რატომ გვაქვს სკოლებში განათლების დაბალი დონე - კვირის პალიტრა

რატომ გვაქვს სკოლებში განათლების დაბალი დონე

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-მ გამოაქვეყნა 2022 წლის ანგარიში, რომელიც აჩვენებს, რომ ქართველი მოსწავლეების აკადემიური მიღწევები და უნარები 2018 წელთან შედარებით გაუარესდა. მაგალითად, 15 წლის მოსწავლეების მიღწევა მათემატიკაში შემცირდა 8 ქულით, კითხვაში - 6 ქულით, საბუნებისმეტყველო საგნებში კი გაიზარდა 1 ქულით. ამ შედეგებით საქართველო 81 ქვეყანას შორის მათემატიკაში მე-60 ადგილზეა­, კითხვის კომპონენტში - 67-ზე, საბუნებისმეტყველო საგნებში კი 66-ე ადგილზე.

PISA 2000 წლიდან აფასებს ქვეყნების განათლების სისტემების ეფექტურობას 15 წლის მოსწავლეების საბუნებისმეტყველო, მათემატიკისა და კითხვის უნარების შეფასების გზით. PISA-ს რეიტინგებში საქართველო 2010 წლიდან მონაწილეობს. კვლევას ყოველ სამ წელიწადში ერთხელ აქვეყნებენ. თუმცა პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო და 2018 წლის შემდეგ 2022 წელს პირველად ჩატარდა. ეს კვლევა ერთგვარი გლობალური ეტალონია, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან მთავრობები, რათა განათლების პოლიტიკა მართონ.

სხვათა შორის, ზოგიერთი რომ მხოლოდ აბიტურიენტებზე ცდილობს ჯოხის გადატეხას, ისიც უნდა გაიგოს - წელს ძალიან ბევრი აბიტურიენტი თუ მშობელი ამბობდა, რომ მათემატიკის ტესტებში ამოცანის პირობების გაგება შეუძლებელი იყო, იმდენად გაუმართავი ტექსტი ეწერა. არის თუ არა ეს განათლების სისტემის პრობ­ლემა?! რატომ აქვს საქართველოს ასეთი დაბალი შედეგები და რაც მთავარია, რატომ უარესდება. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ პოლიტიკის ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს, რომელიც 2012-2013 წლებში განათლების მინისტრის მოადგილე იყო.

- ვფიქრობ, მთავარი პრობლემა საზოგადოდ განათლების სისტემის კონცეპტუალურად არასწორი ხედვაა. სკოლებში მძიმე მდგომარეობაა. მთავარ პრობლემას ვხედავ ერთში - ყველა, ვინც კი განათლების სფეროშია ჩართული, პრაქტიკულად მათი 90% მაინც, ერთსა და იმავეს ამბობს. მაგალითად, განათლების მინისტრი ამილახვარი და თამარა ჩერგოლეიშვილი­, მიშა სააკაშვილი და მამუკა ხაზარაძე ერთსა და იმავეს ამბობენ, მხოლოდ ფრაზეოლოგიაშია განსხვავება. ყველას ერთი და იგივე მიდგომა აქვს - ერთი მხრივ, ნეოლიბერალური, რომ საჭიროა ყველაფრის დეცენტრალიზაცია, რასაც მოსწავლეზე მორგებულ სწავლებას უწოდებენ, ანუ კონკურენციის მეტ-ნაკლები გამორიცხვა და ფინეთის მაგალითზე აგება, დეცენტრალიზებული პროგრამული მიდგომა, სადაც მთავარი ადგილი უნდა ეჭიროს უნარებს და არა ცოდნას, რაც მე პირადად სულაც არ მომწონს. ეს არის ზოგადი ხედვა, რომელსაც იზიარებს აბსოლუტურად ყველა, მაგრამ ეს როგორ გააკეთონ, არავინ იცის. მსოფლიოში ამ საკითხს ასე რადიკალურად არავინ უდგება. ჩვენთან ჰგონიათ, ვისაც რა უნდა, ის უნდა ისწავლოს, და ვისაც რა უნდა, ის უნდა ასწავლოს. არანაირი სისტემური ხედვა, ეს როგორ უნდა გადაილახოს, არ არსებობს. უდიდესი პრობლემაა პოლიტიზება და მასწავლებლებისა და დირექტორების გამოყენება საარჩევნო აქტივისტებად... როდესაც ვიღაც დარწმუნებულია, რომ არ არის საჭირო, მაგალითად, ფიზიკაში ნიუტონის კანონების ან ქართული ლიტერატურის შესწავლა, რა შედეგებს უნდა ველოდოთ? ეს ხედვები ისე გაბატონებულია, რომ მე უკვე ხელიც კი მაქვს ჩაქნეული, რომ ოდესმე რამე შეიცვლება და გვექნება ნორმალური განათლების სისტემა. სანამ ელემენტარულ რაღაცებს არ გავიაზრებთ, თუ რა მიზანი გვაქვს, რა გვჭირდება და რა გვინდა, არაფერი გამოვა. არსებობს კლიშირებული წარმოდგენები, რომ უნდა იყოს ინდივიდუალური მიდგომა, მოსწავლეზე იყოს მორგებული და ა.შ. საბჭოთა განათლების სისტემა, რომელიც რეალურად საბჭოთა სისტემაც არ იყო, იყო ძველი ევროპული და უფრო კონსერვატიული სისტემა, ოღონდ იდეოლოგიზებული. ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილში ის დღესაც გამოიყენება, ოღონდ იდეოლოგიაგამოცლილი.

