"ეს ფოტო განსაკუთრებულად მიყვარს" - რას ჰყვება ნანული სარაჯიშვილი ცნობილ ფოტოზე? - კვირის პალიტრა

"ეს ფოტო განსაკუთრებულად მიყვარს" - რას ჰყვება ნანული სარაჯიშვილი ცნობილ ფოტოზე?

"უნიჭიერესი გოგი ხარაბაძე, გია ფერაძე და ნანული სარაჯიშვილი...", - ამ წარწერით სოციალურ ქსელში უნიკალური ფოტო ხშირად ვრცელდება, რომელსაც განსაკუთრებულად ემოციური კომენტარებიც ახლავს...

როგორც აღმოჩნდა, ეს ფოტო ცნობილი მსახიობისთვის განსაკუთრებულად სანუკვარია და ამის შესახებ ნანული სარაჯიშვილი თავად გვესაუბრა:

- ეს ფოტო გასტროლებზე ყოფნის დროს არის გადაღებული... ძალიან კარგი, დაუვიწყარი საგასტროლო ტურნე გვქონდა რუსთაველის თეატრს სპექტაკლებით - „კავკასიური ცარცის წრე“ და „რიჩარდ მესამე“... უდიდესი წარმატება გვხდა წილად. იტალიაში და შვეიცარიაში ვიმყოფებოდით. საერთოდ ხომ წარმატებები რუსთაველის თეატრს მუდამ თან სდევდა, მაგრამ ეს გასტროლი კიდევ უფრო გამორჩეული იყო და ამიტომ ძალიან გახარებულები ვიყავით...

სამწუხაროდ, გოგი ხარაბაძე და გია ფერაძე აღარ არიან, მე ჯვარი მწერია და, ჯერჯერობით ვარ... ძალიან მიყვარს ეს ფოტო და, ალბათ, ხალხსაც, ინტერნეტში ხშირად ვრცელდება... ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად ვარ და ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. გია, პატარაობიდან მოყოლებული, ჩემი მეგობარი იყო, გოგი - ჩემზე უფროსი, მაგრამ მაინც ძალიან ვმეგობრობდით, თეატრში მთელი 30 წელი ერთად ვიყავით...

- თქვენ და გია ფერაძე - ორივენი ვერაზე გაიზარდეთ, როგორც ვერელები, მეგობრობდით?

- არა, ვერა არაფერ შუაში იყო, ჩვენი მშობლები იყვნენ ძალიან ახლოს და ჩვენც ბავშვობიდან დავახლოვდით... სკოლაში ერთად ვსწავლობდით, ინსტიტუტშიც და - ასე შემდეგ... მამამისი - ბიძინა ფერაძე ძალიან კარგი პიროვნება იყო, ინგლისურის სპეციალისტი გახლდათ, განათლების სამინისტროში მუშაობდა, ერთხანს განათლების მინისტრის მოადგილე იყო. მას ეკუთვნის სიმღერის ტექსტი - „ყვავილების ქვეყანა“...

ეს სიმღერა ყველას უყვარს, მაგრამ ბევრმა ტექსტის ავტორი არ იცის.

untitled-1702029686.jpg

გიას დედა - თინა ჟორჟოლიანი ცნობილი ჟურნალისტი იყო. როგორც იუმორისტი, ჟურნალ „ნიანგში“ მუშაობდა, შემდეგ - ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში...

- ძალიან ბევრ ქვეყანაში ყოფილხართ ერთად, გასტროლებზე...

- დიახ... რუსთაველის თეატრის გასტროლებით მთელი მსოფლიო მოვიარეთ, ერთადერთი, ჩინეთში და იაპონიაში არ ვყოფილვართ. ზოგიერთ ქვეყანაში ორჯერაც მოგვიხდა ჩასვლა, მაგალითად - მექსიკაში, იტალიაში, შვეიცარიაში...

მახსოვს, „რიჩარდ მესამე“ ბრიტანელებმა რომ ნახეს, რამაზ ჩხიკვაძეზე თქვეს, ბრიტანელებს გვასწავლა, როგორ უნდა ვითამაშოთო... საოცრებად აღიარეს...

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ფოტო განსაკუთრებულად ძვირფასია, ყოველივე საუკეთესოს მაგონებს და ჩვენი ან სპექტაკლის შესახებ თუ სადმე რამე გადაცემა მიდის, ძალიან ხშირად ტრიალებს. მეც ვუყურებ და მახარებს.

(სპეციალურად საიტისთვის)