სეფის ქორწილი ჩოხატაურში
მართალია, ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ ფაქტია, ასეა - მისი უდიდებულესობა ქორწილი სეფაში ბრუნდება, თავის ნეფიან-პატარძლიანად, 300-კაციანი (მაინც!) სუფრებითა და "ბრეზენტის დარბაზიანად". ამ დარბაზში არც მაინცდამაინც ბოლო ძაფამდე ქუსლებზე დგომაა აუცილებელი (მაგრამ თუ ასეც გინდა, არავინ გიშლის!) და არც მაინცდამაინც მოდუნება, მით უფრო, რომ ყველამ თავდავიწყებით უნდა იცეკვოს. არც მაინცდამაინც სუფრის გახამებული ხელსახოცებია აუცილებელი! სამაგიეროდ, აუცილებელია ბევრი სითბო (მხოლოდ გამათბობლებზე არ ვლაპარაკობ!), თამადა გოჭის თავით, ვინც შეძლებს, დილამდე ლხინი და სიმღერა! მით უფრო, თუ გურიაზეა საუბარი, სადაც ჩოხატაურში სწორედ ამ დღეებში გადაიხადეს ქორწილი, რომელშიც სეფა მთელ ქუჩაზე იყო გაშლილი.
ძნელაძეების ოჯახის ამ ქორწილმა თითქმის მილიონიანი ინტერნეტაუდიტორია მოიცვა, საიდანაც ნეფე-პატარძალს ბევრი დალოცვა "შეუვიდა". მართალია, როგორც ყველა, ქორწილის დროს ძნელაძეების ოჯახიც ღელავდა: სტუმრებს არაფერი მოაკლდეთ, ქორწილი არ დაგვიწუნონო, მაგრამ ესეც ტრადიციული მღელვარება იყო - ყველას დახმარებით, განსაკუთრებით კი მეზობლების, სეფის ქორწილმა ისე ჩაიარა, უკმაყოფილი არავინ დარჩენილა. ზოგიერთი სტუმარიც გათენებამდე მღეროდა, ცეკვავდა და ქეიფობდა და თანაც ჩიტის რძეც არ აკლდათ. ქორწილის "მომსახურე" მეზობლებისთვისაც საპატიო სუფრა ცალკე გაიშალა და არამარტო ქორწილის დღეს. ასე რომ, როგორც გურიაში იტყვიან, "ყოლიფერი ისეა, ჩვენ რომ გაგვიხარდება". ამიტომ პატარძლის დედას, ია მეგრელიშვილს ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა ქორწილი სეფაში:

- აბა, როგორ გითხრათ, 300-კაციანი ქორწილი აღარც პატარაა. ფულს არ ვჩივი, მაგრამ ჯერ ერთი, ჩოხატაურში არ არის იმხელა რესტორანი, ამდენ ხალხს რომ გავმასპინძლებოდი. რა გამოდის? აგი ჩემი სტუმრები მანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ და ოზურგეთის რესტორანში უნდა წასულიყვნენ საქეიფოდ, მერე ოზურგეთიდან შინ უნდა დაბრუნებულიყვნენ? ანუ ამხელა გზაზე ამ ჩემს სტუმრებს გადარბენა უნდა მოეწყოთ და აგი რაღა ქეიფია. ჰოდა, ვიფიქრე და სეფის ქორწილი გადავწყვიტე. ვითომ რეიზაა სეფა რესტორანზე ნაკლები, პირიქით, მეტი სიამტკბილობაა!
- აბა, რატომ უფრო მეტი?
- ბევრი რამიზა. ჯერ ერთი, რესტორანში სკამები უნდა მეთვალა, არიქა, ერთი სკამით მეტი კაცი არ დევიპატიჟო და მერე სად წევიყვანო-მეთქი! ნამეტანი არ მომწონს, როცა ოჯახში ერთ კაცს პატიჟობენ და მეორეს ტოვებენ! მეორეც, რესტორანში თავის დროზე უნდა ადგე და წახვიდე. სეფაში წამოხტომა და სუფრიდან გაქცევა არაა საჭირო, არ იკეტება სეფა! იჯდეს ხალხი დილამდე, ჩემს შვილებსაც დაამახსოვრდეთ ტკბილად თავიანთი ქორწილი! ა, ამიზა გადავწყვიტე სეფის ქორწილი. მადლობა ღმერთს, საშუალება კი მქონდა, შვილები და სტუმრები გამეხარებინა. მგონი, გავახარე, არავინაა უკმაყოფილო.
- უკმაყოფილო კი არა, მგონი, მთელი საქართველო თქვენს სეფის ქორწილზე წერს, რა ხალხი და რა ქორწილი, სეფით ქუჩა გადაკეტეს, მთელი ჩოხატაური იქ იყოო.
- მთელი ჩოხატაური შეიძლება არ იყო, მაგრამ ბევრი სტუმარი გვყავდა, ჩვენთან ყველა ყველას იცნობს. სტუმარი უფრო უეჭველად მოგიყვებათ, რაფერ ისიამოვნეს, მოაყოლეთ! - გვითხრა ქალბატონმა იამ.

