რატომ არის საქართველოში უმუშევრობა, თუ სამუშაო ადგილები თავისუფალია?!
მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა სამსახურის საძებნელად, სადაც მეტ-ნაკლებად ნორმალური ანაზღაურება ექნებათ, საზღვარგარეთ გარბის და ამ პრობლემის შესახებ ბოლო დროს საუბრები სულ უფრო მწვავე ხდება, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე კადრების ნაკლებობის გამო გამოთქვამს შეშფოთებას და ამას ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთ ხელშემშლელ ფაქტორად ასახელებს. რატომ იკვეთება ამგვარი შეუსაბამობა ბიზნესის და მოსახლეობის ინტერესებს შორის, ამ საკითხებზე ელგუჯა მელაძეს ვესაუბრებით.
- ბიზნესს დღეს, საზოგადოდ, ბევრი გამოწვევა აქვს. ეს უკავშირდება ასევე ჩვენთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებასაც, რადგან ბიზნესის კეთების სხვა დონესა და სხვა სტანდარტებზე გვიწევს გადასვლა. ჩვენთვის იხსნება ევროკავშირის ბაზრები, შესაბამისად, გაიზრდება კონკურენცია და ჩვენი კომპანიები ამისთვის მომზადებული უნდა იყვნენ. დღეს ქართული ბიზნესისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ნამდვილად არის სამუშაო ძალა, რაც სულ უფრო აქტუალური ხდება, რადგან სულ უფრო ძნელი ხდება პროფესიული სამუშაო ძალის მოძიება. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ არის ამ კვალიფიკაციის მქონე და რეალურად არ ფლობდეს იმ უნარებს, რაც არის გათვალისწინებული ამა თუ იმ პროფესიისთვის. საერთო ჯამში, ქვეყანაში ბევრი რეფორმა მიმდინარეობს და რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს დალაგებისკენ, რადგან ეს ყველაფერი ბიზნესსაქმიანობას არაპროგნოზირებადს ხდის, რაც ძალიან უშლის ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. გარდა ამისა, პრობლემაა ფინანსური რესურსების საკითხიც. ვიცით, რომ საბანკო კრედიტებით ბიზნესის წარმოება პრობლემაა. სამწუხაროდ, ეს საკითხი საქართველოში ვერ დარეგულირდა, რაც განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის მძიმე. გარდა ამისა, კვლავ გამოწვევად რჩება დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობაში სტანდარტების დანერგვა, რაც მთავარი განმაპირობებელია კომპანიის მდგრადობისა. ძალიან კარგად ვიცით, რომ კომპანიის განვითარება ნამდვილად დამოკიდებულია პროფესიონალებზე და ბიზნესი სულ უფრო მეტად განიხილავს თავისი სამუშაო ძალების განვითარებას, რათა კონკურენციასაც გაუძლოს და შიდა რეგლამენტიც დააკმაყოფილოს. მოკლედ, სულ უფრო და უფრო დატვირთულ ეპოქაში შევდივართ.
- ახსენეთ, რომ არის პრობლემა, როდესაც დასაქმების მსურველთა კომპეტენცია სტანდარტებს არ შეესაბამება - ანუ დასაქმება კომპეტენციების ნაკლოვანების გამო ვერ ხერხდება? რა არის საქართველოში დასაქმების პრობლემის მთავარი მიზეზი?
