„ჰურიანი ქართველნი“ ანუ რატომ უყვართ ქართველ ებრაელებს საქართველო - კვირის პალიტრა

„ჰურიანი ქართველნი“ ანუ რატომ უყვართ ქართველ ებრაელებს საქართველო

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა­ დოქტორმა, პროფესორმა ელდარ მამის­თვა­ლიშვილმა საქართველო-წმინდა მიწის ურთიერთობის ისტორიის კვლევა-შესწავლას არაერთი ნაშრომი მიუძღვნა: "ქართველ ებრაელთა ისტორია (ანტიკური­ და ფეოდალიზმის ხანა)", "ქართველები და ბიბლიური სამყარო", "იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი", "საქართველო­-იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVII სს.)", "ქრისტეს კვართის ისტორია"; "იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი - თამარ მეფის უკანასკნელი განსასვენებელი". მას ასევე გამოქვეყნებული აქვს "საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია" (ექვს ტომად) და გორის ისტორიის ორტომეული...

"ქართველი ებრაელი და ქართველი ქრისტიანი უფლებრივი მდგომარეობით ოდითგან თანასწორნი იყვნენ. საქართველოში არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმის გამოვლინება, ებრაელთა დევნა და დარბევა. მეტიც, ფეოდალური ხანის მწირი ცნობები ნათელს ხდის, რომ საქართველოში ისინი ზოგჯერ სხვადასხვა პრივილეგიითაც სარგებლობდნენ. გასაბჭოების შემდეგ, მიუხედავად საბჭოთა მთავრობის ანტიებრაული პოლიტიკისა, საქართველოში, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, ებრაელები უკეთესად ცხოვრობდნენ, რაც განპირობებული იყო ქართველების მათდამი ლოიალური დამოკიდებულებით", - ამბობს მეცნიერი ინტერვიუში ქართველებისა და "ჰურიან ქართველთა" სამაგალითო ურთიერთობაზე და ქართველი ებრაელების მიერ "შთამომავლობით გადაცემულ საქართველოს სიყვარულზე" გვესაუბრება:

- მას შემდეგ, რაც ებრაელს ფეხი დაუდგამს საქართველოს მიწაზე, ის მის სამშობლოდ გადაიქცა. საისტორიო ტრადიციის მიხედვით, საქართველოს ძველ დედაქალაქში, მცხეთაში, ებრაელები პირველად ძვ.წ. VIII საუკუნის დასასრულს მოვიდნენ. ებრაელთა მეორე ნაკადი მოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ იუდეის განადგურების შემდეგ, ძვ.წ. 586 წელს. მათი მნიშვნელოვანი ნაკადი­ უნდა მოსულიყო იუდეური ომის შემდეგ. ებრაელები საქართველოში მეზობელ ქვეყნებში­ (ბიზანტია, სომხეთი, ხაზარეთი, თურქეთი, რუსეთი) ანტისემიტიზმის გაძლიერების პერიოდში მოდიოდნენ. იუდაიზმის მიმდევრები საქართველოში, ჩვეულებრივ, მოიხსენიებოდნენ ერთი ზოგადი სახელით - "ებრაელი", რომელიც შემოსული უნდა იყოს ბერძნულის გავლენით (ბერძნულში შევიდა არამეულიდან, არამეულში კი ებრაულიდან). ქართველისა და ებრაელის ერთმანეთისაგან განუყოფლობის მაჩვენებელია ტერმინი "ჰურიანი ქართველნი" (ქართველი ებრაელები), რომელიც ქართული ენის ლექსიკაში IV-XI საუკუნეებში უნდა გაჩენილიყო. ზოგიერთი ანთროპოლოგის ვარაუდით, არ არსებობს ებრაელის წმინდა რასობრივ-ეთნიკური ტიპი, რადგან ათასეული წლების განმავლობაში ის სხვადასხვა ეთნიკურ ფორმაციას შეერია. ქართველი ებრაელები, ანთროპოლოგიური ტიპის მიხედვით, არ განსხვავდებიან აღმოსავლეთის ქართველებისგან. ზოგიერთი სპეციფიკური თავისებურება, რომლებითაც შეიძლება განვასხვაოთ ქართველი ებრაელი ქართველისაგან, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ეთნოგრაფიული თავისებურებებით. ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველი ებრაელები წარმოადგენენ კავკასიის ებრაელების ეთნიკურ ბაზას. ამგვარად, ებრაელები უხსოვარი დროიდან მოვიდნენ საქართველოში და გაიზიარეს ქართველი ხალხის ისტორიული ბედი. ისინი მცხეთიდან თანდათანობით გადასახლდნენ ჯერ საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ხოლო შემდეგ გავრცელდნენ დანარჩენ კავკასიაში, მოხდა მათი ასიმილაცია კავკასიის აბორიგენებთან. ცხადია, დიასპორის ებრაელებმა თითქმის ყველგან შეინარჩუნეს თავიანთი რასობრივ-ანთროპოლოგიური მაჩვენებლები მაშინ, როცა კავკასიაში საერთოებრაული მაჩვენებლებიდან გადახრას ვხედავთ. ამიტომ აქვთ ფიზიკური ნიშნების ერთობა კავკასიის ებრაელებს, ამიტომ ჩანს მისი მკვეთრი განსხვავება პალესტინისა და ევროპის ებრაელებისაგან.

