"ძალიან მკაცრი იყო და მისი მეც ისევე მეშინოდა, როგორც სხვებს, მას მოეწონებოდი, ეს უკვე წარმატების საწინდარი იყო" - კვირის პალიტრა

"ძალიან მკაცრი იყო და მისი მეც ისევე მეშინოდა, როგორც სხვებს, მას მოეწონებოდი, ეს უკვე წარმატების საწინდარი იყო"

მომხიბვლელი, ელეგანტური ნანა შონია კარგა ხანია ამშვენებს ქართულ სცენას და ტელესივრცეს. ის სერიალებშიც სიამოვნებით მონაწილეობს, მისი პერსონაჟები ხალხშიც საკმაოდ პოპულარულია.

- რაც წამოვიზარდე და სრულწლოვანი გავხდი, სულ მსახიობობაზე ვფიქრობდი. სკოლა რომ დავამთავრე, უკვე ვიცოდი, თეატრალურში უნდა მესწავლა. ასე რომ, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვიცოდი, მსახიობი უნდა ვყოფილიყავი. მართალია, ბავშვობაში სცენაზე არ გამოვდიოდი, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია. ძალიან მორიდებული ვიყავი, მაგრამ მისაღებ გამოცდებზე დავამტკიცე, რომ საკმაოდ მებრძოლი ხასიათი მქონია და ჩემი თავის წარმოჩენაც შემძლებია. არც ერთ გამოცდაზე არ დავბნეულვარ, რაც ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ასე, დიდი ზარ-ზეიმით მოვეწყვე თეატრალურ ინსტიტუტში და დიდი ხნის ნატვრა ავისრულე.

- მორიდებული ხასიათი ხელს არ გიშლიდათ?

- როგორ არა: სტუდენტობის დროს სცენას რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, აქ როგორ უნდა გამოვიდე-მეთქი. რაღაცნაირი შიში მქონდა, მაგრამ მერე სცენასაც შევეჩვიე და პროფესიული ჩვევებიც გამოვიმუშავე. ჩემი, როგორც მსახიობის ჩამოყალიბებაში, უდიდესი როლი შეასრულა გიზო ჟორდანიამ და მასთან ერთად, მეტყველების პედაგოგმა ბაბულია ნიკოლაიშვილმა - ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ჩემი დაიჯერა. ეს ის ბაბულია ნიკოლაიშვილი გახლდათ, რომელიც მთელ სასწავლებელს აზანზარებდა: ძალიან მკაცრი იყო და მისი მეც ისევე მეშინოდა, როგორც სხვა სტუდენტებს. თუ ბაბულიას მოეწონებოდი, ეს უკვე წარმატების საწინდარი იყო. მან ჩემი შესაძლებლობების დაიჯერა და დიდი სტიმულიც მომცა, საკუთარ თავზე მემუშავა.

- სცენაზე გასვლის წინ ქვეცნობიერ შიშს ახლაც გრძნობთ?

- რაღაცნაირი მღელვარება და მოწიწება სცენაზე გასვლამდე ახლაც მეუფლება, მაგრამ ეს განცდა, მილიონი როლი რომ შეასრულოს, მსახიობს მაინც რჩება. თეატრალურში იმ მხრივაც გამიმართლა, რომ ჩემს ჯგუფში ბევრი ნიჭიერი ადამიანი სწავლობდა: ლევან წულაძე, მერაბ ნინიძე, ლევან ბერიკაშვილი, ნანუკა ხუსკივაძე, ქეთი ჩხეიძე, ნინო თარხან-მოურავი... თითოეულმა თავისი ადგილი იპოვა სცენაზე და თავისი როლი შეასრულა ქართული თეატრის ცხოვრებაში.

- ალბათ, ისეთ სტუდენტებსაც იცნობდით, ვინც მსახიობობაზე უარი თქვა და სულ სხვა სფეროში გადაინაცვლა... რა შემთხვევაში ტოვებს ნიჭიერი მსახიობი სცენას?