- ზოგ კომპანიას კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე მუშახელი სჭირდება, ზოგსაც ასეთი სპეციფიკური მოთხოვნები არა აქვს და თვითონ არიან მზად, ადგილზე შეასწავლონ. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიგებ იმ ადამიანისას, რომელსაც მუშაობა უნდა და იტყვის, რომ სამუშაოს ვერ პოულობს, რადგან დღეს ქვეყანაში სამუშაო ძალის ისეთი მოთხოვნაა, რომ დაუჯერებელია, სამუშაო ვერ იპოვო, მითუმეტეს, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, თუკი ადამიანს რომელიმე სპეციალობის დაუფლება უნდა. პროფესიულ კოლეჯებში სრულად არის დაფინანსებული ნებისმიერი სპეციალობის შეძენა და ასევე, სახელმწიფო სტრუქტურები სათანადო ვაკანსიებს სთავაზობენ. თუმცა მათი შეთავაზების გარდა, ბაზარზე არის დიდი მოთხოვნა სამუშაო ძალაზეც. ამდენად, არ მესმის და ვინმემ ამიხსნას, რატომ შეიძლება ადამიანი იყოს უმუშევარი, ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომელთაც შეიძლება კონკრეტული სამუშაოს შესრულება გაუჭირდეთ ან ვერ შეძლონ. უამრავი სამუშაო ადგილია და ადამიანს თუ აქვს მუშაობის სურვილი და რაღაც მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, შეუძლია მივიდეს პროფესიულ კოლეჯში, უფასოდ გადამზადდება და დასაქმდება. რაც შეეხება კვალიფიკაციას, დღეს ეს გარკვეულწილად გამოწვევაა, რადგან შრომითი ურთიერთობების რღვევას იწვევს - არავინ არის მომხრე, რომ კადრი მიიღოს გამოსაცდელი ვადით, ასწავლოს რაღაც, მერე ან თვითონ არ დაასაქმოს, ან ის სხვაგან წავიდეს და დამსაქმებელმა კვლავ ეძებოს ახალი კადრები. გამოსაცდელი ვადა არის იმისთვის, რომ დამსაქმებელმა ნახოს, ესა თუ ის პირი რამდენად აკმაყოფილებს სამუშაო ადგილის მოთხოვნებს. დამიჯერეთ, მართლა არავინ არის დაინტერესებული, რომ გამოსაცდელი ვადის შემდეგ ტყუილად გაუშვას ადამიანი და ისევ ახალი კადრები ეძებოს.
- თქვენ კი ამბობთ, რომ ბევრი ვაკანსიაა, მაგრამ ძალიან ხშირად ჩივიან, რომ ანაზღაურება დაბალია და არ უღირთ ამა თუ იმ სამუშაოს შესრულება, მითუმეტეს, რომ ამ დაბალ ანაზღაურებაში ბევრი რამის გაკეთებასაც სთხოვენ. ეს რეალურ პრობლემად არ მიგაჩნიათ?
- სულ იმაზეა საუბარი, რომ საკმარისი ხელფასი არ არის. თქვენ როგორ გგონიათ, ხელფასის უსასრულოდ გაზრდა შესაძლებელია? კარგი, დავაწესეთ მაღალი ხელფასი, მაგრამ ეს ხომ თვითღირებულებაში აისახება. რა ქნას იმ კომპანიამ, ვინც, მაგალითად, წყალს აწარმოებს, სადამდე შეიძლება ფასი გაზარდოს? მერე პროდუქციას ხომ ვერ გაყიდის? თავისით ხომ არ მოდის ეს მეტი ხელფასი? მაგრამ დამსაქმებელი რომ ნახავს, ეს პროფესიონალი ადამიანია და ბევრს აკეთებს კომპანიისთვის, რა თქმა უნდა, ხელფასსაც გაუზრდის, კადრი რომ არ დაკარგოს. ადამიანმა გამოცდილება ნელ-ნელა უნდა შეიძინოს და ხელფასიც მუდმივად ერთი და იგივე ხომ არ ექნება? სახლში თუ დაჯდება, რას მიიღებს?
კი ბატონო, ქვეყანაში არის სოციალური პოლიტიკა და უმუშევრებს უხდის რაღაცას, მაგრამ დავიჯერო, ეს იმაზე მეტია, ვიდრე ვინმე მუშაობაში გადაუხდის? ვისაც უჭირს და პლუს მუშაობა არ შეუძლია, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, მაგრამ ხომ არ შეიძლება ადამიანს, ვისაც ხელ-ფეხი აქვს და გონება უჭრის, იმის გამო დავეხმაროთ, რომ არ მუშაობს? ეს წარმოუდგენელია. სხვათა შორის, ნახეთ ევროპული გამოცდილება, თუ ადამიანს მუშაობა არ უნდა, მას შემწეობას მუდმივად არ აძლევენ. ცოტა ხანს ეხმარებიან, აძლევენ გადამზადების შესაძლებლობას, მაგრამ თუ ხედავენ, რომ მუშაობა არ უნდა, შემწეობა უწყდება. უსასრულოდ არავინ არავის ეხმარება.
