ასე უყვარდათ საქართველოში - კვირის პალიტრა

ასე უყვარდათ საქართველოში

რაც უნდა დაუნდობელი იყოს დრო, სიყვარულს ვერასოდეს მოერევა. პესიმისტები ამბობენ, რომ 21-ე საუკუნე სიყვარულს ანადგურებს და დედამიწა სიყვარულით აღარ ტრიალებსო. თუმცა, ამაოდ... ჰოდა, ვიდრე 21-ე საუკუნის სიყვარულზე ვისაუბრებდეთ, ძველ თბილისელთა (და არა მხოლოდ) გასაოცარი სიყვარულის მაგალითები გავიხსენოთ.

"ქამრიანი სონა"

"ქამრიანი სონას" სამუდამოდ ჩაუქრობელი სიყვარულის ისტორია პოეტმა იოსებ გრიშაშვილმა შეინახა. სონას ფოტოც მანვე იშოვა­ და თავის არქივში სამუდამოდ შემოგვინახა. ვინ იყო სონა? ძველი თბილისის­ ერთადერთი ყარაჩოხელი ქალი, რომელიც მტრებს შიშის ზარს სცემდა თავისი ძალითა და სამართლიანობით, მოყვარეს კი გულს უჩუყებდა. თუმცა, სონა მამაკაცური გარეგნობის სულაც არ ყოფილა, - თურმე ოდნავ უხეში მიხრა-მოხრა ჰქონდა, რაც სავარაუდოდ, ყარაჩოხელად კურთხევის შემდეგ შეიძინა. ისე კი, ხშირად არღანს გამოიტანდა და თავის ცხოვრებაზე სევდიანად მღეროდა, რა დროსაც მის ხმას უჩვეულოდ ნაზი ტონი დაედებოდა და მსმენელსაც ცრემლი ერეოდა. რაზე მღეროდა სონა? თავის უდროოდ დაკარგულ სიყვარულზე: ერთ დროს ნაზსა და მომხიბვლელს თურმე ტოლებში გამორჩეული თბილისელი ყარაჩოხელი შეჰყვარებია, რომელსაც ჯვრისწერის წინ მძიმე ავადმყოფობა დამართნია, ისეთი მძიმე, რომ ვერავის უშველია და შეუწირავს. თმაგაშლილ და სახედაკაწრულ სონას შეყვარებულისთვის დაკრძალვამდე ღამე უთევია, დაკრძალვის წინ კი ყარაჩოხელისთვის ქამარი აუხსნია, თავად შემოურტყამს წელზე და დაუფიცნია: ამიერიდან ჩემს გულსა და სიყვარულს ამ ქამრისა და შავი კაბის ქვეშ ვმარხავ, მორჩა, ჩემი ბედი და სიყვარული დამთავრდაო! აი, მას შემდეგ დასჭირვებია სონას ყარაჩოხლის ძალა და ავტორიტეტი, მას შემდეგ გაუხეშებია არღნის ტარებით მკლავები, საკუთარ დუქანში ტრიალითა და ტვირთის თრევით კი მთელი სხეულიც. Mმას შემდეგ აღარც გათხოვილა, მხოლოდ ყარაჩოხლობდა, სამართლიანობას ამყარებდა თბილისის ამქარში, თავის დუქანში ვაჭრობდა და მღეროდა. მერე თურმე სონას ავტორიტეტით შეწუხებულმა მოშურნემ მას არღანი მოჰპარა და მტკვარში გადაუგდო. სონამ ეს ვიღაც ბაცაცა დიდხანს ეძება, რომ შური ეძია, მაგრამ ვერ იპოვა, ეს შეურაცხყოფა იუკადრისა, თბილისი დატოვა და მცხეთაში გადავიდა, იქ ააშენა დუქანი და სიცოცხლის ბოლომდეც იქ დარჩა. განა ფული აკლდა ან თბილისში ახალ არღანს ვერ იყიდდა? მაგრამ აღარ უნდოდა. აღარ გაიხედა იმ ადგილებისაკენ, რომელმაც ტკივილი მიაყენა. სამაგიეროდ, თბილისს ლეგენდად სონას და მისი სიყვარულის ამბავი დარჩა, ლეგენდად, რომელიც სონას სიყვარულივით არ კვდება და სულსაც კვლავ გვიფორიაქებს.

