"მასას ის მოსწონს, როცა საცოდავი ხარ" - კვირის პალიტრა

"მასას ის მოსწონს, როცა საცოდავი ხარ"

"მხოლოდ იმ შეცდომას შეიძლება ეწოდოს ნამდვილი შეცდომა, იმ მარცხს შეიძლება ეწოდოს ნამდვილი მარცხი, რომლისგანაც ვერაფერს ვისწავლით", - ამ სიტყვების ავტორი ჰენრი ფორდია. ადამიანების ნაწილს ეშინია, შეცდომა არ დაუშვას, ამ მიზეზით უარს ამბობს ახალ გამოწვევებზე, ნაწილი კი პირიქით იქცევა. გეშინიათ თუ არა შეცდომის დაშვების? - ამ შეკითხვით საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მივმართე.

"ზოგჯერ ადამიანს შიში კონცენტრირების, მეტად დაკვირვების საშუალებას გაძლევს"

ჯანო იზორია, მსახიობი:

- უშეცდომო ადამიანი ბუნებაში არ არსებობს. შეცდომების დაშვებას ყოველთვის ვუფრთხი, მით უმეტეს, პროფესიაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრება და პროფესია ერთმანეთთან ძალიან კავშირშია. სამყარო ახალი გამოწვევების წინაშეა, ფეხი უნდა აუწყო, შვილები მეზრდებიან და მათ მომავალზე ვფიქრობ, მინდა ყველაფრისთვის მზად ვიყო. დაფიქრებულად მოქმედებაა საჭირო, მაგრამ როცა ემოციური ადამიანი ხარ, ეს რთულია. ემოციებს თუ ავყევი, მერე შეიძლება, რაღაც საკითხში უკონტროლოც კი გავხდე და შეცდომაც დავუშვა.

- ემოციურობა შეცდომებს ხშირად გაშვებინებთ?

- ხშირად - არა, მაგრამ ასეთი შემთხვევებიც მქონია. მადლობა უფალს, გამოუსწორებელი შეცდომები არ მაქვს დაშვებული. ცხოვრება გცდის. შენ თუ კარგად დააკვირდები, გამოსწორების შანსსაც გთავაზობს. როდესაც პროფესიაში ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავარ, მატერიალურ ფიქრებზე წინ დგას შიში, რამდენად გავართმევ თავს?.. რეჟისორს და მაყურებელს იმედს ხომ არ გავუცრუებ? რომ არ გამომივიდეს, მერე რა ვქნა? ეს ფიქრები სულ მაქვს, ამ ყველაფრის შემდეგ კი რაღაცები უკვე აღარ მეტკბილება. მე ყველა დეტალს სიღრმისეულად ვუდგები, ზედაპირულობა არ მჩვევია. ახლა თეატრში ვარ, საღამოს მონოსპექტაკლი უნდა ვითამაშო, საბა ასლამაზიშვილმა "ყვარყვარე თუთაბერი" დადგა. პირველად შევეჭიდე მონოსპექტაკლს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე უკვე ვითამაშე, მაინც ძალიან ვღელავ.

- ეს ხომ საჭიროა, პასუხისმგებლობას გრძნობთ.

- თავდაჯერებული იდიოტი არ უნდა იყო, მაგრამ შიშიც არ უნდა განადგურებდეს, შენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენო. ზოგჯერ ადამიანს შიში კონცენტრირების, მეტად დაკვირვების საშუალებას გაძლევს.

- საკუთარ შეცდომებზე რა ისწავლეთ?

- როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობს, დაწოლიდან დაძინებამდე საკუთარ თავთან მარტო რომ რჩები, ამ დროს ყველაზე გულწრფელი და აღმსარებელი ხარ. მეც სულ ვფიქრობ, რა გავაკეთო, რა უნდა გამოვასწორო, მსგავსი რამ მეორედ რომ არ დამემართოს.

- გადაწყვეტილებების მიღებისას, მეტად თამამი რომ ყოფილიყავით, შეცდომის დაშვების შიში არ გქონოდათ, დღეს თქვენი რეალობა როგორი იქნებოდა?

