"Remember me at my best - მითხრა ერთხელ ზურაბმა" - ზურაბ ჟვანია 60 - კვირის პალიტრა

"Remember me at my best - მითხრა ერთხელ ზურაბმა" - ზურაბ ჟვანია 60

ზურაბ ჟვანია - 60

„ბატონი ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი დიდი ინტელექტით მაგრამ, ამავე დროს, დიდი რწმენით. ის იყო მუდამ პირველი, პირველი აზროვნებაში, პირველი სიკეთეში, სიკეთის კეთებაში და აი, დღესაც ბატონი ზურაბ ჟვანია არის პირველი ამ ახლად აშენებულ ტაძარში, ის პირველი დაესვენა აქ, ამ წმინდა ტაძარში, ალბათ ესეც არის ნიშანი ღვთისა, რომ იგი ახლოსაა უფალთან“, თქვა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ ზურაბის დაკრძალვის დღეს, 2005 წლის 6 თებერვალს, სამების საკათედრო ტაძარში.

ზურაბ ჟვანია 1975 წლის გვიან შემოდგომაზე გავიცანი: გაიღო ჩვენი სამუშაო ოთახის კარი და კოჭლობით შემოვიდა პატარა ბიჭი (ჯერ 12-ის არ იყო), ჯოხს ეყრდნობოდა სიარულისას. სკოლის ჩანთა ეჭირა და წიგნებით სავსე ცელოფანის პარკი. ,,ეს ჩემი შვილია, ზურაბი’’, გვითხრა თანამშრომლებს ბესარიონ (ბუსა) ჟვანიამ, შესანიშნავმა ფიზიკოსმა - ექსპერიმენტატორმა, დასვა ზურაბი თავის საწერ მაგიდასთან და გავიდა დანადგარების დარბაზში. ზურაბმა კი ცელოფანის პარკიდან წიგნები ამოიღო (აშკარად კლასგარეშე წასაკითხი) და კითხვას შეუდგა. ჩანდა, რომ კითხულობდა ტექსტს დიდი ინტერესით და ყურადღების სრული კონცენტრაციით. მახსოვს, პირველი წიგნის კითხვა მალე დაასრულა, და მეორე წიგნის კითხვას შეუდგა.

წარმოიდგინეთ, მაშინ, 1975 წელს, ბრეჟნევის ეპოქის სტაგნაციის პირობებში, ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, რომ 16 წლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდებოდა, ეს პატარა ბიჭი კი დამოუკიდებელი საქართველოს გამოჩენილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე იქნებოდა; ნაწილობრიბვად მაინც აისრულებდა თავის ოცნებას და 33 წლის ასაკში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების დღეს, 1997 წლის 27 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში წარადგენდა ჩვენს სამშობლოს და წარმოთქვამდა ისტორიულ სიტყვას, რომლის ერთი წინადადება ,,მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი’’, მოარულ, დიდი სიმბოლური მნიშვნელობის ფრაზად იქცეოდა! თან ისიც რომ დაეყოლებინათ, რომ სამიოდე თვის განმავლობაში მე მისი პირველი მოადგილე ვიქნებოდი (ვარდების რევოლუციის შემდეგ პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე ზურაბი სახელმწიფო მინისტრი იყო). ჭეშმარიტად, რეალური მოვლენები ზოგჯერ ბევრად აღემატება ჩვეულებრივი ადამიანების ყველაზე გაბედულ ფანტაზიებსაც კი. მაგრამ ზურაბ ჟვანია ჩვეულებრივი ადამიანი ნამდვილად არ იყო...

ზურაბის კოჭლობის ამბავი დედამისისგან, ქალბატონ რემასგან ვიცოდი. ზურაბს კეთილთვისებიანი კისტა განუვითარდა თეძოს ძვალზე. შემთხვევა იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ ექიმები თავიდან ონკოლოგიურ ბუნებას არ გამორიცხავდნენ და აკადემიკოსმა ილიზაროვმა მოსკოვში ორი ოპერაცია გაუკეთა. რემა ყვებოდა, რომ პირველი ოპერაციის შემდეგ ზურაბი მშვიდი იყო, მაგრამ თითქმის არ ელაპარაკებოდა მას. ეტყობოდა, რომ სულ რაღაცაზე ფიქრობდა. მოგვიანებით გამოუტყდა, რომ როდესაც ოპერაციის შემდეგ ნარკოზიდან გამოვიდა და მრავალადგილიან პალატაში გადაიყვანეს, უფროსმა ბიჭებმა მისალმების ნაცვლად მიახალეს: «Грузин, у тебя саркома, ты скоро умрешь» (ქართველო, სარკომა გჭირს, მალე მოკვდები). ზურაბმა გადაწყვიტა არ გაემხილა ეს მშობლებისათვის და მარტო ემზადებოდა სიკვდილისათვის. მოწმე ვარ იმისა, რომ არც ამ შოკმა, არც შემდგომ, პოლიტიკურ ასპარეზზე მიღებულმა მრავალმა შეურაცხყოფამ, ცილისწამებამ და პოლიტიკურმა დევნამ არ გააბოროტა ზურაბ ჟვანია. იმასაც ვადასტურებ, რომ ზურაბი გამოირჩეოდა დიდი ინტელექტით, მაგრამ, ამავე დროს, დიდი რწმენით. მისმა უწმინდესობამ შემთხვეთით როდის თქვა ,,მაგრამ, ამავე დროს...’’. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე საქართველოში, თუ საქართველოს გარეთ სულ რამდენიმე ადამიანი შემხვდა, რომელიც ზურაბივით დიდ ინტელექტს და დიდ წრმენას ბუნებრივად, ჰარმონიულად ითავსებდა და ყველა მათგანი ჩემზე უფროს თაობას მიეკუთვნებოდა.

