მადუროც პუტინის მიბაძვით მეზობლის ოკუპაციას აპირებს... ჯუნგლების ნავთობისთვის... - კვირის პალიტრა

მადუროც პუტინის მიბაძვით მეზობლის ოკუპაციას აპირებს... ჯუნგლების ნავთობისთვის...

როდესაც დამნაშავე არ ისჯება, მისი დანაშაულებრივი ქმედებები გადამდებია - ასე ხდება ქუჩაში... და დიდ პოლიტიკაშიც...რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შერჩა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია-ანექსიასაც ესწრაფვის, შესაბამისად, მას "მიმდევარიც" გამოუჩნდა შორეული სამხრეთამერიკული ქვეყნის დიქტატორის, ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს სახით, რომელმაც "დიდი მასწავლებლის" მიბაძვით შეიძლება დღე-დღეზე მეზობელი ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპაცია დაიწყოს...

სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 29 მლნ მცხოვრებიან ვენესუელას აღმოსავლეთ ნაწილში ესაზღვრება გაიანა, რომლის მოსახლეობის რიცხოვნობა ერთ მილიონსაც ვერ აღწევს - სულ 800 ათასი თუ არიან. შესაბამისად, აღარცაა იმის ახსნა საჭირო, თუ რამდენად არათანაბარი ძალების დაპირისპირება შეიძლება დაიწყოს.

რაშია მთავარი პრობლემა?

საქმე ის არის, რომ გაიანის დასავლეთ რეგიონში, ესეკიბოში, რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს ნავთობის მსხვილი საბადოები (არანაკლებ 10 მლრდ ბარელი ნავთობის მარაგით), ნავთობის მოპოვება და ექსპორტი კი როგორც გაიანის, ისე ვენესუელის მთავარი შემოსავალია, რასაც ემატება მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტორიც - ესეკიბოს რეგიონი მესამე საუკუნეა დავის საგანია.

ყველაფერი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, როდესაც ბრიტანეთის იმპერიამ დაიპყრო ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროს ნაწილი და იქ კოლონიური ბრიტანეთის გვინეა შექმნა.

1966 წელს ბრიტანეთის გვინეის ყოფილი კოლონიიდან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ახალმა სახელმწიფომ, სახელწოდებით გაიანა, და "მზითვად" გამოჰყვა ისტორიული ტერიტორიული დავა: ვენესუელა ჯერ კიდევ 1899 წლიდან ედავებოდა ბრიტანეთის გვინეის კოლონიას მდინარე ესეკიბოს დასავლეთ ნაწილს, სადაც მაშინ ოქროსა და ალმასის საბადოები აღმოაჩინეს.

ესეკიბოს სადავო ტერიტორიის ფართობი 160 ათას კვადრატულ კმ-ს შეადგენს ანუ გაიანის მთელი ტერიტორიის სამი მეოთხედია და ოფიციალურ ჯორჯთაუნს (გაიანის დედაქალაქი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე) მისი დათმობა, რა თქმა უნდა, არ სურს კარაკასისთვის, მითუმეტეს, ესეკიბოს გაუვალ ჯუნგლებში ნავთობის დიდი საბადოების აღმოჩენის შემდეგ.

რადგან ათწლეულების წინ დამყარებული "მსოფლიო წესრიგი" ფაქტობრივად მოიშალა და ძლიერი სახელმწიფოები სუსტების დაჩაგვრას იწყებენ, მადუროც ვენესუელის სამხედრო ძალის გამოყენების იმედით აპირებს გაიანას წაართვას ესეკიბოს სადავო ტერიტორია, მითუმეტეს, "ძველი მეგობრის", რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი აქვს, ხოლო რუსული შეიარაღება დიდი ხანია ისედაც არის ვენესუელის არმიის არსენალში.

ვენესუელის ეროვნულ ბოლივარის სახელობის შეიარაღებულ ძალებში 123 ათას კაცზე მეტი მსახურობს (გასამხედროებულ, პარამილიტარულ ფორმირებებში კი 220 ათასი) და მის არსენალშია 300-მდე ტანკი (მათ შორის 92 რუსული თ-72), 500-მდე ჯავშანმანქანა (მათ შორის რუსული წარმოების 123 ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-3 და 114 ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80А), 515 საარტილერიო დანადგარი (მათ შორის საბჭოთა/რუსული 48 ერთეული 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა Мста-ს და 12 ცალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩი"), 40 ტაქტიკური ზებგერითი გამანადგურებელი თვითმფრინავი (22 რუსული Су-30МКВ და 18 ამერიკული F-16) და ორ ათეულამდე სხვადასხვა კლასის სამხედრო ხომალდი (მათ შორის ერთი დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი და ორი სარაკეტო ფრეგატიც).

გაიანის 1,6 ათასიან თავდაცვით ძალებს კი მხოლოდ სამიოდე ბატალიონი თუ ჰყავს, რომელთა შეიარაღებაში მხოლოდ 9 ჯავშანმანქანა და 54 საარტილერიო დანადგარია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელას აბსოლუტური სამხედრო უპირატესობა აქვს, მას ესეკიბოს სადავო ტერიტორიის იოლად ოკუპაციის იმედი არც უნდა ჰქონდეს, რადგან ამ შესაძლო შეიარაღებულ კონფლიქტში ვენესუელის არმიის მთავარი მოწინააღმდეგე იქნება... ესეკიბოს გაუვალი ჯუნგლები, სადაც ვენესუელის ტანკებისა თუ ჯავშანმანქანების რიცხოვნობის უპირატესობა განულდება.