- რაღაც მომენტებში ცოტათი თამამი, ცოტათი ნაგლიც რომ ვყოფილიყავი, დღეს სხვა რეალობა მექნებოდა. შეცდომას ვუწოდებ, ინგლისური ენა რომ არ ვიცი, არადა, ძალიან მჭირდება, ეს საკითხი აუცილებლად უნდა გამოვასწორო, გარკვეულ პროექტებში ხელი შემიშალა. დღეს როგორიც არის ჩემი ცხოვრება, ზედმეტი თავდაჯერებულობის და ნაგლობის გარეშე მაქვს ეს მდგომარეობა. სხვაგვარი იქნებოდა, კაბინეტში პირდაპირ შევსულიყავი და მეთქვა, "რომ შემპირდი, რატომ არ მათამაშებ?" ასე მოქცევა, მესიჯების გაგზავნა და მსგავსი რამ არ შემიძლია, ჩემს ხასიათში არ არის. რაც ჩემს ცხოვრებაში მოვიდა და რა გზასაც ახლა ვადგავარ, სულ სუფთა ნაბიჯებით და კეთილი ადამიანების წყალობით მოხდა და ეს ნამდვილად მსიამოვნებს. სამართლიანად მივიღე ის, რაც მეკუთვნოდა. ვინც ძალიან კარგად მიცნობს, მათ ეს იციან.

- ისეთი შეცდომა თუ გაქვთ დაშვებული, რომელიც დღემდე გაწუხებთ, გინდათ საჯაროდ თქვათ და გათავისუფლდეთ ამ ფიქრისგან?

- როგორ ბანალურადაც უნდა გამომივიდეს, ვინმეს რამე თუ გაწყენინეთ, მაპატიეთ. ეს გულიდან წამოსული სიტყვებია და არა შეკითხვიდან თავის დაძვრენის მცდელობა. მე ვარ ადამიანი, ვისაც ბოდიშის მოხდა არ მიჭირს. ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქმე საბოდიშოდ არ გავიხადოთ, თუნდაც ჩვენი სამართალი ურმით ვატაროთ.

"მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ზღვაში ძალიან შორს გაცურავს"

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:

- ადამიანებს შეცდომების დაშვების რომ გვეშინოდეს, არ დავუშვებდით. ყველაზე დიდი შიში - შიშის ფობიაა. ამაზე არაერთხელ მიფიქრია. ეს არის განცდა, რომელმაც შეიძლება ადამიანი ყველაზე მეტად დააზარალოს. რისიც უნდა გვეშინოდეს, ეს შიშია. ამას ბევრნაირი კუთხე აქვს. ადამიანმა ეს აუცილებლად უნდა დაამარცხოს. ამისთვის თავდაჯერებულობაა საჭირო, მაგრამ არა ნარცისობა. საკუთარ თავზე მუშაობა უნდა შეგვეძლოს. საკუთარი თავი შევიყვაროთ, მაგრამ ეგოიზმისკენ არ წავიდეთ, უბრალოდ საკუთარ თავს პატივი ვცეთ. როდესაც სარკეში ჩავიხედავთ, ის ანარეკლი უნდა გეამაყებოდეს. შეცდომებს ზოგჯერ გამიზნულად ვუშვებთ, ზოგჯერ უნებლიეთ. ეს შეცდომები რაღაცნაირად გვამდიდრებენ. მერე ვხვდებით, ეს შეცდომა კი არა, რაღაც საკითხის მიმართ ჩვენი არასწორი მიდგომა იყო. დროთა განმავლობაში ეს გროვდება, გროვდება და იქცევა კარგ გამოცდილებად. ცხოვრება ხომ ასეა, ჯერ საბავშვო ბაღში დავდივართ, მერე - სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში ვაბარებთ, რაღაც სირთულე ყველა ეტაპს ახლავს. შედეგი ასე მიიღწევა.

- როგორია დღეს თქვენი გამოცდილება, საკუთარ შეცდომებზე ბევრი რამ ისწავლეთ?

- ზოგიერთი სხვის შეცდომებზეც სწავლობს, მაგრამ ვფიქრობ, საკუთარ შეცდომებზე სწავლა უფრო მნიშვნელოვანია. რადგან შეცდომა აცრასავითაა, იმუნიტეტს გამოგიმუშავებს. მეორედ მსგავს რამეს აღარ გააკეთებ. თუ გააკეთებ, ეს იმის ნიშანია, რომ წარსულში დაშვებული შეცდომა ვერ იგრძენი, მტკივნეული არ იყო ან სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭე.

- ახალ გამოწვევებს მარტივად იღებთ? თუ გაქვთ შიში, შეცდომა არ დაუშვათ და ეს გარკვეულწილად გაფერხებთ?

- სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, ბევრს ვფიქრობ, ფრთხილი ვარ. საქმეში პირდაპირ და თვალდახუჭული არ ვეშვები, გარანტიებს კი არ ვითხოვ ან ველოდები, მინდა ვიცოდე, მაქვს თუ არა იმ ახალი საქმის შესაძლებლობა, ნიჭი, მიღირს თუ არა საერთოდ? მერე საქმეს ან ავიღებ საკუთარ თავზე, ან ხელს არ ვკიდებ.

- ფრთხილი ხასიათიდან გამომდინარე, თუ გქონიათ მომენტი, კონკრეტულ წინადადებაზე უარი თქვით და მერე ინანეთ?

- არა, არასდროს არაფერი მინანია. საერთოდ, სინანულისადმი ჩემებური მიდგომა მაქვს. რატომ უნდა ინანო? შენ რომ ის იფიქრო, მე რომ ასე გამეკეთებინაო, ეს ხომ წარსულში გაბრუნებს? მაშინ არ ქენი? ახლა გააკეთე. გვიანია? ფიქრს შეეშვი. ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი აწმყოა, ეს მოცემულობაა მთავარი. წარსულისადმი მაქვს პატივისცემა, იქ ჩემი ბავშვობაა, კარგი მოგონებებია, შეიძლება მომენტალურად რაღაც მუსიკამ, ადგილის მონახულებამ, ნამცხვრის სუნმა დაგაბრუნოს ძველ დროში, გესიამოვნოს, მაგრამ ადამიანმა აწმყოში უნდა იცხოვროს. ზოგჯერ რაღაც ფრაზა მომეწონება და ამოვიწერ ან ვიმახსოვრებ, ზოგჯერ თავად ვწერ. ჩემი წიგნაკიდან ფრაზას ამოგიკითხავთ: "მე არ მინდა წარსულში დაბრუნება, არ მინდა, ვიცოდე ჩემი მომავალი, მე ვცხოვრობ ახლა, დღეს ეს მეხმარება ავირჩიო ის, რაც ჩემთვის საუკეთესოა და მივიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც მეხება მხოლოდ მე".

- ეს თქვენი ცხოვრების ფორმულაა?

- ფორმულასავითაა, სწორად დაარქვით.

- ბოდიშის მოხდა გიჭირთ?..

- ყოფილა შემთხვევა, მივმხვდარვარ, რომ ადამიანს ვაწყენინე. ასეთ დროს ყოველთვის ბოდიშს ვიხდი. ადამიანებს შორის ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა არ უნდა დაიკარგოს. ფილმები, წიგნები, სპექტაკლები რისთვის არის საჭირო? მხოლოდ განვითარებისთვის კი არა, იქ იმხელა აზრი და ფილოსოფიაა, მაგალითები შეგვიძლია ავიღოთ. დაუფიქრებელმა სითამამემ შეიძლება ცუდი შედეგი მოიტანოს. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ზღვაში ძალიან შორს გაცურავს. არ ვფიქრობ, რომ ნაკლები ან მეტი გავაკეთე ცხოვრებაში, ალბათ როგორც საჭირო იყო, ისე მოხდა. მშიშარაც არ ვარ. ადამიანი ისეთი არსებაა, რომელსაც სულ მეტი და მეტი უნდა. 29 წელია, მოდელობით ვარ დაკავებული, ბევრი სხვა სამსახურიც მქონდა, მაგრამ მოდელობა არის ჩემი ძირითადი ხაზი, ცხოვრება და ეს საქმე ისე მიყვარს, რომ მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები. ეს დიდი მოტივაციაა. მე ყოველთვის ჩემი თავის კონკურენტი ვარ, დროთა განმავლობაში ასე ბევრ რამეს ვსწავლობ, ვიზრდები. ასეთია ჩემი რეალობა, რომელთანაც დღეს ჰარმონიულად ვარ.

"არ შეიძლება, ადამიანი უსამართლოდ დაადანაშაულო"

ნინო ლეჟავა, მსახიობი:

- სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, კარგად ვუფიქრდები, ის კონკრეტული საკითხი ჩემთვის რამდენად საჭიროა, რას მაძლევს, რისი მომტანია... შეიძლება ის სიტუაცია ჩემთვის არაფრის მომტანი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი გახლდეთ იმ ადამიანისთვის, ვინც ამ წინადადებას მთავაზობს. მაგალითად, სტუდენტური ფილმი, სტუდენტი რომ სადიპლომოს იღებს და მისგან შემოთავაზება მაქვს - ეს ჩემთვის ხომ არაფრის მომტანია, მაგრამ უარს არასდროს ვამბობ, ეს სიკეთის გაკეთების საშუალებაა. მინდა დავეხმარო მომავალ თაობას. პროფესიონალთან მუშაობა ბევრად მეტს ასწავლის, ვიდრე არაპროფესიონალთან. ამიტომ სტუდენტისგან ჰონორარს არ ვიღებ. რომ ჰქონდეს, მაინც არ ვიღებ, მათი დაფინანსება ისეთი მწირია, შეიძლება 100 ლარზე მეტი ვერც გადაგიხადოს. ეს თანხა არც გამამდიდრებს, არც გამაღარიბებს, ამიტომ სჯობს, ტექნიკურ მხარეს მოახმაროს ან იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლის თავისი ფილმისთვის. ეს კეთილი საქმეა. არავინ ვიცით, ხვალ ვინ გახდება ალმადოვარი.

- როდესაც წინადადება რისკის შემცველია?

- კარგად ვუფიქრდები. რისკი მიყვარს. ზოგჯერ შეიძლება ვერც მიხვდე და მომხიბლავი წინადადება მართლა წამგებიანი იყოს.

- პროფესიის მიღმა, შეცდომებზე როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ადამიანები შეცდომებზე ვსწავლობთ. თავი ანგელოზად არ მომაქვს, ეს არავინ იფიქროს, მაგრამ ყოველთვის მირჩევნია, შეცდომამ ზიანი მე მომიტანოს, ვიდრე სხვა დააზარალოს - ასეთი შეცდომის შიში უფრო მაქვს. ვცდილობ, ყოველი ნაბიჯი გააზრებულად გადავდგა, რადგან ჩემ უკან დგანან ჩემი მეუღლე, შვილები. შეცდომების ნამდვილად არ მეშინია და აზრიც არ აქვს, ინანო. თანაც, ის ყოველთვის რაღაცას გვასწავლის.

- საკუთარ შეცდომებზე თქვენ რა ისწავლეთ?

- უკვე გულს ყველას აღარ ვუშლი. ვისწავლე, ვის რა დონეზე შეიძლება ვენდო. ნუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენი პრობლემის მოსმენისას, ადამიანებისგან "ნწუ, ნწუ, ნწუ"-ზე მეტი იქნება. არ იქნება, ზოგიერთს შეიძლება ეამოს კიდეც. მასას ის მოსწონს, როცა საცოდავი ხარ (რა თქმა უნდა, ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავ). სულ ვუკვირდები, შენი ბედნიერების და წარმატების ვისაც უხარია, აი, ეგ არის ჭეშმარიტი მეგობარიც და კოლეგაც. პრემიერის შემდეგ ზუსტად ვხვდები, ვინ რა გულით მილოცავს, მაგრამ არ მწყინს. გვახსოვდეს, სამყაროსგან ყველაფერი ერთი ასად მოგვიბრუნდება. ხომ გაგიგონიათ, "მადლი ნახე, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდება". ასე დაგხვდება წინ ყველაფერი, ცუდიც და კარგიც. მიზანდასახული თხის რქა ვარ, თამამი, რისკზე წამსვლელი, მაგრამ ღირსებაზე წინ არასდროს არაფერს ვაყენებ. ვერანაირი მიზნისთვის უღირს საქციელს ვერ ჩავიდენ. 100 წლის შემდეგ, იმ ქვეყნად ერთ ხელ სამოსს რომ წავიღებთ, აქ ადამიანის სახელი უნდა დავტოვოთ. ყველას ვერ ეყვარები, შენით უკმაყოფილოც გამოჩნდება, რომლისთვის შეიძლება არც არაფერი დაგიშავებია, შეიძლება არც კი გიცნობს, მაგრამ არ მოსწონხარ და მორჩა! ეს ჩვეულებრივი ამბავია.

- თუ გახსენდებათ, ბოლოს ბოდიში ვის ან რის გამო მოუხადეთ?

- ვცდილობ, საქმე საბოდიშოდ არ გავიხადო, მაგრამ ერთი სიამოვნებაა, როცა ვხვდები, რაღაც არასწორი გავაკეთე და ბოდიშს ვიხდი. ბოლოს ბოდიში შვილს მოვუხადე: ჩემამდე არასწორი ინფორმაცია მოვიდა, რაღაც ცუდად გავიგე და ამის გამო, უსამართლოდ ვუსაყვედურე. არ შეიძლება, ადამიანი უსამართლოდ დაადანაშაულო, ვინც არ უნდა იყოს ის.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"