- საინტერესოა საზიარო გვარები, რომლებიც ქართველებსაც აქვთ და ებრაელებსაც, რაც, ალბათ, მრავალი საუკუნის განმავლობაში თანაცხოვრებით უნდა იყოს განპირობებული...

- ებრაელები მაშინ მოვიდნენ საქართ­ველოში, როცა ჯერ კიდევ არ არსებო­ბდა გვარები. როდესაც იწყება გვარების ჩამოყალიბების პროცესი, ებრაელთა გვარების წარმოქმნაც საერთოქართულ პრინციპს ემორჩილება. ამიტომაა, რომ ქართველ ებრაელთა გვარები გარეგან გაფორმებასთან ერთად, ხშირად ქართულ შინაარსს იძენს და, სრულიად ბუნებრივია, რომ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ყალიბდება ერთნაირი გვარები როგორც ქართველებში, ისე ებრაელებში.

ებრაელთა რაოდენობა საქართველოში­ ცვალებადი იყო. მის პერიოდულ შემცირებას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განაპირობებდა.­ მიზეზები უმთავრესად ქვეყნის ტრაგიკულ ბედში უნდა ვეძიოთ - ხშირი ომები, რასაც თან სდევდა ამოწყვეტა და დატყვევება, ეპიდემიები, მოტაცება, სარწმუნოების შეცვლა... ყველა ამ უბედურებას ებრაელები ქართველ ხალხთან ერთად იზიარებდნენ და მათი შემცირება ქართველთა შემცირების პროპორციული იყო.

XIX საუკუნის დასაწყისიდან შეიმჩნევა­ ებრაელების გადასახლების ტენდენცია სოფლებიდან ქალაქებში. ქართული საისტორიო წყაროები განსაკუთრებულ ადგილს მიუჩენს ებრაელებს ქართლის გაქრისტიანების საქმეში. ჩანს, რომ ქართველ ებრაელებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ქრისტიანობის კერასთან - იერუსალიმთან. ქართველი ებრაელები მუდმივად იყვნენ იერუსალიმში მიმდინარე პოლიტიკურ-რელიგიური მოვლენების კურსში. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროისათვის მეფის ხელისუფლების დამოკიდებულება ებრაელებისადმი არ შეცვლილა. ქართველი ებრაელების ღვაწლი ქვეყნის გაქრისტიანების საქმეში ჯეროვნად შეფასდა.

- რამ განაპირობა ის, რომ ქართველებსა­ და ებრაელებს შორის ანტაგონიზმი, ინტერესთა დაპირისპირება არასდროს ყოფილა?

