"წყალში გადაყრილად მივიჩნევ მილიონებს, რომელიც ბიუროკრატიული აპარატის და ჩინოვნიკების შენახვაში დაიხარჯა" - PISA-ს "განაჩენი" და თანამედროვე ქართული სკოლის პრობლემები - კვირის პალიტრა

"წყალში გადაყრილად მივიჩნევ მილიონებს, რომელიც ბიუროკრატიული აპარატის და ჩინოვნიკების შენახვაში დაიხარჯა" - PISA-ს "განაჩენი" და თანამედროვე ქართული სკოლის პრობლემები

ჩვენი საზოგადოება ძალზე შეაშფოთა "მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის" (PISA) კვლევამ, რომლის მიხედვით, 2015-2022 წლებში ქართველი მოსწავლეების შეფასება გაუარესებულია. უკუსვლა აშკარაა მათემატიკაში, წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ამავე კვლევაში, შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოზე უკეთესი შედეგი აქვთ ყაზახეთს, მონღოლეთს და გვატემალას, ხოლო ყველაზე მაღალი შეფასებები - ჩინეთის, სინგაპურის, ესტონეთის და იაპონიის მოსწავლეებმა მიიღეს.

რას უნდა დავაბრალოთ PISA-ს კვლევის უარყოფითი მაჩვენებლები? - ეს შეკითხვა მშობლებს და პედაგოგიკის სფეროს მუშაკებს დავუსვით.

თეონა მიქაძე - მშობელი:

- ჩემი შვილი მე-10 კლასშია და რომ ვაკვირდები, რამდენად ზერელედ ეკიდება სკოლას და გაკვეთილებს, გაოცებული ვრჩები! არადა, 2-3 წლის წინ ძალიან კარგად სწავლობდა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი სახლმძღვანელოებია, სადაც თითქმის ყველაფერი "ვიკიპედიიდან" არის კოპირებული და გადმოტანილი. ნათარგმნი ტექსტები, ხომ, საერთოდ საშინელებაა! ამ ტექსტებს რომ ვკითხულობ, სულაც არ მიკვირს, ჩვენი ბავშვები წაკითხულის შინაარსს რომ ვერ იგებენ. არა მარტო სახელმძღვანელოები, მასწავლებლების ცოდნა და კომპეტენციაც კრიტიკას ვერ უძლებს. ჩემს ბავშვობაშიც ასე იყო და დღესაც არაფერი შეცვლილა: სკოლაში მხოლოდ რამდენიმე მასწავლებელია, რომლის საგანს ბავშვები კარგად სწავლობენ, სხვა საგნებს კი - ზერელედ ეკიდებიან. ამის კომპენსაციას მშობლები რეპეტიტორებით ცდილობენ - პირველი კლასიდანვე მიჰყავთ ბავშვები რეპეტიტორებთან და ფიქრობენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება ან კერძო სკოლაში გადაჰყავთ და ძალიან ძვირ გადასახადს იხდიან. შეიძლება ეს ყველაზე კარგი გზაა, მაგრამ რა ვქნათ ჩვენ, ვისაც რეპეტიტორების და კერძო სკოლის ფული არა გვაქვს? ახლა ამბობენ, რომ საშინაო დავალებები და საკონტროლო წერაც უნდა გაუქმდეს, უფრო სწორად, ყველაფერი სკოლამ უნდა გადაწყვიტოსო... ამდენი წელია, გვიმტკიცებენ, რეფორმებს ვატარებთო, მილიონებს ხარჯავენ, მაგრამ შედეგი ნულის ტოლია, ამიტომ ნებისმიერ მშობელს აწუხებს შეკითხვა - ვინ და რატომ უკარგავს ჩვენს შვილებს მომავალს?!

