"ძალიან მომრავლდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული გიდები, რომლებიც კაცმა არ იცის, რას ეუბნებიან ტურისტებს საქართველოზე"
ჩვენი სტუმარია საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი რუსუდან ჯაფარიძე, რომელიც ამ საინტერესო პროფესიაზე გვესაუბრება:
- ქართველი გიდები სტუმრებს მარტო ხინკალსა და ხაჭაპურს კი არ ვთავაზობთ, ვცდილობთ ჩვენი მეგობრები გახდნენ და საქართველოში სტუმრობა არაერთხელ მოუნდეთ. იყო გიდი, ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის ისტორია, გეოგრაფია, კულტურა, ზედმიწევნით კარგად იცოდე. მე ეს არ გამჭირვებია, რადგან პროფესიით ისტორიკოსი ვარ. სპეციალური კურსი გავიარე, გამოცდებიც ჩავაბარე და ახლა საერთაშორისო სტანდარტის გიდი ვარ. ვინც ამ სფეროშია, უმეტესობისთვის გიდობა მეორე პროფესიაა. ჩვენი პროფესია მხოლოდ ისტორიის და გეოგრაფიის ცოდნას არ მოითხოვს, მას ცხოვრებისეული გამოცდილებაც სჭირდება, რადგან ბევრნაირ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა, ყველაფერს ტურისტის თვალით უნდა უყურო. მათ ყველა თემაზე უნდა ესაუბრო და სიმართლე აუხსნა, რადგან ზოგიერთს ჩვენს ქვეყანაზე არასწორი ინფორმაცია აქვს. ბოლო წლებში ძალიან მომრავლდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული გიდები, რომლებიც საქართველოში 2-3 წლის წინ ჩამოვიდნენ და კაცმა არ იცის, რას ეუბნებიან ტურისტებს...
აზიელებს ნაკლებად აინტერესებთ ჩვენი ისტორია და კულტურა - ისინი აქ იაფი დასვენების და კარგი სამზარეულოს გამო ჩამოდიან. ყველაზე ინტელექტუალური ნაკადი ევროპიდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან მოდის. ყველაზე სასიამოვნო ტურისტული ჯგუფები ბალტიის ქვეყნებიდან ჩამოდიან: მაოცებენ ინტელექტით, ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესით და სიყვარულით... ლიტველი ექიმების ჯგუფი მყავდა, ქართული ანბანი იცოდნენ, რომ ვკითხე, საიდან და როგორ ისწავლეთ-მეთქი, სკოლიდანო, მიპასუხეს. საბჭოთა პერიოდში სკოლის პროგრამაში იყო შეტანილი თითოეული რესპუბლიკის მოკლე ისტორია. ამიტომ შუახნის ხალხმა ბევრი რამ იცის საქართველოზე. ძალიან კარგი ჯგუფები შემოდიან შუა აზიიდანაც - ძირითადად, ყაზახები და უზბეკები. ისეთ ამბებს მეკითხებიან, მიკვირს. რამდენიმემ არმაზის, ბაგინეთისა და ძველი მცხეთის ისტორიაზე მოგვიყევიო, მთხოვა. ჩვენი ისტორია იმდენად კარგად იცოდნენ, რომ ერთი ტური ვაჩუქე - არმაზიც დავათვალიერებინე და ბაგინეთიც.
ძალიან საინტერესო სტუმრები ჩამოდიან ისრაელიდან. ის ხალხი, რომელიც საქართველოდან 1970-იან წლებში წავიდა. ორი წლის წინ ისრაელში სიტუაცია დაიძაბა... ზოგს ჯარში შვილი ჰყავდა, მაგრამ ყველა მშვიდად იყო: მე უფრო დაძაბული ვუსმენდი, როცა გამოაცხადებდნენ, ესა და ეს ქალაქი დაიბომბაო. არც იმჩნევდნენ და ამბობდნენ, სახელმწიფო ჩვენს ოჯახებს დაიცავსო.
რამდენიმე წლის წინ ისრაელიდან ჩამოსული ერთი ვეტერინარი გავიცანი. იცით, აქ რა მოუვიდა? - ქუჩის ძაღლს აჭმევდა და ხელზე უკბინა. არადა, თავის ქალაქში საუკეთესო სპეციალისტი ყოფილა. იცინოდა, სად გავამხილო, რომ ჩემი სპეციალობის კაცს ძაღლმა მიკბინაო. ყველაზე მეტად მომწონს, როცა ისრაელიდან ასაკოვანი ტურისტების ჯგუფი ჩამოდის, მათთან საუბრისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რას ნიშნავს გამოთქმა "ებრაული სიბრძნე". ერთ ჯგუფში დიდი საწარმოს დირექტორი იყო, რომელმაც ყველა გაგვაოცა, ყოველ დილით 5 საათზე მივდივარ და ქარხანას მე თვითონ ვაღებო, გვითხრა. წარმოიდგინეთ, ამხელა საწარმოს დირექტორი დილის 5 საათზე მიდის და თავისი ხელით ხსნის ქარხნის კარს.