- რატომ არ შეიძლებოდა ჩვენც გამოგვერიცხა იდეოლოგია და ევროპული სისტემით ყოფილიყო განათლება?

- მეც ამას ვკითხულობ. რა თქმა უნდა, ამ სისტემას სჭირდებოდა სერიოზული რეფორმა, მოდიფიცირება, მაგრამ­ არა არსებითი ცვლილება, ჩვენთან კი მიზნად დაისახეს ახალი სისტემის შექმნა­. ძველი სისტემა კონკურენციაზე იყო დაფუძნებული, რომ ვინც მეტს ითვისებდა, ის ყოფილიყო დაწინაურებული, და ჩაითვალა, რომ ეს ჩამორჩენილობაა. კი, დოზირება ნამდვილად სჭირდებოდა, რადგან პროგრამები ძალიან იყო გადატვირთული, მაგრამ მათი შედარებით გამარტივების ნაცვლად, ჩაითვალა, რომ მთავარი უნარების შეძენაა და სულ არ არის საჭირო, ბავშვს ინფორმაცია ექნება თუ არა. ლომაიასდროინდელ რეფორმას ვგულისხმობ. ამიტომაც ვერ გააკეთეს ვერაფერი. არანაირი უნარების გამომუშავება არ შეიძლება, თუ არ იქნება ინფორმაციაზე დაყრდნობილი, მით უმეტეს, ახლა, როდესაც ინტერნეტიდან დიდ ინფორმაციას ვიღებთ. ამას ენიჭება უფრო დიდი მნიშვნელობა. ერთი მხრივ, არის მიდგომა, რომ უნდა იყოს სრული თავისუფლება,­ ვისაც რა უნდა, ის ისწავლოს, მეორე მხრივ კი, როდესაც ხელისუფლებაში მოდიან, მიზანი აქვთ, ეს სისტემა პოლიტიკურად გამოიყენონ, თანაც სიტყვა `დეცენტრალიზაციას~ განათლების სისტემასთან დაკავშირებით რომ ხმარობენ, ჰგონიათ, ეს ყოველთვის კარგია. მაგალითად, უნდა იყოს ბევრი სახელმძღვანელო, მაგრამ გრიფირების გარეშე ამ სახელმძღვანელოების 90%-ზე მეტი ნაგავი­ იქნება. მაგალითად, ლომაიას დროს იყო ზოოლოგიის სახელმძღვანელო, სადაც ეწერა, რომ ცხოველები იყოფიან მხეცებად და ნადირებად. არ ვხუმრობ, მართლა ასე ეწერა. როცა ბავშვს ამას ასწავლი, რა შედეგებს უნდა ელოდო? ჩვენ ახლა ძალიან მკაფიო სტანდარტები გვჭირდება, თუ როგორ მივცეთ მოსწავლეებს ელემენტარული საბაზისო ცოდნა. უამისოდ წაკითხულის შინაარსს ვერ გამოიტან. სწორედ ეს საბაზისო ცოდნა შედის უნარებში. და კიდევ, აუცილებელია სკოლების სრული დეპოლარიზაცია. ეს რთულია და დაკავშირებულია თვითმმართველობის რეფორმასთან. მაგალითად, სკოლის დირექტორების არჩევნები მსოფლიოში არსად არ იმართება. ეს ლევან რამიშვილის მოგონილია და რატომღაც ყველამ ჩათვალა, რომ ევროპული გამოცდილებაა. დირექტორს, როგორც წესი, თვითმმართველობებში, ადგილზე ირჩევენ. გასაგებია, რომ ყველა დირექტორი ვერ გახდება და რაღაც წინა პირობაა საჭირო, მაგრამ სკოლის ადმინისტრირება უნდა ხდებოდეს თვითმმართველობის დონეზე და არა თავად