„თუ ამერიკა ხელიდან გაუშვებს უკრაინას, იქით კი ტაივანს, ეს მთელ მსოფლიოში დაუკარგავს პრესტიჟს“
2024 წელს უკრაინისთვის აშშ-ისა და ევროკავშირის სამხედრო დახმარების ბედი, გაურკვეველია, რადგან რესპუბლიკელებმა დაბლოკეს კანონის მიღება, ევროკავშირში კი უნგრეთი ამბობს უარს სათანადო აქტის მიღებაზე. ცხადია, ამ ორივე პაკეტში სხვა საკითხებიც შედის და მათ შორის, ევროკავშირის გაფართოება და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მინიჭება. თუმცა უკრაინაში ომის გამო ამ პაკეტებს განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა, რომლის გარეშეც უკრაინა არათუ გამარჯვებას, არამედ არსებული მდგომარეობის შენარჩუნებასაც ვერ შეძლებს და ამ საფრთხეზე უკვე საუბრობენ დასავლეთში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, უკრაინის ომით გადაღლილი დასავლეთი რას აპირებს რუსეთთან დაპირისპირებაში და რა იქნება უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი, ამ საკითხებზე იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარს ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრეთ:
- აშშ-ში ეს ძირითადად რესპუბლიკური პარტიის პრობლემის გამო ხდება, რადგან მათ კონგრესში უმრავლესობა აქვთ, და დაბლოკეს 110-მილიარდიანი პაკეტი, საიდანაც 60 მილიარდი 2024 წლისთვის უკრაინისთვის იყო განსაზღვრული, რაც სამხედრო დახმარებას უნდა მოხმარდეს. ბაიდენის ადმინისტრაციაში კი მხარდაჭერა ისევ გრძელდება. თუმცა ომით გადაღლის ტენდენცია, რა თქმა უნდა, არის და არა მარტო ამერიკაში, არამედ ევროკავშირშიც.
უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ევროკავშირის საბჭოზე უკრაინისთვის 50-მილიარდიანი დახმარების პაკეტსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების პროცესზე მოლაპარაკებების დაწყება დაუშვებელია და ამაში შესაძლოა საქართველოც მოჰყვეს. ომით გადაღლა მოსალოდნელიც იყო, მაგრამ იმის თქმა, რომ შეამცირებს თუ არა დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას, ძნელია. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. კონგრესში მიდის საუბარი, რომ შუალედური გამოსავალი გამონახონ. დემოკრატები წავიდნენ იმაზე, რომ მეტად გაკონტროლდეს მექსიკასთან საზღვარი. ამას ითხოვენ რესპუბლიკელები და, თუკი შუალედურ კომპრომისს მიაღწევენ, მაშინ შესაძლოა ეს პაკეტიც გავიდეს. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ ხელი ჩაქნეული არა აქვთ, მითუმეტეს, რომ ეს კანონი მოცულობითია, მასში მხოლოდ უკრაინის დახმარება არ შედის. არის ასევე ისრაელისთვის, ტაივანისთვის და პლუს შიდა პოლიტიკისთვის გამოყოფილი თანხები. რესპუბლიკელების გაძლიერება, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება უკრაინაზე (და არა მარტო უკრაინაზე), მითუმეტეს, ტრამპის გაპრეზიდენტება იქნება ნეგატიური შედეგების მომტანი უკრაინისთვის და საქართველოსთვისაც. ევროკავშირშიც სხვა ვითარებაა - გასაგებია, რომ ორბანი ბლოკავს ზოგიერთ საკითხს, მაგრამ გაძლიერდა მემარჯვენეთა ტალღა, მაგალითად, ჰოლანდიასა და სლოვაკეთში ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვეს, მსგავსი ტენდენციები უარყოფითად აისახება უკრაინისთვის მხარდაჭერაზე.
- რა შანსი რჩება უკრაინას, რომ დახმარების გარეშე გაუმკლავდეს რუსეთს?
