„...ეს იქნება ევროპის სუიციდი!“
"ამას მოჰყვება არმაგედონი, ევროპა აღიგვება პირისაგან მიწისა", "ტრაგიკული გადაწყვეტილება, რომელსაც შესაძლოა უკრაინა შეეწიროს", - ასე შეაფასა დასავლურმა მედიამ 6 დეკემბერს ამერიკული სენატის მიერ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტის დაბლოკვა. ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან 61 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის იყო განკუთვნილი. კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო იყო 60 სენატორის ხმა, თუმცა კანონპროექტს მხარი მხოლოდ 51-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 49 იყო. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ყველა რესპუბლიკელმა სენატორმა და დამოუკიდებელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა მისცეს. ერმაკის თქმით, "უკრაინისთვის დახმარების გადადება - არ ვგულისხმობ არმიღებას - შექმნის დიდ რისკს, რომ ჩვენ ვიქნებით იმავე მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვართ და, რა თქმა უნდა, ეს, ძალიან დიდი ალბათობით, შეუძლებელს გახდის ტერიტორიების გათავისუფლების გაგრძელებას და ომის წაგების დიდ რისკს შექმნის".
სამწუხაროდ, ეს ერთადერთი გამოწვევა არ არის უკრაინისთვის, კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის ცნობით, უკრაინის მხარდაჭერის დინამიკა შენელდა. 2023 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე უკრაინისთვის დაპირებული ახალი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 90%-ით შემცირდა და 2022 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამასობაში რუსეთის ლიდერი ძალისხმევას ააქტიურებს, რათა უფრო დიდი სამხედრო უპირატესობა მოიპოვოს და ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაჰყავს. ამასთან, პუტინმა სპეციალური ბრძანებულებით დაადგინა, რომ უკრაინასთან ომში მოქმედი არმიის პირადი შემადგენლობა 170 ათას კაცამდე უნდა გაიზარდოს. მას იმედი აქვს, რომ არმიის რაოდენობის გაზრდა ხელს შეუწყობს სტრატეგიული ობიექტების დაკავებას, მათ შორის ქალაქ ავდეევკის გაკონტროლებას, რომლის ასაღებად გააფთრებული ბრძოლაა. არსებულ ვითარებას ბრიტანული გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" გამოეხმაურა სტატიით "პუტინი გამარჯვებასთან ახლოა, ევროპას უკვე უნდა ეშინოდეს". სტატიაში ევროპის სამომავლო მდგომარეობის სცენარია გადმოცემული. უკრაინასთან ომში კრემლის სავარაუდო წარმატების შემთხვევაში, "ევროპას რომის წმინდა იმპერიის ბედი ელოდება". უფრო ვრცლად უკრაინის, ევროპისა და ამერიკის წინაშე არსებული გამოწვევების, ასევე რუსეთისათვის ხელსაყრელი სამხედრო-პოლიტიკური წესრიგის შექმნის შესაძლებლობასა და საფრთხეებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:
- მე მაინც მგონია, რომ საბოლოოდ სენატი კანონპროექტს გაიტანს. ჩვენ არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ამერიკაში პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო ინტერესებზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ახლა ამერიკაში შიდაპოლიტიკური დაპირისპირებაა, რასაც თავისი დროის ლიმიტი აქვს. რა მოხდება, თუ სენატი უკრაინის დახმარების კანონპროექტს არ დაამტკიცებს? თეთრი სახლი სხვა გამოსავალს ნახავს. წარსულის გამოცდილებიდან ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მთელი "ცივი ომის" პერიოდში ყოველთვის პოულობდა გამოსავალს. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, პუტინმა კარგად იცოდა, რომ ამერიკის შიდა დაპირისპირების გამოყენება შეიძლებოდა, და გამოიყენა კიდეც. ის ახლა დროს იგებს - შეტევაზე გადადის, აქტიურობს აღმოსავლეთის ფრონტზე, თუმცა წარმატებას ვერ აღწევს. მას ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი აქვს. მთელ ამ პროცესში საინტერესო ის არის, რომ ომმა უკვე მიაღწია ეკვილიბრიუმს ანუ ძალთა თანაფარდობას. ახლა ამერიკის დახმარება საჭიროა არა იმისათვის, რომ ეკვილიბრიუმი შენარჩუნდეს, არამედ იმისათვის, რომ გამარჯვების სასწორი უკრაინის მხარეს გადაიხაროს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხია. ძალიან კარგია, რომ დასავლურმა მედიამ განგაშის ზარს შემოკრა. "დეილი ტელეგრაფი" სწორად წერს, რუსეთი ევროპისათვის დიდი საფრთხეაო, და სწორად მიანიშნებს მსოფლიო ლიდერებს მოსალოდნელი აპოკალიფსის შესახებ, თუ უკრაინას დროულად არ დაეხმარებიან.
