2000-იანი წლების დამდეგს, ფოთთან ახლოს, რიონის მარცხენა სანაპიროდან 700 მეტრის მოშორებით იპოვეს 23 მეტრიანი ხომალდის ნაშთები, უფულობის გამო მისი მიწიდან ამოღება ვერ მოხერხდა და ჩვენი საზღვაო ისტორიის ეს ბრწყინვალე ნივთიერი ძეგლი დღემდე მიწაში ლპება. ილუსტრაციაზე წარმოდგენილია გ.ყიფიანის ანაზომი: აქვე, ძველ ქართულ პორტებზე გაგიზიარებთ რამდენიმე რჩეულ წყაროს, რომელთაც სრულად ჩემს წიგნში იხილავთ. პირველი ნაწილი: ელი დე პრიმო, ქართული ნავსადგურების დეტალური აღწერა: ,,აფხაზეთის სანაპიროზე მრავალი პორტი იყო, რომელსაც გენუელთა ხომალდები იყენებდნენ: 1. სანტა სოფია: აქ ხისა და ბეწვეულის შეძენა შეიძლებოდა. მას ჰქონდა სანაპირო, რომელიც კონცხით იყო დაცული ჩრდილოეთის ქარებისგან. 2. გირო 3. პეზუნდა (ბიჭვინთა): ძველი პითიუსი. ძალიან უსაფრთხო ნავსადგური, ხომალდებს შეეძლოთ აქ თავშესაფარი ყველა სეზონში ეპოვათ. 4. ბზა (ბუსი, ბამბორი): [პორტი] ამგვარად წოდებული ამ საქონლით მიმდინარე დიდი ვაჭრობის გამო. ამ სასარგებლო ხის დიდებული ტყეები ზღვის კიდეებამდე ვრცელდება, მაგრამ საუკეთესო ბზა აფხაზებს შიდა სოფლებიდან ჩამოაქვთ. შავ ზღვასთან არცერთ სხვა ადგილას არ მოიპოვება ასეთი ლამაზი, ამხელა რაოდენობის და ასე კარგად მოსავაჭრებელი ბზა. ისინი მას მარილში ცვლიდნენ, წონას წონაზე: გენუელებმა, რომლებიც ამ ვაჭრობას ახორციელებდნენ, ბევრი რამ მოიგეს. მარილი მათ არაფერი უჯდებოდათ და სანაცვლოდ მოპოვებული ბზის ხე კონსტანტინოპოლში მიჰქონდათ, სადაც მას ძალიან სარფიანად ყიდდნენ. ,,ბზა“ (ბუსი), კასტროს შემდეგ მთავარი სავაჭრო იყო აფხაზეთის სანაპიროზე. 5. კასტრო 6. ნიკოფსია, (ავტორს ანაკოფიაში ეშლება): აქ დადიოდნენ სამშენებლო ხის მოსაძებნად. ბამბორის ირგვლივ ყველა პატარა ნავსადგურში ხალხი აქტიურად იყო დაკავებული ამ ვაჭრობით. ნიკოფსიის ბზის ბუჩქი ისეთივე ლამაზი და უხვი იყო, როგორც ბამბორის, მაგრამ რამდენადაც ტრანსპორტირება შესაძლო იყო მხოლოდ ადამიანის ზურგით, რამდენიმე ლიგის მანძილზე, ექსპორტის ეს პუნქტი გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო. 7. კატანშა 8. მურგულა 9. ლაქსოპოტამო 10. პორტო მინგრელო (სოხუმკალე): მეგრელთა პორტი ბევრ ვაჭრობას ეწეოდა, თუმცა ნავმისადგომი უსაფრთხო არ იყო. ტყით დაფარული მეგრელია გამოირჩეოდა მიწის ნაყოფიერებითა და მცენარეულობის სილამაზით. მაცხოვრებლები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ფუტკრის მოვლას და ამუშავებდნენ ბამბას, ტილოს, ბრინჯსა და ფეტვს, რაც მათ სანაცვლო ნივთებს აწვდიდა. ქვეყნიდან გაჰქონდათ ბზის ბუჩქი, ტყავი, თახვის ბეწვი და ზოგიერთი სხვა ბეწვეული.... ახალგაზრდა მეგრელ გოგონებს სილამაზის გამო ეძებდნენ. იტალიელ ვაჭრებს მეგრელიაში მოჰქონდათ თეთრეული, ქსოვილები, მარილი, იარაღი და ცხენების მოსართავები. 