ამერიკული „ნოუ-ჰაუ“ უკრაინელი მეზენიტეებისთვის, რაც ქართული ცის დასაცავადაც გამოგვადგებოდა...
ომში შეიარაღება სამხედროებს არასოდეს ყოფნით და მუდამ წუწუნებენ მის ნაკლებობაზე, განსაკუთრებით სახარჯ საბრძოლო მასალაზე, იქნება ეს ავტომატის ვაზნები, საარტილერიო ჭურვები თუ საზენიტო რაკეტები...
ასე ხდება დროში გახანგრძლივებულ რუსეთ-უკრაინის ომშიც, რომელშიც უკრაინის არმიისთვის ერთ-ერთ ყველაზე დეფიციტურ საბრძოლო მასალას სწორედ საზენიტო რაკეტები წარმოადგენენ, რადგან უკრაინის საჰაერო თავდაცვას ყოველ დღე-ღამე უწევს რუსი აგრესორების მრავალრიცხოვანი საჰაერო შეტევების მოგერიება და თუკი ირანულ/რუსული „შაჰიდ/გერანების“ დაზიანება-ჩამოგდება საზენიტო ტყვიამფრქვევებითა და მცირეკალიბრიანი ქვემეხებითაცაა შესაძლებელი, რუსულ ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებთან, ასევე ზებგერით საბრძოლო თვითმფრინავებთან შესაბრძოლებლად უკრაინელ სამხედროებს აუცილებლად სჭირდებათ საზენიტო რაკეტების საჭირო მარაგი...
„პეტრიოტებისა“ თუ „მისტრალებისთვის“ განკუთვნილ საზენიტო რაკეტებს უკრაინელ სამხედროებს ისევ ამერიკელები და ფრანგები თუ მიაწვდიან, მაგრამ რა უყონ იმ საბჭოთა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, თუნდაც იმავე „ბუკებსა“ და „ოსებს“, რომელთა საზენიტო რაკეტების მარაგი თითქმის ამოიწურა და მათ მხოლოდ... მოწინააღმდეგე რუსეთში თუ ამზადებენ?
გამოსავალი მაინც იქნა მონახული მას შემდეგ, რაც ამერიკულმა მხარემ უკრაინას საინტერესო „ნოუ-ჰაუ“ შესთავაზა FrankenSAM-ის ერთობლივი პროგრამის სახით, რომელიც საბჭოთა წარმოების საზენიტო დანადგარებიდან დასავლური წარმოების საზენიტო რაკეტების საბრძოლო გამოყენებას ითვალისწინებს...

ასეთი ჰიბრიდის-საბჭოთა „ბუკის“ მუხლუხებიანი თვითმავალი დანადგარი და მასზე „ამხედრებული“ ამერიკული RIM-7 Sea Sparrow -ს სარაკეტო გამშვები (რომელიც სამხედრო ხომალდების გემბანებზეა დამონტაჟებული) მალე რეალობად გადაიქცევა უკრაინის ფრონტზე, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საბჭოთა „ოსას“ სამღერძიან ბორბლებიან მანქანაზე დაყენებული AIM-9 Sidewinder ტიპის „ჰაერი-ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტები, რომლებიც თითქმის ყველა დასავლური წარმოების საბრძოლო თვითმფრინავის შეიარაღებაშია, მაგრამ ამჯერად „ხმელეთი-ჰაერის“ კლასში „გადაინაცვლებს“ და საბჭოთა „ოსადან“ გაშვებისას საზენიტო დავალებებს შეასრულებს...
ნატოს წევრი ქვეყნები საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების (მათ შორის, რაკეტების გასაშვები დანადგარების) შედარებით სიმცირეს განიცდიდნენ, რადგან ჯერ კიდევ პირველი „ცივი ომის“ დროს ჩრდილოატლანტიკური ალინსის, პირველ რიგში კი ამერიკული არმიის საჯარისო საჰაერო თავდაცვის ძირითადი კონცეფცია დამყარებული იყო გამანადგურებელი თვითმფრინავების ფართო გამოყენებით ჰაერსაწინააღმდეგო მოქმედებებისას და შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა სახმელეთო მობილურ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მრავალფაროვნებას.
საბჭოთა კავშირში კი პირიქით გახლდათ-საბჭოთა სახმელეთო ჯარების საჯარისო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა გადაჯერებული გახლდათ „კრუგის“, „კუბის“, „ბუკის“, „ოსასა“ თუ „ტორის“ მობილური საზენიტო-სარაკეტო დანადგარებით.

