„თვითნასწავლი მძღოლების „ომია“ ქუჩაში“ - კვირის პალიტრა

„თვითნასწავლი მძღოლების „ომია“ ქუჩაში“

ავტოსაგზაო შემთხვევები ისევ პრობლემაა. დღე არ გადის ტრაგედიების გარეშე. სამწუხაროდ, დაღუპულებისა და დაშავებულების რიცხვი დიდია. ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი­ მიზეზი ისევ სიჩქარის გადაჭარბება, დარღვევით გასწრება, უწყვეტი ზოლის გადაკვეთა და ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაა. სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ გადაადგილებისას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე მუდმივად საუბრობს განათლების პრობლემაზე და ხელისუფლებას მოუწოდებს, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია, დროულად მიიღონ.

- ბატონო მევლუდ, ავტოავარიებს ისევ ეწირებიან ადამიანები, განსაკუთრებით, მოტოციკლეტის მძღოლები. რა გზებით უნდა ებრძოლოს სახელმწიფო ამ პრობლემას?

- მოტოციკლეტების პრობლემა ისევ მწვავეა. მოქალაქეები ხშირად სუპერჩქარი მოტოებით გადაადგილდებიან და ის ისე იპარავს სიჩქარეს, რომ არც იგრძნობა. გგონია, არ მიდიხარ ჩქარა, მაგრამ როცა დამუხრუჭებამდე მიდის საქმე, ხედავ, თურმე ძალიან ჩქარა მიდიოდი. ჩვენთან მოწესრიგებული არ არის მოძრაობა. თავს იმართლებენ, წინ გამიჩერეს მანქანა, უცებ დაამუხრუჭა, უცებ მოუხვიაო და ა.შ. როცა წინ არ ელოდები ასეთ მანევრს, ძალიან დიდი სიჩქარით მიდიხარ და უცებ გიწევს დამუხრუჭება, ეს იწვევს ავარიებს. საბოლოოდ მაინც ცოდნის ნაკლებობამდე მივდივართ. ამიტომაც მთავრდება ბევრი შემთხვევა ფატალურად. სახელმწიფო გამოსწორებას ცდილობს, გამოცდებიც გაამკაცრეს, მაგრამ სწავლაზე მოთხოვნა მაინც არ არის. დღემდე არ არსებობს ლიცენზირებული ავტოსკოლები. დღეს ნებისმიერს შეუძლია გახსნას ავტოსკოლა, არანაირი სტანდარტი არ არსებობს. ინსტრუქტორსაც კი არ სჭირდება სერტიფიკატი, ყველა მძღოლი მაინც თვითნასწავლია. გაიარა როგორღაც გამოცდის ლაბირინთი, აიღო მართვის მოწმობა, ამის შემდეგ თავის ნასწავლ გამოცდილებას ეყრდნობა და გამოდის ქუჩაში. ამიტომ გვაქვს ასეთი შედეგები. თვითნასწავლი მძღოლების "ომია" ქუჩაში.

- რას აკეთებს ამ დროს პოლიცია?

- პატრულ პოლიციელსაც არა აქვს სიღრმისეული ცოდნა, მასაც იგივე განათლება აქვს, როგორც ნებისმიერს და სიღრმისეულად რომ მოსთხოვოს რამეზე პასუხი, ამას ცოდნა სჭირდება. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, უხეში მანევრი დააფიქსირონ და დააჯარიმონ. კამერების წყალობით არა გვაქვს კატასტროფული ზრდა, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბლა ვერა და ვერ ჩამოდის. კამერას და კამერას შორის არღვევენ საგზაო წესებს, არ იცავენ წესრიგს.კამერები ხშირად ვერ აფიქსირებს მოტოციკლეტების ნომერს. სულ რამდენიმე კამერაა, რომელიც უკნიდან იღებს სანომრეს და ამიტომ ვერ ხერხდება იდენტიფიცირება. ეს იციან მოტოციკლისტებმა და დადიან სწრაფად. საპატრულო პოლიციელს მათი დევნა და გაკონტროლება უჭირს. საცობების გამო რთულია დადევნება, მოტოციკლეტისტი უპრობლემოდ დაუძვრება პოლიციელს.

- გამოსავალი რა არის?

- ევროპის ბევრ ქვეყანაში, აზიაში, მათ შორის ჩინეთში, არ არის სუპერმონსტრი მოტოციკლეტები, უფრო დაბალკუბატურიანებია, სწორედ იმიტომ, რომ სიკვდილიანობა გამოერიცხათ. ამ შეზღუდვას აქ ვერ გავაკეთებთ, მაგრამ განათლების დონე უნდა ავწიოთ. ბავშვობიდანვე­ უნდა იცოდეს ადამიანმა, რას რა მოჰყვება. აღსრულებასაც სჭირდება მკაცრი ხელი, უფრო მკაცრი სასჯელები უნდა იყოს. მხოლოდ კამერით დაფიქსირება და ბიუჯეტში ფულის შესვლა არ კმარა. საპატრულო პოლიცია უფრო აქტიური უნდა იყოს, ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირებდეს, რათა იცოდეს მძღოლმა, რომ თუ პოლიციამ დაგინახა, არამარტო დაჯარიმდები, სასჯელიც ძალიან მკაცრი იქნება. მაშინ მოერიდება დარღვევას. ორი სერიოზული პრობლემაა: სიჩქარის გადაჭარბება და სიმთვრალე, რასაც ფატალურ შედეგებამდე მივყავართ. მხოლოდ ნასვამი მძღოლებისთვის არის მკაცრი სასჯელი, ასეთივე უნდა იყოს სიჩქარის გადაჭარბებაზეც. ამდენი წელია ეს პრობლემაა და ვერა და ვერ მოგვარდა.

