„ევროპა ნოსტრა“ ჭაქვინჯის ციხის გადარჩენას იწყებს - კვირის პალიტრა

„ევროპა ნოსტრა“ ჭაქვინჯის ციხის გადარჩენას იწყებს

რატომ არის ამდენი ციხე საქართველოში? - ყველა მათგანი იმიტომ აშენდა, რომ ქართველ ხალხს ფიზიკური არსებობის შენარჩუნებაში დახმარებოდა. ისინი ქართველ ხალხთან ერთად ეომებოდნენ მტერს, ეცემოდნენ, დროებით მარცხდებოდნენ, მაგრამ ისევ დგებოდნენ ფეხზე.­ ზოგიერთმა­ ციხემ ბოლო ომი არცთუ შორეულ წარსულში, საუკუნის წინ გადაიტანა, მათ შორის სამეგრელოს ჭაქვინჯის ციხემაც. ის ერთ-ერთი მასშტაბურია უძველეს ციხეთა შორის და ერთ-ერთი უნიკალური თანამედროვეობაში: სწორედ ჭაქვინჯის ციხე მოხვდა ახლახან "ევროპა ნოსტრას" შვიდეულში. "ევროპა ნოსტრა" უდიდესი ევროპული კომპანიაა, რომელიც პატრონობს და იცავს ევროპის კულტურის ძეგლებს ერთად­ერთი ნიშნით: ისინი უნდა იყვნენ უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანი. ჭაქვინჯის ციხე "ევროპა ნოსტრამ" სწორედ ასეთად მიიჩნია და მისი რეკონსტრუქცია აუცილებლობად ცნო... ისტორიკოს ლაშა ჯიქიას სწორედ ამ ციხეზე ვესაუბრეთ.

- როგორც ვიცი, თქვენ არასოდეს შეგიჩერებიათ შრომა ჭაქვინჯის ციხის რესტავრაციის დაწყებისათვის, რასაც დიდი თანხა სჭირდება. "ევროპა ნოსტრასთვისაც" პროგრამა თქვენვე დაგიწერიათ. ასეთი მასშტაბური კომპანიის ყურადღება ადვილი მოსაპოვებელი­ არ არის.

- ჭაქვინჯის ციხე საქართველოს ისტორიის და აწმყოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმდიდრეა და მისი დაუცველობა ჩვენი დანაშაულია. ციხეს თუ მოვუვლით, აწმყოს განძად იქცევა. ის ეგრისის სამეფოს აუღებელი ციხე იყო და ასევე დარჩა საუკუნეების განმავლობაში. სულ ბოლოს, 1905 წელს, ციხეში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებული სამეგრელო გამაგრდა. რუსებმა ზარბაზნები დაუშინეს ციხეს და მისი ნგრევა იმ დროიდან დაიწყო. მანამდე ყველა ეპოქაში ციხე მაგრდებოდა. ის ჩვენი წინაპრების შრომის და ბრძოლის ნიმუშია. ეს უძველესი ნაგებობა გრანდიოზულია: 5000 კვმეტრ ფართობზეა აშენებული IV საუკუნეში. წარმოიდგინეთ, ქედზე რა რაოდენობის ქვაა ატანი­ლი, ან რა ენერგია დახარჯეს მშენებლებმა.­ თავიდან კედლები 2-მეტრიანი სიგანით ამოიყვანეს. ზოგიერთს 6-მეტრიანი სიმაღლე ჯერ კიდევ აქვს შერჩენილი. გარდა ამისა, აქ 40-მეტრიანი სიღრმის ჭაა. ცხადია, იმ მომენტისათვის, როდესაც ციხე ჩაიკეტებოდა და ომობდა. არადა, უმეტესად ომობდნენ.

- 40 მეტრი, ანუ დაახლოებით 14-სართულიანი კორპუსის სიმაღლის ჭა აქვს?

- დიახ. ხალხი, რომელმაც ამხელა ციხე ააშენა, ჭასაც ხომ გააკეთებდა! ციხის ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების დასახლებაც არის აღმოჩენილი. ხალხი აქ უძველესი დროიდან ცხოვრობდა. მეცნიერთა ნაწილი ამბობს, რომ სახელი ჭაქვინჯი სწორედ ამ ჭიდან მოდის. სხვების თქმით, ეს ადგილები ჭანების ნამოსახლარია, ჭაქვინჯი იმიტომაც დაერქვა!

აქ იყო ეგრისის სამეფოს უძლიერესი ნაწილი - ლაზიკა, რომელიც პირველი ეხეთქებოდა ზღვიდან მოსულ მტერს. ეგრისელები ებრძოდნენ რომაელებსა და ბიზანტიელებს, ხაზარებს. ეს ხომ მდიდარი მხარე იყო. ბარბაროსები არ ზოგავდნენ­ არაფერს, ისინი უფრო დაუნდობლები იყვნენ, ვიდრე რომაელები ან ბიზანტიელები. ასე რომ, ამ ციხესთან არ ნელდებოდა არც ბრძოლა, არც შრომა, იმიტომაც იყო ასეთი მასშტაბური. სწორედ აქ გადიოდა ის სავაჭრო გზაც, რომლითაც აზიელი და ევროპელი ვაჭრები ჩრდილო კავკასიაში გადიოდნენ.

- არც ჩრდილოკავკასიელები დააკლებდნენ ხელს აქაურობას.

- ჭაქვინჯის ციხეს კარი ჩრდილოეთით აქვს, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კავკასიიდან თავდასხმებთან გასამკლავებლად. ჩრდილოელთა თავდასხმა ერთ-ერთი­ დიდი უბედურება იყო საქართველოსთვის და ასე დარჩა ბოლომდეც. თუმცა ჭაქვინჯის ციხე ვერავინ დაანგრია. თუ დაზიანდებოდა, კვლავ აღადგენდნენ. ჭაქვინჯის კედლებზე არაერთი აღდგენის კვალი ჩანს. ყველაზე მძიმედ 1905 წელს რუსების ზარბაზნებმა დააზიანა. ამ დროს დასავლეთი საქართველო რუსეთის წინააღ­მდეგ აჯანყების ალში იყო გახვეული. უდიდესი იყო გურიის აჯანყება, რომელშიც სამეგრელოც ჩაერთო და აჯანყებულებმა­ ჭაქვინჯის ციხეს შეაფარეს თავი. მას შემდეგ ნგრევა ინტენსიური გახდა. ჩვენს ეპოქაში მით უფრო, დრომ უფრო მძიმე დაღი დაასვა.

- საშველად "ევროპა ნოსტრა" მოვიდა?

- ასეა. ძეგლს ევროპელი ექსპერტები დაათვალიერებენ და შეიმუშავებენ აღდგენისთვის რეკომენდაციებს. ჭაქვინჯის ციხის აღდგენა საჩუქარი იქნება საქართველოსთვის და სტიმული სამეგრელოსათვის - აღდგენილ ციხეს უამრავი სტუმარი ეყოლება და ახალ სიცოცხლეს გააგრძელებს. ეს აუცილებელი პირობაა "ევროპა ნოსტრასთვის" - ისტორია არ უნდა მოკვდეს. ჩვენთვის კი მით უმეტეს, არ მეგულება არავინ, ვისაც ციხის ბედი არ აწუხებდა. ჩვენი ისტორია ჩვენი ძალაა. ამიტომაც გვიხარია, რომ ჭაქვინჯს "ევროპა ნოსტრა" უპატრონებს.