საერთაშორისო სკანდალი: მტრების საერთო ბიზნესი - რა ჩაიტანა რუსული ნოვოროსიისკიდან ამერიკულ ნორფოლკამდე გერმანულმა ტანკერმა?
რუსეთი და აშშ ლამისაა მამასისხლად გადაეკიდნენ ერთმანეთს და უკრაინის ფრონტზე ამერიკული „ჯაველინები“ რუსულ თანამედროვე ტანკებს წვავენ, ხოლო რუსული „ალიგატორები“ ამერიკულ „ბრედლებს“ აფეთქებენ და ყველაფერი ამის ფონზე... მოსკოვი ვაშინგტონს 50 ათასამდე ტონა ტვირთს პირდაპირი საზღვაო გადაზიდვით აწვდის!
გუშინ, 7 დეკემბერს, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნორფოლკის პორტში შევიდა გერმანული კომპანიის კუთვნილი ტანკერი AVENCA, რომელიც 13 ნოემბერს... რუსეთის შავი ზღვის ნოვოროსიისკის პორტიდან გამოვიდა 50 ათასი ტონა ტვირთით...
ამ ტანკერმა შეუჩერებლივ იცურა, გადალახა შავი ზღვა, ხმელთაშუა ზღვა, ატლანტის ოკეანე და ამერიკულ პორტში, სავარაუდოდ, ჩაიტანა 50 ათასი ტონა ნავთობროდუქტი, რაც უკვე დიდ გაკვირვებას იწვევს, რადგან ჯერ კიდევ 2023 წლის 5 თებერვალს რუსეთს დაუწესდა ემბარგო ნავთობპროდუქტების ექსპორტზე და აშშ და გერმანიაც ამ ემბარგოს დაწესების მთავარი მოთავეები იყვნენ.
ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაციები არკვევენ, თუ ზუსტად რა დასახელების ტვირთი ჩაიტანა ამ გერმანულმა ტანკერმა რუსეთიდან აშშ-ში პირდაპირი რეისით - ემბარგოს დაქვემდებარებული ნედლი ნავთი, მაზუთი ან დიზელის საწვავი თუ კარბამიდ-ამიაკის ნარევი ხსნარი, რომელიც მინერალურ სასუქში გადის და მასზე რუსული ნავთობის ემბარგოს შეზღუდვა არ ვრცელდება...
უფრო მეტ გაკვირვებას სხვა ფაქტი იწვევს - ამ გერმანულმა ტანკერმა, ფაქტობრივად, ერთმანეთს დააკავშირა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზა და აშშ-ის ფლოტის სამეთაურო ძალების ბაზირების ნორფოლკის სამხედრო-საზღვაო ბაზა! ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზა დღეს იფარებს იმ რუსულ ფრეგატებს, კორვეტებსა და დიზელისძრავიან წყალქვეშა ნავებს, რომლებიც „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დამანგრეველ საჰაერო დარტყმებს აყენებენ უკრაინის ქალაქებს (2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნოვოროსიისკის პორტიდან გამოსულმა რუსულმა ხომალდებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წინააღმდეგ ომში და დესანტიც გადმოსხეს) და რუსეთის უკრაინაზე სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი თვალსაჩინოებაა...
რაც შეეხება ნორფოლკის სამხედრო-საზღვაო ბაზას, ის მსოფლიოში უმსხვილესია და იქ დისლოცირებულია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-2, მე-4 და მე-6 ოპერატიული ფლოტების 75 სამხედრო ხომალდი, მათ შორის - 5 ატომური ავიამზიდი...
რაში უნდა დასჭირვებოდა ამერიკულ სამხედრო ფლოტს მაინცდამაინც რუსული ნავთობი, თუკი საბოლოოდ დადგინდა, რომ გერმანულმა ტანკერმა მართლაც ემბარგოდადებული რუსული ნავთობი ჩაიტანა და არა - მინერალური სასუქი?
„ვაშინგტონ პოსტის“ ამასწინდელი ჟურნალისტური გამოკვლევა მიუთითებდა იმაზე, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების, მათ შორის - სამხედრო ფლოტის დიდ მოთხოვნილებას, საწვავით უზრუნველყოფის სფეროში, ხშირად კმაყოფილდებოდა სწორედ... რუსული ნავთობროდუქტებით, რომლებიც ამერიკული ფრეგატების დიზელის ძრავებში დაწვამდე შემოვლითი გზით აღწევდნენ, როდესაც მეორე და მესამე პირი გადამყიდველი ამ რუსულ დიზელის საწვავს უკვე ქუვეიტურად თუ არაბულად ასაღებდნენ...
ამ „ჩახუჭუჭებული“ სქემებით, პირველ რიგში, მოგებული ისევ რუსეთი რჩება, რომელიც შეიძლება შედარებით იაფად ყიდის ამ ნავთობროდუქტებს, მაგრამ სამაგიეროდ - თავს აღწევს მასზე დაწესებული ემბარგოს შეზღუდვებს - შესაბამისად, კრემლის შემოსავალი ნავთობპროდუქტების გაყიდვით არათუ შემცირდა, საერთაშორისო ემბარგოს დაწესების შედეგად, არამედ - გაიზარდა კიდეც, რასაც კრემლი წარმატებით იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის გასაგრძელებლად...
თუკი დამტკიცდა, რომ რუსული ნოვოროსიისკიდან ამერიკულ ნორფოლკამდე გერმანულმა ტანკერმა მართლაც ემბარგოდადებული 50 ათასი ტონა რუსული ნავთობპროდუქტი ჩაიტანა, გამოვა, რომ ამერიკელები ერთი ხელით უკრაინას ეხმარებიან რუსი აგრესორების მოსაგერიებლად, ხოლო მეორე ხელით სწორედ ამ რუს აგრესორებს ამარაგებენ დოლარებით, რომ პუტინმა ომის გაგრძელება შეძლოს...