- ძალიან ცუდი ვითარებაა - ევროკავშირისა და აშშ-ის დახმარების მთავარი პაკეტები მომავალი წლისთვის, ამერიკის 60 მილიარდი და ევროკავშირის 50 მილიარდი, გაყინულია. იმედია, ორივე გალხვება ან ერთ-ერთი მაინც გავა, მაგრამ ამ ეტაპზე ორივე პრობლემურია. ამ დახმარების გარეშე ძალიან გაუჭირდება უკრაინას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ცხადია, დახმარება არ შეწყდება, ცალკეული ქვეყნები ინდივიდუალურადაც ეხმარებიან უკრაინას. გერმანია, რომელსაც არ სჭირდება ევროკავშირის თანხმობა, მუდმივად აწვდის სხვადასხვა შეიარაღებას, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც, მაგრამ ევროკავშირის დახმარება, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია. აშშ კი უკრაინის სამხედრო დახმარების მთავარი წყარო იყო და თუ მისი დახმარება შეწყდება, ეს უკიდურესად ნეგატიურად აისახება უკრაინის უნარზე, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს.
- თუ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, მაშინ დასავლეთში რა მოხდება?
- დასავლეთის ომით გადაღლა რომ ახსენეთ, ამაზე იმანაც იმოქმედა, რომ უკრაინის კონტრშეტევა არ იყო ისეთი შედეგიანი, როგორსაც მოელოდნენ. ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კონტრშეტევა წამოიწყეს და მნიშვნელოვანი პროგრესი არათუ არ შეინიშნება, პირიქით, რუსებმა დაიკავეს რამდენიმე ადგილი. ამ ეტაპზე ფრონტის ხაზი გაყინულია და ვერც ერთი მხარე მნიშვნელოვნად წინ ვერ მიდის. ამ ვითარებაში, ცხადია, მთავარი კითხვაა, თუ რა პირობებში შეიძლება ომის დასრულება. უკრაინის ხელისუფლება ჯერ არ მიდის დათმობაზე, რომ მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიები დათმოს ე.წ. მიწა მშვიდობის სანაცვლოდ მოდელით, როგორც თავის დროზე ფინეთი-სსრკ-ის ომი დასრულდა. მეორე მხრივ, არც ის არის გამორიცხული, უკრაინის ხელისუფლებაზე დასავლელი პოლიტიკოსების ზეწოლა გაძლიერდეს, შესაძლებელია იმის გამოც, რომ ვთქვათ, უკრაინა ვერ აღწევს მნიშვნელოვან წარმატებას და ამან ქვეყანაში საზოგადოების უკმაყოფილება გაამწვავოს. ამიტომ ძნელი სათქმელია, ეს დაპირისპირება როგორ დასრულდება. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. თუნდაც იმაზე, ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს. თუ ისეთი ძალა მოვიდა, ვისაც შედარებით მეგობრული დამოკიდებულება ექნება რუსეთთან, ვთქვათ, ტრამპი, მაშინ შესაძლოა მოვლენები სხვანაირად განვითარდეს. გასათვალისწინებელია მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენებიც. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტმა ყურადღება მოაცილა უკრაინას, გარკვეულწილად უკრაინის ომის იგნორირება ხდება, განსაკუთრებით აშშ-ში. ამიტომ უკრაინის საკითხი იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ ისრაელ- "ჰამასის" კონფლიქტი რამდენად სწრაფად დამთავრდება და ყურადღება კვლავ უკრაინის ომზე გადავა. მნიშვნელოვანია, ევროკავშირშიც როგორ განვითარდება მოვლენები. თუ დავუშვებთ, რომ მომავალ წელს უფრო მეტი ულტრამემარჯვენე ძალა მოვა ხელისუფლებაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ეს რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს და უფრო შემცირდება უკრაინისთვის მხარდაჭერაც. თუმცა