გრიშაშვილი გათხოვილ მარიჯანს ეტრფოდა

თავად სიყვარულის ლეგენდა იყო პოეტი იოსებ გრიშაშვილი - ძველი თბილისის შეუდარებელი მეხოტბე. ძალიან მომხიბვლელი ყოფილა არა მხოლოდ გარეგნობით, ბოჰემითაც. მის წაკითხულ ლექსებსა და ქეიფს ძველი თბილისი ისე აღიქვამდა, როგორც თეატრს... იმიტომაც იყო, რომ მასზე ლამის მთელი თბილისის ქალბატონები იყვნენ შეყვარებული. მათ შორის, დაოჯახებული ქალბატონებიც, რომლებიც მის სიყვარულს გულში იმარხავდნენ, წერილებს კი წვავდნენ. თავად პოეტს კი ამ გრძნობების დამარხვა აზრადაც არ მოსვლია, - პირიქით, როდესაც მისი გარდაცვალების შემდეგ მისივე არქივი გახსნეს, ყველა შეყვარებული ქალის წერილი და ფოტო უსათუთესად ჰქონდა შენახული. სავარაუდოდ, სწორედ ამ ემოციების გამო დაიგვიანა დაოჯახებაც (ცოლი 61 წლის ასაკში შეირთო). თუმცა, როგორც ამბობენ, მთელ ამ გრძნობებში ყველაზე ნამდვილი საბავშვო პოეტის, მარიჯანისადმი (მარიამ ტყემალაძე) ტრფობა იყო. მასთან არა მხოლოდ გრძნობები, არამედ სულიერი­ სიახლოვეც­ აკავშირებდა. ქალი უკვე დაოჯახებული იყო, როდესაც იოსები მას წერილებს­ სწერდა...

უიღბლო მიჯნური

სიყვარულში არ გაუმართლა­ პოეტ გრიგოლ ორბელიანს. ცნობილია, რომ მას ნინო ჭავჭავაძე უყვარდა. თუმცა ეს ულამაზესი,­ უკვე 16 წლის ასაკში დაქვრივებული­ ქალი­ ქმრის სიკვდილის შემდეგ აღარასოდეს გათხოვილა. მის თაყვანისმცემელთა შორის იყო თვით გრიგოლის ძმა ზაქარიაც. ისიც ნინოზე მწარედ იყო შეყვარებული და აზრადაც არ მოსდიოდა, რა ამბავს ატრიალებდა სიყვარული მისი ძმის, გრიგოლის გულში. როცა ეს ამბავი შეიტყო, გაოცებული­ წერდა გრიგოლს: "კი, გეტყვი სწორედაც, რომ ნინომN გაამწარა ჩემი სიცოცხლე. ბიჭო, არა გრცხვენია? რას მატყუებდი? შენ ჩემზე მეტად გყვარებია და ჩემს წინ მალაყებს რად თამაშობდიო?". მერე, როდესაც გრიგოლ ორბე­ლიანი დარწმუნდა, რომ ნინო ცოლად არასოდეს წაჰყვებოდა, ბავშვობაში დანიშნულ სოფიო ორბელიანს მიაკითხა (11 წლის გრიგოლ ორბელიანი მშობლებმა თვეების ასაკის სოფიო ორბელიანზე დანიშნეს, რომელიც გრიგოლს ნათესავად არ ერგებოდა). აღმოაჩინა, რომ სოფიო ულამაზესი ქალი დამდგარიყო და გრიგოლის გულიც მისკენ­ გადაიხარა. ასე დაიწყო 31 წლის ოფიცრის და 20 წლის ქალის სიყვარული, სადაც ასაკი ალბათ დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენდა, მაგრამ გრიგოლისთვის ეს დაბრკოლება აღმოჩნდა. მას, როგორც სამხედრო პირს, საქართველოს დატოვებამ მოუწია, რა დროსაც ეჭვიანობამ დატანჯა: "მე რიგაში დავრჩი, ჩემი სოფიკო თავრიზშია. როდის უნდა შევხვდეთ? თმებიც უფრო მითეთრდება უმეტეს­ და უმეტეს... ძნელია სახით და გულით უდროოდ დაბერება და ამისთვის მეშინიან... ვაი თუ მანდ გამიფრინდეს საუკუნოდ და ამდენი წლის იმედები ერთ წამს გამიქარვოს". მართალი აღმოჩნდა: სოფიომ მუდამ ომში მყოფი კაცის ლოდინი არ მოინდომა­ და გათხოვდა...