ანა, მასწავლებელი:

- თუ სიმართლეს გეტყვით, ცხადია, ჩემს ვინაობას ვერ გავამხელ: ის, რაც ბოლო 20 თუ 30 წელიწადია, განათლების სისტემაში ხდება, რეფორმა კი არა, უთავბოლო ექსპერიმენტია, რომელსაც, პირველ ყოვლისა, მასწავლებლების და ბავშვების ინტერესები ეწირება. ეს სისტემური პრობლემაა და მარტო მასწავლებელი ვერაფერს გახდება, რადგან ბავშვისთვის შენიშვნის მიცემის უფლებაც აღარ აქვს. ვისაც არ ეზარება, ყველა მასწავლებლის ავტორიტეტს აკნინებს. ზოგიერთი მშობელიც ყველაფერს ჩვენ გვაბრალებს, არადა, მათ შვილს საყვედური ხმამაღლა რომ უთხრა, შეიძლება პირად მტრად გამოგაცხადოს და დირექტორთან ან უფრო "ზემოთ" გიჩივლოს... გამოცდებს და ტესტირებებს ხომ ბოლო არ უჩანს! ზოგჯერ, ამ გამოცდებში გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგებიც ვერ იმარჯვებენ, რადგან ბავშვების სიყვარულს მშრალი ციფრების ცოდნით ან ტესტების სწორად შევსებით ვერ მოიპოვებ, მასწავლებლობა სულ სხვა ნიჭია! როდესაც მასწავლებელი დათრგუნვილი და უუფლებოა, დამერწმუნეთ, ის ბავშვებს სათანადო ცოდნას ვერ გადასცემს. აუცილებლად უნდა ითქვას მინიმალურ ანაზღაურებაზე, რომელზეც ათასობით პედაგოგი მუშაობს. ამ სფეროში კიდევ უამრავი პრობლემაა, რომელსაც ერთ სტატიაში ვერც ჩამოვთვლით და ვერც ამოვწურავთ.

თამარ მოსიაშვილი - განათლების მკვლევარი:

- საერთაშორისო კვლევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართველი მოსწავლეების შედეგები ნამდვილად არ არის სახარბიელო... საკითხავია, რატომ არ უმჯობესდება ეს შედეგები? დეტალური ინფორმაცია რომ მოვიძიოთ, ვნახავთ, რომ სოციალური ფაქტორი ამ საკითხში გადამწყვეტია: განსხვავება სოფლის, ქალაქის ან კერძო სკოლის მოსწავლეებს შორის ძალიან დიდია. თუ ოჯახს კარგი მატერიალური მდგომარეობა და ნორმალური შემოსავალი აქვს, ეს პირდაპირ აისახება ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე. ამიტომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება სოციალურ ფენებს შორის მზარდ უთანასწორობას. ბავშვები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, გაცილებით ცუდად სწავლობენ, ვიდრე ისინი, ვისაც სწავლისთვის კარგი პირობები აქვს.

გადაუწყვეტელია სკოლების ავტონომიურობის საკითხიც: სკოლას დიდი დრო და ადამიანური რესურსი სჭირდება, რომ სამინისტროდან მოსული დავალებები შეასრულოს. მასწავლებელზე ძალიან ბევრი რეგულაცია ვრცელდება, რაც მისი თავისუფლების ხარისხსაც აქრობს. ერთადერთი პოზიტიური ცვლილება, რომელსაც ბოლო წლებში ვხედავთ, მასწავლებელთა ხელფასების ზრდაა, თუმცა სახელფასო პოლიტიკა სკოლებში აშკარად გადასახედია. ასევე, დადებითი ამბავია სკოლების რეაბილიტაციაც: რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სკოლა აღდგენილი და გარემონტებულია, მაგრამ ასეთი სკოლების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სკოლების რეაბილიტაციასა და აშენებაზე თანხა უნდა დაიხარჯოს, მაგრამ მე წყალში გადაყრილად მივიჩნევ მილიონებს, რომელიც ბუნდოვან ინიციატივებში, ცენტრალიზებულ ტრენინგებში, ბიუროკრატიული აპარატის და ჩინოვნიკების შენახვაში დაიხარჯა - დიახ, ეს დაკარგული და წყალში გადაყრილი თანხაა!