ზურაბი ძალიან კარგ წრეში იზრდებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ მშობლების გავლენის გარდა, მასზე დიდი და უაღრესად დადებითი გავლენა ჰქონდა ბიძამისს, გამოჩენილ მწერალს და სცენარისტს ერლომ ახვლედიანს, ასევე ღრმად მორწმუნე ადამიანს. ზურაბის მოზარდობის წლებში იყო პერიოდი, როცა იგი ნამდვილი სულიერი შვილი იყო ბატონ ერლომისა, მშობლები კი დარდობდნენ, რომ ზურაბი შეიძლება საეკლესიო ცხოვრებას დასდგომოდა. გადიოდა წლები და სიხარულით ვგებულობდი, რომ ზურაბი უნიჭიერეს მოსწავლედ აღიარეს სკოლაში. მახსოვს, როგორი სიყვარულით და აღტაცებით ყვებოდა მასზე მისი კლასის დამრიგებელი, ცნობილი პედაგოგი ნათელა გამყრელიძე, რომელსაც ზურაბი ყურადღებას არ აკლებდა თავისი სიცოცხლის ბოლომდე. უნივერსიტეტში კი ბიოლოგიის პროფესორები ალაპარაკდნენ ზურაბზე, როგორც მომავალ ვარსკლავზე - ის ახალ იდეებს გენერირებდა და ჯერ კიდევ სტუდენტმა შეძლო ცხოველთა ქცევის შემსწავლელი (ეტოლოგიის) ლაბორატორიის შექმნა. რამდენადაც ვიცი, ეს იყო ამ პროფილის პირველი ლაბორატორია საბჭოთა კავშირში. მისი შექნისას ზურაბს თავის მეგობრებთან ერთად საბჭოურ ბიუროკრატიასთან მოუწია ჭიდილი და მაშინ გამოჩნდა მისი ორგანიზაციული ნიჭი და ლიდერის უმნიშვნელოვანესი თვისება: მას შეეძლო ენთუზიაზმი აღეძრა ადამიანებში და მოტივაცია შეექმნა მათთვის.

ზურაბმა თსუ 1985-ში დაამთავრა. სსრკ-ში დაწყებული იყო ,,საჯაროობის და გარდაქმნის’’ კამპანია, რაც ახალ შესაძლებლობებს წარმოშობდა. იმავე, 1985 წელს ზურაბმა მეგობრებთან ერთად დაარსა საქართველოს ეკოლოგიური ასოციაცია. საოცარი ენერგიით მუშაობდა, ცდილობდა სრულიად საქართველოს ეკოლოგიური პრობლემები შეესწავლა, თანაგუნდელებთან ერთად ეძებდა ამ პრობლემების მოგვარების გზებს. სწორედ მაშინ ჩამოუყალიბდა აზრი სამხრეთ და ჩრდილო კავკასიაზე, როგორც ერთიან და უნიკალურ ეკოსისტემაზე, რომლის მოვლა მხოლოდ კავკასიელების გაერთიანებული ძალისხმევით იქნებოდა შესაძლებელი; ფიქრობდა იმ როლზე, რომელიც ბუნებრივად ეკუთვნოდა საქართველოს კავკასიის საერთო სახლში; ოცნებობდა იმაზე, რომ საქართველო ყოფილიყო კავკასიის კულტურული და სამეცნიერო ცენტრი. 1988 წელს, ეკოლოგიური ასოციაციის ბაზაზე, ზურაბმა მეგობრებთან ერთად შექმნა ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა’’, რომლის თავმჯდომარედ ერთხმად ზურაბი აირჩიეს. აქედან დაიწყო ზურაბ ჟვანიას გასვლა საერთშორისო ასპარეზზე. ზურაბი მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროპელ მწვანეებთან, ხშირად გამოდიოდა კონფერენციებზე ევროპაში; მისი ყოველი გამოსვლა ევროპელი კოლეგებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, მან სწრაფად დაიმკვიდრა ლიდერის სახელი და 1992 წელს ევროპის ,,მწვანეთა’’ თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ევროპის მწვანეებმა თანათავმჯდომარედ აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ქვეყნის წარმომადგენელი! (გასათვალისწინებელია, რომ მაშინ ბევრი ევროპელი საერთოდ არ სცნობდა საქართველოს ევროპაში მდებარე ქვეყნად). ამრიგად, 29 წლის ასაკში, ზურაბ ჟვანია გახდა პირველი ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც საერთაშორისო სახელი და აღიარება მოიპოვა არა როგორც კომუნისტურ წყობასთან მებრძოლმა და რეპრესირებულმა დისიდენტმა, არამედ როგორც ევროპულ პოლიტიკაში ჩაბმულმა კონსტრუქციულმა პოლიტიკოსმა.