- საქართველოში იგივე მიდგომა რომ იყოს, დასაქმების საკითხს გამოასწორებდა?
- ჯერ წინა შეკითხვას დავასრულებ. რომ ამბობენ, ბევრ რამეს ავალებენო, ასე არ არის, თუ დამსაქმებელი და დასაქმებული სწორად, სტანდარტების შესაბამისად დადებენ შრომით ხელშეკრულებას და ამაში ყველა ყველას ეხმარება. ჩვენ ვეხმარებით დამსაქმებელს, დასაქმებულებს კი ეხმარებიან პროფკავშირები. ხელშეკრულებაში გაიწერება ყველაფერი, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება. არსებობს კოლექტიური ხელშეკრულებებიც, სადაც ყოველივე გაწერილია, და თუკი ეს მხარე მოგვარებულია, მაშინ არ წარმოიშობა ასეთი პრობლემები, ზედმეტს მავალებენ, ბევრს ვმუშაობ, ცოტას მიხდიანო და ა.შ. ეს გამორიცხულია, როდესაც ყველაფერი გაწერილი და ხელმოწერილია დოკუმენტურად. რიტეილის სექტორში ხშირად ახსენებენ იმ პრობლემას, რომ კონსულტანტს უხდება დახლებზე პროდუქტების გადალაგება. სხვამ ვინ უნდა გააკეთოს, გადამლაგებლის პროფესია სადმე გაგიგონიათ? მე როგორც ვიცი, ბევრ ასეთ კომპანიაში კონსულტანტს უწერია, რომ ევალება როგორც კონსულტაციის გაწევა, ასევე პროდუქტების დალაგება. ამ ყველაფერს კანონში ხომ ვერ ჩავწერთ, სწორედ ხელშეკრულებაში უნდა იყოს გაწერილი და არც ერთ მხარეს არ ექნება პრეტენზია.
- დიდ და საშუალო კომპანიებში ასეთი ხელშეკრულების გაფორმება კიდევ არის შესაძლებელი, მაგრამ რა უნდა ქნან პატარა კომპანიებმა და იქ დასაქმებულებმა?
- მე თუ ვარ პატარა მაღაზიის მფლობელი და მინდა ავიყვანო, მაგალითად, ერთი ან ორი გამყიდველი და არ მინდა პრობლემები შემექმნას, აუცილებლად კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გავაფორმო ხელშეკრულება დასაქმებულთან, რადგან შეიძლება მიჩივლოს და უფრო ძვირად დამიჯდეს. თქვენ კი მითხარით, რომ მცირე ბიზნესს ამის საშუალება არა აქვს და აბსოლუტურად გეთანხმებით - მცირე ბიზნესს იმის საშუალება მართლაც არა აქვს, რომ იურისტი დაიქირაოს. დიახ, ბევრი გამოწვევაა, მაგრამ არსებობს კარგი ევროპული გამოცდილება, თუ რა როგორ უნდა გავაკეთოთ. ახლის შექმნა არ არის საჭირო, ამის გადმოღება და გაკეთება საკმარისია. თუ სწორად არ არის დალაგებული შრომითი ურთიერთობები, ეს ბევრ პრობლემას იწვევს და ამიტომ აქედან უნდა დავიწყოთ და არა პირდაპირ მაღალ ხელფასებზე ლაპარაკით. კი, მაღალი ხელფასი კარგია, მაგრამ დასაქმებულს ხელფასი რომ გაეზრდება, მოიმატებს პროდუქციის თვითღირებულებაც და მერე ისევ გაძვირებული პროდუქციის ყიდვა მოუწევს.