ჯერ ზეწოლა არ არის უკრაინის ხელისუფლებაზე, რომ რუსეთთან დიდ დათმობაზე წავიდეს. ახლა მთავარია, ეს ორი დახმარების პაკეტი როგორმე წლის ბოლომდე გაიტანონ, ერთი კონგრესში და მეორე - ევროკავშირის საბჭოზე. შანსი ორივე შემთხვევაში არის, თუმცა საფრთხეებიც არსებობს. ერთია ორბანის ვეტოს საფრთხე, თუმცა შეიძლება გამოსავლის გამონახვაც. თუნდაც ის, რომ ევროკომისიამ ბლოკი მოხსნას უნგრეთისთვის დაბლოკილ თანხას, რომელიც ქვეყანაში არსებული დემოკრატიული პრობლემების გამო დაადეს. საუბარია, რომ შესაძლოა ევროკომისიამ 10 მილიარდზე მოუხსნას ბლოკი უნგრეთს და ამის სანაცვლოდ ორბანი დათანხმდეს უკრაინისთვის 50 მილიარდის გამოყოფას და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას. მსგავსი სიტუაციაა კონგრესშიც - თუ რესპუბლიკელები და დემოკრატები შეთანხმდებიან სამხრეთ საზღვრების კონტროლის გამკაცრებაზე და რესპუბლიკელები დათანხმდნენ ამ პაკეტის დამტკიცებას, ამის ნაწილია 2024 წელს უკრაინისთვის 60-მილიარდიანი სამხედრო დახმარებაც.
- თქვენც ახსენეთ, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებამ გადაიტანა უკრაინიდან დასავლეთის ყურადღება. ბევრჯერ ითქვა, რომ ამაში რუსეთის ხელიც ურევია. გარდა ამისა, ვითარება დაიძაბა სამხრეთ ამერიკაშიც, სადაც გარკვეულწილად ჩანს რუსეთის გავლენა. ყოველივე ეს იძლევა თუ არა იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთმა მოახერხა ბლოკის მსგავსი რაღაცის შექმნა დასავლეთის წინააღმდეგ, ამით ერთი ნაბიჯით მაინც უსწრებს დასავლეთს და დასავლეთს უწევს რეაგირება მის ნამოქმედარზე? დასავლეთი რატომ ვერ ახერხებს რუსეთის ქმედებების პრევენციას?
- იმას, რასაც გლობალურ სამხრეთს ეძახიან, ერთიანი ორგანიზმი მაინც არ მგონია, იქ ყველას თავისი ინტერესი აქვს. მაგალითად, ინდოეთი და ჩინეთი ორივე გლობალური სამხრეთის ნაწილია, მაგრამ ამასთანავე ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან, მითუმეტეს, რომ აქ რუსეთს დომინანტური პოზიცია მაინც არ უკავია და ამერიკის ჩელენჯერი მაინც ჩინეთია. აქ არის ბრაზილიაც, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარეს არ არის, მაგრამ, მეორე მხრივ, მასაც თავისი ინტერესები აქვს. მაინც დემოკრატიული ქვეყანაა და ახლა ევროკავშირთან უნდოდა თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულების გაფორმება და აგრარული სფეროს პროტექციული პოლიტიკის გამო დაიბლოკა. თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთი ყველანაირად ცდილობს რაც შეიძლება მეტ რეგიონში შეუქმნას დასავლეთს პრობლემა. თუმცა მაინც არა მგონია, რუსეთი ყველაფრის უკან იდგეს და ყველაფერს აკონტროლებდეს. მაგალითად, ტაივანის გამო აშშ-ჩინეთის დაპირისპირებაში რუსეთი რაიმე როლს არ თამაშობს. დასავლეთი შორეულ პერსპექტივაში მთავარ მეტოქედ მაინც ჩინეთს აღიქვამს და არა რუსეთს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მართალია, რომ არის დაპირისპირება დასავლეთს ანუ ლიბერალურ, დემოკრატიულ სამყაროსა და არალიბერალურ, ავტორიტარულ სამყაროს შორის, ამ დაპირისპირებაში კი დასავლეთი სუსტია იმის გამო, რომ შიდაპოლიტიკურად არის დასუსტებული თუნდაც ტრამპის მსგავსი პოლიტიკოსების დომინაციის გამო. ამიტომ უჭირთ ერთიანი ფრონტით ბრძოლა ამ ავტორიტარულ სამყაროსთან.