საქართველოს მწვანეებმა დაგმეს 1991 წლის დეკემბრის ძალადობრივი მოქმედებები თბილისში. საერთოდ, მწვანეები თანამიმდევრულად გამოდიოდნენ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ, პირადად ზურაბისათვის ძალადობა პრინციპულად მიუღებელი რამ იყო. ზურაბ ჟვანია სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდა და ცდილობდა საქმიანი, კონსტრუქციული მიდგომები დაემკვიდრებინა იმ სიურრეალისტურ სიტუაციაში. მინდა გავიხსენო ერთი ეპიზოდი. პუტჩის შემდეგ, მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერები (,,აღზევებული ლექი’’, როგორც უწოდა მათ მწერალმა ვაჟა გიგაშვილმა) განურჩევლად მათი პოზიციისა, ჩადიოდნენ მოსკოვში და კონფიდენციურად, ერთი-ერთზე, ხვდებოდნენ ედუარდ შევარდნაძეს. როგორც ჩანს ყველა მათგანს ესმოდა, რომ შექმნილი ჩიხიდან გამოსვლა და საკუთარი თავების გადარჩენაც შეუძლებელი იყო იმხანად მთელ მსოფლიოში უაღრესად პოპულარული პოლიტიკოსის გარეშე. შევარდნაძის ერთგული თანაშემწე თეიმურაზ სტეპანოვი მიყვებოდა, რომ ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ სასოწარკვეთილი შევარდნაძე ეუბნებოდა მას, რომ საქართველო დაიღუპებოდა ამ გიჟების და/ან ყაჩაღების ხელში და ის ვეღარაფერს უშველიდა ქვეყანას და ქართველ ხალხს. ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა შეხვედრა ზურაბთან, რომელიც თბილისში შედგა, შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ,,თვალებს ვერ ვუჯერებდი’’, მიყვებოდა სტეპანოვი, ,,ჟვანიას წასვლის შემდეგ დამიძახა ედუარდმა, შევედი და კარგ ხასიათზე დამხვდა. იღიმოდა. ძალიან კარგი ბიჭი ჩანს, მითხრა. თავისი გუნდიც ჰყოლია. ახალგაზრდებიც არიან და ცნობილი ინტელიგენტებიც. ეტყობა მთლად გლახად არ არის საქმე!’’ საქმე კი ძალიან ,,გლახად’’ იყო. დღესაც მიკვირს, როგორ მოხერხდა ჭეშმარიტად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება 1992 წლის ოქტომბერში, აფხაზეთში მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტის, განუკითხაობისა და საზოგადოების მაშინდელი პოლარიზაციის პირობებში. ზურაბ ჟვანიას წინადადებით არჩევნები ე.წ. პრეფერენციული სისტემით ჩატარდა. ამომრჩეველს მიეცა საშუალება ბიულეტენში აღენიშნა არა ერთი პარტია, არამედ რამდენიმე, იმის ჩვენებით, თუ რომელ პარტიას აყენებდა პირველ ადგილზე, რომელს მეორეზე და ა.შ. ამან დიდად შეუწყო ხელი მაშინ არსებული პოლიტიკური დაჯგუფებების პარლამენტში სრულყოფილ წარმოდგენას. საქართველოს მწვანეები არც ერთ ბლოკს არ შეუერთდნენ, მარტო გავიდნენ არჩევნებზე და მხოლოდ ერთი ადგილით ნაკლები მოიპოვეს ,,ეროვნულ დემოკრატებთან’’ შედარებით. ეს დიდი წარმატება იყო პარტიისათვის, რომელიც არ კადრულობდა რადიკალური და ნაციონალისტური ლოზუნგებით პოპულარობის მოხვეჭას. ზურაბ ჟვანია ,,მწვანეთა ფრაქციის’’ თავმჯდომარე გახდა.

მოკლე წერილში შეუძლებელია ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეობის სრულყოფილად აღწერა. მოვიყვან მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს, რომელიც, ჩემი აზრით, მკაფიოდ წარმოაჩენს მის მოღვაწეობას და ადამიანურ თვისებებს.

მწვანეთა ფრაქციაში ყველა თაობა იყო წარმოდგენილი, მეგობრული ატმოსფერო სუფევდა, ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავისუფალი, კოლეგიალური მსჯელობის შედეგად ვიღებდით. არაა გასაკვირი, რომ ცოტა ხანში რამდენიმე პარლამენტარმა მოისურვა ჩვენს ფრაქციაში გაწევრიანება და ფრაქციის შემადგენლობა გაიზარდა. ზურაბი არა მარტო ყველას აძლევდა სიტყვით გამოსვლის საშუალებას, არამედ კიდევაც მოითხოვდა ამას ფრაქციის წევრებისაგან. ფრაქციის შიდა სხდომებზე მოითხოვდა ყოველი აზრის არგუმენტებით დასაბუთებას. თავის ყოველ გამოსვლას გვითანხმებდა, ერთგვარ რეპეტიციებსაც აწყობდა. ხშირად ფრაქციის სამუშაო შეხვედრები მწვანეების ოფისში, მუშტაიდში იმართებოდა და განსახილველი თემების შინაარსიდან გამომდინარე შეხვედრებში შესაბამისი დარგების წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ზურაბი ზრუნავდა იმაზე, რომ სპეციალისტები მაქსიმალურად ყოფილიყვნენ ჩართულები პარლამენტში განსახილველი საკითხების მომზადებაში. პოლიტიკისადმი ასეთი პროფესიონალური და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით ჩვენი ფრაქცია ნამდვილად გამორჩეული იყო მაშინდელ პარლამენტში. ზურაბის წყალობით მალე მთელმა ფრაქციამ კარგი სახელი დავიმკვიდრეთ დიპლომატიურ კორპუსში. მახსოვს ჩვენი ფრაქციის შეხვედრა აშშ–ის დელეგაციასთან. სტუმრები მანამდე სხვა ფრაქციებს შეხვდნენ. კარგი შეხვედრა გაიმართა და რაღაც მომენტში აღტაცებულებმა გვითხრეს, რომ საქართველოსთვის ბედნიერებაა, რომ ჩვენნაირი ბრწყინვალე პარლამენტარები ჰყავს. ამაზე ზურაბმა დიდი მადლობა უთხრა და დასძინა ,,მეორე მხრივ ქვეყნისთვის ტრაგედიაა, რომ საკმარისია უბრალოდ ნორმალური ადამიანი იყო, რომ ასეთი შეფასება დაიმსახურო’’.

