„ახლომხედველი“ ამერიკელი სენატორები კრემლს „ზამთრის იერიშების“ წამოწყებისკენ უბიძგებენ...
ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორების მიერ უკრაინისთვის 61-მილიარდიანი სამხედრო დახმარების "ჩაგდება" პუტინის რუსეთს "წაახალისებს" "ზამთრის იერიშების" დაწყებისკენ, როგორც კი უკრაინის ფრონტზე ნიადაგის ზედა ფენა გაიყინება და შესაძლებელი გახდება მძიმე საბრძოლო ტექნიკის გადაადგილება...
ამერიკამ უკრაინა რუსეთთან შუა ომში მიატოვა? - ასეთი კითხვა დაებადა მილიონობით ადამიანს (და არა მარტო მეომარ უკრაინაში) მას შემდეგ, რაც 6 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. კანონპროექტმა სენატში პროცედურული კენჭისყრის დროს წინსვლისთვის საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან 61 მილიარდი უკრაინის დასახმარებლად იყო განკუთვნილი. კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო იყო 100 სენატორიდან 60-ის ხმა, თუმცა კანონპროექტს მხარი მხოლოდ 51-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 49 წავიდა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა ყველა რესპუბლიკელმა სენატორმა.
ეტყობა, საშობაო არდადეგების დადგომამდე აღარც მოესწრება ამერიკელი სენატორების კიდევ ერთხელ შეკრება და სანამ რესპუბლიკელი სენატორები შობა-ახალი წლის ზეიმში იქნებიან, უკრაინას დამატებითი საფრთხეები გაუჩნდება აგრესორი რუსეთისგან, რადგან უკრაინის არმიისთვის 2024 წელს ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფის კანონპროექტის ჩამგდებმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა კრემლის მთავარ ბინადარს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს საუკეთესო საახალწლო "საჩუქარი" მიართვეს - დამატებითი არგუმენტი იმისთვის, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ამ ზამთრისთანავე დაიწყონ შეტევები ახალ-ახალი უკრაინული ქალაქების დასაპყრობად.
კრემლს ასეთი, მისთვის მომგებიანი არგუმენტები, უკრაინის ოკუპაციის შემდგომი გაგრძელებისთვის ისედაც უგროვდებოდა - იქნებოდა ეს წარუმატებელი უკრაინული კონტრშეტევები, უნგრეთისა და შემდგომ უკვე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების ანტიუკრაინული პოზიცია, ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვება, რომლებიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ გამოდიან, ბულგარეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის არმიისთვის ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემის დაბლოკვა, ნოემბერში კიევისთვის დასავლური სამხედრო დახმარების მკვეთრი შემცირება და რაც მთავარია, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და მთავარსარდალ გენერალ ზალუჟნის პიროვნული დაპირისპირების გამწვავება...
მოკლედ, ნელ-ნელა დაგროვდა ერთმანეთთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებული გარემოებები, რომელთა გამოყენება შეუძლია რუსეთის საოკუპაციო ძალებს ახალი შეტევების დასაწყებად (მითუმეტეს, რომ დასავლურმა საერთაშორისო სანქციებმაც ფაქტობრივად არ იმუშავა და რუსეთი მართალია, უფრო ძვირად, მაგრამ მაინც დაუბრკოლებლად შოულობს დასავლურ მაღალტექნოლოგიურ დეტალებს უკრაინის დასაბომბად გაშვებულ რაკეტებსა და დრონებში დასაყენებლად), ოღონდ ამინდს ელოდება, უფრო სწორად, ძლიერ ყინვას, რომელიც წვიმების სეზონის პერიოდში გაუვალ ტალახად ქცეულ უკრაინულ შავმიწა ნიადაგს 30-50 სმ-ის სიღრმეზე მაინც გაყინავს, რაც რუსულ ტანკებსა და ჯავშანმანქანებს შეტევაზე გადასვლის საშუალებას მისცემს.
პუტინმა გასულ კვირას პირველად განაცხადა, რომ მეხუთედ აპირებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობას, რაშიც მას ვერავინ შეეცილება. ამის შემდეგ ის თვით სტალინსაც გადაუსწრებს, რომელიც 29 წლის განმავლობაში მართავდა საბჭოთა კავშირს.
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 17 მარტისთვისაა დანიშნული და რუსეთის საოკუპაციო ძალები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა ამ თარიღამდე უმაღლეს მთავარსარდალ პუტინს ახალი დაპყრობილი უკრაინული ქალაქები მიართვან, პირველ რიგში კი კრამატორსკი და სლავიანსკი, რაც დაასრულებს უკრაინის დონეცკის ოლქის სრულ ოკუპაციას.
პარალელურად რუსი ოკუპანტები შეეცდებიან ხელახლა დაიპყრონ ის მცირე ტერიტორიებიც, რომელთა გათავისუფლება უკრაინის არმიამ დიდი ბრძოლებით შეძლო ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, ორეხოვო-რობოტინე-ვერბოვოეს სამკუთხედში.
ამასთანავე, რუსი სამხედროები ყველა ღონეს იხმარენ, რათა გაანადგურონ უკრაინის არმიის პლაცდარმი მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, კრინკთან (ნოვაია-კახოვკასთან) და უკრაინელი საზღვაო ქვეითები დნეპრში "გადაყარონ".
ინტენსიური ბრძოლები ისედაც არ წყდება ავდეევკის, მარინკისა და ბახმუტის მიმართულებებზე, რითაც რუსეთის გენერალიტეტს სურს, რაც შეიძლება დააშოროს უკრაინელთა პოზიციები დონეცკს, რომელიც მოსკოვში ოკუპირებული დონბასის "დედაქალაქის" ასოციაციას აღძრავს.
ზამთრის პერიოდში ასევე დიდი შეტევებია მოსალოდნელი რუსი ოკუპანტებისგან ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე კუპიანსკ-ლიმანის ხელახლა დასაპყრობად და კვლავ ხარკოვისკენ გასაჭრელად.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინის არმია ზამთრის პერიოდისთვის თავდაცვითი ზღუდეების აშენებას იწყებს, მაგრამ ეს ცოტა დაგვიანებული ჩანს თუნდაც იმიტომ, რომ ყინვის დადგომისას გაყინულ ნიადაგში სანგრების გაჭრა ხელით, სასანგრე ნიჩბით, შეუძლებელი ხდება, ექსკავატორს კი წინა ხაზზე ვერ გაიყვან.
ამას ემატება აგრესორი რუსეთის "ენერგეტიკული ომის" ხელახლა წამოწყება როგორც გასული წლის ზამთარში, როდესაც ათეულობით რუსული ფრთოსანი რაკეტა და კამიკაძე-დრონი ყოველღამ უტევდა უკრაინულ ენერგოობიექტებს მოსახლეობისთვის დენისა და გათბობის მიწოდების შესაწყვეტად.
მოკლედ, ეს ზამთარი ძალზე დიდ გამოცდად იქცევა უკრაინის როგორც არმიისთვის, ისე მოსახლეობისთვის, და დასავლეთის უფრო დიდი სამხედრო-ფინანსური დახმარების გარეშე უკრაინას აგრესორ რუსეთთან ამ უთანასწორო შეიარაღებული დაპირისპირების გაგრძელება ძალზე გაუჭირდება.