ჩემთვისაც უთქვამთ და თქვენც გაიგონებთ საყვედურს იმის გამო, რომ მე-12 კლასელების უმეტესობა სკოლაში კი არა, რეპეტიტორებთან დადის. ესეც ძველი პრობლემაა: მე ვიცნობ ხალხს, რომელთაც სკოლა 1960-იან წლებში დაამთავრეს და რეპეტიტორთან ემზადებოდნენ, სხვათა შორის, მეც ვემზადებოდი და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. რაც შეეხება ცუდ სახელმძღვანელოებს, საერთოდ, კარგი მასწავლებელი სახელმძღანელოზე არასდროს წუწუნებს, რადგან მისთვის სახელმძღვანელო ერთ-ერთი რესურსია და არა - ერთადერთი. იდეალური სახელმძღვანელო ბუნებაში არ არსებობს, მთავარია, როგორ იყენებს მასწავლებელი უახლეს ტექნოლოგიებს. მას შეუძლია ინფორმაცია სულ სხვა წყაროებიდან მოიძიოს და ბავშვს ისე აუხსნას, რომ მისთვის ყველაფერი გასაგები გახდეს.

- დიდი კამათი მოჰყვა ინფორმაციას, რომ საშინაო დავალებების საკითხი სკოლებმა უნდა გადაწყვიტონ.

- ჩემი აზრით, ეს კარგი ინიციატივაა, რომელიც მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გაახმოვანა. არ შეიძლება ერთმა უწყებამ დეტალურად განსაზღვროს, რამდენი საშინაო დავალება უნდა დაწეროს ბავშვმა ან რა სახის უნდა იყოს ეს დავალება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია სკოლაზე, საგნის სპეციფიკაზე და იმ მეთოდებზე, რომლითაც მასწავლებელი ასწავლის. ამიტომ კარგია, თუკი სკოლას თავად შეუძლია გადაწყვიტოს, მოსწავლემ საშინაო დავალება დაწეროს თუ პრეზენტაცია მოამზადოს. დიახ, სკოლამ უნდა გადაწყვიტოს შეფასების მოდელი, სწავლების მეთოდები და სამინისტროს ყველაფერზე ანგარიში აღარ უნდა ჩააბაროს - ჩემი აზრით, ეს წინგადადგმული ნაბიჯია. რასაკვირველია, სასკოლო პროცესი წარმოუდგენელია საშინაო დავალების, საკლასო სამუშაოს და შემაჯამებელი დავალების გარეშე, რომელსაც ადრე საკონტროლო წერას ვეძახდით. ეს ყველაფერი სასწავლო პროცესის ნაწილია, მაგრამ როდესაც სამინისტრო ამბობს, რომ ის არ განსაზღვრავს, რამდენი დავალება უნდა დაწეროს ბავშვმა ან რა ფორმით უნდა დაწეროს, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა.

სად არის გამოსავალი დღევანდელი სიტუაციიდან? მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი სკოლის დამოუკიდებლობაშია: ვიდრე სკოლა დამოუკიდებელი არ იქნება, ვერც ერთ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ. როდის შევატყობთ, რომ მდგომარეობა გამოსწორდა? - მაშინ, როდესაც სკოლის ყველაზე წარმატებული ბავშვები თავიანთ სკოლებში პედაგოგებად დაბრუნდებიან. სწორედ ასე ხდება ფინეთში, რომლის განათლების სისტემა ყველას ასე მოგვწონს: იქაურ სკოლებში მასწავლებლებად იმავე სკოლის საუკეთესო მოსწავლეები მიდიან, რომლებმაც პედაგოგის განათლება მიიღეს. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენთან ეს იშვიათად ხდება.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)