- ალბათ, ამ პროფესიას სხვადასხვა მიზეზის გამო თმობენ. ძნელია გაუძლო იმ სტრესებს, რაც ამ პროფესიას ახლავს. ზოგს ეს შეუძლია, ზოგს - არა. ძნელია ამ სფეროში იყო და ადამიანად დარჩე: ვგულისხმობ, რომ სხვისი არ შეგშურდეს, არ გაბოროტდე და სხვისი კარგი არ გეწყინოს... ხშირად ხდება, რომ იმ როლს არ გაძლევენ, რომელიც გულით გინდოდა - ეს ჩვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ თუ სხვისი არ შეგშურდება, თუ არ განაწყენდები, შენთანაც მოვა ისეთი როლები, რომელსაც ნატრობდი. ხანდახან ისეთი როლი მითამაშია, რომელზეც ადრე არც მიფიქრია, მაგრამ მუშაობის პროცესში კმაყოფილი ვყოფილვარ და ჩემი პერსონაჟიც საინტერესო გამოსულა. მსახიობებს ახალი როლის ლოდინი ზოგჯერ დიდხანს გვიწევს. ამ ყველაფრის გამო, პროფესიიდან წასვლაზე მეც მიფიქრია, მაგრამ მერე, სპექტაკლში რომ მითამაშია, მიკვირდა, ასეთი რამ გულში როგორ გავივლე-მეთქი?..

- რჩეული როლები თუ გაქვთ?

- ასეთი ბევრია, ამიტომ, რომელიმე მათგანის გამორჩევა მიჭირს. საოცნებო როლებიც არ მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად რომელიმეს შესრულებას ვნატრობ. ადრეულ ასაკში, როცა თეატრალურში აბარებ, ყველას ჯულიეტას თამაში უნდა, მაგრამ მე ამ ასაკს დიდი ხანია გავცდი და ვცდილობ, ის როლი შევასრულო კარგად, რომელსაც რეჟისორი მანდობს.

- რამდენად მნიშვნელოვანია მსახიობისთვის გარეგნული სილამაზე?

- უმჯობესია, ორიგინალური, გამორჩეული გარეგნობა გქონდეს. შეიძლება მსახიობი სულაც არ იყოს ლამაზი, მაგრამ რაღაცნაირი შარმი უნდა ჰქონდეს, რომ მაყურებელი მოხიბლოს. შეიძლება უარყოფით როლსაც თამაშობდე, მაგრამ მაყურებელს უნდა უყვარდე. ეს კიდევ ცალკე ნიჭია, რადგან მაყურებლის კეთილგანწყობას და სიყვარულს დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება მსახიობი არ იყოს გარეგნულად გამორჩეული, მაგრამ მაყურებელს ძალიან უყვარდეს. მაგალითად: სესილია თაყაიშვილი იმდენად უყვარდათ და იმდენად ნიჭიერი მსახიობი იყო, რომ მის გარეგნობას არავინ აკვირდებოდა, თითქოს ყველაფერი უკანა პლანზე გადადიოდა და მეორეხარისხოვანი ხდებოდა, მთავარი მისი თამაში იყო. ასე რომ, გარეგნობას ჩვენს საქმეში გადამწყვეტი როლი სულაც არა აქვს.

- ნიჭი, შრომისმოყვარეობა თუ იღბალი - ამ თვისებებიდან რომელი განაპირობებს მსახიობის წარმატებას?

- მე ვიტყოდი, რომ ნიჭი და შრომისმოყვარეობა. გამართლებასაც აქვს მნიშვნელობა: როგორ როლებს მოგცემენ, როგორი რეჟისორი შეგხვდება... მაგრამ თუ მსახიობს ნიჭი და შრომისმოყვარეობა აქვს, მაინც არ დაიკარგება.

- კინოში გადაღებაც ისე გიყვართ, როგორც სცენა და თეატრი?

