ვის ეკუთვნის დაკარგული ამანათის თანხის ანაზღაურება
ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი ისევ აგრძელებს მოქალაქეებისთვის საინტერესო კითხვებზე კომპეტენტური პასუხების გაცემას:
- მოგესალმებით, გვაქვს კერძო სახლი. ჩემს ძმას თავისი ნახევარი გაფორმებული აქვს თავის სახელზე. მეორე ნახევარი, რომელიც, წესით, ჩემს სახელზე უნდა გადაფორმდეს, დედაჩემის სახელზეა, რომელსაც სურდა ჩემი შვილისთვის ეჩუქებინა, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც ვიცი, ახლა ამ ქონებაზე თავისი წილის მოთხოვნის უფლება ჩემს ძმასაც აქვს, რადგან ისიც მემკვიდრეა. ჩემი რძალი ამბობს, რომ წილი მათაც ეკუთვნით. თუ შეიძლება ეს ქონება მხოლოდ მე გადავიფორმო, რადგან მას უკვე მიღებული აქვს თავისი წილი. ან თუ ეს საკითხი სადავო გახდა, როგორ დავამტკიცებ, რომ თავის დროზე ჩემმა მშობლებმა ეს ქონება ორად გაყვეს?
- სამკვიდროს გახსნა ხდება მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტიდან. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები. ვინაიდან თქვენც და თქვენი ძმაც ითვლებით პირველი რიგის მემკვიდრეებად, დედათქვენის ქონება თქვენსა და თქვენს ძმას შორის გაიყოფა. სამწუხაროდ, თქვენი ძმის ნახევარი, რომელიც წლების წინ აქვს გაფორმებული, არ ჩაითვლება მიღებულ სამკვიდროდ.
- სახლი არის წინაპრების მიერ დატოვებული. პირველი რიგის მემკვიდრე, გარდაცვლილების შვილი, ანუ მამაჩემი ცოცხალია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, ყველანი ვართ ამ სახლში ჩაწერილი. ჩემს ძმას შეექმნა ფინანსური პრობლემები, აქვს გადაუხდელი ჯარიმა და მოულოდნელად ყადაღა დაადეს ამ ქონებას, რადგან ის ჩაწერილია ამ მისამართზე. ახლა მამას უნდა სახლი თავის სახელზე გადააფორმოს. როგორ უნდა მოიქცეს და რამდენად შეუშლის ყადაღა ხელს?
- იმისთვის, რომ ქონებაზე პირს წარმოეშვას საკუთრების უფლება, სავალდებულოა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. როგორც თქვენ ამბობთ, აღნიშნული უძრავი ქონება არ არის არავის სახელზე რეგისტრირებული, შესაბამისად, მხოლოდ ჩაწერის საფუძველზე ქონებაზე ყადაღის დადება დაუშვებელია. შესაძლოა აღნიშნული სახლი წარმოადგენს თქვენი კომლის საკუთრებას, ხოლო როდესაც საკუთრება არის საკომლო საჯარო რეესტრში, კომლის წევრები რეგისტრირებული არიან თანამესაკუთრეებად. პირველ ეტაპზე უმჯობესი იქნება, თუკი ამ ქონების სტატუსს გადაამოწმებთ საჯარო რეესტრში და დაადგენთ, ვის საკუთრებაშია. თუ დადგინდება, რომ საკუთრება თქვენი წინაპრების სახელზეა, მამათქვენს შეუძლია მემკვიდრეობის მიღება ფაქტობრივი ფლობის საფუძველზე.
- ჩემმა მეგობარმა მთხოვა მისი კუთვნილი მანქანა დროებით ჩემს სახელზე გამეფორმებინა, რადგან არ უნდოდა გამოჩენილიყო, რომ ქონება ჰქონდა. ასე იყო გარკვეული პერიოდი. რაღაც დროის შემდეგ ისევ გადავუფორმე უკან. მთელი ეს პერიოდი, რაც მანქანა იყო ჩემს სახელზე, ავტომობილს მართავდა თვითონ და ახლა ვარკვევ, რომ მიიღო უამრავი ვიდეო და პარკირების ჯარიმა, რომელიც არც ერთხელ არ გადაუხდია. ამაზე მე ინფორმაცია არ მქონდა. ჯარიმებს დაერიცხა საურავიც და საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი. ჩემი მეგობარი საერთოდ გაქრა, ვერსად ვპოულობ. ასეთ დროს როგორ დავიცვა თავი? თუ არის შანსი, რომ ჯარიმის გადახდა მას, ფაქტობრივ მფლობელს დაეკისროს? როგორც ვიცი, მას ბევრი საპატრულო ჯარიმა ჰქონდა, რომელიც, ცხადია, მივიდოდა კონკრეტულად მის სახელზე. იქნებ ამით დავამტკიცო, რომ რეალურად მანქანა იყო არა ჩემს, არამედ მის მფლობელობაში. გადაფორმება მანქანის მოხდა მინდობილობით, თვითონ გავუკეთე მინდობილობა და მან მერე გაასხვისა. მე არ ვიმყოფებოდი ქვეყანაში და რომ დავბრუნდი, ამხელა ვალები დამხვდა. როგორ მოვიქცე?