- ჩვენთან პროდუქციისა და მომსახურების ფასები გათანაბრებული და ძალიან ხშირად გაცილებით მეტია ევროპულ ფასებზე, სადაც ჩვენგან განსხვავებით მაღალი ხელფასებია. ხომ შეიძლება, მაგალითად, 3-5-ჯერ მეტ მოგებაზე კი არ ფიქრობდნენ კომპანიები, დასაქმებულებს გაუზარდონ ხელფასები?
- ასეთ საკითხებს ბაზარი თვითონ არეგულირებს. მწარმოებელი ბაზარზე პროდუქციას რომ ყიდის, ის თუ იყიდება, ე.ი. ფასი ბაზრისთვის მისაღებია. ხელფასები სხვა საკითხია. დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობა კიდევ ბევრ სხვა ფაქტორზეა აგებული. ამასთან, თვითღირებულებაში კიდევ ბევრი კომპონენტი შედის, ეს არ არის მხოლოდ ხელფასი. ის, რომ რაღაც ძვირად იყიდება, არ ნიშნავს, რომ ეს მაინცდამაინც ხელფასის კომპონენტზე უნდა აისახოს, რადგან, როგორც გითხარით, ფასწარმოქმნაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს.
- თუ გაქვთ მონაცემები, დღეს რამდენი ვაკანტური სამუშაო ადგილია?
- ვინმემ რომ თქვას, დღეს ქვეყანაში ამდენი და ამდენი ვაკანსიააო, შეუძლებელი იქნება. არც ერთ ქვეყანაში ეს მონაცემი არა აქვთ. არსებობს `საქსტატის~ მონაცემები, რაც ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულ კვლევებს, დიდი ცდომილებები ნამდვილად არ არის უმუშევართა და დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ და ჩვენ მათ მონაცემებს ვეყრდნობით. გარდა ამისა, არსებობს დასაქმების სამსახურიც, რომელსაც აქვს გარკვეული სამსახურების შესახებ მონაცემები, მაგრამ არ არის სრულყოფილი - მათ აქვთ ის, რასაც კომპანიები უგზავნიან, მაგრამ ყველა ხომ არ უგზავნის? გარდა ამისა, ბევრი ვაკანსია ქვეყნდება სხვადასხვა საიტზე და საერთო წარმოდგენის შექმნა შეიძლება. რაც მთავარია, ეს აჩვენებს, რომ დღეს საქართველოში საკმარისად არის ვაკანსიები, მაგრამ მოთხოვნა-მიწოდება არ არის შესაბამისობაში და მიმდინარეობს მსჯელობა, რატომ არ არის, მსჯელობას კი ცოტა მეტი ქმედება სჯობს. უმუშევრობა ყველა ქვეყანაშია. ცხადია, ვიღაცებს არ უნდათ მუშაობა და ეს მათი ნებაა, მაგრამ ვისაც სურს დასაქმებული იყოს, ქვეყანაში ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის.
- ქმედებაში რას გულისხმობთ, ვინ უნდა იმოქმედოს და როგორ?
- შრომის ბაზარი არის ძალიან ცოცხალი მექანიზმი და საჭიროა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის ან სამინისტროს საქმე. ეს არის ერთიანობაში მთავრობის, დამსაქმებლებისა და ასევე დასაქმებულთა ორგანიზაციების საქმე. ეს არის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი სისტემა, რაც მსოფლიოშია დამკვიდრებული და ამ სისტემის ფარგლებში ძალიან ბევრი საინტერესო მიმართულებაა, ბევრი საინტერესო პროექტია, შემუშავებული თუნდაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და მათი იმპლემენტაცია, ერთი მხრივ, და სამმხრივი დიალოგის განვითარება, მეორე მხრივ, არის ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი დასაქმებისა და შრომის პრობლემების გადაწყვეტისთვის.
რუსა მაჩაიძე