„არ ვიცი, მომზადების დონით თუ ჟიურით პლასიდო დომინგოს OPERALIA დავაყენო წინ თუ თბილისის OPERA CROWN-ი“l - კვირის პალიტრა

„არ ვიცი, მომზადების დონით თუ ჟიურით პლასიდო დომინგოს OPERALIA დავაყენო წინ თუ თბილისის OPERA CROWN-ი“l

ლონდონის სამეფო ოპერის თეატრი, სახელგანთქმული "კოვენტ-გარდენი" მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული ოპერის თეატრია. მისი პირველი შენობა 1732 წელს აიგო, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე ჩარლზ II-ს. პირვანდელმა შენობამ ხანძრის გამო ჩვენამდე ვერ მოაღწია, იგივე ბედი ხვდა წილად მეორე შენობასაც, რომელიც 1856 წელს ხანძარმა გაანადგურა. ბრიტანელებმა მალევე ააგეს მესამე შენობა.­ პირველი მსოფლიო ომის დროს "კოვენტ-გარდენს" საწყობად იყენებდნენ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი საცეკვაო-გასართობ ადგილად. ომის დასრულების შემდეგ "კოვენტ-გარდენმა" ახალი ცხოვრება დაიწყო და სეზონი ჩაიკოვსკის "მძინარე მზეთუნახავით" გაიხსნა. "კოვენტ-გარდენის" სცენაზე გასვლას ყველა მომღერალი ოცნებობს. მის სცენაზე არაერთხელ უმღერიათ ქართველ მომღერლებსაც. გასულ თვეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა უმასპინძლა ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურს OPERA CROWN-ს, რომლის ჟიურის წინაშე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 43 ახალგაზრდა ხელოვანი წარდგა. მონაწილეების შესაფასებლად მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების ხელმძღვანელები ეწვივნენ, მათ შორის იყო "კოვენტ-გარდენის" დირექტორი პიტერ მარიო კატონა, რომელიც ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველს ლონდონის სამეფო თეატრისა და ქართველი საოპერო მომღერლების წარმატების შესახებ უამბობს:

403608473-343264084975512-4530010754783577240-n-1702247702.jpg

- თქვენი ინტერვიუები მოვიძიე და მივხვდი,­ რომ ჟურნალისტებს არ წყალობთ.

- ჟურნალისტები როდესაც მიკავშირდებიან, უარს არ ვამბობ, მაგრამ უფრო მაინც ოპერის ცხოვრებაში ვარ ჩაფლული, მთელ მსოფლიოში ვესწრები წარმოდგენებს. 40 წელია "კოვენტ-გარდენში" ვარ, 1983 წლის შემდეგ. იმდენი ხანია, რომ ზოგჯერ მეც არ მჯერა.

- როგორია ცხოვრება ლონდონის სამეფო ოპერის კედლებში?

- ცხოვრების ძალიან სწრაფი ტემპია. ყოველ სეზონზე 20 სხვადასხვა წარმოდგენა­ იდგმება, მათ შორის 5-6 ახალი პროდუქციაა, დანარჩენი უკვე არსებული, ჯამში 20 კომპლექსური დადგმა ყოველ წელს. ასე რომ, 40 წლის განმავლობაში 900-ზე მეტი სპექტაკლი მაქვს ნანახი "კოვენტ-გარდენში". რამდენიმე მათგანი ძალიან კარგად მახსოვს. გონება თავად გადაწყვეტს, რა უნდა დაიმახსოვროს, ყველასაგან გამორჩეული და ცუდებიც.

- რომელი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

- ეს ძალიან რთული კითხვაა. 900 სპექტაკლიდან ვერ ამოვკრეფ, ალბათ, სამი ან ოთხია ასეთი.

- დარწმუნებული ვარ, არსებობს თქვენთვის ფავორიტი სპექტაკლები.

- ფავორიტები ყველას ჰყავს, მაგრამ როდესაც ამას მეკითხებიან, მე მახსენდება მომღერლები, რომლებისთვისაც მომისმენია და მუდამ მახსოვს. ამას კავშირი­ არა აქვს "კოვენტ-გარდენთან", პირადი გამოცდილებაა. რამდენიმე ფავორიტი მყავს: კრისტა ლიუდვიგი, ავსტრიელი მეცო სოპრანო - ეს იყო უნიკალური ხმა, რომლის მსგავსი არ მომისმენია; სოპრანო ასტრიდ ვარნაი, გამორჩეულად ხანგრძლივი კარიერითა­ და რეპერტუარის სიმდიდრით; ბერძენი ბარიტონი კოსტას პასკალისი, იტალიელი ჯუზეპე ტადეი. შესაძლოა მე ჯიუტად მჯერა, რომ მათ შემდეგ აღარ მომისმენია ისეთი შემსრულებლებისთვის. გამიზნულად არ ვამბობ სიტყვას "სრულყოფილება", სცენაზე დგომის დროს მსახიობს ბევრი უნარი­ სჭირდება, რათა იდეალურად გამოვიდეს როლი. რა თქმა უნდა, ბევრი უბადლო მომღერალი მდგარა "კოვენტ-გარდენის" სცენაზე.

photooooooooooooooooooooooooooooo-1702666200.jpg

- ქართველებზეც მინდა გკითხოთ.

