„არმაგედონის სცენარი“, „იუთუბერი“ გახარია და დროში გაწელილი დემარში
ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც დასავლური ყველაზე რეიტინგული მედიასაშუალებები ერთმანეთის მიყოლებით წერენ, რომ პუტინმა შეძლო რთული ვითარებიდან გამოძრომა და ის იმარჯვებს. თუ კრემლის დიქტატორმა მართლაც გაიმარჯვა, ეს იქნება გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომელიც შეეხება ყველას, მათ შორის საქართველოს. კერძოდ, ყველაზე უწყინარ სცენარში პუტინი საბოლოოდ აღადგენს თავის გავლენას ყოფილი სსრკ-ის ფარგლებში და დასავლური შუქი ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ათწლეულობით ჩაქრება. ყველაზე ცუდი სცენარისას კი, პუტინი მხოლოდ უკრაინით არ დაკმაყოფილდება და მხოლოდ დროის საკითხი იქნება, როდის იფეთქებს მსოფლიოში ახალი ფართომასშტაბიანი ომი.
საბედისწერო კანონპროექტი?!
კონგრესმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებდა. თუ კანონპროექტი არ დაამტკიცეს, უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. შუა საუკუნეები აღარ არის, დღეს მოქმედებს პრინციპი - "არ არის ფული, არ არის ომი". კონგრესმენთა დიდი ნაწილის მიერ კანონპროექტის ჩაგდების მთავარ მიზეზად დასახელდა ის, რომ საკანონმდებლო აქტში არ იყო ჩადებული დიდი კედლის აშენების ხარჯები, რომელმაც ამერიკაში მექსიკიდან ემიგრანტების შესვლა უნდა შეაჩეროს.
თუ უკრაინას ფული არ ექნება, ის აუცილებლად დამარცხდება, რა გმირობაც არ უნდა გამოიჩინოს უკრაინელმა ხალხმა, პასუხისმგებლობა კი დაეკისრება ვაშინგტონს და დასავლურ ევროპულ ქვეყნებს. და ვეჭვობთ, რომ ომი მათ სახლებშიც მივა, ადრე თუ გვიან.
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ბერლინში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს ე.წ. არმაგედონის სცენარი - ანუ რა მოხდება, თუ პუტინმა უკრაინაში გაიმარჯვა. მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ევროპა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება.
არადა, დასავლეთს თავის დროზე მეტი შორსმჭვრეტელობა რომ გამოეჩინა, "არმაგედონის სცენარების" განხილვა აღარ მოუწევდა. დასავლეთი უკვე მეორედ უშვებს სერიოზულ სტრატეგიულ შეცდომას. პირველი შეცდომა დაუშვა გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც დასუსტებულ და დაშლის პირას მყოფ რუსეთში ტონობით ფული ასხა, მეორედ კი 2022 წლის თებერვლის შემდგომ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციები, სავარაუდოდ, არასწორად დაგეგმეს (პრინციპში, ვაშინგტონი და პირველ რიგში, ბებერი ევროპა უნდა გამოფხიზლებულიყვნენ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ). უფრო ზუსტად, დასავლეთის ნაბიჯები (და თქვენს მონა-მორჩილს ვერავინ დაარწმუნებს, რომ ერთიანი პოლიტიკის შემთხვევაში, ეს შეუძლებელი იყო) უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ რუსეთი ეკონომიკურად რაც შეიძლება სწრაფად "გაგუდულიყო". თუმცა პუტინმა მოახერხა დროის მოგება, ეკონომიკაც შეინარჩუნა და აგერ მოკავშირეებსაც აგროვებს ნელ-ნელა. ევროპის ქვეყნებმა კი ახლა აღმოაჩინეს, რომ შეიარაღება თავისთვისაც კი მცირე აქვთ და სასწრაფოდ დაიწყეს სამხედრო ბიუჯეტების ზრდა. აგერ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ტანკებს ვეღარ აძლევს, რადგან სათავისოდაც არ ჰყოფნის.
ასე რომ, ყველა, ვისაც ამ მსოფლიოში პუტინის დამარცხება სურს, ხვდება, რომ მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ს შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ბოროტების დამარცხების საქმეში. იმედია, ამას ამერიკის პოლიტელიტაც ხვდება და მთელი ცხოვრება არ მოუწევთ უკრაინელებისა და კიდევ რუსეთის რამდენიმე მეზობელი ქვეყნის ცოდვის ზიდვა.
"იუთუბერი" გახარია
მსოფლიოს პარალელურად, საინტერესო ამბები ქართულ პოლიტიკაშიც ხდებოდა...