- ებრაელები საქართველოში იმ პერი­ოდში მოვიდნენ, როდესაც ქართული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა, მათ თან მოიტანეს ვაჭრობისა და ხელოსნობის წარმოების მოწინავე­ ფორმები, რითაც მაშინდელი ქართველი საზოგადოების პატივისცემას მოიპოვებდნენ; ებრაელები ყურადღებას მიიპყრობდნენ თავიანთი მონოთეისტური რელიგიით, რომელიც თავის მრევლს კონსოლიდაციის, კაცთმოყვარეობისა და პატიოსნებისაკენ­ მოუწოდებდა. ძველი აღთქმის მცნებებს­ ქართველი საზოგადოება სხვა ხალხებთან შედარებით კარგა ხნით ადრე გაეცნო; ებრაელების მიმართ მტრული დამოკიდებულების არარსებობას ხელს უწყობდა ისიც, რომ ისინი ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ კი არ მოვიდნენ საქართველოში, არამედ თვითონ მიიღეს უშუალო მონაწილეობა ამ რელიგიის დანერგვაში. ქართველი ებრაელები ითვლებოდნენ ებრაელების იმ ნაწილად, რომლებსაც ბრალად არ ედებოდათ მაცხოვრის ჯვარცმა; მართალია, ქართველი ებრაელები შორს იყვნენ თავიანთი ისტორიული სამშობლოდან, მაგრამ არ წყვეტდნენ კავშირს მასთან. ეს კავშირი საქართველოსათვის არ იყო საზიანო, წინააღმდეგობა იმიტომაც ვერ იქნებოდა, რომ მოხდა ქართველების და ებრაელების ნაწილობრივი ურთიერთშერევა; ადრექრისტიანული ქართული ლიტერატურა ებრაელების მონაწილეობით იქმნებოდა, ამდენად, მასში ვერ იქნებოდა წინააღმდეგობა.

საქართველოში ებრაელების გაქრისტიანება დაიწყო მანამდე, სანამ ქრისტიანობა­ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა, შემდეგ კი ამან მასობრივი ხასიათი მიიღო. ეს პროცესი გრძელდებოდა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში...რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე, ქართველი ებრაელი და ქართველი­ ქრისტიანი უფლებრივი მდგომარეობით თანასწორნი იყვნენ. საქართველოში არასდროს ყოფილა ებრაელთა დევნა და დარბევა, არასდროს ყოფილა სხვა ქვეყნებისათვის ასე დამახასიათებელი ებრაელთა ცხოვრების ზონები და ე.წ. გეტოები. მეტიც, ფეოდალური ხანის მწირი ცნობებიც ნათელს ხდის, რომ საქართველოში ისინი ზოგჯერ პრივილეგიითაც სარგებლობდნენ.ქართული ფეოდალური სამართალი ისევე იცავდა ებრაელის საკუთრებას, როგორც ქართველი მემამულისას მიწაზე, ყმებზე და ა.შ. საუკუნეების განმავლობაში კანონმდებლობითა და ტრადიციებით შედუღაბებული ქართულ-ებრაული ურთიერთობა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგაც გრძელდებოდა. მიუხედავად ცარიზმის მოხელეების მრავალი ცდისა, ქართველები ებრაელებისათვის დაეპირისპირებინათ, მიზანს ვერ მიაღწიეს, მხედველობაში თუ არ მივიღებთ ზოგიერთ ინსინუაციას რელიგიურ ნიადაგზე. რუსულმა მმართველობამ ქართველი ებრაელების უფლებების შეკვეცა, უპირველეს ყოვლისა, იმით დაიწყო, რომ აუკრძალა ყმების ყოლა, რაც ადრინდელ პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. რუსული მმართველობის პირობებში ებრაელები, მართალია, სხვა მოსახლეობის მსგავსად იხდიდნენ სახელმწიფო და საზოგადოებრივ გადასახადებს, მაგრამ ვერ სარგებლობდნენ საერთოსახელმწიფოებრივი ფონდიდან ისეთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით, როგორიც იყო განათლება, რელიგიური რიტუალი, ავადმყოფთა თავშესაფარი, ღარიბებზე მზრუნველობა, სტიქიური ან სხვა სახის უბედურება. ამ ღონისძიებებისათვის ებრაელებს თვითონ უნდა გამოენახათ სახსრები. მთელ იმპერიაში ებრაელთა ინტერესებს­ უგულებელყოფდა როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება.