შესაბამისად, საბჭოთა და ამერიკული საჯარისო საჰაერო თავდაცვის კონცეფციების ასეთმა განსხვავებამ თავი იჩინა რუსეთ-უკრაინის ომშიც, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს მრავალფეროვანი საჯარისო საჰაერო თავდაცვის საშუალებები აღმოაჩნდათ, ხოლო უკრაინელებს არ ჰყავთ ის საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებმაც ამერიკული კონცეფციის თანახმად მთავარი როლი უნდა შეასრულონ ფრონტის ხაზზე მოწინააღმდეგის საჰაერო შეტევების მოსაგერიებლად...
ამიტომაც,სანამ ევროპულ,შედარებით მოძველებულ „ფ-16“-ებს ბოლოს და ბოლოს გადასცემენ უკრაინელებს, მანამდე საბჭოთა „ბუკებიდან“ და „ოსებიდან“ სტარტაღებულ დასავლურ საზენიტო რაკეტებს არაერთი რუსული ფრთოსანი რაკეტისა თუ თვითმფრინავ/შვეულმფრენის „ჩამოხსნა“ შეეძლებათ უკრაინის ციდან...
საზენიტო რაკეტების სიმცირისა და ტექნიკური მოძველების პრობლემა, გვინდა თუ არა, საქართველოს საჰაერო სივრცის დაცვისასაც იჩენს თავს, რადგან „ბუკისა“ და „ოსას“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები ძირითადად ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდეა შეძენილი და მათი მართვადი საზენიტო რაკეტები პერიოდულად მოითხოვენ ტექნიკური რეგლამენტის ჩატარებას, მაგრამ სად ...რუსეთში?
ეს ომამდე უკრიანაშიც იყო შესაძლებელი, დღეს კი უკვე წარმოუდგენლად მოჩანს-უკეთესი გამოსავალი იქნებოდა ამერიკული FrankenSAM-ის პროგრამის გამოტანა ქართული „ბუკებისა“ და „ოსებისთვის“, თუმცა ეს დღეს რეალურად რამდენად განხორციელებადია, გამიჭირდება თქმა...
მისასალმებელია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო აგვისტოს ომამდე ნაყიდი ისრაელის წარმოების „სპაიდერის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების „პითონ-4“ ტიპის საზენიტო რაკეტების (ერთმა ასეთმა რაკეტამ გორის რაიონის სოფელ ძევერაში რუსული საფრონტო ბომბდამშენი „სუ-24მ“ ჩამოაგდო,რასაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მართალია დღემდე არ აღიარებს, მაგრამ ამ სტატიის ავტორი ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის ფრაგმენტს დღემდე ინახავს...) გარემონტება-მოდერნიზაცია მის მწარმებელთან ისრაელში.
სხვა თუ არაფერი, იგივე „პითონ-4“ ტიპის საზენიტო რაკეტების გადაყენება შეიძლება ქართულ „ოსებსა“ და „ბუკებზეც“,მაგრამ ეს გაკვეულ მოდერნიზებას მოითხოვს...
ისე შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ერთ-ერთი პირველები ვინც „ჰაერი-ჰაერი“კლასის მართვადი საავიაციო რაკეტის საზენიტო რაკეტად გადაკეთება და საბრძოლო გამოყენება სცადა... ქართველები ვიყავით!
1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს ქართველ სამხედროებს გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე „სტრელა-2მ“-ზე თუ „იგლა-1“-ზე უფრო შორს და მაღლა მოქმედი გამართული საზენიტო საშუალებები არ მოგვეპოვებოდა (დედოფლისწყაროს შენახვის ბაზაში დაყენებული თვითმავალი საზენიტო „კუბ“-ების საბრძოლო მოქმედებაში მოყვანა ვერ ან არ მოხერხდა, ხოლო სტაციონალური „ს-125“-ების საზენიტო-სარაკეტო ბატარეები აფხაზეთში არ გვქონია).
ამ პრობლემის რამენაირად გადასაწყვეტად, თბილისის საავიციო ქარხნის ინჟინრებმა ერთგვარ გამოსავალს მიაგნეს, მათ ამ ქარხანაში წლობით წარმოებული „სუ-25“ მოიერიშე თვითმფრინავის „რ-60მ“ ტიპის "ჰაერი-ჰაერი" კლასის ახლო მოქმედების საავიაციო რაკეტების (რომლებსაც ასევე ეს ქარხანა აწყობდა) გასაშვები მობილური საზენიტო დანადგარი დაამზადეს.
ეს დანადგარი შავი ზღვის სანაპიროზე გამოიცადა, მაგრამ იმედები დიდად ვერ გაამართლა, რადგან დამატებითი სასტარტო ძრავის გარეშე, ამ რაკეტის მიწიდან სტარტისას ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები არასახარბიელო აღმოჩნდა.
უფრო ძლიერი, „რ-73“ ტიპის რაკეტის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება უკეთესი შედეგი ყოფილიყო, მაგრამ საქმე აქამდე აღარ მივიდა.