აფხაზეთში სისხლიანი კონფლიქტი მძვინვარებდა. ზურაბის ხელმძღვანელობით მწვანეებმა დაიწყეს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება და აფხაზეთში გაგზავნა; ფრაქციის წევრები ფრონტის ხაზამდე მიჰყვებოდნენ ამ ტვირთებს. ზურაბი, სხვებთან ერთად, თვითონ ჩადიოდა სოხუმში და სხვა ადგილებში. იხტიბარს არ იტეხდა, ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ სოხუმი არ დაეცემოდა. სოხუმის დაცემისა და სამოქალაქო ომის ცხელ ფაზაში გადასვლის შემდეგ დაარწმუნა შევარდნაძე, რომ ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელი იყო მძლავრი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა. ამას ადრეც ეუბნებოდა, თანაც არწმუნებდა, რომ შევარდნაძე თვითონ უნდა ყოფილიყო ასეთი პარტიის თავმჯდომარე. შევარდნაძეს ეს არ უნდოდა, ,,ხალხი ჩემზე იტყვის, კომუნისტური პარტიის აღორძინება მოინდომაო’’, ამბობდა და რესურსაც ვერ ხედავდა ქვეყანაში ქმედითი პარტიის შესაქმნელად. სოხუმის დაცემის შემდეგ კი დათანმხდა და 1993 წლის ნოემბერში დაფუძნდა საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ), რომლის ნომინალური თავმჯდომარე შევარდნაძე გახდა, ხოლო რეალური ლიდერი და ორგანიზატორი ზურაბ ჟვანია. ზურაბის ინიციატივით სმკ-ში გაერთიანდნენ ცნობილი მოღვაწეები, მეცნიერები, ხელოვანები, დიდი საწარმოების ხელმძღვენელები, საზოგადოებაში პოპულარული და გავლენიანი თბილისელები. დაუღალავი შრომის ფასად (ხშირად ისეთ ადამიანებს ხვდებოდა, რომ მეგონა, რომ მათთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ჰქონდა და დროის ფუჭი კარგვა იყო), ზურაბმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქვეყნისათვის საბედისწერო წლებში (1993-99) სმკ-მ ჭეშმარიტად ისტორიული როლი შეასრულა ქვეყნის სტაბილიზაციაში, მართლწესრიგის აღდგენასა და ძირეული რეფორმების გატარებაში. მწვანეების ფრაქცია პირველი იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა სოხუმის დაცემის შემდეგ შევარდნაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების შესახებ. თავდაპირველად ეს ფრაქციის არც ერთ წევრს არ უნდოდა. ზურაბისთვისაც ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება. ,,შენ არ მონაწილეობდი 80-იანი წლების პროცესებში, არ დადიოდი მიტინგებზე ეროვნული დროშებით ხელში, არ შეგიძლია წარმოიდგინო, რას ნიშნავდა ემოციურად ეს ჩვენთვის, როგორი სიმბოლოა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ბალტიის ქვეყნებთან ერთად მხოლოდ საქართველო არ არის დსთ-ის წევრი!’’, მეუბნებოდა ზურაბი. მაგრამ აშშ (პირადად ბილ კლინტონი), ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და დასავლეთის სხვა პარტნიორები დაჟინებით ,,ურჩევდნენ’’ შევარდნაძეს შეეყვანა ქვეყანა დსთ-ში, და აცხადებდნენ, რომ ამის შემდეგ ხელები გაეხსნებოდათ საქართველოსათვის მეტი დახმარების გასაწევად (რაც მერე შეასრულეს კიდევაც). ალტერნატივა კი საქართველოს სრული დანაწევრება იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მომზადებული საიდუმლო გეგმით, რომელსაც ავტორებმა ,,კარუსელი’’ უწოდეს. ზურაბმა გააცნობიერა, რომ ამ ვითარების შეცვლა შეუძლებელი იყო, რომ საჭირო იყო სინამდვილესთან შეგუება და ფრაქციის წევრებიც დაარწმუნა ამაში. არადა ძალიან არ უყვარდა და ყოველთვის უჭირდა მისთვის არასასურველ სინამდვილესთან შეგუება. ასეთ დაბრკოლებასთან შეჯახება მუდამ იწვევდა მასში სინამდვილესთან შებრძოლებისა და მისი შეცვლის სურვილს - ეს ყველა რეფორმატორი პოლიტიკოსის აუცილებელი თვისებაა და სწორედ ამ თვისებამ დიდ ნიჭთან ერთად შეაძლებინა ზურაბს ბევრი რამ სასიკეთოდ შეეცვალა ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ პოლიტიკის ქმნა შეუძლებელია კომპრომისის გარეშე და ზურაბი სწავლობდა პოლიტიკური კომპრომისის ხელოვნებას. 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია; თავისი შედეგებით ეს ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა გახდა ჩვენი ერისათვის. ზურაბ ჟვანიამ დიდი წვლილი შეიტანა კონსტიტუციის მომზადებაში და მნიშვნელოვან კომპრომისზე წავიდა. ზურაბი, ბევრი პროფესიონალი კონსტიტუციონალისტის მსგავსად კატეგორიულად არ ეთანხმებოდა პრემიერ მინისტრის ნაცვლად პრაქტიკლად უუფლებო სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, მას კარგად ესმოდა ასეთი სისტემის მანკიერი თვისებები და მოსალოდნელი სავალალო შედეგები. ეს წინადადება კონსტიტუციის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე წამოვიდა ზოგიერთი ფრაქციის წარმომადგენლებისაგან. ისინი აცხადებდნენ, რომ კონსტიტუციას ხმას მისცემდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნებოდა მათი ეს მოთხოვნა. იმდენნი იყვნენ, რომ მათ გარეშე კონსტიტუციის მისაღებად საჭირო ხმები ვერ შეგროვდებოდა. ზურაბი წავიდა კომპრომისზე, ვინაიდან იმ ვითარებაში კონსტიტუციის არმიღება ბევრად უფრო საზიანო იქბებოდა ქვეყნისათვის. ამ მხრივ კონსტიტუციის გამოსწორება მხოლოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხერხდა და 2004 წლის 17 თებერვალს ზურაბ ჟვანია გახდა დამოუკიდებელი საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად დანიშნული საქართველოს მთავრობის პირველი მეთაური - პრემიერ-მინისტრი. ამ დროისათვის ზურაბს პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეობის უზარმაზარი გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი. 1995 და 1999 წლებში ის არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ. კონკურენტები პრაქტიკულად არ ჰყავდა. პარლამენტში შესული მის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანებიც სცნობდნენ მის ლიდერობას. პარლამენტში ზურაბი ყველას თავმჯდომარე იყო და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ურთიერთობას ხშირად მეტ დროს უთმობდა, ვიდრე უმრავლესობის წევრებთან. დაუღალავად ზრუნავდა იმაზე, რომ საქართველოს ჰყოლოდა თანამედროვე, ნამდვილი ევროპული პარლამენტი ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით, დიდ ყურადღებას უთმობდა პარლამენტის აპარატის სტრუქტურისა და საქმიანობის გაუმჯობესებას. მოწმე ვარ იმისა, როგორ უთხრა შევარდნაძეს, რომ საჭირო იყო საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა კანონმდებლობასთან. შევერდნაძე მაშინათვე დაეთანხმა და იმ დღიდან ნებისმიერი კანონპროექტი ამ ასპექტითაც გადიოდა ექსპერტიზას. დიდია ზურაბის წვლილი იმაში, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა დაიჯერეს, რომ საქართველო მართლაც ევროპული ქვეყანა იყო და იმსახურებდა გაწევრიანებას ევროპის საბჭოში.

