„რა ვიცი, კიდევ რა გავაკეთო, მთვარეზე გავფრინდე?“
"...ძალიან დიდი სიფრთხილით გასავლელი გზაა და, ალბათ, ჩემი სულის სისუფთავე, რწმენა და სურვილი იმისა, რომ სულ მომართული ვიყო, შემქმნელთან ურთიერთობა მქონდეს, ეს ძალა მიცავს არასწორი ნაბიჯებისგან" - ამბობს ნუცა შანშიაშვილი. ის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის ეხმაურება და ამჯერადაც ისრაელის მხარდაჭერას გამოხატავს. ნუცა შანშიაშვილი დღევანდელობასა და განვლილ ნაყოფიერ წელზე ნიუ-იორკიდან გვესაუბრა:
- ქალბატონო ნუცა, ყველას გვახსოვს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების გამო განცდა როგორც ხელოვანმა ძალიან მძაფრად გამოხატეთ, სრულიად შიშველს ფოტოსესია გქონდათ. თქვენ ისრაელში არაერთხელ ყოფილხართ, ამ ქვეყანასთან ბევრი რამ გაკავშირებთ და როგორია თქვენი განცდები, რაც დღეს იქ ხდება?
- კაბალის მეცნიერებას ვსწავლობ, ჩემი პედაგოგია მიხაელ ლაიტმანი და კაბალისტური ენით ისრაელი არის ტერიტორია, რომელიც ყველას გულში არსებობს. ქვეყანა, სადაც შემქმნელის ყველაზე დიდი სიყვარული და ძალაა. ებრაელ ერს ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან უნიკალური ერია. ებრაელებმა შემოგვიტანეს ცივილიზაცია, შემოგვინახეს და დღეს რაც გვაქვს, ყველა რელიგია, ებრაელების დამსახურებაა. ადამიანებს გვჩვევია აუტანლობა და მტრობა განათლების, სინათლის... არ მიკვირს, ისრაელს რომ ემტერებიან... იმედი მაქვს, რომ დადგა დრო ჩვენს არსებობასა და ყოფაში სინათლემ გაიმარჯვოს! განათებულ გზაზე ვდგავართ, ოღონდ ეს გზა ძალიან რთულია...
პანდემიამდე ისრაელში ძალიან ხშირად ჩავდიოდი. თელ-ავივის ულამაზეს თეატრ "ნოგაში" სპექტაკლებს, კონცერტებს ვმართავდით. ძალიან ვუყვარვარ ისრაელის მაყურებელს და მეც ძალიან მიყვარს. იერუსალიმშიც მქონდა რამდენიმე კონცერტი. იქ ცხოვრობს ჩემი მეგობარი, უნიჭიერესი მსახიობი ნანა ბერაძე. როცა იერუსალიმში ჩავდივარ, მე და ნანა სულ ფეხით დავდივართ. ის მიამბობს ისტორიულ მონაკვეთებს ისრაელის ცხოვრებიდან, ებრაელი ერის არსებობიდან, გულზე თაფლივით მედება მისი ნაამბობი... იერუსალიმში სულ სხვა ენერგეტიკაა. ეს არის ცენტრი სილამაზის, სულიერების...
- ამერიკაში ისრაელის მხარდასაჭერ კონცერტშიც მიიღებთ მონაწილეობას?
- 14 დეკემბერს ებრაულ ცენტრში დიდი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. მეც ვარ მიწვეული, როგორც მომღერალი, რომელიც ისრაელს, ისრაელის ჯარს მხარს უჭერს. შემოსავალი მთლიანად ჯარისკაცებს გაეგზავნებათ. მოგეხსენებათ ისრაელის ჯარის მობილიზების, პატრიოტიზმის, სიძლიერის შესახებ. ეს ის ხალხია, რომლისგანაც ჩვენ ბევრ რამეს უნდა ვსწავლობდეთ, უპირველესად ერთიანობას...
- როგორ შეაჯამებთ განვლილ წელს, ვიცი, უმნიშვნელოვანესი შემოქმედებითი სიახლეები გქონდათ...
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დატვირთული წელი იყო... ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ალბომი "მე და როიალი" გამოვუშვი, რომელშიც შესულია მსოფლიო ჰიტები, ქართული კომპოზიციები, ასევე ჩემი სიმღერები... ამ ყველაფერში მეხმარება ჩემი უძვირფასესი ადამიანი, ძალიან მაგარი მეგობარი და პატარა პროდიუსერი, უნიჭიერესი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი. ასევე ქალბატონი დიანა ბაგრატიონი, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი აქვს და საქართველოს ძალიან დიდ საქმეებს უკეთებს. დიანას კონცერტი ჰქონდა მიძღვნილი ამერიკელი და ქართველი ხალხის ურთიერთობისადმი, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი. მე და დიანა ვგეგმავთ, 10 მარტს სოლო კონცერტი გავმართოთ უდიდესი მოცეკვავის, ბარიშნიკოვის ცენტრში, მანჰეტენზე... ძალიან საინტერესო ივენთი იქნება, შამპანურით, შავი ხიზილალით, დრესკოდით, ლიმიტირებული ადგილებით... მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ გაჩერება არ მჩვევია. არ შემიძლია და ვერ წარმომიდგენია, ხელოვანმა როგორ არ უნდა შექმნა რაღაც...
- თქვენი ენერგიით ყველას აოცებთ...
