსალოდნელია რუსეთის ჯარმა უკრაინა მთლიანად დაიკავოს და მთავრობაში მარიონეტული რეჟიმი დასვას, გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს ყოველი ნებისმიერი ისეთი შედეგი, რომელიც გამოხატული იქნება კრემლის მიერ უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიის „წართმევაში“.

ასეთი სცენარი სერიოზული პრობლემა იქნებოდა დასავლური ალიანსისათვის - იმიტომ, რომ დაიჩრდილება და სათუო გახდება მისი უნარი რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევის საკითხში. ასევე, ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობა მიეცემა, გარკვეული ნაბიჯები გადადგას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე და თანაც დარწმუნებული იყოს იმაში, რომ დასავლეთს აღარ აქვს არც რესურსები და აღარც გაბედულება, წინ აღუდგეს კრემლის ექსპანსიონისტური მიზნების განხორციელებას.

„რუსული მუქარის“ გაძლიერების პერსპექტივა ევროპული უსაფრთხოებისათვის რეალური იქნება ომში ვლადიმერ პუტინის მიერ მოპოვებული მცირე წარმატების შემთხვევაშიც კი - ამჟამადაც რიგ დასავლელ ექსპერტებს უკვე ეჭვი ეპარებათ ნატოს მზადყოფნაში, მსგავსი გამოწვევების გასანეიტრალებლად. ბერლინში ამას წინათ ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელიც სამხედრო საკითხებს მიეძღვნა, განხილული იქნა ე.წ. არმაგედონის სცენარი, რომლის მიხედვით, ევროპას იგივე ბედი ელოდება, რაც რომის წმინდა იმპერიას დაემართა ნაპოლეონ ბონაპარტის დროს: ის რუსეთთან პოტენციურ ომში, უბრალოდ, „აღიგვება პირისაგან მიწისა“, რადგან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აღმოსავლეთევროპული ფლანგის დაცვის უნარი არ ექნება.

ერთ-ერთი წამყვანი გერმანელი ისტორიკოსის - ზენკე ნაიტცელის მტკიცებით, ბერლინს კიდევ 15 წელი დასჭირდება, რომ გერმანია რუსეთთან სრულმასშტაბიანი კონფრონტაციისთვის მოამზადოს. მას ეთანხმება პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი იაცეკ სივერაც, რომელმაც ნატო გააფრთხილა: ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მხოლოდ სამი წელი რჩება იმისთვის, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთთან კონფლიქტისათვის მოემზადოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო