სტატუსის მოლოდინში: დააზარალებს თუ არა საქართველოს ორბან-ევროკავშირის დაპირისპირება?! - კვირის პალიტრა

სტატუსის მოლოდინში: დააზარალებს თუ არა საქართველოს ორბან-ევროკავშირის დაპირისპირება?!

როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგია. მან გასულ კვირას, პარიზში ვიზიტის დროს, Le Point-თან ინტერვიუში ამაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა და განაცხადა, უკრაინა ამისთვის მზად არ არისო. მან ასევე გააპროტესტა ევროკომისიის შეფასება, რომ უკრაინამ პროგრესს მიაღწია. "უკრაინა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში. ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას გაწევრების მოლაპარაკების დაწყების შესახებ", - განაცხადა მან. ექსპერტთა ნაწილის აზრით, უკრაინის საკითხის დაბლოკვის შემთხვევაში, საეჭვოა, გავიდეს საქართველოსა და მოლდოვის საკითხი, რადგან ეს ქვეყნები გაფართოების ერთიან პაკეტში შედიან. ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალია საბანაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ თუ უკრაინასთან წევრობის საკითხზე მოლაპარაკების გახსნა უნგრეთის დაჟინებით გადაიდება, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც შემდეგი სამიტისთვის გადაიწევს. მოგეხსენებათ, ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროპული საბჭოს 15-16 დეკემბრის სამიტზე უნდა გადაწყდეს. საქართველოს ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ უნგრეთის პოზიცია საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელს არ შეუშლის. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან:

lagazidze-770x514.jpg

- უპირველესად უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირთან დაახლოების დაჩქარება დღის წესრიგში დადგა სწორედ უკრაინის დამსახურებით. რომ არა რუსეთის ბარბაროსული შეჭრა და გაჩაღებული ომი, წარმოუდგენელი იყო უახლოეს მომავალში დამდგარიყო ეს საკითხი ან მოლდოვისთვის, ან საქართველოსა და უკრაინისთვის. ეს არის ერთგვარად იმ თავდადების დაფასება, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს არა მარტო საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის. მოკლედ, ამ ქვეყნების მონაწილეობით გაფართოების საკითხი მართლაც ერთ პაკეტად განიხილება და ამას ევროპაც ასე უყურებს. ამ სამი ქვეყნის გარდა, პაკეტში ასევე შედიან ბალკანეთის ქვეყნები, რომლებსაც თავისი ლობისტები ჰყავთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ამიტომაც ბალკანეთის ქვეყნების საკითხი, რომელიც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვაზე ადრე იდგა დღის წესრიგში, ერთიან პაკეტში შეიტანეს. შესაბამისად, ძალიან არასერიოზულია ლაპარაკი იმაზე, რომ უკრაინა ამოგლიჯონ ამ პაკეტიდან და ვთქვათ, მოლდოვა გადაიყვანონ შემდეგ ეტაპზე, საქართველოს კი მისცენ სტატუსი. ეს ამ გადასახედიდან წარმოუდგენელ მკრეხელობად ჩანს.

ამასთანავე, უნდა ითქვას, რა არის ორბანის მოტივაცია. მას ევროკავშირთან შეუსაბამო პოლიტიკის გამო ბევრი მიმართულებით აქვს პრობლემა, შედეგად ათობით მილიარდი აქვს დაბლოკილი. სავარაუდოდ, უკრაინის შესახებ მისი პოზიციის ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ეს საკითხი, რაზეც ვაჭრობს ევროკავშირთან. იმავდროულად, გავიხსენებ, დიდი ალბათობით, პოლონეთის მომავალი პრემიერის დონალდ ტუსკის ნათქვამს, ორბანი უკვე აშკარად რუსეთის თამაშს თამაშობსო. აქედან გამომდინარე, თუ ეს ორი საკითხი თანხვდება ერთმანეთს ორბანის მოტივაციაში, ისმის კითხვა, ვინმეს ჰგონია, რომ ვლადიმირ პუტინი არის ის კაცი, რომელსაც თუ მიეცემა უკრაინის დაბლოკვის შანსი, ამას არ გააკეთებს ან მსგავსად არ შეუქმნის პრობლემებს საქართველოსა და მოლდოვას? ასეთ შემთხვევაში ორბანის თბილი ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან ანგარიშში ჩასაგდებიც არ იქნება.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე ევროკავშირის წინაშე ორი პრინციპული საკითხი დგას: ერთი ის, რომ რუსეთს არ მისცეს საშუალება უნგრეთის მეშვეობით ევროკავშირის რღვევა დაიწყოს. ევროკავშირისთვის მეორე ამოცანაა, არ დაუშვას რუსეთის პოლიტიკის გამარჯვება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, როგორ მოახერხებს ეს ორგანიზაცია დაარწმუნოს ორბანი და პოზიცია შეაცვლევინოს. ამისთვის სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. იმედია, ევროკავშირის არგუმენტები უფრო მყარი აღმოჩნდება, ვიდრე პუტინის.

- აქვე ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დღეს უკრაინა დგას. ეს არის როგორც შიდაპოლიტიკური პრობლემები, ასევე საერთაშორისო დახმარების საკითხი.

- ორბანი ხელს უშლის არა მარტო უკრაინის ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადასვლას, არამედ მისთვის ევროკავშირიდან ფინანსური დახმარების საკითხსაც, რომელიც მართლაც მასშტაბურია - ლაპარაკია 56 მილიარდზე. ასეთივე პრობლემებია აშშ-ში, სადაც დახმარების 106-მილიარდიან პაკეტს ბლოკავს რესპუბლიკური პარტიის სრული წარმომადგენლობა კონგრესში. ამ დახმარების დიდი ნაწილი განკუთვნილია უკრაინისთვის, დანარჩენი კი ისრაელისა და ტაივანისთვის. ერთი კვირაა დარჩენილი, ვიდრე საშობაო არდადეგები დაიწყება, ეს საკითხი მანამდე უნდა გადაწყდეს. რესპუბლიკელები დიდწილად უარს არ ამბობენ უკრაინის დახმარებაზე, მათ ამის სანაცვლოდ თავიანთი მოთხოვნა აქვთ - ეს ამერიკის საზღვრების დაცვას შეეხება ანუ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, რაც იყო ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება.

საბოლოოდ, უკრაინა, დიდი ალბათობით, მიიღებს დახმარებას აშშ-დან, მაგრამ ამით ვერ დასრულდება მისი პრობლემები. ბოლო ხანს ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი სტატიები გამოქვეყნდა დასავლური მედიის გიგანტებში, როგორიც არის "ეკონომისტი" და "ვაშინგტონ პოსტი", რომლებშიც განხილული და შეფასებულია უკრაინის კონტრშეტევა, ლაპარაკია იმ მიზეზებზე, რატომ არ აღმოჩნდა ის შედეგიანი. ამის მიზეზებს შორის სახელდება წინააღმდეგობა უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის, ასევე უკრაინისა და აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობებს შორის სტრატეგიასა და ტაქტიკაზე მნიშვნელოვნად განსხვავებული მოსაზრებები. კონტრშეტევის წარუმატებლობის მიზეზად სახელდება ასევე დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების დროულად არმიწოდება. მაგალითად, ამერიკელი გენერალი, საქართველოს დიდი მეგობარი ბენ ჰოჯესი, დიდი ხანია ამბობს, რომ საჰაერო მხარდაჭერის გარეშე რუსული თავდაცვის საფორტიფიკაციო ნაგებობების გადალახვა ურთულესი ამოცანა იქნებოდა უკრაინისთვის. როგორც ირკვევა, შეტევის დაწყების დროის შესახებაც განსხვავებული მოსაზრებები ყოფილა. ამერიკელების აზრით, ის უნდა დაწყებულიყო აპრილში, რათა ოკუპანტებს არ მოესწროთ მძლავრი თავდაცვითი ნაგებობების აგება, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ კი მიიჩნია, რომ უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები არ არიან სათანადოდ გაწვრთნილი დასავლური იარაღის მოხმარებისთვის და ივნისამდე გადადო კონტრშეტევა, რამაც რუსებს საშუალება მისცა რამდენიმეშრიანი თავდაცვითი ნაგებობები აეშენებინათ და ტერიტორიები მასობრივად დაენაღმათ. უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი და თავად პრეზიდენტი ზელენსკიც ამბობენ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა არათუ უნდა გაგრძელდეს, არამედ უნდა გაძლიერდეს, სხვა შემთხვევაში უკრაინა დგება რუსული აგრესიის მორიგი ტალღისა და მოსალოდნელი მარცხის საფრთხის წინაშე. მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ტალღა შესაძლოა დაიწყოს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, თუმცა სამხედრო ექსპერტების ნაწილი აფასებს რა რუსეთის არმიის მდგომარეობას, ამბობს, რომ რუსეთს ძალიან სერიოზული სამხედრო პრობლემები აქვს და შეტევითი ომის რესურსი აღარ აქვს. რა თქმა უნდა, ამის პარალელურად აუცილებელია დასავლეთმა გააგრძელოს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება და ასევე ხელი შეუწყოს უკრაინის მიერ იარაღის წარმოებას. ამ კონტრშეტევის უშედეგობამ იმედგაცრუება გამოიწვია როგორც უკრაინაში, ისე პარტნიორებში, რაც დასაძლევი იქნება. ისევე როგორც ომის პირველ კვირებში, ახლაც საინფორმაციო პოლიტიკის მძლავრი ტალღაა შესამუშავებელი, რათა უკრაინამ შემოიმტკიცოს დასავლური მხარდაჭერა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მხარდაჭერა წყალობა არ არის უკრაინისთვის, უკრაინა დღეს ევროპის უსაფრთხო მომავლისთვის იბრძვის. თუ რუსეთმა ამ ომში წარმატებას მიაღწია, ამაზე არ გაჩერდება. თუ ახლა დასავლეთი განზე გადგა და თავის ომამდელ ფეხის ათრევის პოლიტიკას დაუბრუნდა, რუსეთის შემდგომი სამიზნეები შესაძლოა უკვე ნატოს წევრი სახელმწიფოები გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში არსებული ვითარება აისახება ყველა დასავლური ქვეყნის არჩევნებზე და მათ შორის განსაკუთრებით საქართველოზე, რაც ამყარებს "ქართული ოცნების" პოზიციებს 2024 წლის არჩევნების წინ და ართულებს ოპოზიციის ამოცანას. ხელისუფლების ის ანტიდასავლური ისტერიკა, რასაც ვადევნებდით თვალს კარგა ხნის განმავლობაში სტატუსის მიღების წინ, შეწყდა, მაგრამ, სავარაუდოდ, ისევ დაიწყება სტატუსის მიღების შემდეგ. წარმოუდგენელია, "ქართულმა ოცნებამ" ის, რაც ხდება უკრაინის თაობაზე მსოფლიო მედიაში, სათავისოდ არ გამოიყენოს და საკუთარ მესიჯებად არ წამოსწიოს. მათი რიტორიკა ხომ იმას ემყარებოდა, რომ ისინი არიან მშვიდობის გარანტორები. აცხადებდნენ, რომ უკრაინის გამარჯვების არ სჯერათ. ის ყველაფერი, რაც ახლა ხდება, მათ წისქვილზე ასხამს წყალს.

- გასულ კვირას პარლამენტის დელეგაცია სპიკერ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. მოვისმინეთ არაერთი პროდასავლური განცხადება. "მომავალ წელს ვაშინგტონში სამიტი მნიშვნელოვანია, მათ შორის იმიტომ, რომ საიუბილეო სამიტია და იმის ფორმატი, რომ მთლიანად მოხდეს ნატოს როლის გააზრება უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონის სამიტზე მკაფიო მხარდაჭერა იყოს საქართველოს გაწევრებისა და ასევე საქართველოს დახმარების საკითხში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