- თქვენ კი ამბობთ, რომ ფრონტის ხაზზე ძალთა თანაფარდობაა, მაგრამ ბოლო ცნობებით უკრაინული არმია ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშეა, ახალგაზრდები მასობრივად არიდებენ თავს ფრონტზე წასვლას. ზელენსკი კი სოციალური მღელვარების შიშით ხელს ვერ აწერს კანონს "ჯარში გაწვევის გაფართოების" შესახებ. რუსეთს კი ცოცხალი ძალის პრობლემა არა აქვს, ისევე როგორც შეიარაღების.
- გეთანხმებით, ეს ფაქტორი უკრაინისთვის ახლა ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. უკრაინას ამჟამად 800 000-იდან 900 000-მდე მებრძოლი ჰყავს, რაც სავსებით საკმარისია ფრონტის შენარჩუნებისთვის, მაგრამ არ კმარა შეტევისთვის. უკრაინას ცოცხალ ძალაზე მეტად ახლა ტექნიკა უჭირს. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ უკრაინას მეტი ცოცხალი ძალა ტექნიკის დეფიციტის დასაბალანსებლად სჭირდება. რუსეთმა მაღალტექნოლოგიური დეფიციტი ცოცხალი ძალის მასობრივი მობილიზებით დააბალანსა. ეს ნიშნავს, რომ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი კლავს ათ რუსს, მაგრამ საბოლოოდ უკრაინელი ჯარისკაციც ეცემა ბრძოლის ველზე. თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, იძულებული იქნება დასაბალანსებლად ცოცხალი ძალა გამოიყვანოს. არ გეთანხმებით, რომ ზელენსკი კანონს "ჯარში გაწვევის გაფართოების" შესახებ ხელს სოციალური მღელვარების შიშით არ აწერს. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ უკრაინა ომში საზოგადოების საუკეთესო ნაწილს კარგავს და ეს მისთვის დიდი ტკივილია. საყოველთაო მობილიზაცია დიდი პრობლემაა როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვისაც, თუმცა სამობილიზაციო რესურსი რუსეთს უფრო მეტი აქვს. ერთადერთი გამოსავალი უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაა.
- მაგრამ დახმარება უკვე სათუოა. ვრცელდება დონალდ ტრამპის განცხადება, რომ თუ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდება შეეცდება უკრაინის დახმარების შეწყვეტას ან მის მკვეთრად შემცირებას. "ვაშინგტონ პოსტში" დაიბეჭდა სტატია "უკრაინა და მისი მოკავშირეები დონალდ ტრამპის დაბრუნებისათვის უნდა მოემზადონ"... რა პერსპექტივა აქვს უკრაინას დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში?
- ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ შორსაა. თუ საბრძოლო თეატრის სურათი მანამდე არ შეიცვალა, მერე ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, კარდინალურად ვეღარაფერს შეცვლის. 8 ყველაზე მნიშვნელოვანი თვე გვაქვს - ზამთრის ოპერაცია, რომელიც აუცილებლად იქნება, გაზაფხული და ზაფხულის აქტიური პერიოდი. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ომით გადაღლა ორივე მხარეს უკვე შეინიშნება და წარმოიდგინეთ, რა მოხდება 9 ან 10 თვის შემდეგ. ტრამპი რომ პრეზიდენტი გახდება (თუ გახდება), რუსებიც და უკრაინელებიც ისეთი გადაღლილი იქნებიან, ძალიან გაჭირდება ორივე მხარის გამოღვიძება, ან რომელიმე მხარეს უკვე ექნება უპირატესობა. პოლიტიკურადაც სხვა ვითარება იქნება. 2024 წელს უკვე ბევრ რამეზე ჩამოყალიბდება როგორც დასავლეთი, ასევე რუსეთი და ჩინეთი.