გახარია "იუთუბში" წავიდა. ამ პლატფორმაზე თავისი არხი გააკეთა და პირველი ინტერვიუც "გამოაცხო" ძველ-ახალი თემებით. კერძოდ, მას შემდეგ, რაც გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, ერთი თხუთმეტჯერ მაინც ახსნა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჰოდა, ვერსიები გზადაგზა იცვლებოდა. მისი მთავარი ვერსია იყო, რომ ნიკა მელიას დაკავება (მაშინ მელია იყო გამაგრებული "ნაცმოძრაობის" ოფისში და იმუქრებოდა, რომ თუ სამართალდამცველები მის დასაკავებლად მივიდოდნენ, წინააღმდეგობას გაუწევდა) სისხლის ღვრას გამოიწვევდა, რაც მისთვის მიუღებელი იყო, დღეს კი ვერსია შეიცვალა.
კერძოდ, თავის "იუთუბარხზე" გადადგომის მთავარ მიზეზად გახარია ასახელებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არსადაც არ წასულა და მთავრობის საქმეებში ერეოდა. "ჩვენებებში ასე არევა" არ შეიძლება, ამხანაგო პოლიტიკოსებო, და მითუმეტეს, ბატონო გახარია. ამ ლოგიკით შესაძლოა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გახარია იმ ვერსიით წარდგეს ამომრჩევლის წინაშე, რომ ივანიშვილი იდგა 20 ივნისის მოვლენების უკან და თვითონ არაფერ შუაში იყო.
გახარია პრემიერად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა და გადადგა 2021 წლის თებერვალში, და თუ ივანიშვილი ამდენად ერეოდა მთავრობის და პირადად გახარიას საქმეებში, რატომ ითმენდა? რა, ელოდებოდა როდის მოჰბეზრდებოდა ივანიშვილს ეს ყველაფერი? მაშინ აფერუმ გახარიას მოთმინებას. ასევე, რატომ მაშინვე არ უთხრა ამომრჩეველს გადადგომის მთავარი მიზეზი და რატომ დასჭირდა ამისთვის 2 წელი? არის კი ეს ამომრჩევლის პატივისცემა? გახარიას მანევრებში ლოგიკის დანახვა მარტივად შეიძლება. კერძოდ, სურს ეს მას თუ არა, ყოფილ პრემიერთან დაკავშირებით ერთი მთავარი კითხვა მუდმივად ჰაერშია ჩამოკიდებული - ახლა რომ გვპირდები არნახულ აღორძინებას, რატომ ვერ გააკეთე ეს, როდესაც მთავრობას ხელმძღვანელობდი? იმიტომ, რომ ივანიშვილი ერეოდა ჩემს საქმიანობაშიო, გიპასუხებთ გახარია ამ მანევრების შემდეგ.
თუ ივანიშვილი ერეოდა გახარიას საქმიანობაში და ამის გამო დატოვა თანამდებობა, მაშინ გამოდის, ძალიან გამწარებული უნდა ყოფილიყო "ქართული ოცნების" დამფუძნებელზე. არადა, მას შემდეგ, რაც გახარიამ პარტია შექმნა, ივანიშვილს საერთოდ არ ახსენებდა და თუ რაიმეს ჰკითხავდნენ მის შესახებ, გაურკვეველ და ბუნდოვან პასუხს იძლეოდა, ოღონდ გახარიას ბოლო პერიოდამდე უარყოფით კონტექსტში არასოდეს მოუხსენიებია ივანიშვილი. სწორედ ამან გააჩინა ვერსიები (ექსპერტებში და პირველ რიგში, გახარიას ეჭვიან კოლეგა-ოპოზიციონერებში), რომ გახარია იყო პროექტი "ოცნება 2". ჩვენ არ ვიცით, ამ ხმების გავრცელებას ხელს უწყობდა თუ არა გახარია და ცდილობდა თუ არა ივანიშვილთან მისასვლელი გზების პოვნას, მაგრამ... ფაქტია, თანამდებობიდან წასვლის მთავარი ვერსია გვიან "გაახსენდა" ყოფილ პრემიერს.
ტრაგიკომედია "ნაცმოძრაობაში"
მელია წავიდა, "ნაცმოძრაობა" თავისუფალია... ხუმრობა იქით იყოს და, ბოლო პერიოდამდე უკვე ტრაგიკომედიას ჰგავდა "ნაცმოძრაობაში" მიმდინარე პროცესები. აქეთ სააკაშვილი მოუწოდებდა ყველას ერთიანობისკენ და პარალელურად მის პარტიაში ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა. საბოლოოდ და ბოლოს და ბოლოს მელია წავიდა და როგორც განაცხადა, ახალ პარტიას ქმნის, ოღონდ, როგორც იტყვიან ხოლმე, არის ერთი ნიუანსი...