- ამჟამად "კოვენტ-გარდენში" მღერის გოდერძი ჯანელიძე, "რიგოლეტოში" აქვს ერთ-ერთი წამყვანი პარტია. მომავალ წელს ველოდებით გიორგი ანდღულაძეს. წლების წინ ჩვენთან მღეროდა პაატა ბურჭულაძე, მისი დებიუტი 1984 წელს შედგა "კოვენტ-გარდენში" და მე ვესწრებოდი. ეს იყო ოპერა "აიდა". პაატა იყო საოცრად შთამბეჭდავი. არავის დარჩენია შეუმჩნეველი ახალი ქართველი მსახიობი, რომელიც პირველად გამოვიდა ლონდონის სამეფო ოპერის სცენაზე. მას შესანიშნავი საოპერო კარიერა ჰქონდა "კოვენტ-გარდენში". მინდა ვახსენო ლადო ათანელი და თამარ ივერი, კიდევ სხვა ქართველები, რომლებიც გამოდიოდნენ "კოვენტ-გარდენის" სცენაზე, მაგრამ შესაძლოა ყველას სახელი და გვარი არ მახსოვდეს.

- მეორედ ხართ საქართველოში?

- დიახ, პირველადაც ამ კონკურსისთვის ჩამოვედი, შემდეგ "კოვიდმა" მოგვი­სწრო და აი, ახლა ისევ აქა ვარ. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში კვლავ ჩამოვედი. საქართველო ქართველი საოპერო მომღერლების მეშვეობით გავიცანი. პირველ ჩამოსვლაზე ექსკურსიებზე ვიყავით, მოვიარეთ საინტერესო ადგილები. ახლაც ვიცი, რომ ექსკურსიებია დაგეგმილი და დიდი ინტერესით ველოდები. ეს არის ჩემი სამსახურის ერთ-ერთი პრივილეგია, შემიძლია ვიმოგზაურო. 2-3 კვირის წინ სამხრეთ აფრიკაში ვიყავი, პლასიდო დომინგოს OPERALIA-ს დავესწარი. დიდი სიამოვნებაა საქართველოში ჩამოსვლა, ვისურვებდი, რომ ერთ დღეს სომხეთსაც ვესტუმრო, რომელიც ასე ახლოსაა საქართველოსთან, თუმცა არასდროს ვყოფილვარ იქ. მე მამის მხრიდან სომხური ფესვები მაქვს. სიამოვნებით ჩავიდოდი სომხეთშიც, თუმცა ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ მოასწრო ყოველივე ის, რაც გსურს.

- კონკურს OPERA CROWN-ზე რას იტყვით?

- წელს ძალიან მაღალი დონის მონაწილეებს მოვუსმინე საქართველოში. უფრო მეტად მახარებს ის, რომ ბევრი მონაწილეობდა საქართველოდან და მისი ახლომდებარე ქვეყნებიდან. ეს კონკურსი ახალ პერსპექტივებს და ჰორიზონტებს უხსნის ახალგაზრდა მომღერლებს. არ ვიცი, მომზადების დონით თუ ჟიურით პლასიდო დომინგოს OPERALIA დავაყენო წინ თუ თბილისის OPERA CROWN-ი.

photoooooooooooooooooooooooooooooooooooooo-1702666220.jpg

- 1983 წლიდან ლონდონის სამეფო ოპერის­ დირექტორი ხართ. რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში ოპერის ცხოვრებაში?

- ვფიქრობ, მსოფლიო უფრო გაფართოვდა, გლობალური კონტაქტების დამყარებაა შესაძლებელი ინტერნეტისა და სოციალური მედიის წყალობით. სამყარო უფრო მოცულობითი გახდა. ვიღებთ უფრო­ მეტ ინფორმაციას, ძალიან სწრაფად და ხშირად გადატვირთულებიც ვართ ამდენი ინფორმაციისგან. ხშირად ვიღებ მომღერლების ვიდეოჩანაწერებს, რომელთაც არასდროს ვენდობი. ჩანაწერი ვერ მოახდენს ისეთ შთაბეჭდილებას, როგორსაც ცოცხლად მოსმენილი. დიდი სხვაობაა. ჩანაწერით მიხვდები,­ მომღერალი კარგია თუ ცუდი, მაგრამ თუ არ შეხვდი და არ მოუსმინე რეალურ სივრცეში, მისი ნამღერი ვერ შეგეხება. მე ყოველთვის უარს ვამბობ განვსაჯო ადამიანი, რომელიც მხოლოდ ვირტუალურად მყავს მოსმენილი.

"კოვენტ-გარდენშიც" ამ პრინციპებით­ ვხელმძღვანელობთ - "საუკეთესოთა შორის საუკეთესო, რაც კი არსებობს მსოფლიოში" - აი ჩვენი დევიზი და ეს არ შეცვლილა ამ 40 წლის განმავლობაში. ვიზუალური გემოვნება შეიცვალა, წლები შეიცვალა, ორკესტრი, დადგმები, დეკორაციები, მაგრამ არა საოპერო ფუნდამენტური ღირებულებები, არ შეცვლილა ხარისხი და ოპერის ბრწყინვალება.

- ჩემი ბოლო კითხვაა, რა უნდა გავაკეთოთ მშობლებმა იმისათვის, რომ Gen Z-ის თაობა დავაინტერესოთ ოპერით?

- ძალიან ნაზად უნდა ვუბიძგოთ, ვერ დავატანთ ძალას. სკოლის ასაკიდანვე უნდა ისწავლებოდეს მუსიკის სიყვარული. ბევრ ქვეყანაში სკოლებში მუსიკა მეორეხარისხოვანი საგანია. მშობლებმა უნდა შესთავაზონ ბავშვებს მუსიკა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ძალადობრივი გზით.