- რას ელით ზამთრის ოპერაციისგან და როგორი შეიძლება იყოს 2024 წლის მიწურულს პოლიტიკური სურათი?
- 2023 წლის მსგავსად ზამთრის ოპერაცია წელსაც აქტიური იქნება. რუსეთი ახლაც აქტიურობს ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით. დონეცკის გარეუბნის, მარინკის 95%-ის დასაკავებლად რუსეთმა დიდი რესურსი გაიღო. ავდეევკაც დიდი დასახლებაა, სხვათა შორის, მას დონეცკის ყელზე მიდებულ დანას უწოდებენ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ამ მიმართულებით რუსებს დიდი დანაკარგი აქვთ, შედეგი კი არსებითად არა. რას ნიშნავს ეს? ან მთელი ზამთრის ოპერაცია გაგრძელდება ისეთი შეტევებით, როგორიც ავდეევკაზე, მარინკაზე და მანამდე ხარკოვის ოლქის მიმართულებით კუპიანსკის ოლქში მიმდინარეობდა, ან ეს არის მოთელვა და რუსეთი რაღაც ძალიან დიდი ამბისთვის ემზადება. გაზაფხულისთვის რომ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება, ცხადია, მაგრამ რა მასშტაბის იქნება და ვინ იქნება შემტევი, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. რაც შეეხება 2024 წლის პოლიტიკურ ვითარებას, ამის კონტურები უკვე ჩანს - მსოფლიო ორ ბანაკად იყოფა. რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზის არ იყოს, ამაშიც ის იქნება მთავარი, ვინ დაიღლება პირველად. დასავლეთში უფრო მოხშირდა საუბრები იმის შესახებ, მოდი, უკრაინა დავივიწყოთო. რუსეთს მოქმედების უფრო მეტი თავისუფლება აქვს - შეუძლია ისრაელში არიოს სიტუაცია, ირანის კარტი გაათამაშოს ან ვენესუელაში კრიტიკული ვითარებით ისარგებლოს. დასავლეთს ამის ფუფუნება არა აქვს.
- ბაიდენის ადმინისტრაციაშიც მატულობს რწმენა, რომ კიევს ომში გამარჯვებისთვის მცირე შანსი რჩება, ხომ არ არის შესაძლებელი ზელენსკის ტრამპის გაპრეზიდენტებამდე აიძულონ პუტინთან ზავის დადება?
- ზელენსკი კი არა, ახლა ზავის დადებას პუტინი არ დათანხმდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა ყირიმს დათმობს. რატომ? თუ დასავლეთი დაიწყებს უკრაინის დარწმუნებას, რომ დაზავდეს, რუსეთი ჩათვლის, რომ ომს იგებს და დასაზავებელი არაფერი აქვს. პუტინი ზავსა და ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამოსუნთქვა დასჭირდება, თუ ომი ძალიან გაგრძელდა, ძალთა ბალანსი დიდხანს არ შეიცვალა და სიტუაცია ჩიხში შევა, ან თუ რუსეთის მდგომარეობა დამძიმდება და უკრაინელებს უპირატესობა ექნებათ. ასეთ სიტუაციაში რუსეთი შეიძლება თავად იყოს ინიციატორი, მაგრამ გამორიცხულია, დასავლეთის ინიცირებულ ზავს დათანხმდეს.
- რა არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება რუსეთმა ზავის დადების შემთხვევაში მოითხოვოს?
- იმ ტერიტორიების სრულად დაცლა, რაც ანექსირებულად აქვს გამოცხადებული. შეგახსენებთ, რუსეთს ანექსირებულად აქვს გამოცხადებული ხერსონიც, ზაპოროჟიეც და დონეცკიც, ასევე ლუგანსკის მთელი ოლქი, რომლის დიდი ნაწილი ისედაც მიტაცებული აქვს. თუ რუსეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობას ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დაესმება. ამასთან ეს იქნება პრეცედენტი იმისა, რომ მსოფლიოში დაპყრობითი ომები დაბრუნდება.
