“განსაკუთრებული სითბო და სიყვარული ჰქონდათ ჩემ მიმართ” – რამაზ ჩხიკვაძის მოგონებები ბაბუასა და ბებიაზე
"შვილიშვილები საოცრად უყვარდა. უმცროსი რამაზი პრაღაში დაიბადა, 14 თებერვალს, მამას დაბადების დღე კი 28 თებერვალს იყო. როცა დავურეკე, ბიჭი შეგვეძინა-მეთქი, შეიცხადა და ყურმილი დამიკიდა. თბილისში გვიანი ღამე იყო და დედასთან სათქმელად რომ შესულა, ცრემლები წამოსვლია... საოცრად ემზადებოდა რამაზის ნათლობისთვის, ყველაფერი თვითონ მოაგვარა, ძალიან უხაროდა. ნატალიკოზეც ხომ გიჟდებოდნენ დედაც და მამაც", - მიამბო წლების წინ ინტერვიუში საშა ჩხიკვაძემ.რამაზ ჩხიკვაძის დაბადების საიუბილეო თარიღი, 95 წელი, რუსთაველის თეატრში აღინიშნება. გენიალური არტისტის მოსახელე შვილიშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, ამ საღამოს შესახებ გვესაუბრება, ბაბუასა და ბებიასთან დაკავშირებულ ამბებს მოგვითხრობს და მათზე მოგონებებს გვიზიარებს:
- ბაბუს დაბადების 95 წლის აღნიშვნა ოჯახისა და მისი მეგობრების სურვილი იყო, ამიტომ მივმართეთ კულტურის სამინისტროს, მერიას და ერთობლივად დავგეგმეთ რუსთაველის თეატრში საიუბილეო საღამო, რომელსაც ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება, მაყურებელი კი ბევრ საინტერესო ეპიზოდს იხილავს რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედებიდან და ცხოვრებიდან.
ცნობილი ფაქტია, როდესაც მხატვარი ან კომპოზიტორი რაიმეს ქმნის, ის სამუდამოდ რჩება, მსახიობობა კი ისეთი რამაა, წლების შემდეგ თეატრში განსახიერებული პერსონაჟები შეიძლება დაავიწყდეთ, ახალმა თაობამ ძველი თაობა არ იცოდეს, ასეთი ფაქტები პირადადაც შემხვედრია. ამიტომ მსგავსი ღონისძიებები აუცილებელია, რათა არტისტების, ამ შემთხვევაში რამაზ ჩხიკვაძის სახელი ახალგაზრდებმაც გაიგონ და იცოდნენ, რას აკეთებდა ის. თანაც ეს ისე მიეწოდოს, რომ მათაც დააინტერესოს და ყველა თაობას მოეწონოს. მთელი ოჯახი ჩართული ვართ, რათა ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.
- ბატონი რამაზი 12 წლის წინ გარდაიცვალა, მასთან დაკავშირებული რა მოგონებები დაგრჩათ მეხსიერებაში?
- ახლა, როცა საღამოსთვის ვემზადებოდი და საარქივო ფოტოებისა და კადრების მოძიება დაგვჭირდა, ბევრი ისეთი რამ ვნახე, რაც არც მახსოვდა, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. ბოლო პერიოდი უფრო მახსოვს, როცა ბაბუ უკვე ცუდად იყო, ავადმყოფობდა. ჩვენ ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.
- 2009 წელს, როდესაც "კავკასიური ცარცის წრე" ხელახლა დაიდგა, ბავშვის როლი თქვენ ითამაშეთ და რუსთაველის თეატრის სცენაზე ორი რამაზ ჩხიკვაძე იდგა - აზდაკი და მიშიკო. როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?
- მიუხედავად იმისა, რომ 9 წლის ვიყავი, ძალიან კარგად ჩამრჩა მეხსიერებაში. მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი... ამას წინათ თეატრში ვიყავი ნიკა წულუკიძის ერთ-ერთ საღამოზე, სადაც "კავკასიურის" იმ დეკორაციას იყენებს, საიდანაც მე გამოვრბოდი მიშიკოს როლის თამაშისას. ამ დეკორაციას რომ ვუყურებდი, მახსენდებოდა, როგორ ვნერვიულობდი იმაზე, რომ ფეხი არ წამომეკრა და არ წავქცეულიყავი კარიდან გაქცევის დროს.