სკოლაში. დირექტორი ადმინისტრატორია, ის არ ასწავლის, ის უნდა იყოს მენეჯერი და თუკი მასწავლებლებს აარჩევინებ, სწორედ კლანურობას მივიღებთ, რასაც თავად დირექტორი შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, კარგად არის მოსაფიქრებელი, საგამოცდო სისტემა როგორი უნდა იყოს სკოლაში. ატესტატს ფასი როგორ უნდა დაედოს. სკოლაში ბავშვი კონკურენციასაც უნდა ეჩვეოდეს. ამ პრობლემას ჩვენთან ძალიან მარტივად უდგებიან, პრიმიტიული სქემებით, რომლებიც არასოდეს ამართლებს და არც არასოდეს გაამართლებს. უბედურება კიდევ ის არის, რომ ყველას, ხელისუფლების თუ ოპოზიციის, მიდგომები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. კიდევ ერთი დიდი პრობლემაა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარემო, თუ ვინ ხდება ბავშვისთვის როლ-მოდელი. როდესაც ბავშვი ხედავს დაწინაურებულ კობახიძეს თუ ზარქუას, მისი მოტივაცია რა უნდა იყოს? თუ დაწინაურებისთვის სხვა თვისებები უფრო გჭირდება, ვიდრე სწავლა, რატომ ისწავლის, წავა და სხვა რაღაცებს იჩალიჩებს.

- მასწავლებელთა კომპეტენცია და დაბალი ანაზღაურება მოჯადოებული წრეა და მისი გარღვევა ვერა და ვერ მოხერხდა. რა გავლენას ახდენს ეს დაბალ შედეგებზე?

- ეს სერიოზული პრობლემაა. ფინეთის მოდელზე რომ ლაპარაკობენ, იქ მასწავლებლის პროფესია ძალიან დაფასებულია. აქ რას ვხედავთ? რა თქმა უნდა, მასწავლებლის კვალიფიკაცია გადამწყვეტია, სკოლაში ყველა ვსწავლობდით და ყველას გვახსოვს, რომ კარგი მასწავლებელი თუ გყავდა, ცუდი პროგრამითაც კარგად გასწავლიდა და პირიქით. ამიტომ სწავლებაში მასწავლებლის როლი გადამწყვეტია. უნდა იფიქრო, როგორ დააყენო წარმოების დონეზე, რათა სკოლები მუდმივად ივსებოდეს კვალიფიციური მასწავლებლებით. ამდენი ხანია ამ პრობლემას თავი ვერ მოაბეს, ვერც უცხოურ გამოცდილებას ვერ ნახულობენ და ვერც თავისას იგონებენ. მართლა ვერ გამიგია, ამას რით ვერ დაადგა საშველი. განათლებისთვის ფული ენანებათ. არადა, განათლება ის სფეროა, რომლისთვისაც ფული არ უნდა გენანებოდეს. ამ სფეროს ბაზარი ვერ დაარეგულირებს. პირობები უნდა შეიქმნას ისეთი, რომ მასწავლებელს სხვაგან გაქცევა არ მოუნდეს, პოლიტიკოსები კი მათ უყურებენ როგორც საარჩევნო ელექტორატს. ეს მხოლოდ ხელისუფლებას არ ეხება. ამიტომაცაა საჭირო განათლების სისტემის დეპოლიტიზება. თუ ეს მოხერხდა, საარჩევნო ინტერესი გამოეცალა, მერე, ალბათ, განათლებასაც მიექცევა მეტი ყურადღება.