რაც შეეხება ევროპელ სტუმრებს, მათ უფრო ლაშქრობები, საფეხმავლო ტურები და ველური ბუნება აინტერესებთ.
- ამ ათ წელიწადში თქვენს ჯგუფებში, ალბათ, უცნაური ხალხიც ყოფილა...
- რამდენიმე წლის წინ ერთი წყვილი ჩამოვიდა. ბიჭმა გაგვიმხილა, სიდედრმა სპეციალურად იყიდა ჩვენთვის 10-დღიანი ტური, ქართველი სიმამრი ჩამომიყვანეო. ერთი ტურის დროს ევროპელ ქალს ჩვენი მძღოლი ისე მოეწონა, რომ მის გამო ქართულიც ისწავლა, კიდევ რამდენჯერმე ჩამოვიდა და კინაღამ დარჩა საქართველოში. სამწუხაროდ, მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ჩვენი ბიჭი ვერა და ვერ მოხიბლა.
ამ წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, მაგრამ ბავშვებთან მუშაობა მაინც ყველაზე მეტად მიყვარს: მშობლებთან ერთად არიან, სხვა რა უნდა ქნან და ძალაუნებურად, მისმენენ. "მასწავლებელოს" მეძახიან და მეუბნებიან, თქვენი წყალობით საქართველოს ისტორია უფრო კარგად ვისწავლეთ, ვიდრე ჩვენი ქვეყნისო.
- როგორი რეაქცია გაქვთ, როცა ტურისტებს ორმაგ და სამმაგ ფასს ახდევინებენ?
- ვიდრე კანონი ძალაში არ შევა, სულ "ველური ტურიზმის" ფაზაში ვიქნებით. კაცმა არ იცის, ვინ ხვდება საქართველოში ახალჩამოსულ ტურისტებს და როგორ ემსახურება მათ. ეს ის პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ალბათ, გახსოვთ გახმაურებული ფაქტი, როდესაც ტაქსის მძღოლმა უცხოელები შავი ზღვის ნაცვლად, თბილისის ზღვაზე აიყვანა და დატოვა! ის კაცი დააკავეს, მაგრამ ვინ იცის, რამდენი ფაქტი არ გახმაურებულა! სანამ ნორმალურ კანონს არ მივიღებთ და მსგავს ფაქტებზე ჯარიმა და ადმინისტრაციული სასჯელი არ იქნება, ყველაფერი განმეორდება. რატომ? - გარეწარი ხალხი ყველა სფეროშია და ბევრი მათგანი ტურიზმზეც არის მიტმასნილი.
მეც მქონია შემთხვევა, როცა ტურისტებთან ერთად ვყოფილვარ და თავისუფლების მოედნიდან ვერამდე მძღოლს 20 ლარი მოუთხოვია. ერთმა მძღოლმა 50 ლარიც მოგვთხოვა და რომ გავაპროტესტე, მიპასუხა, რა გენაღვლება, შენ ხომ არ იხდიო! ვერ ხვდებიან, რომ აქ მილიონერები კი არა, საშუალო ფენის ხალხი ჩამოდის. ღამის კლუბებში ხომ საშინელება ხდება: იქ ძირითადად ახალგაზრდები მიდიან და კარგად ვიცი, როგორ ატყავებენ ჩვენს სტუმრებს.
- ყველაზე მეტად რომელი კუთხეები მოსწონთ ჩვენს სტუმრებს?
- პირველად კახეთი უნდა ვახსენო, რადგან ეს მხარე ოთხივე სეზონზე მუშაობს. ლამაზი ბუნება, მწვადი და კარგი ღვინო ყველა სტუმარს მოსწონს. პოპულარულია ყაზბეგის მიმართულებაც, რადგან აქ ბევრი ისეთი ადამიანი ჩამოდის, რომელსაც მთები ჯერ არ უნახავს. ჩვენთვის დათოვლილი მყინვარწვერის დანახვა ყოველდღიურობაა, მათთვის კი დაუვიწყარი მოგონება. არაერთ ტურისტს უთქვამს, ჩვენთან ყველაზე მაღალი მთა ზღვის დონიდან 400 მეტრზეაო. ამიტომ ძალიან მოსწონთ სვანეთი, უკვირთ, როგორ შეიძლება შუა საუკუნეების კოშკები ასე იყოს შემორჩენილი და დღესაც მოქმედი იყოს...
ყველა გიდმა იცის, რომ ტურიზმი მარტო სტუმართმოყვარეობა კი არა, ბიზნესიცაა. ერთხელ წასული სტუმარი უკან მეორედ რომ დაბრუნდება, ეს ჩვენი ქვეყნის, ეკონომიკის გაძლიერებას ნიშნავს. მიხარია, რომ ამაში მოკრძალებული წვლილი გიდებსაც შეგვაქვს.
ხათუნა ჩიგოგიძე