უარი სამეფო ტახტზე... სიყვარულის გამო

377241369-1520072575456095-5458916939544684767-n-1702244922.jpg

19 წლის ტატიანა რომანოვა­ რუსეთის სამეფო ტახტის ერთ-ერთი მემკვიდრე გახლდათ, რომელმაც ქართველი თავადის, კონსტანტინე ბაგრატიონის, გამო ტახტზე­ უარი განაც­ხადა. აბა, წარმოვიდგინოთ, რა ძალის უნდა ყოფილიყო გრძნობა, რომე­ლმაც 19 წლის გოგოს ყველაფერი დაავიწყა, გარდა ერთი ბიჭისა, რომელიც საქართველოდან რუსეთში მხოლოდ ოფიცრობაში ბედის საცდელად წავიდა. მაგრამ კონსტანტინემ 1910 წელს იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილიშვილი ტატიანა დაინახა თუ არა, ყველაფერი დამთავრდა... ქალი იმდენად თავდავიწყებით შეუყვარდა, რომ გაცნობისთანავე აპირებდა დაქორწინებას. რა თქმა უნდა, უარი უთხრეს: საიმპერატორო კარზე რიგითი ქართველი თავადი არაფერს წარმოადგენდა. უარით­ მეხდაცემულმა კონსტანტინემ რუსეთი დატოვა, მაგრამ ლამის გზაშივე გაიგო რომანოვების თანხმობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ განშორებით თავზარდაცემული ტატიანა ლოგინად ჩავარდა და ოჯახიც იძულებული გახდა, ამ ქორწინებაზე დათანხმებულიყო. სამაგიეროდ, ტატიანას დააწერინეს, რომ სამეფო ტახტზე პრეტენზიას არ გამოთქვამდა და ხელიც მოაწერინეს... წყვილმა ჯვარი დაიწერა 1911 წელს. თუმცა მათ ქორწინებას მაინც არ ეწერა კარგი დასასრული. სამი წლის შემდეგ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რასაც კონსტანტინე შეეწირა. 24 წლის ორშვილიანი ქვრივი­ მეუღლის ცხედარს დახვდა, საქართველოში ჩამოასვენა და აქვე დაკრძალა. თავადაც აქ ცხოვრობდა, ვიდრე რუსეთის იმპერიას ბოლშევიკები დაიპყრობდნენ და ქალს სამ ძმას ცოცხლად დაუწვავდნენ. შეშინებულმა ქალმა შვილებს ხელი მოჰკიდა­ და ემიგრაციაში გაიქცა, სადაც შვილების აღზრდის შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა დედა თამარის სახელით. მონაზონი თამარი თურმე მუდამ თან დაატარებდა ნიკო მარის ბროშურას: "თამარ მეფე" - საქართველოს აყვავების ხანა, მე-12 საუკუნე".

ვაჟიკას ცხენის ნაფეხურები...

ამბობენ, რომ საოცარი ლექსების ავტორმა, ხვარამზე მინდოდაურმა­ საკუთარ­ თავს ვერ აპატია, რომ სატრფო სხვას დაუთმო, ყველაფერი არ გააკეთა, რომ მასზე გათხოვილიყო: ძალიან ძლიერები იყვნენ ხევსური ქალები, მით უფრო ხვარამზე, რომელ­იც ვაჟა-ფშაველას დედის, გულქანის­ დობილი იყო... როდესაც ვაჟიკას სხვა ქალი შერთეს, ხვარამზეც გათხოვდა, მაგრამ ვაჟიკას სიყვარულს მთელი სიცოცხლე ინახავდა. წარმოიდგინეთ, რანაირად უნდა ჰყვარებოდა, რომ ერთხელ, როდესაც მის სახლთან ვაჟიკამ შემთხვევით გაიარა, ცხენი შეაჩერა და მოიკითხა, ხვარამზემ მისი წასვლის შემდეგ ვაჟიკას ცხენის ნაფეხურები შემოღობა, რომ არაფერს წაეშალა...