ამასობაში პოლიტიკური ვითარება სწრაფად იცვლებოდა. კორუფცია მასობრივ ხასიათს ღებულობდა, 2000 წლიდან აშშ-ში და ევროპაში ალაპარაკდნენ იმაზე, რომ საქართველო ხდებოდა ნამდვილი failed state (არშემდგარი სახელმწიფო). ზურაბი ამას ძალიან განიცდიდა; შევარდნაძეს დიდ პატივს სცემდა და იმასაც განიცდიდა, რომ ბატონ ედუარდის პოლიტიკური მოღვაწეობა კრახით მთავრდებოდა. შევარდნაძე პირადად არასოდეს გაკარებია კორუფციას და საბჭოურ წლებში კორუფციასთან უშიშარი მებრძოლის სახელიც მოიხვეჭა. საჯარო გამოსვლებში აცხადებდა, რომ საჭირო იყო კორუფციის დამარცხება, ვინაიდან წინააღმედეგ შემთხვევაში კორუფცია ბოლოს მოუღებდა მთავრობასაც და სახელმწიფოსაც. მაგრამ ბატონი ედუარდი სწრაფად შორდებოდა რეალობას და საქმით ვერაფერს ახერხებდა. ზურაბი ხშირად ელაპარაკებოდა შევარდნაძეს როგორც სხვების თანდასწრებით, ასევე პირადი შეხვედრების დროს და სრულ სიმართლეს ეუბნებოდა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, მაგრამ ვითარება სულ უფრო მძიმდებოდა. ზურაბი უკვე ბევრს უშლიდა ხელს, მათ შორის თანაგუნდელების იმ ნაწილს, რომლებიც ჩაებნენ კორუფციაში, დიდი ფული იშოვეს და პოლიტიკური ამბიციებიც გაეზარდათ. დაიწყო კაპმანია ზურაბ ჟვანიას წინააღმდეგ. კულმინაცია დადგა 2001 წლის 30 სექტემბერს ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’-ის მიმართ სრულიად მარაზმატული მოქმედებისა და, მერე, ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხმრავალი მიტინგის გამართვის შემდეგ. მომიტინგეები შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდნენ, პარლამენტში კი ჟვანიას მოწინააღმდეგები ხელმოწერებს აგროვებდნენ ზურაბის გადასაყენებლად. ამ კრიზისულ ვითარებაში ზურაბმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 1-ლ ნოემბერს მან განაცხადა, რომ გადადგებოდა, თუ გადადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თრგამაძე და ეს განხორციელდა კიდევაც. ხელისუფლებაში მოკალათებული კორუმპირებული მაფიისათვის ეს სრულიად მოულოდნელი რამ იყო, მათი გეგმები ჩაიფუშა. პროცესებში თავის დიდ ფინანსებთან ერთად აქტიურად ჩართული ასლან აბაშიძე ხახამშრალი დარჩა; 37 წლის ზურაბ ჟვანიასათვის კი ხელისუფლებაში მალე დაბრუნების ბრწყინვალე პერსპექტივა გამოჩნდა. მაგრამ მასობრივი კორუფციით გაწამებული საზოგადოების განწყობა სწრაფად იცვლებოდა. ძლიერდებოდა სოციალური მოთხოვნა ,,ქარიზმატულ’’ დემაგოგ და პოპულისტ ლიდერზე. 2001 წლის გაზაფხულზე სატელეფონო საუბარში ზურაბმა მითხრა: ,,არ გიჯერებდი, მაგრამ შენ მართალი ყოფილხარ. ახლახან ჩავატარეთ კვლევა და დასტურდება, რომ ჩვენ დალოცვილ ხალხს ნათელაშვილისა და სააკაშვილის გარდა, არავის გაგონება არ სურს’’. (დღეს ბევრს არ ახსოვს, რომ შალვა ნათელაშვილი სააკაშვილზე პოპულარული იყო ლამის 2003 წლის საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის გადამწყვეტ ეტაპამდე). ზურაბი დიდხანს ინარჩუნებდა ილუზიებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ამ დროისათვის უკვე თავისუფალი იყო ამისაგან.

ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული მითები ხშირად უფრო დამაჯერებელია მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის, ვიდრე უტყუარი ფაქტები. ერთ–ერთი ასეთი, მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი მითია, რომ დასავლეთი მხარს უჭერდა სააკაშვილს ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე, რომ მისი გაპრეზიდენტება ,,ვაშინგტონის ობკომში’’ გადაწყდა და ა.შ. რეალობა კი ზუსტად საპირისპირო იყო. დასავლეთში, განსაკუთრებით კი ვაშინგტონში, ძალიან არ მოსწონდათ, რომ ,,ახალგაზრდა რეფორმატორებმა’’ ზეწოლა მოახდინეს შევარდნაძეზე და აიძულეს გადამდგარიყო კონსტიტუციით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. ,,ამიერიდან საქართველოს ქვაღორღიანი გზა აქვს გასავლელი, თქვენ კი ცუდად დაამთავრებთ, ვერცერთი თქვენგანი ვერ წავა მშვიდად სახლში, როგორც წავიდა შევარდნაძე’’, ჩვეული პირდაპირობით ეუბნებოდა რეფორმატორებს აშშ-ის გამოცდილი ელჩი რიჩარდ მაილსი, რომელსაც კახა ლომაიამ ვარდების რევოლუციის დაუძინებელი მტერი უწოდა, რაც მთლიანად სააკაშვილის გუნდის აზრიც იყო. ასეთივე ეჭვებით და სკეპტიციზმით აფასებდნენ ვითარებას აშშ-ის ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირები, თბილისში მყოფი დასავლეთის ელჩები და მათი დედაქალაქები. მაგრამ სააკაშვილისაგან და სხვებისაგან განსხვავებით ზურაბ ჟვანიას კარგად იცნობდნენ დასავლეთის ლიდერები და ენდობოდნენ მას. ის, რომ ზურაბი ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იყო, იმედს უსახავდა მათ, რომ საქართველო სტაბილური ქვეყანა იქნებოდა და დემოკრატიის გზიდან არ გადაუხვევდა. ზურაბმაც ინტენსიურად გამოიყენა ეს პოლიტიკური კაპიტალი ქვეყნის სასიკეთოდ.

2001 წლის 23 ნოემბერს შევარდნაძის გადადგომის შემდეგ ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, ზურაბი კი სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. ქვეყნის ბიუჯეტი ცარიელი იყო, ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები ტოტალურად კორუმპირებულები იყვნენ და სახელმწიფო მოსამსახურეთა დიდი ნაწილი ფაქტობრივად თვითდაფინანსებაზე იყო გადასული - ქრთამებით და ბიზნესში უკანონო წილებით ირჩენდნენ თავს. ამ პირობებში დასავლეთის სწრაფი და ეფექტიანი დახმარება ჰაერივით სჭირდებოდა ქვეყანას. ზურაბი ყოველდღე ელაპარაკებოდა აშშ-ის სენატორებს, კონგრესმენებს და სხვებს, ბევრ მათგანთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ ამ საუბრებში შეიქმნა ლოზუნგი: ,,ვარდების რევოლუციის ბავშვებს სასწრაფო დახმარება სჭირდებათ ქვეყნის გადასარჩენად’’. ზურაბი გვავალებდა შესაბამისი ტექსტების შედგენას, თან გვეუბნებოდა, რომ ტექსტები უნდა ყოფილიყო დაწერილი ძალიან მარტივი ენით, ,,მოზარდისათვისაც რომ გასაგები იყოს’’. შედეგმაც არ დააყოვნა, აშშ-გან დიდი დახმარება მივიღეთ. თუმცა ოპერატიული თვალსაზრისით, ფინანსური კატასტროფის საფრთხე გაქრა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო საჯარო მოსამსახურეთა დიდად გაზრდილი ხელფასებისა და, საზოგადოდ, ინსტიტუციური რეფორმების დაფინანსება (ზურაბმა მე არაფერი მითხრა, ჩემს მეუღლეს დაურეკა და ახარა: ,,ლალიკო, წარმოიდგინე, შემდეგი თვიდან შენს იდიოტ ქმარს თვეში 1000 დოლარი ექნება ხელფასი. გააკონტროლე, რომ თავის იდიოტურ წიგნებზე არ დახარჯოს’’). მალე ბიუჯეტის შემოსავლებმაც დაიწყო არანახული ზრდა. ვაშინგტონის დამოკიდებულება კი მკვეთრად შეიცვალა 2004 წლის 25 თებერვალს სააკაშვილის ჯორჯ ბუშთან შეხვედრის შემდეგ. სააკაშვილმა მონუსხა ბუში და სრული კარტ ბლანში მიიღო მისგან, რაც საქართველოსთვის დიდ განსაცდელს მოასწავებდა. ამ პირობებშიც ზურაბის ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო: აშშ-ს და ევროპის პოლიტიკური ლიდერები იცნობდნენ და ენდობოდნენ ზურაბს და ის რომ ზურაბი სააკაშვილის გვეერდით რჩებოდა და პრემიერ-მინისტრი იყო, ბევრი მათგანისათვის ერთგვარი გარანტია იყო იმისა, რომ ზურაბ ჟვანია კრიტიკულ ვითარებებში შეძლებდა მათი აზრით პროდასავლური, მაგრამ ზედმეტად ემოციებს აყოლილი და იმპულსური სააკაშვილის დაბალანსებას, შეკავებას და ქვეყნისათვის უბედურებების აცილებას. ეს აზრი მე ხშირად მომისმენია დასავლეთელ პარტნიორებისაგან (,,რა კარგია, რომ ასეთი ტანდემი გყავთ’’). მინდა აღვნიშნო, რომ ზურაბი მართლაც ბოლომდე ასრულებდა ამ ფუნქციას, საკუთარი ნერვების წყვეტისა და სააკაშვილის ზოგიერთი ,,ერთგული თანაგუნდელის’’ და მიშას ბიძის და მუდმივი მრჩევლის, რუსეთის პრესაში ,,კაგებეს გენერლად’’ წოდებულ თემურ ალასანიას, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდების ფასად. არადა სააკაშვილსაც ესმოდა, რომ ჟვანია თავისი მოქმედებით არა მარტო ქვეყანას, არამედ მასაც იცავდა უბედურებებისაგან.

