მკვლელობა „ღირსების აღდგენის“ მოტივით - კვირის პალიტრა

მკვლელობა „ღირსების აღდგენის“ მოტივით

ფემიციდი კვლავ მწვავე პრობლემაა. 2023 წელსაც არაერთი ქალი გამოასალმეს სიცოცხლეს და ამ ბრალდებით არაერთი­ პირი იხდის სასჯელს. გასულ კვირას წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანში ვოსკან ვოსკანიანმა კონფლიქტის დროს მეზობელ ქალს თავში ნაჯახი ჩაარტყა და მოკლა. იმ ღამეს ცხედარი ქუჩაში დატოვა და შინ დაბრუნდა. ქალის მკვლელობის ამბავი მეორე დღეს გახმაურდა, მას შემდეგ, რაც დილით მეზობელმა 53 წლის ეკატერინე გულაშვილის ცხედარი იპოვა. "ქალი მოკლულია, მიყენებული აქვს ჭრილობები. ვინაიდან გვამი მთელი ღამის განმავლობაში ვოსკან ვოსკანიანის სახლის წინ ეგდო, სავარაუდოდ, ცხოველებმა დააზიანეს. მას ჭრილობები გარშემო შემოჭმული ჰქონდა", - თქვა ამ სასტიკი მკვლელობის დეტალებზე საუბრისას საქმის პროკურორმა.

სამართალდამცავებმა მეორე დღესვე­ დააკავეს ბრალდებული ვოსკანიანი. მას ბრალი 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობისთვის წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ძალოვნებმა 47 წლის ვოსკანიანის ეზოში­ იპოვეს მკვლელობის იარაღი - ნაჯახი და მოკლული ქალის მობილური, რომელიც დამნაშავეს იქვე ჰქონდა გადამალული. მობილური ტელეფონის ამონაწერით გაირკვა, რომ ეკატერინეს ბოლო კომუნიკაცია ვოსკანიანთან ჰქონდა...

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა ირწმუნება, რომ ეს არ იყო განზრახ­ მკვლელობა, ნაჯახით შეიარაღებული ქალი მას აქეთ დაესხა თავს და თვითონ იგერიებდა. პროკურატურა კი ამბობს, რომ ქალის განზრახ მკვლელობის მიზეზი შურისძიება­ იყო, თუმცა მოტივს არ ასახელებს.­

სოფელში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთი ვერსიით, ქალსა და მამაკაცს შორის კონფლიქტი სამსახურებრივ საქმია­ნობას უკავშირდება. თანასოფლელების თქმით, ვოსკანიანი სოფელ ბედიანის ფსიქიატ­რიული კლინიკის ადმინისტრაციის უფროსი იყო, ამავე კლინიკაში მომვლელად მუშაობდა ეკატერინე გულაშვილიც. ის სამსახურიდან გაათავისუ­ფლეს, ქალი კი ამაში ვოსკანიანს ადანაშაულებდა.

ამ ვერსიას არ ეთანხმება ვოსკანიანის ადვოკატი მუხრან ღურწკაია. მისი თქმით, კონფლიქტი პირად საკითხს ეხება და ამიტომ ვერ გაახმაურებს: "როგორც ჩემი დაცვის პირი ამბობს,­ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ეს შეეხებოდა ოჯახებს შორის არსებულ საკითხს, რომლის გახმაურებისგან თავს შევიკავებ. იმ დღეს ქალმა ორჯერ დაურეკა­ ვოსკანიანს. სთხოვდა შეხვედრას. ამის შემდეგ ვოსკანიანმა დაურეკა და გავიდა შესახვედრად. მეზობლები არიან, სახლის სიახლოვეს შეხვდნენ ერთმანეთს. ქალი ნაჯახით მივიდა, მოუქნია ვოსკანიანს, მოკვლით ემუქრებოდა, მოხვდა კიდეც სხეულის გარკვეულ ნაწილზე. ამის შემდეგ ვოსკანიანმა დაზარალებულს ნაჯახი წაართვა და როგორც მან განმარტა, ორჯერ ჩაარტყა თავის არეში. ის თავს იცავდა. დანაშაული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოხდა. კონფლიქტი პირად საკითხს ეხება", - ამბობს ადვოკატი.