- კურიერები, რომლებიც მოტოებით დადიან, ხშირად ხვდებიან ავარიაში. ამის აცილება როგორ შეიძლება?

- კურიერები არ დადიან ჩქარი მოტოციკლეტებით, მაგრამ ძალიან აგრესიულად მართავენ. როცა სკუტერები შემოვიდა, 8 წლის წინ ერთ-ერთი პირველი მეც ვიყავი, რომელმაც სკუტერების ცენტრი გახსნა. მაშინ ვამბობდი, დაბალკუბატურიანებსაც ნომრები სჭირდება-მეთქი, მაშინ არ დამეთანხმნენ, რადგან დაბალკუბატურიანს არ სჭირდება მართვის მოწმობა. მასობრივად შემოვიდა სკუტერები, მათ შორის დიდი კუბატურის. ყველას ხომ ვერ ჩაუტარებს ექსპერტიზას პოლიციელი, როცა ეუბნება ადამიანი, არა აქვს დიდი კუბატურიო. ვამბობდი, სასწრაფოდ მისაღებია სასწავლო მიმართულებები, რათა როგორმე იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც სკუტერზე დასხდებიან, ისწავლონ-მეთქი. პოლიციელებსაც უნდა ჰყავდეთ შესაბამისი ტრანსპორტი, მოტოციკლეტები და სკუტერები. სხვა შემთხვევაში პოლიციელი მანევრირებას ვერ შეძლებს, როცა გაძვრება სკუტერი. ნებისმიერ დარღვევაზე სწრაფი რეაგირებისთვის თავად პოლიციელი უნდა იყოს დაოსტატებული, როცა გადაადგილდება მოტოციკლით. სკუტერის მძღოლი დარღვევას ეჩვევა, ვერ გრძნობს ამას. არ ელოდება ავტომობილის მძღოლი, უცებ შუაში რომ შემოძვრება ვიღაც სკუტერით ან გადმოხტება ტროტუარიდან, ასეთი მანევრის დროს უცებ ხდება შეჯახება. სკუტერის მძღოლს, რომელსაც სხვა ტრანსპორტი არ უმართავს, ჰგონია, ყველა მასავით მანევრირებს, მაგრამ ხშირად ტყუვდება.სატრანსპორტო საშუალების მართვა ძალიან დიდი რისკის შემცველია. არც ერთ პანდემიას, არც ერთ სხვა რამეს არ წაუღია იმდენი სიცოცხლე, რამდენიც ავტოსაგზაო შემთხვევებს. ყოველ წელიწადს 600 დაღუპული და ათასობით დასახიჩრებული გვყავს. ახალგაზრდები, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკა უნდა აამუშაონ, იღუპებიან ან შრომისუუნარონი ხდებიან.

რამდენიმე დღის წინ "ისთპოინტთან" უმძიმესი ავარია მოხდა - მოტოციკლის სიჩქარე იმდენად დიდი იყო, შეჯახების დროს მანქანას მართვა დააკარგვინა. მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა...

- გამოცდებმა გაამართლა?

- ახალმა მეთოდმა გაართულა გამოცდის ჩაბარება, მეტი ცოდნაა საჭირო. ეს მყისიერ შედეგს მაინც ვერ მოიტანს. სკოლებში უნდა დაინერგოს პროგრამა, ნასწავლი ინსტრუქტორები უნდა ასწავლიდნენ მანქანის მართვას. მაგალითად, მოსწავლეს ჩაბარებული აქვს ჩქაროსნული მაგისტრალი, ამ დროს მასწავლებელს არა აქვს უფლება ჩქაროსნულ გზაზე ასწავლოს მოძრაობა. აბა, როგორ ასწავლოს? ეს კანონის ხარვეზია. ამიტომ გადავამუშავეთ კანონი, რომელიც კარგა ხანია პარლამენტში დევს. ვერ მოიცალეს ამისთვის. მერე ისე მოხდა, რომ ჩემი შვილი დაიღუპა და ნერვები არ მქონდა ამ საკითხზე საომრად. დღეს ვითომ მანდატურები ასწავლიან სიმბოლურად საგზაო უსაფრთხოებას, მაგრამ არც პროგრამა არსებობს და მანდატურის კეთილსინდისიერებაზე, ცოდნის ხარისხზე ვართ დამოკიდებული. არადა, უნდა ასწავლოს იმ სპეციალისტმა, რომელიც კარგად განმარტავს, რა მოჰყვება ამა თუ იმ მანევრს. ჩვენ შევთავაზეთ, რომ სპეციალისტებს უსასყიდლოდ გადავამზადებდით, ოღონდ იყოს მოთხოვნა. თუნდაც მანდატურების გადამზადება მაინც მოხერხდეს.

- სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბევრი­ ქვეითად მოსიარულე ეწირება ავტოსაგზაო შემთხვევას.

- ასეთ დროს სიჩქარის პრობლემაც არის და ქვეითად მოსიარულეთა პრობლემაც. ქუჩაში რომ გადიხარ, საგზაო მოძრაობის მონაწილე ხარ და საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა ისევე მოგეთხოვება, როგორც მძღოლს. ძალიან ხშირად ქუჩაში ახალგაზრდები ყურსასმენებით დადიან, მანქანის სიგნალი სულ არ ესმით, ასეთ დროს სავსებით მოსალოდნელია უბედური შემთხვევა. ვერც დააფიქსირებს, რომ საფრთხე ემუქრება. როცა ქუჩაზე გადავდივართ, უნდა მოვიხსნათ ყურსასმენი და თვალი გადავავლოთ აქეთ-იქით რა ხდება. ამის ცოდნაც კი გადაარჩენდა არაერთ ჩვენს თანამოქალაქეს. მაგალითად, ფინეთმა მიაღწია, რომ შარშან მხოლოდ ერთი კაცი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევისას.

- ამას როგორ მიაღწიეს?

- ცოდნის მაღალი დონით. ასევე ძალიან დიდია ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებაზე. საჭესთან მთვრალი მძღოლი რომ იჯდეს, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ფინეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც დისტანცია გაზრდილია. ჩვენთანაც და ბევრ ქვეყანაში უკან მიმავალი მანქანის დისტ­ანცია 2-3 მეტრი უნდა იყოს. თუ მიდ­იხარ 60 კილომეტრსაათი სიჩქარით, წამში 17 მეტრს გადიხარ, თუ 2-წამიანი დისტანციით უნდა სდიო წინა მანქანას, დისტანცია 34 მეტრი უნდა გქონდეს, 60-ის ნახევარი. ფინეთში ინფრასტრუქტურა ისეა მოწყობილი, საცობები დიდი ხანია არ არსებობს. ჩვენთან კი მცირე ავარიების უმრავლესობა საცობებში ხდება. შეძვერი, გამოძვერი და ხდება ავარია, მაგრამ ეს არ გამოიწვევს სიკვდილიანობას. სიკვდილს სიჩქარე იწვევს. სტატისტიკაც არ არის სრულყოფილი, როცა ადამიანი ადგილზე იღუპება, ეს აღირიცხება, მაგრამ თუ კლინიკაში შეჰყავთ დაშავებული და ის ორი კვირის შემდეგ იღუპება, ეს სტატისტიკას არ ემატება.

თანამედროვე მანქანები უფრო ჩქარი და იმდენად კომფორტულია, სიჩქარეს ვერ გრძნობ. როცა მანქანა უნდა გააჩერო, მაშინ ხვდები, რომ ჩქარა მიდიოდი. ჯარიმების ოდენობა გაიზარდა, კამერები დააყენეს, ეს აკავებს სიტუაციას, თორემ უარესი შედეგი იქნებოდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. წინ ვერ წავალთ, თუ ცოდნა არ შევაშველეთ. მაგალითად, როცა ვეკითხები მძღოლებს, ვთქვათ, მიდიხარ 100 კილომეტრსაათი სიჩქარით, მანქანა წამში რამდენ მეტრს გაივლის-მეთქი, და ყველა ამბობს, 5-10 მეტრსო, არადა, წამში 27-30 მეტრს გადიხარ. რეაქციისთვის ადამიანს წამ-ნახევარი სჭირდება, წამ-ნახევარი იკარგება, რაც უნდა სწრაფი რეაქცია გქონდეს. ჰგონიათ, 5-10 მეტრში გავჩერდებიო. ვერ გაჩერდება, რადგან წამში 27 მეტრს გადის და წამი მაინც დაეხარჯება. წარმოიდგინეთ, მოტოციკლეტი, რომელიც 200-ით მოდის, წამში 54 მეტრს გადის, ვერაფერს შეცვლის. ეს რომ ეცოდინება, ფრთხილად იქნება.

ჩვენს კანონპროექტს 2-ფურცლიანი მოკლე შინაარსიც დავურთეთ, რათა მარტივად იყოს გასაგები, 300 გვერდს არავინ წაიკითხავდა. ადრე თუ გვიან, ამ კანონის მიღებას მივაღწევთ, ბრძოლას გავაგრძელებთ, მაგრამ დრო ხომ იკარგება. კანონის მიღების შემდეგ 10 წელი მაინც დაგვჭირდება, რომ შედეგს მივაღწიოთ.