- ვიდეო და პარკირების ჯარიმების დროს ჯარიმდება უშუალოდ მანქანის მესაკუთრე, ვინაიდან იმ პერიოდში მანქანა წარმოადგენდა თქვენს საკუთრებას, შესაბამისად, თქვენ დაჯარიმდით. ამ შემთხვევაში თქვენს მეგობარს ვერ დააკისრებთ ჯარიმების გადახდის ვალდებულებას.
- ჩემს ბინაში ცხოვრობდა მდგმური, რომელმაც რამდენიმე თვის ქირა არ გადამიხადა. დიდი წვალებით მოვახერხე მისი ბინიდან გაშვება. ბინაში დარჩა მისი ნივთები, რამდენჯერმე დავურეკე და მოვთხოვე, წაეღო, მაგრამ არ მიაქვს. ორი თვე ველოდებოდი. რადგან სახლში მისი ნივთები იყო, ბინაც არ გავაქირავე. ახლა ვაპირებ გაქირავებას და შემიძლია მისი ნივთები გადავყარო ან გავაჩუქო?
- თუ თქვენ გაქვთ მტკიცებულება იმისა, რომ ნამდვილად მოსთხოვეთ ამ ნივთების გატანა და მიეცით გარკვეული დროც, ხოლო მან მაინც არ გაიტანა მისი ნივთები, აღნიშნულ შემთხვევაში თქვენ მისი ნივთების შენახვის ვალდებულება არ გეკისრებათ.
- ძალიან ახლობელს ვასესხე ფული ბიზნესის დასაწყებად, თან დამპირდა, რომ მოგებას შუაზე გავიყოფდით. მწარედ მომატყუა. 4 წელია უშედეგოდ ვთხოვ ჩემს თანხას, მაგრამ არ მიბრუნებს. როგორ დავიბრუნო თანხა, როცა ოფიციალურად სესხის ხელშეკრულებაც კი არა გვაქვს? ფაქტობრივად, გამოდის, ჩემი დანაზოგი სრულად დავკარგე?
- როგორც თავად აღნიშნეთ, თქვენ შორის სესხის ხელშეკრულება არ არის გაფორმებული, შესაბამისად, იმის დადასტურება, რომ ნამდვილად ასესხეთ თანხა, ძალიან რთულია. სესხის ხელშეკრულება მოთხოვნის წარმოშობიდან სამ წელში ხანდაზმულია. გამოსავლის მოსაძებნად საჭიროა უფრო მეტი დეტალი და საკითხის კონკრეტულად განხილვა, ამიტომ უმჯობესია მიმართოთ ადვოკატს.
- წლებია საქართველოდან წასული ვარ. ემიგრაციაში დიდი ხანი გავატარე, ვალების გამო მომიხდა ქვეყნიდან წასვლა, მაშინ დავტოვე ბანკის ვალებიც. ორი წელია დავბრუნდი საქართველოში და მცირე ბიზნესი მაქვს, შპს ახლობლის სახელზეა გაფორმებული, ჩემს სახელზე რომ გადავიფორმო, შეიძლება ის ძველი ვალები გამოჩნდეს? ისიც არ ვიცი, ჩამოწერეს თუ ისევ გამოჩნდება სადმე ეს ვალდებულება.
- პირველ რიგში ეს საკითხი უნდა გაარკვიოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში. იქ გაიგებთ, თქვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს თუ არა წარმოება, ვინაიდან შეიძლება უკვე არსებობდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზეც დაწყებულია აღსრულება. თუ აღსრულებაში მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება, უნდა გაარკვიოთ საერთო სასამართლოების საინფორმაციოში, მიმდინარეობს თუ არა თქვენ მიმართ სასამართლოში წარმოება, ანუ არის თუ არა თქვენს წინააღმდეგ დაწყებული დავა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს წინააღმდეგ არ არის დაწყებული სესხზე რაიმე სახის წარმოება, უნდა აღძრათ სარჩელი სესხის სასამართლოს გზით ხანდაზმულად აღიარებაზე. თუ ზუსტად არ გახსოვთ თქვენი სესხების შესახებ ინფორმაცია, შეგიძლიათ გადაამოწმოთ "კრედიტინფოში" თქვენი მონაცემები. მასში თავმოყრილია ყველა ტიპის მიმდინარე თუ დახურული სესხი, რომლის მსესხებელი, თანამსესხებელი ან თავდებიც იყავით ან ხართ. სასამართლოსთვის მიმართვა სრულად უზრუნველყოფს დაგიცვათ ხანდაზმული ვალდებულებისგან და ასევე დაგეხმარებათ "კრედიტინფოში" თქვენი ისტორიის შეცვლაში.