11. ჩიჩაბა: 12. ტამუსი 13. გოტო 14. კორტენდინა 15. მეგაპოტემო/ანაკრია: ბერძნული ჰერაკლეა, ნავსადგური პატარაა და საკმაოდ ცუდად მისადგომი, ხელმისაწვდომი მხოლოდ საშუალო ზომის ხომალდებისთვის. მეგაპოტემო გენუელებს ეპყრათ, რომელთაც ქალაქს შემოავლეს კარგი ქვის სიმაგრეები. ის წარმოადგენდა იმერეთთან ვაჭრობის საწყობს, ამ მცირე სამეფოს პროდუქცია არ განსხვავდებოდა მეგრულისგან და თითქმის იგივე საქონელი შემოდიოდა. კაფადან და კუნძულ ტამანიდან აქ დიდი ტვირთი შემოდიოდა დამარილებული და შებოლილი თევზის სახით. (შიენალი, ზუთხის ფილე). მეგაპოტემოს ფლობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იგი გენუელებს უხსნიდა მარტივ კავშირებს ქვეყნის შიდა ნაწილებთან. ვაჭრები მიდიოდნენ ქუთაისში, იმერეთის დედაქალაქში, საკმაოდ ფართო სავაჭრო ცენტრში. 16. ლიპოტიმო, ხობი (მდ. ხობის შესართავთან) ხომალდები აკითხავდნენ ამ ნავსადგურს, მაგრამ აქ ვაჭრობა ნაკლებ აქტიური იყო კლიმატის არახელსაყრელობის გამო. 17. ფასო ძველი ფაზისი, ციხე, რომელიც ტრაპიზონის იმპერატორს ეკუთვნოდა და აკონტროლებდა სამდინარო ნაოსნობას. (იგულისხმება, რომ სავაჭრო პრივილეგიები აქ ტრაპიზონის იმპერიას გააჩნდა, ისე როგორც ბათუმშიც, სადაც ქართველებმა და ტრაპიზონელებმა ალექსანდრე დიდის დროს რამდენიმე გენუური ხომალდი დააკავეს, ბ. ჭ.). აქ იყო საკმაოდ ცნობილი მონათა ბაზარი, საქართველოდან მოჰყავდათ ბევრი მონა, რომელთაც ვაჭრები თითქმის არაფრად ყიდულობდნენ და ეგვიპტეში დიდი მოგებით ჰყიდდნენ. ქართველი მონები ფასობდნენ. მთელ სანაპირო სიგრძეს , რომელიც კალოლიმენიდან ფაზისამდეა გადაჭიმული და დასერილია ყურეებითა და ნავმისადგომების რიგით, ბევრი კარგი ღუზის ჩასაშვები ადგილით, ძალიან ხშირად სტუმრობდნენ კაფელი მეზღვაურები. ჩერქეზებს, აფხაზებს და მეგრელებს ისევ ახსოვთ გენუელები, რომელთაც ჯენოვს ეძახიან. ისინი ამბობენ, რომ მათ სანაპიროებზე [გენუელებს] ჰქონდათ დაწესებულებები და მათ ძმებად თვლიდნენ. პალესტომო ძველი პალიასტომის ტბა, საკმაოდ ვრცელი და თევზით ძალიან მდიდარი. მეთევზეები, რომელნიც ბადეებს სტყორცნიან, თანამედროვე მოგზაურებს უამბობენ, რომ ტალღების ქვეშ გუმბათებსა და სვეტებს ხედავენ, ძველი, ჩაძირული ქალაქის ნაშთებს, ტრადიციის თანახმად მიწისძვრის შემდეგ (ჩაძირულს). 18. კასტრიზი (კინტრიში) 19. სან გირგორიო (გრიგოლეთი) 20. ვათი (ბათუმი) მდინარე ბათუსზე, არიანე საუბრობს. ვათის მხოლოდ ერთი, ღია ნავსადგური ჰქონდა, მაგრამ ის იყო ღრმა და საკმაოდ კარგად დაცული დასავლეთის ქარებისგან. ყველაზე დიდ გემებსაც კი შეეძლოთ აქ ღუზის ჩაშვება და ისინი ისე უსაფრთხოდ იყვნენ, როგორც საუკეთესო პორტებში. (გერმანელი რაინდი შიტლბერგერი სწორედ ბათუმის დიდი პორტიდან ცდილობდა ევროპაში დაბრუნებას, ბ. ჭ.). ვატის ირგვლივ მიწა