- ორივე - კამერების წინ ყოფნაც ძალიან მიყვარს და სცენაც. ორივეს თავისი ანდამატი აქვს. კამერის წინ მუშაობა იმითაა კარგი, რომ შეიძლება რაღაც გამოასწორო, მეორე დუბლიც გადაიღო... საერთოდ, კამერებთან მუშაობის პროცესი მიყვარს.

- რამდენად რთულია როლზე მუშაობა მაშინ, როდესაც მსახიობს ბევრი ოჯახური საქმე და პრობლემა აქვს?

- ამას ვერ გაექცევი, რაც კარგად ვიცი და ოჯახის საქმესაც ვაკეთებ. გამოგიტყდებით, ზოგჯერ ძალიან მეზარება, დიდად არც სადილების კეთება მიყვარს და არც დალაგება, მაგრამ სხვა რა გზაა? როდესაც ოჯახი გაქვს, იქ წესრიგიც უნდა გქონდეს. არ შემიძლია, სადილი არ გვქონდეს და ჩემი სახლი დაულაგებელი იყოს... რა თქმა უნდა, კარგია, მოსვენებული ვიყო და მარტო როლებზე ვფიქრობდე, მაგრამ ასეა.

- არაერთი ნიჭიერი მსახიობი ემიგრაციაში წავიდა და უცხოეთში სულ სხვა საქმეს მოჰკიდა ხელი. მათზე რას ფიქრობთ?

- ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ გული მწყდება, რომ მსახიობები, რომლებსაც შეეძლოთ აქ უფრო მეტი ემუშავათ, ამ პროფესიაში დარჩენილიყვნენ, საქართველოდან წავიდნენ. მე მაგალითად, მათ გამო გული მწყდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს ძალიან გაუმართლა. თუ მიფიქრია უცხოეთში გადასვლაზე? - არასოდეს, რადგან ვიცი, რომ იქ ჩემნაირი მილიონია. თანაც, ოჯახის დატოვება და სადღაც წასვლა ჩემთვის წარმოუდგენელია.

- ეს ჩვენი, ტრადიციული შეკითხვაა - ფორმაში ყოფნას როგორ ახერხებთ?

- რომ გითხრათ, ამაზე დიდ დროსა და ენერგიას ვხარჯავ-მეთქი, მოგატყუებთ. მე მგონი, ბუნებრივად რაც ხარ, იმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. პლასტიკური ქირურგია და რაღაცების კორექციაც არ მომწონს. შეიძლება ვიღაცას ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, მაგრამ მე მირჩევნია ვივარჯიშო და ჯანსაღი ცხოვრების წესი მქონდეს. ჯანსაღი კვება და სწორი დიეტა ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პლასტიკური ქირურგია. ვარჯიში და ფეხით სიარული საუკეთესო რამ არის - მართალია, ბევრი დრო მიაქვს, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა, მსახიობი სულ ფორმაში უნდა იყოს. ისე კი, მთავარია, შენმა წონამ არ შეგაწუხოს და ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ იმოქმედოს.

- დაბოლოს, რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებსაც მსახიობობა სურთ?

- ალბათ, კარგად უნდა დაფიქრდნენ და ყველა სირთულე წინასწარ გაითვალისწინონ. ამას წინათ ერთი აბიტურიენტი გავიცანი - ჩემი ახლობლის შვილი და რომ ვკითხე, რატომ გინდა მსახიობობა-მეთქი? სერიალებში უნდა ვითამაშოო, - მიპასუხა. მსახიობობა მარტო სერიალებში თამაშს როდი ნიშნავს, ეს სულ სხვა განზომილებაა... თანაც, სერიალზე მუშაობაც საკმაოდ რთული და სერიოზული საქმეა - სერიალსაც დიდი შრომა სჭირდება. რეჟისორმა რაც უნდა გითხრას, მაინც ყველაფერი შენ უნდა მოიფიქრო, ფანტაზია ჩართო და შენი პერსონაჟი თავად შექმნა. ასე რომ, ნიჭს თუ დიდი შრომისმოყვარეობაც არ ახლავს, მსახიობი ვერაფერს მიაღწევს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"