- მიუხედავად იმისა, მმართველმა ძალამ იცის ქართველი საზოგადოების გამოკვეთილად პროდასავლური განწყობა, ის თუნდაც რიტორიკის დონეზე აშკარად ვერ მიდის რუსეთისკენ და ვერ ამბობს სრულად უარს დასავლურ კურსზე, მით უფრო წინასაარჩევნოდ სჭირდება მისი ამომრჩევლის პროდასავლური ფლანგის შემომტკიცება. სხვათა შორის, მისთვის ნამდვილად მომგებიანია კანდიდატის სტატუსის მიღება, განსაკუთრებით ამომრჩევლის იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც ძალიან შემაშფოთებელი იყო მიეცათ ხმა იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს ბლოკავდა - ეს მორალური დილემა "ოცნების" ამომრჩევლის პროდასავლურ ფლანგს მოეხსნება, თუ სტატუსს მივიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები გამოკვეთილად ამბობენ, რომ სტატუსს აძლევენ არა ხელისუფლებას, არამედ ქართველ საზოგადოებასა და ქართულ სახელმწიფოს. არადა, ელექტორატის ეს ნაწილი იყო ის, ვისაც შეიძლებოდა შეევსო ამომრჩევლის რესურსი, ერთი მხრივ, გახარიას პარტიისთვის და მეორე მხრივ, "ლელოსთვის". კიდევ ერთი თემა მმართველი ძალის პოზიციის გაძლიერებისთვის არის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი - ანუ როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი აძლევს მმართველ ძალას საშუალებას არ დაჰპირდეს ამომრჩეველს, მაგალითად, ხელფასების ან პენსიების გაზრდას, არამედ არსებითად გაუზარდოს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, "ოცნება" არჩევნებზე საკმაოდ ძლიერი პოზიციებით გადის და ოპოზიციისთვის ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევნები, რაც კი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილა.

- ორიოდე სიტყვით შევეხოთ "ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილ ვითარებასაც. პარტია დატოვა არაერთმა პოლიტიკოსმა, მათ შორის ლამის ერთწლიანი განხეთქილების შემდეგ წავიდა ნიკა მელია თავისი გუნდით.

- საინტერესოა, "ნაცმოძრაობის" დასუსტების პროცესი როგორ აისახება დანარჩენ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ვფიქრობ, ეს აჩენს პერსპექტივებს დანარჩენი შედარებით მსხვილი ოპოზიციური მოთამაშეებისთვის, იმიტომ, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც "ნაცმოძრაობით" იმედგაცრუებულია, წესით, უნდა წავიდეს სხვა ოპოზიციური პარტიებისკენ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, შინ დარჩეს. თუ ასე მოხდა, ამან შეიძლება ისევ და ისევ "ქართული ოცნება" ახეიროს და იმაზე მეტი დეპუტატის შეყვანა მოახერხოს პარლამენტში, ვიდრე ახლა ჰყავს.

რაც შეეხება მელიას, იმის თქმა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" იმედგაცრუებული ამომრჩევლიდან ყველა მელიას გაჰყვება, არასწორია. ასე არ იქნება, იმიტომ, რომ არის აქეთ კიდევ გვარამია, რომელიც ფიქრობს პოლიტიკაში შემოსვლაზე და "ნაცმოძრაობიდან" წამოსული ამომრჩევლის ნაწილი მასზეც დადებს ფსონს. ასევე საინტერესო იქნებოდა გვარამია-მელიას კომბინაცია. ძალიან საინტერესო ფიგურაა გიორგი კირთაძეც, რომელსაც ბათუმში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს. კიდევ უფრო საინტერესო იქნება, მელია წავა თუ არა თანამშრომლობაზე სხვა პოლიტიკურ ცენტრებთან. მაგალითად, გახარიას პარტიასთან, "ლელოსთან" ან ზურა-"გირჩის" და ხოშტარიას დუეტთან? მოკლედ, საითაც წავა "ნაციონალური მოძრაობისგან" ჩამოშლილი ამომრჩეველი, ის გააძლიერებს იმ პარტიას თუ გაერთიანებას და, სულ მცირე, 5%-იანი ბარიერის გადალახვის გარანტიას გაუჩენს. საინტერესოა კიდევ, რას იზამს ნინო ლომჯარია, თუ პოლიტიკაში წავიდა... კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. თუ ის გადაწყვეტს წინასაარჩევნოდ აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, არა მგონია, ერთ პოლიტიკურ პარტიასთან დაიჭიროს საქმე, არ გამოვრიცხავ, თუ რაღაც დიდი გაერთიანება შედგება, იქ ვიხილოთ. მოკლედ, ზემოხსენებულ ოპოზიციურ პარტიებს ორი შანსი აქვთ: ან გაზაფხულისთვის საკუთარი ამომრჩევლის გამსხვილებაზე უნდა იზრუნონ იმგვარად, რომ გარანტირებული 8% მაინც ჰქონდეთ რეიტინგი გამოკითხვებით, ან არადა, გარდაუვალ გაერთიანებაზე უნდა წავიდნენ. ვნახოთ, ეს გაზაფხულზე უფრო ნათლად გამოჩნდება.