2004 წლის გაზაფხულზე ახალი მთავრობის დაპირისპირება ასლან აბაშიძესთან დღითი-დღე მწვავდებოდა, ბათუმში ადგილობრივი მოსახლეობა ხალხმრავალ მიტინგებს მართავდა აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ. 4 მაისს ასლან აბაშიძემ ხიდები ააფეთქა. 5 მაისს პრემიერი ჟვანია აჭარაში ჩავიდა, აფეთქებულ ხიდთან მდგომმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ასლან აბაშიძე ვეღარ იქნება აჭარის ავტონომიის ლიდერი. ეს გადაწყვეტილია. ამჟამად, მთავარია მშვიდობიანად მოხდეს ძალაუფლების შეცვლა აჭარაში“, შემდეგ აფეთქებული ხიდის ნარჩენებზე ავიდა და გადაძვრა (სიარული შეუძლებელი იყო) მეორე ნაპირზე. იქ ზურაბი შეხვდა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრს ჯემალ გოგიტიძეს, დაელაპარაკა და განაცხადა, რომ „პირობას ვიძლევი, რომ ვინც მოექცევა კონსტიტუციურ სივრცეში ხელშეუხებელი იქნება. ჩვენ ამის გარანტიას ვიძლევით“. ეს ფრაზა იდეალურად შეარჩია: საქმე ეხებოდა არა ღალატს ასლან აბაშიძის მიმართ, რაც კლანის წევრებისათვის მიუღებელი იყო, არამედ სრულიად საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში მოქცევას. ამ სივრციდან გასვლა კი სამშობლოს ღალატი იქნებოდა. ამის შემდეგ გამოცხადდა, რომ აჭარის ძალოვანი სტრუქტურები კონსტიტუციის ერთგულები არიან და ძალოვანებმა დაიწყეს იარაღის ჩაბარება. შთამბეჭდავი სურათი იყო, ავტობუსები გაძეძგილი იყო ძალოვანებით და მათი იარაღით. ყველაფერი დასრულდა მშვიდობიანად. წარმომიდგენია, რა დაუჯდა ზურაბს მიშას დარწმუნება, რომ შეძლებდა პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებას და რა მოხდებოდა, ზურაბის მისია წარუმატებელი რომ ყოფილიყო. აჭარაში მიღწეულმა წარმატებამ ნამდვილ ეიფორიაში ჩააგდო სააკაშვილი (სწორედ ასე, ,,ეიფორიაში ვიყავით’’, ,,არ გვესმოდა რა გველოდა’’ და ა.შ., დაახასიათა სააკაშვილმა მაშინდელი განწყობა რამდენიმე თვის შემდეგ მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას). მისი ბრძანებით დაიწყო ცხინვალის რეგიონის ე.წ. ,,ჰუმანიტარული შტურმი. სააკაშვილი საჯაროდ აცხადებდა, რომ მცირე დროში დაიბრუნებდა ცხინვალის რეგიონს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა მოსკოვში სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრაზე მიღწეულ ზეპირ შეთანხმებას, მთლიანად ანგრევდა სამშვიდობო პროცესს, რომელსაც რუდუნებით ავითარებდა ზურაბ ჟვანია ედუარდ კოკოიტთან და ცხინვალის სხვა სეპარატისტ ლიდერებთან პირადი შეხვედრებისა და მოლაპარეკებების გზით (ზოგიერთი მათგანი ჟვანიას ,,ბრძენ კაცს’’ ეძახდა). 2004 წლის 8 ივლისს ოსმა სეპარატისტებმა ღამით შეიპყრეს კონფლიქტის ზონაში, სოფელ ვანათში, სააკაშვილის ბრძანებით შესული ქართველი პილიციელები, მიიყვანეს ისინი ცხინვალში და დააჩოქეს მოედანზე. 9 ივლისს სააკაშვილი ჩამოვიდა ირანიდან და ზურაბთან და სხვა თანაგუნდელებთან შეხვედრის დროს ყვიროდა, რომ საჭირო იყო ცხინვალში ძალების შეყვანა, რომ თვითონ წაუძღვებოდა წინ ლაშქარს, რომ ყველას შეეძლო აერჩია - გაყოლოდა მას, თუ დარჩენილიყო თბილისში და ა.შ. შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიის მე-11 სართულზე შედგა (სააკაშვილის კაბინეტი მაშინ იქ იყო) და მე-10 სართულზე, პრემიერის მისაღებში კარგად ისმოდა, როგორ უყვიროდა ჟვანია სააკაშვილს მისი ბოდვის პასუხად. მაშინ შტურმი გადაიდო. ,,მაინც როგორ გადაათქმევინე ეს სიგიჟე long crazy-ს?’’ (,,გრძელ გიჟს’’- ასე ვეძახდით მიშას ინგლისურად. ერთი-ერთზე ზურაბი, როგორც წესი, ინგლისურად მელაპარაკებოდა) ვკითხე ზურაბს. ,,არაფერი არ ჭრიდა. არგუმენტებს არც ისმენდა. მერე იდეა მომივიდა და დავიწყე ყვირილი - შენი ნებაა, წავიდეთ ყველანი, მაგრამ შენ ხვალ პრეზიდენტი აღარ იქნები! ეს სიტყვები ,,ხვალ პრეზიდენტი აღარ იქნები!’’ რამდენჯერმე გავიმეორე ყვირილით და უცებ დაიჯერა და დამეთანხმა, რომ გამარჯვების შანსი არ ჰქონდა, კატასტროფა ელოდა’’. ზურაბი კარგად იცნობდა სააკაშვილს და მიხვდა, რომ მხოლოდ ასე, მის პირად ბედზე ფოკუსირებით, გააჩერებდა. იმ ღამით შტურმი არ შედგა, მაგრამ ვითარება სულ უფრო იძაბებოდა. ამერიკელებმა რამდენჯერმე საჯაროდ მოუწოდეს სააკაშვილს შეეწყვიტა დაძაბულობა, მაგრამ ესეც არ ჭრიდა. ზურაბს ყოველდღე ველაპარაკებოდი გარდაუვალ კატასტროფაზე. ძალიან შეწუხებული იყო, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავდა. ბოლოს, 2004-ის 19 აგვისტოს რუსეთის ტელევიზია პირდაპირ ეთერში აჩვენებდა როკის გვირაბისაკენ მიმავალ რუსეთის 58-ე არმიის ტანკებს და სხვა მძიმე ტექნიკას. მობილურით დავურეკე ზურაბს, საუბარი არ მაცალა, ჩურჩულით მითხრა (მივხვდი, რომ სააკაშვილის კაბინეტში იჯდა), ,,დამთავრდა ყველაფერი, ტელევიზორს უყურე’’. რამდენიმე წუთში სააკაშვილმა გააკეთა თავისი ცნობილი, სრულიად მარაზმატული განცხადება დიდი გამარჯვების შესახებ და იმაზე, რომ გაჰყავდა შეიარაღებული ძალები ცხინვალის რეგიონიდან. 58-ე არმია გაჩერდა. ისევ გადავრჩით.