- ებრაელთა დიდი ნაწილი საქართველოში გაქრისტიანდა კიდეც...

- ფეოდალიზმის დამკვიდრებას საქართველოში თან ახლდა ქართველი ებრაელებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი - ქრისტიანობის გავრცელება, რომელმაც მნიშვნელოვანწილად მოიცვა თვით ებრაელები. მათი ერთი ნაწილი გაქრისტიანდა და ასიმილაცია განიცადა. მეორე ნაწილი კი, რომელმაც იუდაიზმი შეინარჩუნა, ქრისტიანობის ძირითად კერებს - იმდროინდელ ქალაქებს გაეცალა და პერიფერიებში დასახლდა, სადაც ნატურალური მეურნეობა უფრო ძლიერი იყო.

- მიუხედავად საბჭოთა მთავრობის ანტიებრაული პოლიტიკისა, ანტისემიტიზმის გამოვლინება მაინც არასდროს ყოფილა საქართველოში...

- რუსეთის რევოლუციებმა ძლიერი გავლენა მოახდინა ქართველ ებრაელთა პოლიტიკურ გამოღვიძებაზე. საქართველოს ქალაქებში გაჩნდა სიონისტური ორგანიზაციები. ებრაელთა ნაწილი იზიარებდა ბოლშევიკურ იდეებს. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს (1918-1921) ებრაელებმა მიიღეს სრული მოქალაქეობრივი უფლებები. მათ თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდათ მთავრობაში. გასაბჭოების შემდეგ, მიუხედავად საბჭოთა­ მთავრობის ანტიებრაული პოლიტიკისა, საქართველოში ებრაელები, განსხვავებით სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან, უკეთესად ცხოვრობდნენ, რაც განპირობებული­ იყო ქართველების მათდამი ლოიალური­ დამოკიდებულებით. ებრაელების შევიწროება და ქვეყნიდან მასობრივი გაძევება, კონკრეტულად, ანტისემიტიზმი, თავისი მკაცრი ფორმებით, ძირითადად, დამახასიათებელი­ იყო ევროპის ქვეყნებისთვის. ყოველი ასეთი მოქმედება შორეულ თუ ახლო წარსულში სახელდებულია როგორც ანტისემიტიზმი. ყველაზე მკაცრი ფორმებით "თავი ისახელა" მეოცე საუკუნის ევროპამ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამდე ანტისემიტიზმის გამოვლინების არც ერთი შემთხვევა არ არის ცნობილი. რუსეთის ხელისუფლებამ დიდი მცდელობის მიუხედავად (განსაკუთრებით აქტიურობდა კავკასიის მეფისნაცვალი მიხაილ ვორონცოვი), რომელიც სხვადასხვა საშულებას იყენებდა ქართველების ებრაელების წინააღმდეგ წასაქეზებლად, ქართველი ქრისტიანი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო მიზანს ვერ მიაღწია. მათ იუდეველი ებრაელები თავიანთ ძმებად მიაჩნდათ.