- ბანკში მაქვს ჩადებული მიწის ნაკვეთი და აღებული მაქვს სესხი, რომელსაც ვერ ვიხდი. ბანკს შეუძლია ჩემს კუთვნილ სხვა ქონებასაც დაადოს ყადაღა და გამიყიდოს?
- როგორც კითხვიდან ირკვევა, სესხი, რომელიც თქვენ აიღეთ ბანკიდან, არის იპოთეკით უზრუნველყოფილი, ანუ სამაგიეროდ ჩადებული გაქვთ მიწა. ასეთ დროს სესხის უზრუნველყოფა, მოთხოვნის აღსრულება იპოთეკის საგნის რეალიზაციით შემოიფარგლება, თუ მას გასცდება და სხვა ქონების რეალიზაციას მოითხოვს ბანკი, დამოკიდებულია სესხისა და ასევე იპოთეკის ხელშეკრულეაზე, თუ რა წერია მასში. ხელშეკრულებაში შეიძლება ეწეროს, რომ მსესხებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ იპოთეკის საგნით, ამ შემთხვევაში კრედიტორი იპოთეკის საგანს ვერ გასცდება, ხოლო თუ ხელშეკრულებაში არ არის მსგავსი დათქმა, კრედიტორს შეუძლია გასცდეს იპოთეკის საგანს იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის ფულად ვალდებულებას ვერ ფარავს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა.
- ცოლ-ქმარი დაშორდა ერთმანეთს. ბავშვები ცხოვრობდნენ დედასთან, მაგრამ ამას მამა ვერ შეეგუა და შეიტანა სარჩელი სასამართლოში, ბავშვების მეურვეობის მოთხოვნით. დედა არის მოპასუხე და შესაგებელი შეტანილი აქვს სასამართლოში, სადაც ალიმენტიც მოითხოვა. რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად მამამ ბავშვები სკოლიდან გამოიყვანა, თავისთან მოტყუებით წაიყვანა და დედას არ უბრუნებს. სასამართლოს თარიღი უკვე დანიშნულია, მაგრამ მამამ სარჩელი რომ გამოითხოვოს უკან, რა მოხდება? დედამ როგორ უნდა დაიბრუნოს შვილები? ქალი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, სულ ტირის და ვერ ვეხმარები.
- ალიმენტის თაობაზე მოთხოვნა დედის მიერ უნდა იყოს შეგებებული სარჩელით შეტანილი. თუკი მას შესაგებლით აქვს მოთხოვნილი ალიმენტი, ეს მის სასარჩელო მოთხოვნად არ ჩაითვლება. თუ დედას უკვე შეგებებული სარჩელით აქვს მოთხოვნილი ალიმენტი, მაშინ სასარჩელო მოთხოვნა უნდა გაზარდოს ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით, ხოლო თუკი ჯერ არა აქვს შეტანილი შეგებებული სარჩელი, დედამ შეგებებული სარჩელი უნდა შეიტანოს და მოითხოვოს ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. მამას აქვს უფლება გამოიხმოს სარჩელი. ამ შემთხვევაში, თუკი დედას შეგებებული სარჩელით არ ექნება მოთხოვნილი ალიმენტი და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნა, მაშინ დედამ თავად უნდა შეიტანოს ახალი სარჩელი.
- გადამზიდმა კომპანიამ დამიკარგა ამანათი და თვეებია უშედეგოდ ვითხოვ ამ კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას. არ მირიცხავს დაკარგული ამანათის თანხას. სამართლებრივად ამ დროს რა შემიძლია გავაკეთო? ზარალის ღირებულების დადგენა როგორ ხდება და როგორ მოვიქცე?
- პირველ რიგში უნდა დადგინდეს, თუ ვისი ბრალეულობით დაიკარგა ამანათი. თუ ნამდვილად გადამზიდმა კომპანიამ დაკარგა, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს ზარალი, თუკი არ ანაზღაურებს ნებაყოფლობით, მიმართეთ სასამართლოს. რაც შეეხება ზარალის ღირებულებას, თქვენ უნდა იცოდეთ, თუ რა ღირებულების იყო ამანათი.