ასეთ, ქვეყნისათვის საბედისწერო ეპიზოდებს თავი რომ დავანებოთ, ზურაბ ჟვანიასათვის ყოველდღიური, რუტინული მუშაობა პრემიერის თანამდებობაზე უაღრესად დამთრგუნველი იყო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ უმალ ჩამოყალიბდა ე.წ. ,,ღამის მთვრობა’’, რომელიც შედგებოდა სააკაშვილისა და მისი ,,ტროიკის’’, ანუ მერაბიშვილის, ადეიშვილის და ოქრუაშვილისაგან. პირველ თვეებში მათი თანამდებობები ხშირად იცვლებოდა, მაგრამ ტროიკის შემადგენლობა უცვლელი რჩებოდა. ,,ღამის მთავრობის სხდომებზე’’ პრემიერს არ ეპატიჟებოდნენ. მის გარეშე ღებულობდნენ მნიშვნელოვან, როგორც წესი ქვეყნისათვის საზიანო და სახიფათო გადაწყვეტილებებს და ხშირად, მაშინათვე (გვიან ღამით!) იწყებდნენ მათ აღსრულებას საკუთარი სტრუქტურების მეშვეობით. ,,ვარდების რევოლუციის შემდეგ, სულ რამდენიმე ადამიანს, მათ შორის მე, ხელში ჩაგვივარდა პრაქტიკულად უსაზღვრო და სრულიად უკონტროლო ძალაუფლება. ამან დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას’’, განაცხადა წლების შემდეგ პარიზში, ემიგრაციაში მყოფმა ოქრუაშვილმა, რომელიც 2007-ში, სულ რაღაც 10 მილიონი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ, ციხიდან გამოუშვეს სააკაშვილმა და ტროიკის დანარჩენმა წევრებმა. ქვეყანას, რიგ სფეროში უაღრესად წარმატებული რეფორმების ფონზე, რაშიც ზურაბს, როგორც პრემიერს მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა, მართლაც ძალიან დიდი ზიანი ადგებოდა. ზურაბ ჟვანია ხედავდა, რომ მის თვალწინ გამალებით შენდებოდა ავტორიტარული კლეპტოკრატია, ნამდვილი პოლიციური სახელმწიფო და ვერ აჩერებდა ამას, ეს მისთვის ტრაგედია იყო. ზურაბის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შევიტყე, რომ ზურაბი მალე გადადგებოდა და ღია ოპოზიციაში გადავიდოდა. ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციის სისწორეს, თვითონ ზურაბს ჩემთვის არაფერი არ უთქვამს ამაზე. ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში (მაგალითად გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ) უსათუოდ გადადგებოდა, და თავის თანაგუნდელებსაც მოუწოდებდა გადამდგარიყვნენ. არ გამოვრიცხავ, რომ ზურაბი ააცილებდა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს კატასტროფას. მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რომელიც არაფერს მატებს ზურაბის მოღვაწეობის ჩემს მიერ წარმოდგენილ მოკლე, არასრულ სურათს.

Remember me at my best (დამიმახსოვრე ჩემი საუკეთესო გამოვლინებებით) მითხრა ერთხელ ზურაბმა. ,,ზურაბ ჟვანია დაგვამახსოვრდება, როგორც ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება თქვენი უძველესი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში’’, დაწერა ჯორჯ ბუშმა ზურაბის გარდაცვალების შემდეგ. 9 დეკემბერს, ზურაბის დაბადებიდან 60 წელი შესრულდა და მეც ასე ვიხსენებ მას.

პეტრე მამრაძე