ქართველი ებრაელები თავიანთი სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობით განუზომლად კარგ მდგომარეობაში იყვნენ სხვა ქვეყნების კონფესიურ თანამოძმეებთან შედარებით. მოვიყვან რამდენიმე უნიკალურ მაგალითს, რომლის ანალოგსაც ვერ ნახავთ მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში. შუა საუკუნეებსა და ადრეულ ახალ პერიოდში­ ებრაელები უმთავრესად­ სოფლის მოსახლენი იყვნენ და მიწას ამუშავებდნენ, იყვნენ მამულისა და ყმების მფლობელები­, დაუბრკოლებლად ასრულე­ბდნენ რელიგიურ რიტუალებსა და დღესას­წაულებს, მიილტვოდნენ საეკლესიო ყმობისაკენ, რათა თავი დაეცვათ აბეზარი მებატონის ძალადობისაგან, რომელიც ასეთივე მოძალადე იყო სხვა მრწამსის თუნდაც მართლმადიდებელ ქრისტიან ყმებზე.­ ეკლესია მათ მფარველობდა და ზოგჯერ შეღავათიან გადასახადებს უწესებდა. არ შეიძლებოდა იმ ქვეყანაში ყოფილიყო ანტისემიტიზმი, რომლის მოსახლეობას ახსოვდა და ეკლესიაც მუდამ ქადაგებდა, რომ მცხეთაში იყო დავანებული წმინდა ქალაქ იერუსალიმიდან ჩამოტანილი უდიდესი ქრისტიანული სიწმინდეები - ელიას ხალენი და ქრისტეს კვართი. კვართის საქა­რთველოში ჩამობრძანებასთან ერთად ისიც ცხადდებოდა, რომ ის ჩამოიტანეს იმ ებრაელებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ქრისტეს გასამართლებაში, მაგრამ მხარი არ დაუჭირეს მის დასჯას; ანტისემიტიზმი არ შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოში, რომლის სამეფო დინასტია ბაგრატიონებისა აცხადებდა, რომ ებრაელთა დიდი მეფე დავით წინასწარმეტყველის შთამომავალი იყო. ამ ლეგენდის შესახებ ცნობილი­ იყო მთელ ახლო აღმოსავლეთში ბაგრატიონთა დინასტიის მეფეების ტიტულატურისა და სამეფო გერბის წყალობით.ქართველი ებრაელები არც საბჭოთა­ პერიოდში განიცდიდნენ იმ შევიწროებას, რასაც მათი სარწმუნოებრივი ძმები სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში. საქართველ­ოში ებრაელებს ეკავათ თანამდებობები რესპუბლიკის მთავრობაში, პარტიულ აპარატში­, მრეწველობაში, მეცნიერებაში, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, მედიცინაში, ინჟინერიაში... 70-იან წლებამდე არსებობდა ებრაული სკოლები, მაშინ როდესაც­ ყველა რესპუბლიკაში აკრძალული იყო ებრაული ენისა და ისტორიის სწავლება და მეცნიერული კვლევა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა ებრაულ-არამეული ფილოლოგიის კათედრა, რომელმაც აღზარდა მრავალი მკვლევარი და პედაგოგი. რაბინებს ცენტრალური ადგილი ეკავათ ებრაელთა სულიერ და სათემო ცხოვრებაში, მათ აზრს ითვალისწინებდნენ რელიგიური და საერო პრობლემების გადაწყვეტის დროს. ებრაელების საქართველოსადმი სიყვარულის მიუხედავად, მათში ძლიერი იყო იდენტობის შეგრძნება და სრულიად ბუნებრივად მიისწრაფოდნენ სიონთან დაბრუნებისკენ.

- როცა ყველაფერი ასე კარგად იყო, 70-იანი წლების დასაწყისიდან რატომ დაიწყო ებრაელთა მასობრივი "ალია" საქართველოდან?