- საინტერესოა, რომ ამ შედეგების­ გამოქვეყნებას დაემთხვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გადად­გომა. ეროვნულ გამოცდებზე მუდმივად არის პრეტენზიები. მაგალითად, წელს ძალიან ბევრი­ აბიტურიენტი თუ მშობელი ამბობდა, რომ მათემატიკის ტესტებში ამოცანების პირობების გაგება შეუძლებელი იყო, იმდენად გაუმართავი ტექსტით იყო. ეს რისი პრობლემაა და არ არის კავშირში ზოგადად განათლების დაბალ ხარისხთან?

- გამოცდების საკითხში ჩახედული არა ვარ, რადგან კარგა ხანია, ამ საკითხით არ დავინტერესებულვარ, რადგან, როგორც გითხარით, ხელი მაქვს ჩაქნეული­. ფაქტია, საგამოცდო სისტემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და დაბალი შედეგებიც სწორედ განათლების სისტემის პრობლემებზე მიუთითებს.

- თქვენი გადასაწყვეტი რომ იყოს რეფორმის გატარება, საიდან დაიწყებდით?

- ეს ძალიან რთული იქნებოდა. მე ერთი რამ ვიცი, განათლების სფერო ვერ იტანს მკვეთრ ცვლილებებს. თუნდაც­ ცუდი სისტემა იყოს, თუ მუშაობს, თუნდაც­ ცუდად და მას მკვეთ­რად შემოატრიალებ, კიდევ უფრო უარეს შედეგს მიიღებ, განსაკუთრებით პირველ ხანებში და მერეც არ იცი, რა იქნება. არ ვარგა მკვეთრი ნახტომები. პირველი, რასაც გავაკეთებდი, მოვიძიებდი ამ სფეროს საუკეთესო ექსპერტებს, გავეცნობოდი საზღვარგარეთის გამოცდილებასაც და ისე მივიღებდი გადაწყვეტილებას, რა და როგორ გამეკეთებინა. მანამდე კი პრობლემების იდენტიფიცირებაა საჭირო. უნდა ნახო, ასეთივე პრობლემები სხვადასხვა ქვეყანაში როგორ გადაიჭრა და მოარგო ჩვენს სპეციფიკას. შემდეგ უნდა დასახო გეგმა, რომელიც აუცილებლად გრძელვადიანი უნდა იყოს, ამასთან, არ იყოს პოპულისტური. სასკოლო განათლების სისტემას ვერ შევცვლით სასიკეთოდ ორ წელი­წადში. შედეგები გვიან ჩანს, მინიმუმ 10-11 წელია საჭირო, რომ მთელი ციკლი გაიაროს, რათა ვილაპარაკოთ შედეგებზე, თუ რეფორმა როგორ მუშაობს. მე გეგმას გავწერდი ისე, რომ აბსოლუტურად ამოვატრიალებდი დღეს გაბატონებულ კონცეფციას, რადგან, როგორც გითხარით, საბაზისო ცოდნა ინფორმაციის დონეზე აუცილებელია. სკოლა არ უნა იყოს მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვები გაერთონ და მხოლოდ სამოქალაქო ცნობიერება შეიძინონ. თუმცა ესეც მნიშვნელოვანია. მოკლედ, შევეცდებოდი, გრძელვადიან სტრატეგიაზე გვემუშავა. დღეს ყველას უნდა ახლავე მიიღოს შედეგი, რაც განათლებაში შეუძლებელია, სწრაფი გარდაქმნა ვერ მოხდება.

რუსა მაჩაიძე