ძალიან ნაყოფიერი იყო: იწარმოებოდა საკმარისი ხორბალი მოსახლეობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ბევრი ბრინჯი, რაც მათ საექსპორტო პროდუქციას აწვდიდა. აქედან გზა საქართველოს შიდა რეგიონებისკენ გადიოდა. ეს პროვინცია, მდიდარი სოფლის მეურნეობით, მისი ნახირებით და მრავალფეროვანი პროდუქციით, დიდ უპირატესობას იძლეოდა ვაჭრობაში. აქ მოიპოვებოდა კარგი ხარისხის აბრეშუმი, თუმცა სპარსულს ჩამოუვარდებოდა, მატყლი, დაწნული ბამბა, ზერდავასის (ტყის კვერნა) და ფოცხვერის ტყავი, ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ბეწვი, კამეჩების ტყავი, თაფლი და ცვილი - ქვეყნის მთავარი საქონელი. მონებით ვაჭრობა აქ თითქმის იმდენადვე მნიშვნელოვანი იყო, როგორც კირკასიაში. (შუა საუკუნეების ბათუმის შესახებ გადავაწყდი ერთ ძალიან საინტერესო, სხვა უცნობ წყაროს, ბათუმიდან ეგვიპტეში გადაყვანილი ქართველი მონები ცნობილია, რომ მამლუქები დგებოდნენ, პაპმა და იტალიურმა რესპუბლიკებმა ამისათვის ხელის შესაშლელად აკრძალეს ბათუმიდან იტალიური ხომალდებით ეგვიპტეში ქართველი ტყვეების ჩაყვანა, ბ. ჭიჭინაძე). 21. გონეა მდინარე ჭოროკის შესართავთან, უძველეს აკამპსისთან მდებარე გონეას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც საქართველოს ერთ-ერთ კარიბჭეს, მაგრამ ჰაერი იქ ძალიან არაჯანსაღი იყო და ვაჭრები, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ ამ ადგილებს, ამჯობინებდნენ ბათუმში წასვლას. გონეას მიწა ბრინჯის მეტს თითქმის არაფერს იძლეოდა (ვაჭრებისთვის).“ მეორე ნაწილი ეს სია სრული სულაც არ არის, მას აკლია ბევრი მნიშვნელოვანი ქართული საპორტო ქალაქი, მაგალითად ხუფათი იკმარებს, რომელიც ძველი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საზღვაო კარიბჭე იყო, ერთხანს ბიზანტიისგან დაკავებული, რომელიც ბაგრატ კურაპალატმა კატაპულტებით აიღო და გამოგლიჯა დამპყრობლებს. მიუხედავად ამ არასრული სიისა სახეზეა შუა საუკუნეების ოცზე მეტი პორტი საქართველოს ზღვისპირეთში, ეს გვიანშუასაუკუნეების პერიოდია, შედარებით დაცემის ხანა, დავითისა და თამარის ეპოქაში ამ პორტების ტვირთბრუნვა კიდევ უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, მაგალითად, ფოთიდან კონსტანტინოპოლში მიმავალი ხომალდები იმდენად დიდი და ძვირფასი საქონლით იყვნენ დატვირთული, რომ მათი დაკარგვისას იმპერატორმა ალექსი ანგელოზმა საგანგებო კომისია გამოყო გარიყული ხომალდების მოსაძებნად, გარდა ფოთი კონსტანტინოპოლის საზღვაო მარშრუტისა, არსებობდა კიდევ უფრო გრძელი, ფოთი კონსტანტინოპოლი იერუსალიმის დიდი საზღვაო გზა, რომელსაც ალ მაკრიზის მიხედვით ქართველები იერუსალიმის მოსალოცად მაშინ იყენებდნენ, როცა სახმელეთო გზები მუსლიმთაგან იყო ჩაკეტილი, იგივე მარშრუტი გამოიყენეს დავით ნარინის ელჩებმა