- მორწმუნე ებრაელებში ყოველთვის არსებობდა ბუნებრივი მოტივაცია ისრაელში გასამგზავრებლად. ისინი ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ რელიგიური და ეთნიკური იდენტურობა, რომელიც თანდათან სუსტდებოდა საზოგადოების სოციალური სტრუქტურის ცვლილების გამო. ებრაელების ისრაელში გადასახლებისკენ მისწრაფებამ ასახვა ჰპოვა უმაგალითო აქციაში, რომელმაც საერთაშორისო რეზონანსი მიიღო: 1968 წლის აგვისტოში თვრამეტმა მორწმუნე ქართველმა ებრაელმა გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტში გაგზავნა განცხადება, რომელსაც ახლდა სამი მიმართვა შემდეგი ადრესატების სახელზე: პირველი - საბჭოთა კავშირში ნიდერლანდების საელჩოში და მასში იყო თხოვნა, რომ ეს მიმართვა გადაეცათ ისრაელის პრემიერ-მინისტრ გოლდა მეირისთვის; მეორე ბარათში­ იყო თხოვნა გოლდა მეირისადმი, გადაეგზავნა წერილი გაეროში. მესამე წერილი გამიზნული იყო გაეროში ისრაელის წარმომადგენლისთვის, რომელსაც გაეროს წევრებისთვის უნდა გაეცნო ხელმომწერების სახელები და მისამართები. მიმართვის ავტორები ითხოვდნენ დახმარებას ისტორიულ სამშობლოში გადასახლებაში. მას შემდეგ, რაც საბჭოთა­ მთავრობამ უარი თქვა მათ გაშვებაზე, გოლდა მეირმა ეს მიმართვა ქნესეთში წაიკითხა და მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა საბჭოთა მთავრობას მიგრაციის მსურველები ისრა­ელში გაეშვა. საერთაშორისო მხარდაჭერით მათ გაიმარჯვეს და სათავე დაუდეს მხოლოდ ქართველი ებრაელების "ალიას" ისრაელში.

- მაგრამ ქართველ ებრაელებს­ საქართველოდან გასაქცევი არაფერი ჰქონდათ. რა იყო მათი ისრაელში მიგრაციის მოტივი?

- აქ უნდა გამოიყოს ორი ფაქტორი, რომლებმაც ბიძგი მისცეს ებრაელების მასობრივ დაძვრას ისრაელისაკენ: პირველი იყო ე.წ. ექვსდღიანი ომი (1967 წ. 5 ივნისი-10 ივნისი), როდესაც ისრაელის ჯარმა­ ეგვიპტის, სირიისა და იორდანიის მრავალრიცხოვანი და საუკეთესოდ აღჭურვილი ჯარები დაამარცხა, დაიპყრო ღაზის სექტორი. გაეროს გადაწყვეტილებით, აქ უნდა ჩამოყალიბებულიყო პალესტინელების სახელმწიფო, მაგრამ არაბებმა ამაზე­ უარი თქვეს; ეგვიპტეს ჩამოართვეს სინის ნახევარკუნძული, სირიას - გოლანის სიმაღლეები, იორდანიას კი მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. განსაკუთრებული რეზონანსი ჰქონდა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილის (რომელიც სირიელებს ჰქონდათ ოკუპირებული) გათავისუფლებას და ისტორიული დედაქალაქის, წმინდა ქალაქის, გაერთიანებას. აღსრულდა ყველა ებრაელის ის ოცნება, რო­მელიც დავით წინასწარმეტყველმა 136-ე ფსალმუნში თაობებს ანდერძივით დაუტოვა: "თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა. მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში"...