"ნაცმოძრაობაში" დარჩენილებიც და პარტიიდან წასულებიც მიშას მზეს ფიცულობენ და აცხადებენ, რომ არასოდეს უღალატებენ სააკაშვილისა და "ვარდების რევოლუციის" იდეებს. ასე რომ, ორ პარტიას ერთი სულიერი ლიდერი რომ ჰყავდეს, ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში და სხვა არცთუ მთლად თავისუფალ ქვეყნებში ხდება. თუმცა ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. კერძოდ, ნიკა მელიას გულზე არ ეხატება სააკაშვილი და არც მიშას მელია - ჯერ კიდევ 2016 წლიდან, როდესაც მელიამ სააკაშვილს ტელეფონზე აგინა და შემდეგ ამის შესახებ თანაგუნდელებს აცინებდა. მიშამაც აუღო "აბაროტი" - 2017 წლის თბილისის მერის არჩევნებში მელიას კანდიდატურა კი არ დაასახელა, არამედ უდუმაშვილის.
"ლელო" ისეთ რევერანსებს უკეთებს ნიკა მელიას, არ არის გამორიცხული, ნიკანორის პოლიტიკურმა გუნდმა 2024 წლის არჩევნებისთვის თავისი ბედი ამ პარტიას დაუკავშიროს. არც ის არის გამორიცხული, მელიას პარტიამ ცალკე მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და ექსპერტმა გამოთქვა პროგნოზი, რომ მელიას გუნდს არ გაუჭირდება 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ეს, ალბათ, იმაზეა დამოკიდებული, წაართმევს თუ არა მელია "ნაცმოძრაობას" ამომრჩევლის ნაწილს მაინც, ეს კი საკმაოდ ძნელია, რადგან "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველთა დიდი ნაწილი პირადად სააკაშვილს აძლევს ხმას. ასე რომ, ზოგიერთი ექსპერტის ადგილზე მაინცდამაინც ოპტიმისტურად ვერ ვიქნებოდი განწყობილი. თუმცა ფაქტია, რომ კიდევ ერთი პარტია იბადება ოპოზიციურ "თანავარსკვლავედში" და ასე ვთქვათ, პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება.
სალომეს მოლოდინში
გასულ კვირას კვლავ განხილვის საგანი იყო, საპარლამენტო არჩევნების წინ გადადგება თუ არა სალომე ზურაბიშვილი და "შეუტევს" თუ არა "ოცნებას" ოპოზიციური ფლანგიდან. აქაც ერთი ნიუანსია - ამაზე უკვე მმართველი პარტია ალაპარაკდა. სავარაუდოდ, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის გარემოცვაში მსგავსი სცენარი განიხილება. ეს ლოგიკურიცაა. კერძოდ, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის შანსი მიზერულია. პირდაპირი წესით არჩევნები უკვე აღარ გაიმართება და ხმოსნებმა უნდა აირჩიონ - ანუ შესაბამისი პროპორციებით პარლამენტის წევრებმა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების დეპუტატებმა და საკრებულოების წევრებმა. დღევანდელი ძალთა ბალანსიდან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია, "ოცნებამ" ზემოხსენებულ ორგანოებში "გადამწყვეტი პაკეტი" დაკარგოს. მმართველი გუნდი კი სალომე ზურაბიშვილს მხარს რომ არ დაუჭერს, ისევე ცხადია, როგორც ორჯერ ორი ოთხია. შესაბამისად, ზურაბიშვილს აქვს შანსი გახდეს 2024 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი და განაგრძოს აქტიური პოლიტიკური კარიერა. პოლიტიკურად კი ლოგიკურია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა სულ სხვანაირად გადაწყვიტოს და არ დაუჯეროს არც თავის გარემოცვას და არც მეგობარ პოლიტიკოსებს (ექსპერტები ყველაზე ხშირად ზურაბიშვილ-გახარიას ალიანსზე საუბრობენ). კერძოდ, მიიჩნიოს, რომ პრეზიდენტობა კარგი გვირგვინი იქნება მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულისთვის და აღარ დავიდეს საპარლამენტო ცხოვრების ყოველდღიურობამდე.
პ.ს. წლის კი არა, ათწლეულის მთავარი მოვლენა გველის 15 დეკემბერს - საქართველომ ოფიციალურად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ცოტა უნგრეთის პრემიერი ორბანი კი გვანერვიულებს, რადგან უკრაინასთან კითხვები აქვს და ერთობლივ დოკუმენტს ბლოკავს. თუმცა არის შანსი, რომ თუ ბრიუსელმა ორბანი ვერ "გატეხა", საქართველოს საკითხი ცალკე გავიდეს განსახილველად. რა თქმა უნდა, არსებობს უფრო ცუდი სცენარიც, რაზე ფიქრიც კი არ გვინდა...
გიორგი კვიტაშვილი