საპასუხისმგებლო როლი მქონდა. მაშინ იმდენად ვერც ვაცნობიერებდი ბევრ რამეს. სიცილის შეკავებაც მიჭირდა, არ ვიცი, რატომ, ალბათ, მიხაროდა, ბაბუსთან ერთად რომ ვთამაშობდი, ან ნერვიულობას ამგვარად გამოვხატავდი. მახსოვს ბაბუ მარიგებდა ხოლმე, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. თუმცა არ სურდა მე მსახიობი ვყოფილიყავი, ჩემს დასაც გადააფიქრებინა და აღარც ის გაჰყვა ამ პროფესიას. შეეშვი მაგასო, მომაძახებდა ხოლმე. თუმცა მე სურვილი კარგა ხანს მქონდა და მივყვებოდი კიდეც ამ სფეროს. საქართველოში რომ ჩამოვედი, მიუზიკლშიც მივიღე მონაწილეობა, ჩეხეთში ფილმში გადამიღეს, 2009 წელს კი ფილმში "ბედის ირონია" შემთხვევით მოვხვდი, კასტინგზე ამარჩიეს, პატარა როლია, როდესაც სერგეი ბეზრუკოვი შემოდის სანტასთან ერთად. ფილმში მამაჩემსაც ქართველი მსახიობი თამაშობდა...
- რატომ არ უნდოდა, რომ მსახიობი ყოფილიყავით?
- ალბათ, ბაბუს თავისი მიზეზები ჰქონდა, ახლა უფრო ვხედავ რაღაც-რაღაცებს, თუ რატომ შეიძლება არ გინდოდეს იმ სფეროში ყოფნა, სადაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბევრი ფიქრისა და საკუთარი თავის ძიებისას ჩემი თავი რეჟისურაში აღმოვაჩინე. დაახლოებით 10 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული, მიყვარს და თავს კარგად ვგრძნობ. ტელევიზიაში დაბალი საფეხურიდან დავიწყე და ნელ-ნელა ავედი, ბევრი რამ ვისწავლე; სხვადასხვა ტელევიზიაში ვმუშაობდი, მერე კი ლონდონში წავედი და ტელერეჟისურა ისეთ სკოლაში გავიარე, რომელიც მხოლოდ ორ ქართველს გვაქვს დამთავრებული - ბრიტანეთის კინო და სატელევიზიო სახელმწიფო სასწავლებელში, რომელიც ამ განხრით მსოფლიოში უპირველესია. პრაქტიკა "ინთერნშიფი", იქაურ ტელევიზიაშიც გავიარე, შემდეგ ერთხანს იქვე ვმუშაობდი, მაგრამ მაინც საქართველოში მინდოდა დაბრუნება. აქ უფრო კარგად ვგრძნობ თავს, რადგან ყველა ჩემიანი აქ იყო - ოჯახი, მეგობრები. ამასობაში იქ ფრილანსერობა შემომთავაზეს და მოვახერხე დაბრუნება. აქაც მქონდა ჩემი კომპანია სატელევიზიო განხრით და პირდაპირი ეთერები იყო თუ ტრანსლაციები, მწერდნენ ხოლმე, მივდიოდი, ვიღებდი და უკან ვბრუნდებოდი. ასე ვიმუშავე რამდენიმე წლის განმავლობაში, "კოვიდამდე". შემდეგ აქ დავიწყე უფრო მეტად განვითარება და დიდ პროექტებში მივიღე მონაწილეობა რეჟისორის ამპლუაში. მგონია ჩემი ასაკისთვის კარგი ტემპით მიდის პროგრესი.
- თეატრში თუ გიცდიათ ბედი?
- რეჟისურაში - არა. თუმცა ადრე მსურდა კინოში მეცადა ბედი, ადამიანი შინაგანად ხვდები, რა გამოგდის კარგად, რა იცი და ჯობია, ერთი საქმე აკეთო სრულყოფილად, ვიდრე ბევრი და არ გამოგივიდეს. მივხვდი, რომ ჩემი საქმე კონკრეტულად ამ განხრითაა. ზოგჯერ სასიამოვნოა ცოტა განსხვავებული რამის გაკეთება და მუსიკალურ ვიდეოკლიპებზეც მიმუშავია.
27 წლის ვხდები და ისეთი ეტაპია, შესაძლოა ჩემს ცხოვრებაში კიდევ ბევრი რამ შეიცვალოს, ადამიანი მთელი ცხოვრება სწავლობ და არაფერს გამოვრიცხავ. ბაბუს საღამოს ორგანიზებაში მეც ხომ ჩართული ვარ და ახალი, საინტერესო გამოცდილება შევიძინე.
- ცნობილი ფაქტია, რომ ბატონი რამაზი ძალიან კარგად მღეროდა და როგორც ვიცი, შვილიშვილებსაც გასწავლიდათ ხოლმე...