კარაკასმა სასურველს რომ მიაღწიოს, მაშინ ესეკიბოს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უნდა მოუაროს, მაგრამ ეს უკვე... მეზობელი ბრაზილიის ტერიტორიაზე გადასვლას ნიშნავს, ბრაზილიამ კი უკვე გაამაგრა საზღვარი ვენესუელასთან.

ამასთან, სხვა სამხრეთამერიკელი მეზობლებიც, კოლუმბია და თვით კუბაც კი, გაიანას უჭერენ მხარს ამ ისტორიულ დავაში და არა ვენესუელას.

ყველაზე მოულოდნელი კი ის არის, რომ ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის ინგლისურენოვანი გაიანის მოსახლეობის ნახევარი... ინდოელია, ხოლო ინდოელების შთამომავლები 800-ათასკაციანი მოსახლეობის მხოლოდ 9%-ს შეადგენენ. ასე რომ, არც შორეული ინდოეთი იქნება მომხრე, რომ მის თანამემამულეებს რამე დაემუქროს ვენესუელისგან, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ვენესუელის ნავთობის ერთ-ერთი დიდი მომხმარებელია.

samx2-1702243097.jpg
ვენესუელისა და გაიანის საზღვარი, რომელზეც დაშტრიხულია ესეკიბოს სადავო ტერიტორია

მაგრამ პირველი მოწინააღმდეგე, ვინც წინ აღუდგება ვენესუელის სამხედრო აგრესიას გაიანაში, რა თქმა უნდა, აშშ იქნება.

თეთრი სახლი წლების განმავლობაში ითმენდა ჯერ უგო ჩავესის ანტიამერიკულ "გამოხდომებს" და ახლა მადუროს მოთმენაც უწევს იმის გამო, რომ ამერიკული სპეცსამსახურების ორგანიზებული ვენესუელის ოპოზიციის "აღზევება" მადუროს რეჟიმის დასამხობად რამდენჯერმე ჩაიფუშა...

ვენესუელაში წლებია ეკონომიკური კრიზისია, რაც დამოკიდებულია ნავთობის მსოფლიო ფასების მერყეობასა და მადუროს რეჟიმის არაპროფესიონალურ მმართველობაზე, ძალზე მტკივნეულად აისახება ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე. შესაბამისად, საპროტესტო გამოსვლებში მილიონობით უკმაყოფილო მოქალაქე მონაწილეობდა, მიუხედავად ამისა, მადურომ, ავტობუსის ყოფილმა მძღოლმა, თავისი მომხრეების, ასევე საპოლიციო და საარმიო დანაყოფების გამოყენებით შეძლო საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა და 2013 წლიდან ინარჩუნებს ხელისუფლებას ვენესუელაში.

ამიტომაც მადუროს რეჟიმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გაიანისთვის ესეკიბოს რეგიონის ძალით წართმევას.

პირველი - მადურო ვენესუელის მოსახლეობის (მათ შორის მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების) თვალში გამარჯვებულად გამოვა, რომელმაც სამსაუკუნოვანი ტერიტორიული დავა თავისი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვიტა;

მეორე - ვენესუელის ხელში აღმოჩნდება ესეკიბოში აღმოჩენილი ნავთობის მსხვილი საბადოები, რამაც ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური სიტუაცია შეიძლება გამოასწოროს;

მესამე - გაიანის ნაწილობრივი ოკუპაცია აშშ-ის ყურადღებასა და რესურსების ნაწილს უკრაინის ომიდან სამხრეთ ამერიკაში გადაიტანს, რაც ხელს აძლევს კრემლს. დიდი ალბათობით, შეიძლება პუტინი აგულიანებს კიდეც მადუროს, რათა გაიმეოროს იგივე, რაც აგრესორმა რუსეთმა თავის მეზობლებს, საქართველოსა და უკრაინას უკვე გაუკეთა მათი ტერიტორიების ნაწილობრივი ოკუპაციის სახით.

3 დეკემბერს ვენესუელაში გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც ქვეყნის ათ მილიონამდე მოსახლემ ხმა მისცა ესეკიბოს სადავო ტერიტორიის ვენესუელასთან შეერთებაზე (ხომ არ გახსენდებათ რუსეთის ჩატარებული ასეთივე "რეფერენდუმები" ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთში, ყირიმსა თუ დონბასში?), რის საფუძველზეც მადურომ ესეკიბო (რომელიც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ჯერ კიდევ 1899 წელს ბრიტანული გვინეის კოლონიას მიაკუთვნა და არა ვენესუელას) რეფერენდუმიდან რამდენიმე დღეში ვენესუელის 24-ე შტატად გამოაცხადა, გაიანა-ესეკიბოს სახელწოდებით, და ქვეყნის ახალი პოლიტიკური რუკების ბეჭდვის ბრძანებაც გასცა.თუმცა რუკაზე დატანილი სადავო ტერიტორია ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის დაუფლებას, დაველოდოთ, გარისკავს თუ არა მადუროს რეჟიმი ვენესუელის არმიით შეტევას მეზობელ ქვეყანაზე.