სტამბას უცნაური დარაჯი დაპატრონებია... რა ხდება ამჟამად ავლაბრის არალეგალურ სტამბაში? და, ცნობები, რომელიც აქამდე არ იცოდით - კვირის პალიტრა

სტამბას უცნაური დარაჯი დაპატრონებია... რა ხდება ამჟამად ავლაბრის არალეგალურ სტამბაში? და, ცნობები, რომელიც აქამდე არ იცოდით

ამ მასალას გასული საუკუნის 30-იანი წლების დოკუმენტებიდან ვკითხულობ და გიყვებით გარემოზე, რომლის ნახვამ ჩემზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მე-19 საუკუნის 90-იან წლებში თვითმპყრობელობისა და კატაკლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მძლავრ იარაღად ახლადაღმოცენებული არალეგალური მარქსისტულ-რევოლუციური ბეჭდვითი სიტყვა იქცა.

1895 წელს ლენინის მიერ შექმნილმა პეტერბურგის „მუშათა კლასის“ განთავისუფლებისთვის ბრძოლის კავშირმა“ მძლავრი ბიძგი მისცა სოციალისტურ-დემოკრატიული მოძრაობის განვითარებას რუსეთში, ხოლო მის პარალელურად საქართველოსა და სხვა განაპირა მხარეებში დაიწყო სოციალისტურ-დემოკრატიული წრეებისა და ორგანიზაციების შექმნა.

აქედან გამომდინარე, მომწიფდა აზრი არალეგალური სტამბების შექმნისა. თბილისელ მუშათა აქტიური მონაწილეობით ბინებში აწყობდნენ სახელდახელო კონსპირაციულ სტამბებს.

ერთი ასეთი სახელდახელო სტამბა მოაწყვეს ჩუღურეთში, კრასნოგორსკის ქუჩაზე, ვასო გოგოლაძის ბინაში, მაგრამ პოლიციის დევნის გამო, მალე ლიკვიდაცია მოხდა. ასევე, მოკლე დროით არსებობდა არალეგალური სტამბა აზმაიფარაშვილის ბინაში. ამის შემდეგ კი, ახლანდელი ფუნიკულიორის ქვედა სადგურის წინ, ერთ-ერთი სახლის სარდაფში, სტამბისთვის გამოთხარეს გვირაბი.

თბილისის გარდა ამ დროისთვის არალეგალური სტამბები შეიქმნა ბათუმსა და ქუთაისში. ამრიგად, ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყარა ქართულ არალეგალურ ბოლშევიკურ გამოცემას.

ამჯერად, ავლაბრის არალეგალურ სტამბაზე გიამბობთ. რომლისთვისაც ბოჭორიძემ ვითომდა რკინიგზის დეპოს საჭიროებისთვის შეუკვეთა რკინის დაზგა და დოლური. კეცხოველმა საბეჭდი მანქანა ყუთში მოათავსა, როგორც საოჯახო ნივთი და ბაქოდან ნავსადგურში მიაბარა გასაგზავნად... კეცხოველმა სცადა არალეგალური სტამბა საზღვარგარეთ გადაეტანა და იქ გამოეცა ლიტერატურა ქართულ ენაზე. აი, რას წერდა ფილიპე მახარაძე ამის შესახებ: „1902 წლის ზაფხულის შუა რიცხვებში ქუთაისში ჩემთან ჩამოვიდა კეცხოველი, რომელსაც მაშინ მინდობილი ჰქონდა არალეგალური სტამბის მოწყობა და შემომთავაზა წავსულიყავი საზღვარგარეთ... მე, თანხმობა განვაცხადე კიდევაც ვიშოვე ყალბი პასპორტი, მაგრამ მას ჰქონდა ერთი ფორმალური ნაკლი, რის გამოც საზღვარგარეთ არ გამიშვეს და ამიტომ ჩემდა სამწუხაროდ ავსტრიის საზღვრიდან დავბრუნდი საქართველოში...“

403604130-2567604640081920-8061712918554248680-n-1702136176.jpg

ამის შემდეგ, არალეგალური სტამბისთვის შენობის ასაგებად ბოჭორიძემ შეარჩია მიწის ნაკვეთი ავლაბრის ერთ-ერთ განაპირა, ნაკლებად დასახლებულ უბანში. (წინათ ამ მიდამოს „ვორონცოვის ფერმას“ უწოდებდნენ). ეს მიწის ნაკვეთი იჯარით ჰქონდა აღებული ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების ყოფილ მუშას მიხო ბოჭორიძის უახლოეს ამხანაგს დავით როსტომაშვილს.