- რისი ტოლფასი იქნება ეს ყველაფერი დასავლეთისთვის?
- ეს იქნება ევროპის სუიციდი! არა მარტო დიდი ქვეყნებისთვის, არამედ ყველა პატარა მეზობელი სახელმწიფოსთვის. უპირველესად ბელარუსი გაქრება რუკიდან, მას მიჰყვება ლატვია. ამ ქვეყნის დიდი ნაწილი მაინც რუსულენოვანია და დიდი პროტესტიც არ ექნებათ. იმავე მოცემულობის წინაშე აღმოჩნდება ესტონეთის აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც რუსები კომპაქტურად არიან დასახლებული. თუ გამოკითხვებს დავუჯერებთ, რუსეთში ომის მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდა. ამ მოცემულობით რუსეთ-უკრაინის ზავის დადების შედეგი იქნება არა ომის დასასრული, არამედ ახალი ომების დასაწყისი.
- ამ დროს როგორი შეიძლება იყოს ამერიკის პოზიცია? ამ შემთხვევაში ნატო არ უახლოვდება რუსეთს, პირიქით, რუსეთი უახლოვდება ნატოს.
- კი ბატონო, ნატოს უსაფრთხოების ქოლგას დიდი საფრთხე დაემუქრება. არ არის გამორიცხული, ამ ამბავმა წააქეზოს ჩინეთი. ოფიციალური პეკინი დაიჯერებს, რომ კონსოლიდირებული დასავლეთის დამარცხება შესაძლებელია და აუცილებლად დაესხმება ტაივანს. თუ ჩინეთი ტაივანს დაიპყრობს, ჩათვალეთ, რომ ამერიკას ფარი ჩამოეშლება წყნარი ოკეანის აუზში. არც ის დაგვავიწყდეს, რომ დავის საგანი არის არქტიკა. რუსეთს ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის მიდამოებში რესურსების საძიებო სამუშაოები აქვს და სამხედრო ინფრასტრუქტურასაც აშენებს. ეს ნიშნავს, რომ კანადის საზღვარს უახლოვდება. რუსეთი ნორვეგიასაც ედავება რამდენიმე კუნძულს... თუ რუსეთმა უკრაინის სახით კოლექტიური დასავლეთი დაამარცხა, მას აუცილებლად გაეზრდება მადა, რომელიც შეიძლება ვერასდროს დაიოკოს. საქართველოზე აღარც ვლაპარაკობ.
- მართალია, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი დროა, მაგრამ მაინც საინტერესოა, პრეზიდენტობის რეალური კანდიდატის, ტრამპის პოზიცია. რას უნდა მივაწეროთ მისი ლოიალურობა რუსეთთან, ამერიკის სახელმწიფოებრივ ინტერესებს სწორად ვერ აღიქვამს?
- დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადი ფიგურაა. მისი პოლიტიკა ძალიან ორაზროვანი და ცვალებადია, არავინ იცის, კრიტიკულ ვითარებაში როგორ მოიქცევა. არ არის გამორიცხული, თუ პრეზიდენტი გახდა და რუსეთ-უკრაინის საკითხის გადაწყვეტამ მოუწია, ძალზე მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღოს. სხვათა შორის, ბაიდენზე უფრო სხვაგვარი მოლოდინი იყო, ყველას ეგონა, რომ ის რუსეთთან გაცილებით ხისტი იქნებოდა, ვიდრე არის. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბაიდენის პარტიის წევრები, მათ შორის, კონგრესის ახალი თავმჯდომარე, არც ისეთი ანტიუკრაინელი აღმოჩნდა, როგორიც ეგონათ. მათი პოლიტიკა ცნობილია იმით, რომ ძალიან არაორდინარულები არიან, და ეს ნამდვილად ქმნის პრობლემას, ძალიან რთულია განსაზღვრა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამა თუ იმ ვითარებაში. სხვათა შორის, ისიც ცნობილია, რომ ტრამპს პუტინი პერსონალურად ესიმპათიურება და ბევრ რამეში ჰბაძავს კიდეც.
ხათუნა ბახტურიძე