"აქ იყო ის სითბო, რასაც რესტორანში ვერ ნახავთ"
ძნელაძეების სტუმრებიდან ერთ-ერთი საპატიო მონიკა ნიშნიანიძე გახლავთ. სწორედ მან გაავრცელა სოცქსელში ჩოხატაურელების სეფის ქორწილის შესახებ.
- მონიკა, როგორი იყო სეფის ქორწილი? შენ ხომ დაახლოებით ის თაობა ხარ, რომელიც, ასე ვთქვათ, რესტორნების ქორწილებში გაიზარდა და შესაძლოა ქორწილი სეფაში არც უნახავს.
- მშვენიერი, თბილი და ემოციურია. მართლა არა ვარ იმ ასაკის, ვინც სეფის ქორწილებში დარბოდა ბავშვობაში, უფრო რესტორნების ქორწილებს ვარ ჩვეული, მაგრამ მომისმენია უფროსების მონათხრობი სეფაზე და მომწონდა. ძალიან თბილად იგონებდნენ და ზუსტად ასეთი ქორწილი ვნახე, სიყვარულით ავივსე, თითქოს ახლობლებთან ვიყავი. არადა, პირველად ვნახე ეს ხალხი, უბრალოდ, ქორწილის ორგანიზებაში ვმონაწილეობდი.
- ანუ სეფის ქორწილებსაც ჰყავთ ორგანიზატორები, დიზაინერები და ა.შ.
- დიახ, ჰყავთ. უკვე რამდენიმე ძალიან ლამაზი სეფის ქორწილი გაიმართა. თუმცა, ვისაც ნიჭი აქვს, ახლობლობაშიც მშვენივრად შეიძლება სეფის გალამაზება.
ჩოხატაურში მთელ ქუჩაზე გადაჭიმული სეფა რომ დავინახე, თითქოს ისიც დავინახე, როგორ შეიკრა მთელი სამეზობლო იმისთვის, რომ მეზობელი გაეხარებინათ, მასთან ერთად ეზეიმათ ოჯახის ბედნიერება. ორგანიზატორების გარდა, ქორწილს მთელი სამეზობლო ეხმარებოდა. ზოგან ქორწილის ჭურჭელი იყო დალაგებული, ზოგან ღვინოს ასხამდნენ და ზოგან წყალსაც სტუმრებისათვის. აქ იყო ის სითბო, რასაც რესტორანში ვერ ნახავთ. რესტორანში ქორწილის ადგილებს განსაზღვრულად ქირაობ. ამიტომ ხშირად ისეც ხდება, რომ ცოლ-ქმარი იყოფა, ერთ-ერთი მიდის ქორწილში. მეორეც რომ წავიდეს, ყველა სკამი დაკავებულია და ადამიანს ვერსად დასვამენ. სასიამოვნო სანახაობა იყო, მეზობლებიდან ზოგი სკამს მოარბენინებდა, ზოგი თეფშსა და ჭიქას. ხალხს მოენატრა ერთად ყოფნა, ერთმანეთისთვის სითბოს მიცემა და იმიტომაა ამდენი სიხარული სეფაში.

- მართლაც. თამადას თუ მიართვეს გოჭის თავი?
- აბა რა, ტრადიციული ბოლოკით! კარგი თამადა ჰყავდათ გურულებს, ლექსებითა და სადღეგრძელოებით. არ გვეშლება გურულებს ეგ ამბავი.
- არც სხვებს.
- ნამდვილად! ასეთ ემოციებს და სითბოს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, გადამრჩენელიც არის ხანდახან. ამიტომ გისურვებთ ბევრ ქორწილს, რა თქმა უნდა, თქვენი არჩევანით. მთავარია, ქორწილი გვქონდეს და ეს რესტორანშიც ბედნიერება და სიხარულია. თუმცა მე მგონია, რომ სეფის ქორწილი სეფაში ბრუნდება და თანაც, სერიოზულად!