- ცხადია, ამერიკის როლი, თუ ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, გარკვეულწილად გადაწყვეტს რუსეთ-უკრაინის ომის ბედს. ამის გათვალისწინებით რამდენად არის შესაძლებელი, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია წავიდეს ამ საკითხის არჩევნებამდე მოგვარებაზე? ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში რა არის მოსალოდნელი? დასავლურ მედიაში ასეთი მოსაზრებაც გახმაურდა, თუ ტრამპი დაინახავს, რომ რუსეთთან მშვიდობიან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს, იძულებული იქნება აქცენტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდაზე გააკეთოსო.
- ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში რა მოხდება, ძნელი სათქმელია. დღეს მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ რესპუბლიკელები ატარებენ ამერიკაზე ფოკუსირებულ პოლიტიკას და ოპოზიციის პერსპექტივიდან აკრიტიკებენ დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკას. სხვათა შორის, არა მარტო უკრაინის, არამედ ტაივანის მხარდაჭერის გამოც. ხელისუფლებაში რომ მოვლენ, რას იზამენ, რთული სათქმელია. შესაძლებელია პირველ ეტაპზე უკრაინის მხარდაჭერა შემცირდეს კიდეც, თუმცა, როდესაც პრეზიდენტი ხარ, მერე სხვანაირად გიწევს ფიქრი და ქმედება, მით უმეტეს, როდესაც დიდი სახელმწიფოების პრესტიჟი დევს სასწორზე. თუ ამერიკა ხელიდან გაუშვებს უკრაინას, იქით კი ტაივანს, ეს მთელ მსოფლიოში დაუკარგავს პრესტიჟს. ეს კი არავის ინტერესში არ შედის, მათ შორის არც ტრამპის და რესპუბლიკელების. ამიტომ ხელს ბოლომდე ვერ აიღებენ.
- რა შანსია იმისა, რომ უკრაინას მოუწიოს ტერიტორიების დათმობამ? არის თუ არა ვითარება იქამდე მისული, რომ დაიწყონ რუსეთთან მოლაპარაკება, ან რუსეთი რა პირობებით დაიწყებს მოლაპარაკებას და რაზე შეიძლება კომპრომისის გამონახვა?
- აქაც ძალიან ძნელია პროგნოზირება. უკრაინის გეგმა იყო, რომ რაღაც ტერიტორიები დაებრუნებინა და მერე შეიძლებოდა მოვლენები დომინოს პრინციპით განვითარებულიყო, უფრო მეტი ტერიტორია აეღოთ და რუსები გასულიყვნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა ფრონტის ხაზზე სტაგნაციაა და ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, ამაზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ. თუ სტაგნაცია გაგრძელდება, უკრაინაც გადაიღლება ომით და უკრაინის ხელისუფლება დათანხმდება, რომ რუსეთის ხელისუფლების დე ფაქტო კონტროლი მაინც დარჩეს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს რუსეთი აკონტროლებს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში, მაშინ ამაზე ფიქრი შეიძლება. თუმცა მეორე საკითხია, პუტინი დაეთანხმება თუ არა ამას. ეს იქნებოდა შუალედური კომპრომისი. უარესი ვარიანტი ის იქნება, თუ უკრაინას თავს მოახვევენ ე.წ. ფინურ მოდელს, რომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადებინონ, უარი თქვას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებაზე, დასავლეთთან დაახლოებასა და დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე და დარჩეს ნეიტრალურ ქვეყნად რუსეთის გავლენის სფეროში. ეს იქნება ყველაზე ცუდი ვარიანტი უკრაინისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც. ჩვენ უკრაინაზე ვართ მიბმული და რა ბედიც ეწევა უკრაინას, ის ბედი გვეწევა ჩვენც. იმედია, ასე არ მოხდება.
რუსა მაჩაიძე