გასულ კვირას შურისძიების მსხვერპლი კიდევ ერთი ქალი და მისი ქმარი გახდნენ. მართალია, ქალი გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მოკლეს მისი ქმარი. დანაშაული საგარეჯოს სოფელ ქეშალოში მოხდა. ბრალდებული მამაკაცი ქალის ყოფილი ქმარია. ის სახლში მიუვარდა ყოფილ ცოლს და მისი ქმარი, 39 წლის იაშარ ჯაფაროვი, საწოლში მძინარე ჩაცხრილა­ - ავტომატით 10-ზე მეტი ტყვია დაახალა. რამდენიმე­ ტყვია ესროლა ყოფილ ცოლს, ნაილა დუნიამალიევასაც, რის შემდეგ გაიქცა. ამ შემზარავ­ ფაქტს მოკლული ჯაფაროვის დედა შეესწრო. დაჭრილი ნაილა დუნიამალიევა სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს და ზედა და ქვედა კიდურების ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მეზობლების თქმით, ჯაფაროვმა ნაილა­ ცოლად რამდენიმე თვის წინ შეირთო. როგორც ირკვევა, ამის გამო ბრალდებული­ იაგუბ ხეირ-ხარბაროვი ხშირად ემუქრე­ბოდა მოკვლით ყოფილ ცოლსა და მის მეორე ქმარს. იაგუბს და ნაილას არასრუ­ლწლოვანი შვილები ჰყავთ. ქმარი ცოლს ხშირად სცემდა, ამიტომ ის სახლიდან გარბოდა, მაგრამ მერე ისევ რიგდებოდნენ. ნაილას მამა ამბობს, ვიცოდი რომ სცემდა, მაგრამ მაინც ვეუბნებოდი,­ ქმარს შეურიგდიო. საბოლოოდ ქალი ქმარს გაშორდა და მოგვიანებით იაშარ ჯაფაროვს გაჰყვა ცოლად. ამის გამო ბრალდებული ყოფილ ცოლს ხშირად ემუქრებოდა. როგორც ირკვევა, ამისთვის მას უჩივლეს­ კიდეც და მუქარის ბრალდებით იაგუბ ხეირ-ხარბაროვი ცოტა ხანს ციხეშიც­ იჯდა. "ბრალდებულმა­ ყოფილი­ ცოლის მეორედ გათხოვება შეურაცხყოფად მიიჩნია. მისი აზრით, დაზარალებულს, როგორც ქალს, არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე დაქორწინების უფლება... დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ბრალდებულს დასცინოდნენ, ამცირებდნენ ყოფილი ცოლის გათხოვების გამო და ამიტომაც ჩაიდინა დანაშაული.

"უფლებები საქართველოსთვის" ადვოკატის ელისო რუხაძის თქმით, ბოლო დროს ხშირად მოიხსენიებენ ასეთ დანაშაულებს ე.წ. ღირსების სახელით ჩადენილ დანაშაულებად. ყოფილი ქმრები, პარტნიორები, ოჯახის სხვა წევრები, ქალებს ე.წ. ღირსების შელახვის გამო სცემენ, კლავენ ან თვითმკვლელობამდე მიჰყავთ.

406392258-279755301261125-965368464254899079-n-1702236640.jpg

- ქალს კლავენ მისი "ცუდი ქალობის"­ გამო. ფემიციდის მოტივი, ბრალდებულების თქმით, არის ღირსების შელახვა. მაგალითად, ღამით ქუჩაში გასვლის ან თეატრში წასვლის გამო შეიძლება გაუსწორდნენ ქალს. როდესაც ფემიციდისა და ფემიციდის ცდის შესახებ მედიაში მიზეზად ეჭვიანობა სახელდება, ეს აძლევს სხვა მოძალადეს მოტივაციას, რომ იმავე მოტივით­, ე.წ. ღირსების სახელით ჩაიდინოს დანაშაული. ეს შეიძლება იყოს ქალის დასახიჩრება, ცემა ან დასჯის სხვა მეთოდი. ბრალის დადგენილებაშიც ეჭვიანობა ხშირად წერია მოტივად და მამაკაცებს ჰგონიათ, რომ მათი ქცევა გამართლებულია, რადგან თუ ქალმა გაიჩინა სხვა მამაკაცი, ამით თურმე ყოფილ ქმარს, პარტნიორს, ღირსება შეულახა. თითქოს ამართლებენ ძალადობას. სამწუხაროდ, ეს არ არის მარტო საზოგადოების აზრი, სასამართლო პროცესებზე ხშირად ჩემი კოლეგები, ბრალდებულის უფლებადამცველები, ქალის დისკრედიტაციის შემცველ მოტივებზე ლაპარაკობენ. მოძალადის დაცვის სტრატეგია­ მსხვერპლი ქალის დისკრედიტაციაა.

მახსენდება თბილისში მომხდარი უმძ­იმესი ფაქტი: ქმარმა საზოგადოებრივ ტრან­სპორტში ხალხისა და შვილების, 5 წლის ბავშვის თვალწინ გამოჭრა ცოლს ყელი. მკვლელი ყველა მგზავრს ეუბნებოდა, რომ მოსაკლავი იყო და მოკლა. იგივე თქვა სასამართლო პროცესზეც. მისი ადვოკატიც დღემდე ცდილობს სასამართლო დაარწმუნოს, რომ ქალი მოსაკლავი იყო. მოწმეებისგან ცდილობს მიიღოს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია და მისი ცუდი ქალობის ხაზგასმას ცდილობს. ეს სამარცხვინო და ამაზრზენია.