- ვერ ვიტყვი, რომ მთლად სიმღერის ნიჭი მაქვს, თუმცა არც ისეა, რომ მუსიკალურად არ მესმოდეს რაღაცები. ისეთი ხმა არა მაქვს, რომ ვიმღერო. სიმართლე გითხრათ, იყო მომენტები, როდესაც მოყვარულის დონეზე რეპითაც ვიყავი გატაცებული. სამეგობრო წრეში, გადაცემებში გამირეპავს, მაგრამ ეს უფრო მაშინდელი ჰობი იყო. ეს საჩემო არ არის, კადრს მიღმა ყოფნა მირჩევნია.
- რამაზ ჩხიკვაძის სახელი გეხმარებათ ხოლმე თუ პირიქით?
- იცით, რა, ბევრ რამეში შეიძლება ხელისშემშლელი უფრო იყოს, ვიდრე დამხმარე. მაგალითად, როცა რაიმეში წარმატება მქონია, უთქვამთ, რადგან რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილია, იმიტომო. ეს საწყენია, მითუმეტეს, როცა იცი, რამხელა შრომა გასწიე, რომ გამოგსვლოდა... მეორე მხრივ, რაც არ უნდა იყოს, რამაზ ჩხიკვაძე ბაბუაჩემი იყო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი სახელი არ შევლახო, ხალხი მასზე კარგად ლაპარაკობდეს, ახსოვდეთ ისეთი, როგორიც იყო.
- როგორი იყო ოჯახში, არა როგორც ცნობილი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე, არამედ როგორც ბაბუა?
- ზუსტად რამდენიმე დღის წინ ძველი ფოტოების დათვალიერებისას შემხვდა კადრი, სადაც ბაბუ ნარდისა და შაშის თამაშს მასწავლის. ბევრგან დავდიოდით ერთად, მაგალითად, აუზზე. თბილისში, ძირითადად, ზაფხულში ჩამოვდიოდით ხოლმე, არდადეგებზე, და ერთად ბევრ დროს ვატარებდით, ვთამაშობდით და ვსაუბრობდით. მახსოვს, ჩეხეთში სამსახიობო სკოლაში რომ დავდიოდი, სპექტაკლში უნდა მიმეღო მონაწილეობა და იმის მიუხედავად, რომ ბაბუს ჩეხური არ ესმოდა, როლებს მაკითხებდა და მეხმარებოდა. ემოციით ყველაფერს ხვდებოდა.
ბაბუს და ბებოს ნუცუბიძეზე სასტუმრო ჰქონდათ და ერთხელ, იქვე, ტაძარში წამიყვანა. არ დამავიწყდება ხალხის რეაქცია მისი დანახვისას. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვიგრძენი და აღვიქვი, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ხალხს ბაბუს მიმართ... ვარსკვლავის გახსნაზე ხომ ნათლად დავინახე ადამიანების უდიდესი სიყვარული მის მიმართ.
- რამაზ ჩხიკვაძეს ბევრი მეგობარი ჰყავდა, მაშინდელი თეატრალური და კინოსამყაროს უდიდესი წარმომადგენლები. ისინი თუ გახსოვს?
- ჩეხეთში ვინ ჩამოდიოდა, არ მახსოვს, მაგრამ თბილისში ხშირად ვხედავდი ელდარ და ნელიკო შენგელაიებს, გურამ საღარაძეს, კახი კავსაძეს, გივი ბერიკაშვილს, მათთან ერთად ფოტოც მაქვს გადაღებული; საშა რეხვიაშვილი და რეზო ესაძე მოდიოდნენ ხოლმე, ახლო და ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ, განსაკუთრებით ბოლოს, როცა ბაბუ ცუდად იყო. რაღაცნაირი პერიოდი იყო - თან ხალხმრავალი და თან სევდიანი... ერთმანეთს ყოველთვის თბილად ხვდებოდნენ, მაგრამ თან სენტიმენტალური იყო ეს ყველაფერი, რადგან ბებია ახალი გარდაცვლილი იყო.
- ბებიისგან, ქალბატონი ნატაშასგან ყველაზე სასიამოვნოდ რა გაგონდებათ?
- მე და ბებიას ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. ბაბუაც უთბილესი იყო, მაგრამ თითქოს ბოლოს ისე მძაფრად აღარ გამოხატავდა ამას, ალბათ, ფიქრობდა, უფრო მეტი ტკივილი არ ჩამრჩენოდა გულში... ბაბუსგანაც მახსოვს და ფოტოებიდანაც ჩანს, თუ როგორი განსაკუთრებული სითბო და სიყვარული ჰქონდა, მითუმეტეს, მისი სურვილით დამარქვეს რამაზი.
ბებიასთან ბევრი სახალისო მოგონება მაკავშირებს. მაშინ ტელეფონები და ტექნიკა ახალი ხილი იყო და რამეს რომ ვერ იგებდა, მე მეძახდა. მისი "ტექგურუ" ვიყავი.