ეს უკანასკნელი სახლის აშენების ნებართვას თავის სახელზე ითხოვდა და მშენებლობის დროს, მუშებს მეთვალყურეობას თავადვე გაუწევდა.

1903 წელს ქალაქის მმართველობაში ფიქტიური პროექტის წარდგენის შემდეგ, ამავე წელს ააშენეს სტამბისთვის მოსახერხებელი შენობა, პატარა ერთსართულიანი სახლი, რომელსაც წითელი აგურისგან ნაშენებ წინა კედელში 4 ფანჯარა ჰქონდა. შენობას ეკვროდა მოკლე, მაგრამ მაღალი ქვის კედელი. ამ შენობის ქვეშ იყო მიწისქვეშა თაღებიანი სადგომი საგანგებოდ შენიღბული შესასვლელით, სადაც სტამბა იყო მოთავსებული. სტამბა თბებოდა ბუხრით, სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის კუთხეში ადიოდი მეორე სართულზე, სამზარეულოში, რომელიც უერთდებოდა აღმოსავლური ტიპის ღუმელს. ეზოში ორბორბლიანი ცხენის ურიკა იდგა, რამდენიმე ხეც დაერგოთ, შენობის მოპირდაპირე მხარეს საქათმე დაედგათ, რომ ოჯახის იერი მიეცათ სახლისთვის, რომ ვინმეს ეჭვი არ შეეტანა.

მოსალოდნელი საშიშროების შემთხვევაში საიდუმლო ზარის საშუალებით აფრთხილებდნენ მუშებს. ზარის სიგნალის მიცემის წესი ასეთი იყო: ერთი ზარი ნიშნავდა სახლში უცხო პირის მოსვლას, რის გამოც მუშაობა უნდა შეეწყვიტათ; ორი ზარი აცნობებდა, რომ საშიშროება აღარ იყო, სამ ზარზე შეეძლოთ სადილად ამოსვლა; ზედიზედ ორი ზარით სტამბიდან მუშას იძახებდნენ საჩქარო დავალებისთვის.

დიდი სიფრთხილე იყო საჭირო სტამბაში ჩასვლა-ამოსვლისთვის, რაც ჭების საშუალებით ხდებოდა. თავდაპირველად ამოთხარეს ჭა, რომელშიც წყალი არ ამოვიდა. რაც, რამდენიმე მეტრის სიღრმეზე ფარულად ფიცრებით გადახურეს. ამის შემდეგ ამოთხარეს მეორე, უფრო ღრმა ჭა, საიდანაც მართლა სარგებლობდნენ წყლით. ძმებმა მაღრაძეებმა და ჩოდრიშვილებმა წყლიანი ჭა, წყლიდან მეტრნახევარიდან ზემოთ გვირაბით შეაერთეს მშრალ ჭასთან, ეს უკანასკნელი კი სარდაფთან, სადაც სტამბა იყო გამართული. წყლიან ჭაში ჩადიოდნენ ვედროზე გამობმული წყლის ამოსაღები ბაწრის, ბლოკისა და ჭის კედელში დატოვებული საფეხურების მეშვეობით...

ავლაბრის არალეგალური სტამბა შრიფტით სხვადასხვა ლეგალური სტამბებიდან მარაგდებოდა. პირველ ხანებში 16 ფუთი შრიფტი ჰქონდათ - ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე. შრიფტის ფორმა იყო ვენური, კორპუსი და სხვა. ასე, კონსპირაციულ პირობებში ააშენეს ავლაბრის სტამბა ძმებმა მაღრაძეებმა და ჩოდრიშვილებმა. სტამბაში მტკიცედ იყო დაცული დისციპლინა. მუშები მხოლოდ სადილად და დასასვენებლად ამოდიოდნენ.

1903 წლიდან 1904 წლამდე გამოიცა „პროლეტარიატის ბრძოლის ფურცლების“ ხუთი ნომერი ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე, რომლის სავარაუდო ტირაჟი 30 ათასი ეგზემპლიარი იყო, პროკლამაციებისა 149 ათასი, ბროშურებისა 6000 ეგზემპლარი...

403621516-760447735903978-8913081398078159150-n-1702136175.jpg

ავლაბრის არალეგალურ სტამბაში დაბეჭდილი ლიტერატურა იგზავნებოდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში. ასევე; ლონდონში, პარიზსა და სტოკჰოლმში. „ჩნდებიან მუშათა და სოციალისტ-დემოკრატ ინტელიგენტთა წრეები. სოციალისტურ-დემოკრატიული ლიტერატურის მოთხოვნა იზრდება...“

სტამბის პროდუქცია იმდენად დიდი მოცულობის იყო, რომ ჟანდარმერიამ თბილისში მძლავრი იატაკქვეშა გამომცემლობის არსებობა მალე დაადგინა. თუმცა, მაშინ ამბობდნენ, რომ მის აღმოჩენას საგრძნობი დრო და ენერგია შეალია, მაგრამ 1906 წლის დასაწყისში ჟანდარმერიას უკვე ჰქონდა დაახლოებითი ცნობები კავკასიის კავშირის კომიტეტის არალეგალური სტამბის ადგილსამყოფელის შესახებ.

„ავლაბრის არალეგალური სტამბის მასალებისა და დოკუმენტების“ 65-ე გვერდზე აღნიშნულია, რომ „საიდუმლო სტამბა იმყოფება ქალაქის ბოლოში ნავთლუღის მხარეს, მწვავე სნებიან ბავშვთა ახალი ბარაკების გვერდით, იმ მიწაზე, რომელიც ეკუთვნოდა რკინიგზის სახელოსნოს ყოფილ ზეინკალს როსტომაშვილს... აქ მოწყობილი უნდა იყოს „ბოსტონკა“, სწრაფმბეჭდავი...“

1906 წელს მეფის ოხრანკამ ავლაბრის არალეგალური სტამბის შენობაზე მეთვალყურეობა გააძლიერა. 1906 წელს 13 აპრილს ბოჭორიძემ აშკარად შენიშნა ჯაშუშები, ამიტომ სახლი სასწრაფოდ დაცალეს და დატოვეს წარწერა: „ეს სახლი ქირავდება“ ამავე წლის 18 აპრილს შინაგან საქმეთა მინისტრი წერდა: „თბილისში ხელთ ვიგდეთ დიდი სტამბა და ფეთქებადი ჭურვების სახელოსნო, რომლებიც ეკუთვნოდა სოციალ-დემოკრატიულ და სამხედრო ორგანიზაციებს...“

ავლაბრის არალეგალური სტამბის განადგურებით ამიერკავკასიაში არ შეწყვეტილა რევოლუციური ლიტერატურის გამოცემა. ბოლშევიკებმა შემდგომშიც არაერთხელ მოაწყვეს არალეგალური სტამბები, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ვერც ერთი მათგანი ავლაბრის არალეგალურ სტამბას ვერ შეედრება.

საბჭოთა პერიოდში, როგორ კი მუზეუმად გადაკეთდა აღნიშნული, ამ სტამბას 6 მილიონი დამთვალიერებელი ეწვია. დღეს კი მიტოვებული და მოუვლელია. ერთი კარისკაცი ჰყავს დარაჯად, რომელიც ხასიათის მიხედვით უშვებს ადამიანებს შიგნით.

ავლაბრის სტამბის დოკუმენტებისა და მასალების შესახებ კრებულიდან ამოგიკითხეთ მთავარი შტრიხები. ისიც ეწერა, - „დიასახლისის ოთახში ღუმელია, მის გვერდით ორი ვენური სკამი დევს, სკამზე ყაბალახი. აქვეა ხის ტახტი, გვერდით პატარა მიხაკისფერი კარადა, კარადის წინ შეღებილი მაგიდა თავისი „სამოვრითა და ლამპით...“ აღარაფერია მსგავსი შემორჩენილი, უცნაური აურა ტრიალებს და ყველაფერი მივიწყებულია... არადა, ჩემი აზრით, ეს ადგილი კარგი სამუზეუმო გარემო იქნებოდა.