უკანასკნელ წლებში 290 ქალია მოკლული. ამ დანაშაულის დიდი ნაწილი სწორედ "ღირსების აღდგენის" მოტივით არის ჩადენილი. მაგალითად, კაცმა სასტიკად სცემა ცოლს მხოლოდ იმის გამო, რომ ღამით ქალი გადაუდებელ საქმეზე გავიდა. ის ქმრის ძმაკაცებმა დაინახეს და კაცს ქეიფის დროს ჰკითხეს, სად დადის შენი ცოლი შუაღამესო. ბრალდებული ამტკიცებდა, რომ მას ღირსება შეულახა­ ცოლმა­, მასთან­ შეუთანხმებლად გავიდა ღამით ქუჩაში და მისმა ძმაკაცებმა დაინახეს. არაერთი­ მსგავსი საქმე გვაქვს, როცა ფიზიკურად უსწორდება კაცი ცოლს. ფემიციდის მსხვერპლი ვეღარ ილაპარაკებს იმაზე, თუ რატომ მოკლა ყოფილმა ქმარმა ან პარტნიორმა, ან მამამ, ან ძმამ, თუმცა მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე, ცხადია, ქალთა მკვლელობების უდიდესი ნაწილი ჩადენილია ე.წ. ღირსების სახელით. ამის მაგალითია რამდენიმე დღის წინ საგარეჯოში მომხდარი­ ფაქტიც. ისიც ფაქტია, მუქარისთვის­ ყოფილი ქმარი დაჭერილი იყო, მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მკვლელობა მაინც ჩაიდინა.­ ეს საქმეც იმის მაგალითია, როგორ ვერ უზრუნველყოფენ სამართალდამცავი ორგანოები ფემიციდის პრევენციას. დარწმუნებული ვარ, სხვა დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებიც იქნებოდა, მათ შორის გენდერული ნიშნით ძალადობის. ეს ფაქტიც ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია მოძალადეებთან მუშაობა. ხშირად მათ არც ესმით, რატომ დასაჯა სახელმწიფომ. ამიტომაც აუცილებელია მოძალადის ქცევის კორექციის კურსები. არ არსებ­ობს ინსტიტუციები, უწყება, რომელიც პასუხს აგებს პრევენციაზე. არაერთი საქმე მქონია, როდ­ესაც არაერთი ღონისძიება იყო გატარებული, შემაკავებელი ორდერიც მოძალადეზე გამოწერილი და მან მაინც ჩაიდინა უმძიმესი ფემიციდის დანაშაული. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ სწორად ვერ შეაფასა მოძალადისგან მომდინარე მაღალი რისკები. უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებით, ტოლერანტული დამოკიდებულებით, მას შეუქმნა სასათბურე პირობები უმძიმესი დანაშაულისთვის. სასამართლოები ხშირად იყენებენ მსუბუქ აღმკვეთ ღონისძიებას, დაბალ გირაოს. ერთ-ერთი ასეთი ბოლო საქმე იყო კახა აბუაშვილის, კაბუს საქმე. მას მხოლოდ გირაო შეუფარდეს იმიტომ, რომ თურმე საახალ­წლო ღონისძიებები ჩასატარებელი აქვს, ამიტომ არ შეეფარდეს პატიმრობა. არადა,­ მოხდა უმძიმესი დანაშაული, ძალადობასთან ერთად ნარკოტიკებიც. ის ნარკოდამო­კი­დებული პირია. საპატრულო პოლიციაც გადაეყარა ამ ძალადობას, მაგრამ არ ჩანს დაზარალებული, ეს ნიშნავს, რომ მას ეშინია. მოსამართლემ არ შეაფასა რეალური რისკები და მხედველობაში ის მიიღო, რომ მას კონცერტი აქვს. ეს არ არის პირველი შემთხვევა. მოძალადე 2.000 ლარად რომ დაიძვრენს თავს, მერე სულ აიშვებს თავს.

ჯერ არ არის წლევანდელი სტატისტიკა გამოქვეყნებული, 2022 წელს 21 ქალი მოკლეს. როგორც მოგახსენეთ, ბოლო წლებში სულ 290 ქალია მოკლული. ეს მიანიშნებს სახელმწიფოს არასწორ სტრატეგიაზე. ვფიქრობ, პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა სკოლიდან უნდა იწყებოდეს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ქალებს და კაცებს არა აქვთ განსხვავებული უფლებები. მამაკაცებმა უნდა გაიაზრონ, რომ ყოფილი ცოლის თუ პარტნიორის დაქორწინებას კავშირი არა აქვს მათ ე.წ. ღირსებასთან.­ თავად უთანხმებენ ქალებს, მეორედ რომ ქორწინდებიან? ეყოლებათ თუ არა პარტნიორები? საზოგადოებამ თუ არ გააცნობიერა, რომ ქალებსა და კაცებს აქვთ აბსოლუტურად თანასწორი უფლებები, მანამდე ეს პრობლემაც იქნება - ქალებს აუცილებლად სცემენ, მოკლავენ და დაასახიჩრებენ "ღირსების სახელით".

უცხოეთში არის მოძალადეთა საკორექციო პროგრამები, რომლებიც მორგებულია მოძალადის ფსიქოლოგიასა და ორიენტირებულია შედეგზე. საჭიროა სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც მოძალადეებს რისკის შემცირებისთვის ასეთი პროგრამებს შესთავაზებენ. სახელმწიფომ უნდა დაავალდებულოს მოძალადე, რომ გაიაროს პროგრამა. მხოლოდ ასე შეიძლება დანაშაულის შემცირება.