ქართველი ებრაელების ისრაელში­ მიგრაციის მეორე ფაქტორი იყო 70-იან წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტ­იკური, სოციალური და ეკონომიკური­ ცვლი­ლებები. საქართველოს კომპარტიის პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძის დროს კორუფციამ და ჩრდილოვანმა ეკონომიკამ უდიდეს მასშტაბს მიაღწია. როდესაც­ ედუარდ შევარდნაძემ მჟავანაძე შეცვალა, დაიწყო მასობრივი დაჭერები, თანამდებობებიდან გადაყენება. ჩრდილოვან ეკონომიკაში სხვა ეროვნებების წარმომადგენლებთან ერთად ჩაბმული იყო მრავალი ებრაელი, რომლებმაც დაკარგეს ხვალინდელი დღის იმედი. ისინი ქვეყნის დატოვებაში ხედავდნენ ხსნას... ებრაელთა­ ნაკადი ისრაელისკენ სულ უფრო ძლიერდებოდა. წასულები ეპატიჟებოდნენ დარჩენილ­ ნათესავებსა და ახლობლებს, მეგობრებს, მითუმეტეს ისრაელის მთავრობა თითქმის ყველაფრით უზრუნველყოფდა ახალმოსახლეებს. მიგრანტებს მცირე პრობლემების გადალახვა უხდებოდათ. მათ საქართველოდან თავიანთ ქონებასთან ერთად დიდი სიყვარული მიჰქონდათ. ქართველის მიერ ებრაელისთვის გატანებულ სიყვარულზე გამახსენდა როგორ მდგომარეობაში იყვნენ რუსეთიდან ისრაელში წასვლის სურვილის განმცხადებელი ებრაელები - ისინი იპარებოდნენ, მეზობელს რომ არ გაეგო მათი განზრახვის შესახებ. ამიტომ იყო, რომ რუსეთის ებრაელები საქართველოში ჩამოდიოდნენ, მოქალაქეობას იღებდნენ და ასე უშვებდა შევარდნაძის მთავრობა რუსეთის ყოფილ მოქალაქეებს ისრაელში. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მატარებელში მყოფ ებრაელებს, რომლებიც პოლონეთზე გავლით მიემგზავრებოდნენ, სპეციალურად მობილიზებული ბრბო ქვებს ესროდა. სრულიად განსხვავებულ სურათს შევსწრებივარ გორის რკინიგზის სადგურზე - როგორ აცილებდნენ ისრაელის გზაზე დამდგარ ადამიანებს ნათესავები, მეგობრები და სინანულის გრძნობით აღსავსე თანამოქალაქენი, მაშინ, როცა მათთან კვლავ შეხვედრის არავითარი იმედი არ ჰქონდათ. ბაქანზე ტევა არ იყო, თბილისიდან ჩამოსული მოსკოვის მატარებელი, რომელიც მხოლოდ 3-5 წუთით ჩერდებოდა გორში, ბევრჯერ 1 საათზე მეტი დაგვიანებით დაძრულა, ვიდრე სადგურის რესტორანში მგზავრებისა და გამცილებლების ქეიფი და ხვევნა-კოცნა არ დასრულდებოდა. სადგურის უფროსი, დიდებული გორელი ირაკლი ხაჩიძე ბაქანზე დადიოდა და ხალხს ამშვიდებდა: ნუ ჩქარობთ, არაფერი დაგრჩეთ, როცა მეტყვით, მაშინ დაიძრება მატარებელიო. ასეთი სიყვარული გააყოლეს გორელებმა და მათი სახით მთელმა საქართველომ ისრაელში მიმავლებს, ისინი ამას ვერ ივიწყებენ და საქართველოს სიყვარულს შთამომავლობას გადასცემენ.

ისრაელში პირველად 1990 წელს ვიყავი საერთაშორისო სიმპოზიუმზე, სადაც წარმოუდგენელი რამ მოხდა: მასზე დასასწრებად ისრაელის სხვადასხვა ქალაქიდან ავტობუსებით ჩამოვიდნენ ქართველი რეპატრიანტები. უცხოელები გაოცებული შეჰყურებდნენ საქართველოს დელეგაციის (ლევან მენაბდე, გურამ შარაძე, სიმონ ენუქაშვილი, ელდარ მამისთვალიშვილი) და რეპატრიანტების შეხვედრას. სიმპოზიუმი დანიშნულ დროზე ბევრად გვიან დაიწყო. ისიც მინახავს, საქართველოს სადღეგრძელოზე როგორ ჩამოსდიოდათ ცრემლი მამაკაცებს. რა ამოწურავს გასახსენებელს...