- ამის საიდუმლო, ალბათ, უდიდესი რწმენაა, იმ ენერგიის, რომელიც გვამოძრავებს. კონტაქტი ამ ენერგიასთან, ლოცვები. ალბათ, ეს უზენაესი, ღვთაებრივი ენერგია აღვიძებს ჩემში მოძრაობის სურვილს. ადამიანისთვის მოძრაობა უმთავრესია. ხომ გვახსოვს ილია ჭავჭავაძის სიტყვები: "მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი". ადამიანი თუ არ მოძრაობს, მასში ენერგია აკუმულირებას ვერ მოახდენს.
- სიახლეს არასოდეს უშინდებით. ამ მხრივ რა იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე თამამი ნაბიჯი?
- ყოველთვის ვცდილობ ესთეტიკურობა არ დავკარგო, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან რაღაც ძალიან განსაკუთრებულის სურვილი მებადება. ალბათ, ყველაზე თამამი ნაბიჯი იყო, ოცი წლის ასაკში რომ სცენაზე ფაქტობრივად გახდილმა ვიმღერე. კარლ ლაგერფილდის ულამაზესი გამჭვირვალე კაბა მეცვა. პლასტიკურადაც იმდენად ლამაზი მოძრაობები იყო, არ მქონდა შეგრძნება, რომ ეს სიშიშვლე იყო და არა მაღალი ხელოვნება. ძალიან დიდი სიფრთხილით გასავლელი გზაა და, ალბათ, ჩემი სულის სისუფთავე მიცავს არასწორი ნაბიჯებისგან.
- საქართველოსთან დაკავშირებით შემოქმედებითი გეგმებიც გაქვთ...
- 2006 წელს მქონდა ფილარმონიაში სოლო კონცერტი და მას შემდეგ საქართველოში ჩემი შემოქმედება აღარ უნახავთ, ისეთი, როგორსაც ამერიკაში, მსოფლიოში მაყურებელს ვთავაზობ... ალბათ, უნდა მოიფიქრონ სახელმწიფო სტრუქტურებმა, კულტურის სამინისტრომ და მომიწვიონ, რომ გენიალური სიმღერები, ჩემი ნახატები, რომელსაც შოუს დროს ვაჩვენებთ, ქართველ ხალხსაც ვაჩვენო. 2024 წელს ახალი სოლო პროექტის დატვირთვას ქართული მოძრაობითა და ცეკვებით ვგეგმავთ. 2023 წლის სოლო კონცერტზე მე და მანო მიქაძემ ჩემს ერთ-ერთ სიმღერაზე უნიკალური ცეკვის ნომერი შევქმენით. 2024 წელს უფრო სერიოზულად ვაპირებ ქართული სულისკვეთებით ჩემი სოლო პროექტის დატვირთვას. ამ კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩემი ერთგული მეგობარი, მსახიობი და პროდიუსერი ნათია პაპასკირია. ჩემს მეუღლესთან ერთად ვგეგმავთ ახალ კონცერტს. ცამეტზე მეტი სხვადასხვა ალბომი მაქვს გამოშვებული სხვადასხვა ქვეყანაში. სხვადასხვა ჟანრში ცხრა სოლო კონცერტი გავმართე და ვაპირებ კიდევ რაღაც განსხვავებული დავამატო - გამოვუშვა მხოლოდ ქართული, საქართველოსადმი მიძღვნილი სიმღერების ალბომი... საინტერესო გამოფენის გეგმა მაქვს. ეს არ იქნება მხოლოდ გამოფენა, უფრო გაცოცხლება ჩემი კომპოზიციების... იქნება ფოტოები, ცხოვრებისეული კადრები, ძალიან საინტერესო კონცეფციაა... რა ვიცი, კიდევ რა გავაკეთო, მთვარეზე გავფრინდე?
- გიფიქრიათ კოსმოსში გაფრენაზე?
- ყველაფერი ჩვენშია და თუ შეგიძლია კომპასი სწორად დაატრიალო, მთვარეზეც, მზეზეც მოხვდები და საერთოდ არასოდეს დაიღლები. ეს ცხოვრება არ მოგწყინდება! დეპრესიაში არ ჩავარდები, რადგან საკუთარი თავის მოგზაურობითა და ძიებით იქნები დაკავებული!
- როგორც ვიცით, თქვენი შვილი უკვე ძალიან წარმატებულია...
- ჩემი შვილი ერთი თვის წინ მეოთხედ გახდა ოქროს მედლის მფლობელი, ოთხგზის ოქროსმედალოსანია... ძალიან კარგი ბავშვია და ჩემს თავს, წუთს არ ვზოგავ, რომ ნიკას მოვემსახურო. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბავშვს სრულყოფილი განათლება მივცეთ. მიუხედავად იმისა, რომ სპორტში ოქროსმედალოსანია და ამასთან სასწაული პლასტიკაც აქვს, შეუძლია გამოჩენილი მოცეკვავე გახდეს, მაგრამ ამბობს, რომ ექიმობა სურს. დედაჩემის მხრიდან გვაქვს გენი, ჩვენი დიდი ბაბუა, ძაგული მაღლაკელიძე, "კამელინის" შემქმნელი გახლავთ. იყო დამსახურებული ექიმი, მომღერალი, თამადა, მოქეიფე... მამამისის მხრიდანაც მოსდევს გენი. მისი ბებიის დედა ცნობილი ექიმი-ვეტერინარი იყო.
- ნიკას საქართველო უყვარს?
- გიჟდება, დღეებს და წუთებს ითვლის, როდის ჩამოვალთ. ზაფხულობით ჩემს დეიდასთან ჩამოვდივართ. ეს ერთადერთი ოჯახია საქართველოში, ვისთანაც ძალიან დიდი სითბო და ნათესაობა მაკავშირებს. მთელი ზაფხული ერთად ვართ.