ეგვიპტეში ჩასასვლელად 1260-წლებში, მაგრამ ტრიპოლთან ახლოს ქართველთა მეფის ელჩების გემი ჩაიძირა, ელჩები ტრიპოლის გრაფმა, ბოემუნდმა შეიპყრო, მათი წერილების გაჩხრეკის შემდეგ გაირკვა, რომ ქართველთა მეფე ეგვიპტის სულთან ბეიბარსს მონღოლთა წინააღმდეგ მოკავშირეობას სთავაზობდა. ბოემუნდი ბეიბარსის მტერი იყო და მონღოლთა მოკავშირე, ამიტომ, ეს მოციქულები და წერილი მონღოლებს გაუგზავნა. სულთანი ბეიბარსი უკიდურესად აღაშფოთა გრაფის ამ საქციელმა და შურის საძიებლად ტრიპოლის სანახები მოარბია... მე-12 საუკუნეში, ხლათთან გაფორმებულ ხელშეკრულებამდე ქართველებისათვის იერუსალიმისკენ მიმავალი სახმელეთო გზა შეზღუდული იყო, ეს კი სწორედ ის პერიოდია, როცა შოთა იერუსალიმში ჩადის, Selon tout vraisemblance ფოთი-კონსტანტინოპოლი-იერუსალიმის დიდი საზღვაო გზით, რომელიც იწყებოდა საქართველოს საზღვაო კარიბჭიდან - სავაჭრო ქალაქ ფოთიდან, ჩაუყვებოდა აღმ. შავიზღვისპირეთს თავის ,,ცოტასა, მარა ტურფასა“ ქალაქებით, შემდეგ გაივლიდა მცირე აზიის ჩრდილოეთ სანაპიროებთან, სადაც უმდიდრესი საზღვაო სავაჭრო ქალაქები მდებარეობდა, ვიდრე კონსტანტინოპოლამდე, საიდანაც დარდანელისა და ბოსფორის სრუტით გავიდოდა ხმელთაშუაზღვაში და ამჯერად მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროების არანაკლებ აყვავებულ სავაჭრო ქალაქებს ჩაუვლიდა, ბოლოს კი მიადგებოდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპირო ზოლს კიდევ უფრო აყვავებული და ხალხმრავალი ქალაქებით... მოკლედ, ეს ძალიან გრძელი საზღვაო გზა მოიცავდა მე-12 საუკუნის ყველაზე დიდ საზღვაო სავაჭრო ქალაქებს, წარმოიდგინეთ რამდენი ფერით უნდა გამდიდრებულიყო შოთას პოეტური სამყარო ამ მოგზაურობისას, სანამ იერუსალიმში ჩავიდოდა. მე-12 საუკუნის საქართველოს და შოთას პოეტური სამყაროს ფართო გეოგრაფიული თვალსაწიერი დიდწილად სწორედ ამ დიდი საზღვაო გზის შედეგია, რომელიც უზარმაზარსა და უმდიდრეს კულტურულ გამოცდილებას იძლეოდა. ბოლოს, ჩვენი საზღვაო ისტორიის კიდევ ერთი უცნობი, ძნელად წარმოსადგენი ამბავი, რომელზეც ჰყვებიან სირიელი ისტორიკოსები ალ-იუნინი და მუfადალი ქართველთა და სომეხთა მიერ ხომალდებით სირიული მოსახლეობის მასობრივ დეპორტაციაზე ევროპაში 1301- წელს ყაზან ყაენმა მისი მოკავშირე ქართველები (ვახტანგ მესამე) და სომხები (სისის უფალი) სირიელთა წინააღმდეგ გაგზავნა, ქართველებმა და სომხებმა აიღეს და გაძარცვეს უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი ალეპო (ჰალაბი), მისი უზარმაზარი მოსახლეობა კი დაამონეს და გადასხეს გემებზე, რის შემდეგაც ისინი ზღვით დასავლეთ ევროპაში ჩაიყვანეს გასაყიდად. ტყვეთა დიდი რიცხვის გათვალისწინებით შედგენილ იქნა ქართველ და სომეხ მებრძოლთა საზღვაო ესკორტიც, რათა ევროპაში მონათა გადაყვანა უსაფრთხოდ მომხდარიყო.