მნიშვნელოვანი ადამიანის დაკარგვა სწორედ მაშინ განვიცადე, როცა ჯერ ბებია გარდაიცვალა და მერე ბაბუ... დედის მხრიდან ბაბუა მანამდე გარდამეცვალა. ისიც ძალიან მიყვარდა, მაგრამ რამაზსა და ნატაშასთან უფრო სხვანაირი ურთიერთობა მქონდა, პრაღაშიც ხშირად ჩამოდიოდნენ. ბებია რომ გარდაიცვალა, ეს იყო პირველი დარტყმა. ტელევიზიაში სატელეფონო ჩართვა ჰქონდა და... ერთად ვიყავით მაგ დროს. რთული დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ორ თვეში ბაბუც გარდაიცვალა... კარგი იქნებოდა, ცოტა დიდხანს ეცოცხლათ, მეტი რამ დამამახსოვრდებოდა. ჩემი და უფრო დიდი იყო და მას მეტი აქვს მოსაგონარი. ბაბუსთან ერთად ფორტეპიანოზე რაღაცებს უკრავდა ხოლმე და მეც მასწავლიდა.
- ბატონი რამაზის ფილმებს, ჩანაწერებს თუ უყურებთ ხოლმე?
- კი, ბევრი მაქვს ნანახი და მინდა უფრო მეტი რამ მოვიძიო, რადგან ზოგი ჩანაწერი დაიკარგა, გაქრა, განადგურდა ტელევიზიებში, მაგალითად, ვარსკვლავის გახსნის ჩანაწერი. ძალიან მინდა სპექტაკლ "ხანუმას" ნახვა, მაგრამ გადაღებული არ არის. ადრე ხომ ყველაფერი არ იწერებოდა. მე, ჩემი და, ბებო და ბაბუა ერთ-ერთ ტელევიზიაში გეიმშოუში ვმონაწილეობდით და ეგ ჩანაწერიც დაკარგულია.
ადრე ამ ყველაფერს ვეძებდი, ახლაც რამეს თუ ვიპოვი, არქივში ვინახავ. ვცდილობთ ყველაფერი გავაციფრულოთ და შევინახოთ. მუზეუმის გაკეთების სურვილიც გვქონდა, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოვიდა. ვიმედოვნებ, გაკეთდება - აუცილებელია იყოს რაიმე, რითაც ხალხს გაახსენდება, ვინ იყო რამაზ ჩხიკვაძე და დრო არ წაიღებს ამ მოგონებას...
- ცოტა ხნის წინ რუსთაველის თეატრის კონცერტმაისტერ ლეილა სიყმაშვილთან ჩავწერე ინტერვიუ, რომელსაც დიდი მეგობრობა აკავშირებდა რამაზ ჩხიკვაძესთან და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ იგი.
- სხვათა შორის, ბაბუ რომ გარდაიცვალა, ლეილა მასწავლიდა ფორტეპიანოზე დაკვრას, მაგალითად, "კავკასიური ცარცის წრიდან" აზდაკის სიმღერას. ლეილას შესრულებული ეს მელოდია ახლაც შენახული მაქვს ციფრული ფორტეპიანოს ჩანაწერებში. ყოველთვის მქონდა სურვილი ერთ რომელიმე ინსტრუმენტზე დამეკრა, გიტარაზეც დავდიოდი ბავშვობისას, მაგრამ მერე თავი დავანებე, მივხვდი, რომ ისე არ მიზიდავდა. ხანდახან მიჩნდება სურვილი, რომ ინტერნეტიდან რაღაც სიმღერები ვისწავლო, დავჯდები ჩემთვის და ვუკრავ.
- რამაზ, დაოჯახებული ხართ?
- მყავს მეორე ნახევარი, ერთ სფეროში ვმუშაობთ, ისიც ტელევიზიაშია, ჟურნალისტია, ოღონდ ერთმანეთი იქ არ გაგვიცნია, საერთო სამეგობრო წრეში შევხვდით და ისე განვითარდა მოვლენები, რომ ერთმანეთი მოგვეწონა, შეგვიყვარდა. მერე მე ლონდონში წავედი სასწავლებლად, მაგრამ დისტანციამ სიყვარულს ხელი ვერ შეუშალა და რვა წელია ვაგრძელებთ ურთიერთობას. ერთმანეთს საქმეშიც ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ.
- ნატალია რას საქმიანობს?
- შვილის აღზრდითაა დაკავებული, რომელიც ძალიან საყვარელი და ცელქი ბავშვია. ნატალია ბებიის კვალს მიჰყვება, ბებოსა და ბაბუას ტურისტული კომპანია ჰქონდათ, რომელიც დღესაც აქტიურია და ამ საქმეს ჩემი და და მამა უძღვებიან.
ასევე დაგაინტერესებთ: